ალეკო ცქიტიშვილი
კახეთში რთველმა წელს შედარებით ნაკლები საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. გლეხებმა უკვე იციან, რომ გზების გადაკეტვით და ხმაურით ყურძენს ვერ გაყიდიან. გასულ წელს სუბსიდირება მარტო კახეთის რეგიონს შეეხო, რის გამოც დანარჩენ რეგიონებში მევენახეები გულნატკენები დარჩნენ. წელს რთველის სუბსიდირების პოლიტიკაში მცირეოდენი ცვლილებაა. სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდიით რაჭველ და ლეჩხუმელ მევენახეებსაც დაეხმარება.
სუბსიდია არ გაცემულა ქართლსა და იმერეთში. ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, როგორ ჩაიარა რთველმა ამ რეგიონებში. საინფორმაციო საშუალებებსაც, განსაკუთრებით - ტელევიზიებს მხოლოდ კახური რთველი აინტერესებთ. გაზეთმა "მარანმა" შარშან ეს არასასურველი ტენდენცია დაარღვია და სხვა რეგიონების სართვლო პრობლემებიც გააშუქა. ამ ტრადიციას წელსაც არ ვღალატობთ და ამჯერად ორი რეგიონის - ქართლისა და იმერეთის რთვლის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.
ქართლშიც და იმერეთშიც ყურძნის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე დიდი გავლენა იქონია წლევანდელმა წვიმიანმა ამინდებმა. სიმართლე ითქვას, ამინდის ჭირვეულობისთვის ნებისმიერი მევენახე ყოველ წელს უნდა იყოს მზად. განსაკუთრებული ყურადღება მცირე და ოჯახური მარნების მეპატრონეებს მართებთ, რომლებიც ღვინოს მამა-პაპურად, ტექნოლოგიური დამუშავების გარეშე აყენებენ. მათ ბუნებასთან ჭიდილი ყოველწლიურად უხდებათ - ხან გვალვა აშინებთ, ხან კი გადამეტებული წვიმები. თუ შარშან ქართლსა და იმერეთში მოსავლის ხარისხზე ყველაზე დიდი გავლენა საზაფხულო გვალვებმა მოახდინა, წელს ყურძენს სისტემატიურმა წვიმებმა დაასვა თავისი დაღი.
ღვინის კლუბის იმერეთის მეღვინეობის სექციის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ იმერეთში შემოდგომაზე განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა. მცირე მოსავლის გამო, ცნობილი იმერული ვაზის ჯიშების - ციცქასა და ცოლიკოურის ყურძენზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ თავდაპირველად ბაზარზე 1 კგ ციცქა ან ცოლიკოური 1,60 ლარი ღირდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ოდნავ გაიაფდა და ბოლოს სტაბილურად 1,20 ლარად იყიდებოდა.
რამაზ ნიკოლაძე, ღვინის კლუბის იმერეთის მეღვინეობის სექციის ხელმძღვანელი:"გაზაფხულიდან მოყოლებული, იმერეთში უმეტესწილად წვიმდა. გადაუღებელმა წვიმებმა ხელსაყრელი პირობები შეუქმნა ვაზის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს - ჭრაქსა და ნაცარს. მევენახეთა უმეტესობა დაავადებებს ისე ვერ შეებრძოლა, როგორც საჭირო იყო. ასეთებს ვენახები გაზაფზულზევე დაუზიანდათ და საბოლოოდ მოსავალი გაუნახევრდათ. მხოლოდ ის ვენახები გადარჩა, რომელთა მეპატრონეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და დიდი შრომის ფასად, ვაზს ჭრაქი და ნაცარი აარიდეს. მე, მაგალითად, შეწამვლა არ დამიკლია და სხვა საჭირო პროცედურებიც დროულად ჩავატარე, რის გამოც, ბოლო წლებთან შედარებით, საუკეთესო მოსავალი მივიღე".
რამაზ ნიკოლაძის თქმით, მის ვენახში ციცქასა და ცოლიკოურის შაქრიანობამ 25%-ს მიაღწია, რაც იმერეთისთვის ძალიან იშვიათია: "სხვაგანაც, სადაც ვიკითხე და რა ინფორმაციაც მომაწოდეს, თერჯოლის, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში 20%-ზე დაბალი შაქრიანობა არსად ყოფილა. წელს ისედაც ვაპირებდი ექსპერიმენტის ჩატარებას და ღვინის კახური წესით დაყენებას ჭურებში. ყურძნის მაღალი შაქრიანობის გამო, გადაწყვეტილება უფრო თამამად მივიღე, ოღონდ ყურძენს კლერტი მაინც გავაცალე და დავადუღე მარტო ჭაჭაზე, რომელსაც ჭურში წვენთან ერთად გაზაფხულამდე დავტოვებ".
მცირე მოსავლის გამო იმერლებმა წელს საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - ციცქა და ცოლიკოური 1,20 ლარად, უკეთეს შემთხვევაში - უფრო ძვირადაც გაყიდეს და აღებული თანხით 0,60 ლარად ბაზარში კახეთიდან ჩატანილი რქაწითელი შეიძინეს. "კახური ყურძენი რომ არ ყოფილიყო, იმერეთში ოჯახებს აქაური ყურძენი არ ეყოფოდათ და მერე უნდა გენახათ ვედრებით ჭაჭის ნათხოვრობა და შაქრის ტომრებით აქეთ-იქით სირბილი. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ იმერლებმა საღვინედ წელს დიდი რაოდენობით რქაწითელი გამოიყენეს. ნახავენ ახლა როგორ გაამართლებს და თუ მოეწონათ რქაწითელის ღვინო, შეიძლება, ყურძნის ასეთნაირი "ბარტერი" მომავალ წლებშიც გაგრძელდეს", - ამბობს რამაზ ნიკოლაძე.
თითქმის მსგავსი ამინდების მიუხედავად, ქართლში რთველმა განსხვავებული შედეგებით ჩაიარა. ყურძენში შაქრიანობამ აქ 22-23 %-ს ძლივს მიაღწია, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.
ღვინის კლუბის ქართლის მეღვინეობის სექციის ხელმძღვანელის, იაგო ბიტარიშვილის თქმით, საზოგადოების სხვადასხვა ფენა, ზოგადად, სხვადასხვანაირად პასუხობს კითხვას - როგორი რთველი იყო წელს? მთავრობას, მცირე მარნებს, ღვინის კომპანიებს და გლეხებს სხვადასხვანაირი ინტერესები აქვთ და ამდენად, სხვადასხვანაირად ესმით ცნება - "კარგი მოსავალი". გლეხისთვის "კარგი მოსავალი" ბევრი მოსავალია - ბევრ ყურძენს ჩააბარებს და მეტ მოგებას ნახავს. მთავრობისთვის ბევრ მოსავალს ბევრი თავისტკივილი მოაქვს და ამიტომ მისთვის "კარგი მოსავალი" შეიძლება, მცირე მოსავალი იყოს. მცირე მარნებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ღვინის ხარისხზე ვენახიდანვე ზრუნავენ, საუკეთესოა მცირე, მაგრამ ხარისხიანი მოსავალი.
"მე პირადად წელს ჩემი ვენახის მოსავლით უკმაყოფილო არა ვარ. გაზაფხულზევე ვცდილობ, ვენახი ისე გავსხლა, რომ ბევრი არ დაისხას. ბევრი რაკი არ ესხა, ნაყოფი კარგად დამწიფდა და შაქრიანობაც 23%-მდე ავიდა. ასეთი შაქრიანობა რეკორდული იყო ჩემს რეგიონში - სოფელ ჩარდახში და მიმდებარე სოფლების ვენახებში", - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.
საერთოდ, ქართლში ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიში - ჩინური ისედაც ბევრს ისხამს. ქართლელი გლეხები, რომლებსაც ხარისხზე მეტად რაოდენობა აინტერესებთ, გასხვლისას ჩინურს საჭიროზე კიდევ უფრო მეტ რქას უტოვებენ, რათა შემოდგომაზე ბევრი მოსავალი მიიღონ. ასეთი ვენახები ქართლში ახლა ბევრია. ამიტომ ხარისხობრივად მოსავალს გაუჭირდა. ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში წვიმდა. მარტო ივლისში იყო ერთი თვით მზე. დაბალი საშუალო წლიური ტემპერატურისა და უხვი ნალექების გამო, ქართლში ხშირი იყო შემთხვევები, როცა ყურძნის შაქრიანობა 19-20%-ს ვერ სცდებოდა. დაავადებებს ვენახები მაინცდამაინც არ დაუზიანებია. ამ მხრივ, იმერლებისგან განსხვავებით, ქართლელებმა ეტყობა, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეს და ვენახები დროულად შეწამლეს.
ქართლიდან და იმერეთიდან სართვლო ციებ-ცხელებამ რაჭა-ლეჩხუმში გადაინაცვლა. რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან რთველისთვის გამოყოფილი 10 მლნ ლარის ნაწილი რაჭა-ლეჩხუმისთვისაც არის გათვალისწინებული. რაჭველებთან შეხვედრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წელს რაჭაში 550 ტონამდე მოსავალს ელოდებიან და ამ ყურძენს, ძირითადად, მსხვილი ღვინის კომპანიები ჩაიბარებენ.
რაჭა-ლეჩხუმის რთველში ჩაბმა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ზაზა გოროზიას მოუწევს, რადგან კვეზერელი გასულ კვირაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი