Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველისათვის სამზადისი თბილისში

ანუ, ბევრი ყურძენი ბევრგან

ლევან სეფისკვერაძე

თბილისი რთველის მოლოდინშია. უკვე ათეულ წელზე მეტია, რაც თბილისში ყურძნის ოჯახურ პირობებში დაწურვამ ერთგვარი ტრადიციის სახე შეიძინა. შემოდგომის დადგომისთანავე მთელი ქალაქი დიდ სამზადისშია. თბილისელები იძენენ დიდსა თუ პატარა ჭურჭელს, უთახმდებიან ღვინის შესანახი ფართის მქონე ახლობელ-მეგობრებს, ანგარიშობენ ოჯახის შემოსავალს და ამ შემოსავლიდან, ყურძნის შესაძენად დაზოგილ თანხას ითვლიან.

ბევრი ყურძენი ბევრ ადგილზე

გასული წლების მსგავსად, დედაქალაქში სპეციალურიად ყურძნის გადაყიდად დროებითი ბაზრობები ბევრ ადგილზე მოეწყობა. განსხვავება ის არის, რომ თუკი გასულ წელს დიდი რაოდენობით ყურძნის შეძენა თბილისში ძირითადად სამ ადგილზე: სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზართან ახლოს, მეტროპოლიტენ ”დიდუბის” ქვემოთ სან-ზონაში, მტკვრის სანაპიროზე და ვაგზალზე, ყოფილი დეზერტირების ბაზარის მიმდებარე ტეროტორიაზე შეიძლებოდა, წელს ამ ადგილებს კიდევ ორი ბაზრობა დაემატა, რაც ვფიქრობთ, რომ თბილისელ ღვინის მოყვარულებს უფრო გაუმარტივებს ”ქალაქურ რთველს”. დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან, ძირითადად კახეთიდან ჩამოტანილი ყურძნის შეძენა საბურთალოზე, საბურთალოს ბაზართან ახლოს და გლდანში, გლდანის ბაზრობაზეც შეეძლებათ. საქმე იმაშია, რომ გაფართოვდა შემოდგომით ყურძნის გასაყიდი წერტილების არეალი, რადგან კლიენტურა ამ დროს მუდამ ბევრია და იმის გამო, რომ გლდანი-ნაძალადევის ყველაზე დიდ რაიონს მხოლოდ ერთი, დროებითი ბაზრობა ემსახურებოდა, ეს ბაზრობაზე ბევრი ხალხის მოზღვავებას და ამასგან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას იწვევდა.

ავთო ჯიბლაძე, დიდუბის ყურძნის ბაზრობის მოვაჭრე: ”წელს შარშანდელზე მეტი ყურძენი იქნება და ეს ალბათ წელს გააიაფებს ყურძენს. მე რქაწითელი ძირითადად გურჯაანის რაიონიდან შემომაქვს. შარშან, რთველის დასაწყისში ყურძენს ერთ ლარად ვყიდდში, მერე იყო პერიოდი, 50 თეთრამდეც კი ჩამოვიდა ფასი. თუმცა უკვე რთველის ბოლოსკენ კარგ ყურძენს 1.5 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვნიდი. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ყურძნის ფასს ხელოვნურად ვზრდით, მაგრამ ეს ასე არ არის. აი მაგალითად შარშან, ბევრი თბილისელი თავისი მანქანით წავიდა კახეთში, თავიანთი ხელით დაკრიფეხ ყურძენი, ჩააწყვეს ყუთებში და წამოიღეს. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ კარგი ვენახები რაც იყო, ზოგი წინასწარვე გაკრიფეს და ზოგი უკვე ქარხნებს ჰქონდათ დაბევებული. რაოდენობის მხრივ ცოტა ყურძენი დაგვრჩა ჩვენ და ფასიც ამიტომ გაძვირდა. ადგილზე გლეხი რომ 60 თეთრს გიფასებს ყურძენს, თბილისში 80 თეთრად აღარ უნდა გაყიდო?

- წელს თბილისში რა ეღირება კახური ყურძენი? მოდით ჯერ რქაწითელზე გვითხარით და სხვა ჯიშების ყურძნის ფასიც თუ იცით, კიდევ უფრო კარგი...

- ვინ რა ფასს დაადებს, ეს იმის საქმეა და ვერავინ ჩავერევით. მე ვფიქრობ, რომ წელს თბილისში რქაწითელის ფასი 70 თეთრს არ უნდა გაექცეს. ახლა, რთველის დაწყებამდე ორჯერ ვიყავი კახეთში და ვნახე, რომ ძალიან კარგი მოსავალია. ერთადერთი ყვარელის რაიონი დააზარალა ძალიან ამ წყალდიდობებმა. საფერავი სულ ყვარელიდან მომქონდა ხოლმე და ახლა ალბათ სხვა რაიონიდან მომიწევს წამოღება. საფერავი ძალიან ცოტა მეყიდება ხოლმე. შარშან რთველის დაწყების პერიოდში, კილო საფერავს 2 ლარად ვყიდდი, მაგრამ ცოტა რომ იყიდებოდა, მერე აღარ წამომიღია. წელს უფრო მეტი საფერავის წამოღებას ვაპირებ. ორი კლიენტი უკვე მყავს. ზოგს ძალიან უყვარს წითელი ღვინო. ხომ იცით, სუფთა საფერავის დალევას ექიმიც კი ურჩევს დაბალწნევიან ხალხს.

- სხვა ჯიშის კახური, ანდა ქართლის ყურძნის გაყიდვა არასოდეს გიცდიათ? წესით თავისი კლიენტი, შედარებით იშვიათი ჯიშის ყურძენსაც უნდა ჰყავდეს.…

- ქართლის ყურძენი არ მიხსენოთ! თვითონ ყურძენს არაფერს ვერჩი. მშვენიერი ყურძენია და ღვინოც ძალიან კარგი გამოდის, მაგრამ ორი წლის წინ გავრისკე, 500 კილო ჩინური წამოვიღე და 30 კილოს მეტი ვერ გავყიდე. არ იციან თბილისში ეს ჯიშები და ყველას მხოლოდ კახური ყურძნის ყიდვა უნდა. ქართლის ყურძენი ფასითაც ძვირია და ძნელად იყიდება. აბა რა აზრი აქვს მაშინ იმის აქ ჩამოტანას. რა უნდა მექნა იმ წელს? ავდექი და მე თვითონ დავწურე ჩემი ძმის სარდაფში. მშვენიერი ღვინო გამოვიდა და მთელი წელი იმ ჩინურით გადავაგორე. თუმცა, ამის შემდეგ, მე აქ ქართლის ყურძნის ჩამომტანი აღარ ვარ. ზარალის მეტი არაფერია!”.

ჭურჭელი და სხვა აუცილებლობები

სანამ რთველი ეშხში შესულა, როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, თითქმის მთელი თბილისი ემზადება ყურძნისა და საღვინე ჭურჭლის შესაძენად. დღეს ძალიან პოპულარულია იაფფასიანი პლასტმასნარევი ცელულოიდის კასრები, რომელიც ერთ დროს სპირტის გადასატანად გამოიყენებოდა. ამ ჭურჭელს საქართველოში დაახლოებით 10 წლის ისტორია აქვს და მისი აქ გამოჩენა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც კონტრაბანდისტებს ერგნეთისა და ცხინვალის გავლით, როკის გვირაბის გზით რუსეთში სპირტი გადაჰქონდათ. რუსეთში სპირიტის გადაზიდვის გზები ჩაიკეტა, კონტრაბანდისტებმა სხვა საქმე მონახეს, ეს ლურჯი ფერის პლასტმასის ჭურჭელი (საუბარია ძირითადად 200-300 ლიტიან კასრებზე) კი საქართველოში რომაელი ჯარისკაცის ჩაჩქანივით შემორჩა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჭურჭლად ითვლება.

ბოლო წლებში თბილისში ასევე დაიწყეს მეორადი ხის კასრების შესყიდვაც. მეორად ხის კასრებს როგორც წესი ღვინის დიდი საწარმოები ყიდიან და როდესაც დიდ კომპანიებს ჭურჭლის გამოცვლის პერიოდი აქვთ, მათი ძველი კასრების მსურველთა შორის მცირე მეღვინეების გარდა, რიგით თბილისელებსაც ნახავთ. ამას გარდა, ბევრი ესწრაფვის მინისა თუ პლასტმასისაგან დამზადებული ათი და ოცლიტრიანი ჭურჭლის შეძენას. თბილისში ასეთი ტიპის ჭურჭლის ყველაზე იაფად შეძენა სამგორის ბაზრობაზე, სპეციალურად ჭურჭლისათვის გამოყოფილ ადგილზე შეგიძლიათ. იქ არჩევანიც მრავალფეროვანია და ფასებიც შედარებით ხელმისაწვდომი.

სამგორის ბაზრობასთან ახლოს, ორ მაღაზიასაც ნახავთ, სადაც საღვინე ჭურჭლის გარდა, ყურძნის დაწურვისათვის აუცილებელი სხვა ატრიბუტების შეძენაც შეგიძლიათ. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მინის ჭირჭელზე მოთხოვნა გაიზარდა და წელს უკრაინიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მინის ჭურჭელი აქვს შემოტანილი.

ლაშა კაპანაძე: ”რვა წელია, რაც ეს მაღაზია გვაქვს. ძირითადად სხვადახხვა ტიპის, ხარისხისა და მოცულობის ჭურჭლით ვვაჭრობთ. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა იაფფასიანი პლასტმასის თხელი, 5 ლიტრიანი ერთჯერადი ჭურჭელი იყიდება. ხალხს საქართველოში ბევრი ფული არ აქვს და ეს გასაგებია. ასევე იყიდება სპირტის დიდი კასრებიც. 30-40 ლარად, კარგი მოზრდილი ასეთი კასრის შეძენა შეუძლია კაცს. ბოლო დროს ძალიან გაიზარდა ჩვენში ტრადიციულად პოპულარულ მინის 20 ლიტრიან ჭურჭელზე მოთხოვნა. ადრე ალბათ ყველას გვქონდა ასეთი ჭურჭელი და მშვენიერი მოსახმარიც იყო, მაგრამ დრო გავიდა. ზოგს გაგვიტყდა ეს 20 ლიტრიანები, ზოგს ხმარებოსაგან გაგვიფუჭდა. ერთი პერიოდი საქართველოში საერთოდ აღარ შემოდიოდა მინის ჭურჭელი. ბოლო სამი წელია, რაც მასიურად ისევ შემოდის და მეც უკრაინიდან ჩამომაქვს. მინის ჭურჭელი შეიძლება ერთი ზომისა იყოს, მაგრამ ხარისხობრივად და შესაბამისად ფასითაც განსხვავდებოდნენ. ხშირად მიჭირს კლიენტებს ავუხსნა, თუ რატომ არის ერთი და იმავე ზომის ჭურჭელი სხვადახვა ფასი. ასეთ ნიუანსებში მხოლოდ გამოცდილი მეღვინეები და სპეციალისტები ერკვევიან”.

რქაწითელი ისევ პირველობს

რა თქმა უნდა სასურველი იქნება, თუ თბილისის ყურძნის ბაზრობებზე წელს მაინც შემოიტანენ ყურძენს ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭიდან, გურიიდან და ჩვენი ქვეყნის სხვა მევენახეობით განთქმული რეგიონებიდან. თუმცა, როგორც ირკვევა, პირველ რიგში იმის გამო, რომ ციცქას, კრახუნას, გორულ მწვანეს, ჩხავერსა და ყურძნის სხვა ცნობილ ქართულ ჯიშებს დედაქალაქში ძალიან მცირე კლიენტურა ჰყავთ, ყურძნით მოვაჭრეები მათი შეძენისაგან თავს იკავებენ. ამას გარდა აღსანიშნავია იმერელი, ქართლელი თუ გურული მევენახეების ნიჰილისტური დამოკიდებულებებიც საკუთარი ყურძნისადმი.

მაგალითად იმერელმა მევენახემ, კობა კუპატაძემ, რომელიც ყოველ წელს დაახლოებით 4 ტონამდე ციცქასა და ცოლიკოურს კრეფს, გულის ტკივილით გვითხრა, რომ შარშან საღვინე ჭურჭელის სიმცირის გამო, ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა და თვეზე მეტ ხანს მოუნდა ბათუმსა და ქუთაისში მხოლოდ ერთი ტონა ყურძნის სულ იაფად გაყიდვას. უცნაურია, მაგრამ როგორც წელს აგვისტოში ქუთაისის ბაზარში გვითხრეს, 2010 წლის შემოდგომაზე, იმერეთის დედაქალაქში დაახლოებით იმდენი კახური რქაწითელი გაიყიდა, რამდენიც იმერული ჯიშის ყურძენი. ეს ფაქტიც ცხადყოფს რქაწითელის სრულ ჰეგემონიას არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

თბილისში, დიდუბეში მცხოვრები, 45 წლის ინჟინერი დათო სულავა, დაახლოებით 15 წელია, რაც ყოველწლიურად თავისი ხელით აყენებს ღვინოს. ყურძენს მრავალი თბილისელის მსგავსად, ისიც დედაქალაქში არსებულ ყურძნის ბაზრობებზე ყიდულობს. ბატონი დათო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ თხუთმეტი წლის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენს ყიდულობს, რადგან წითელი ღვინო მაინცა და მაინც არ უყვარს. სხვა ჯიშის თეთრი ყურძნის შესახებ კი ბევრი არაფერი იცის.

დათო სულავა, მოყვარული მეღვინე: ”ყველა ჯიშის ქართულ ყურძენს პატივს ვცემ და ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყურძნის რამდენიმე ასეული ჯიში  არსებობს. მაგრამ თბილისში ათ წელზე მეტია რაც ღვინოს ვაყენებ და სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ჯიშის ყურძენის შეძენით დიდად არც კი დავინტერესებულვარ. ძალიან მივეჩვიე ამ დალოცვილ რქაწითელს და როდესაც მეგობრებთან თუ ნათესავებთან სხვანაირ ღვინოს ვსვამ, ვხვდები, რომ ისევ ჩემი ღვინო მირჩევნია. წელსაც ფული უკვე მაქვს გადადებული და ნაცნობი ვაჭრისაგან უნდა ვიყიდო ყურძენი. ოთხი წელია მაგ კაცისგან ვყიდულობ და უკმაყოფილო არც ერთხელ ვყოფილვარ. ადრე, რამდენიმე წლის წინ, ძალიან ცუდი ყურძენი შემომასაღეს და იმ წელს ღვინოც ვერ დავაყენე კარგი. ახლა ჭკუა ვისწავლე და ყურძენს მხოლოდ იმ კაცისგან ვყიდულობ, ვისაც ვენდობი. ჩემი გაკეთებული ღვინო ისევ ჩემი და ჩემი მეგობრების დასალევია და არ ჯობია, რომ კარგი დავლიოთ?!”.

ცოტაც და სულ მალე, თბილისში ისევ დადგება ყურძნის მოტკბო სურნელი. ისევ ვნახავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ სარდაფებსა თუ ავტოსადგომებისაკენ ყურძნით დატვირთული მანქანებით მიდიან. ისევ მოვისმენთ მარადიულ ქართულ დიალოგებს იმასთან დაკავშირებით, ვისი ღვინო ვისას ჯობია და ვისი ღვინო უნდა გაიხსნას პირველად შობასა თუ ახალ წელს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არასწორი ურბანიზაციის გამო, თბილისში ძალიან ცოტა ვენახი შემორჩა. მაგრამ ყურძნისა და ღვინის სიყვარული ამ ქალაქს დღესაც არ აკლია.            

© ღვინის კლუბი/Weekend



პირადად მე ჩემი მანქანით მივდივარ კახეთში და იქ ვყიდულობ ყურძენს,აქაური ვაჭრები წონაში ისე გატყუებენ,რომ აქ ყიდვას აზრი არაა აქვს.500 კგ-ში 420-430 კგ თუ მოგიწონეს ე.ი. მაგარი პატიოსანი ვაჭარი შეგხვდა!!!!


ზუსტად გუშინ მეუბნებოდა მეგობარი მაგის შესახებ :) 100 კილოიან ტყუილზე. შარშან მომხდარა ეგ ამბავი, მერე დიდი დაკა–დაკაც ყოფილა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული