Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი იმერეთში - ჭირვეული წელიწადის მორჯულება

ალეკო ცქიტიშვილი

ყოველთვის ასეა - როგორც კი კახეთში რთველი დამთავრდება, რთველზე საუბარიც მთავრდება. მედიაში აქა-იქ თუ გაჩნდება მწირი ინფორმაცია მევენახეობის დანარჩენი რეგიონებიდან. არადა, კახეთის შემდეგ რთველი გრძელდება ქართლში, მერე კი – დასავლეთ საქართველოში, სადაც ზოგიერთ სპეციფიკურ მიკროზონაში ყურძენს ნოემბრის ბოლოს, ზოგან კი დეკემბერშიც კრეფენ.
"ღვინის კლუბი" უკვე მეორე წელია, ცდილობს, მაქსიმალურად შეაგროვოს მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით - რთველის პერიოდში, როცა მევენახეებიც და მეღვინეებიც წლის ტენდენციებს აფასებენ. ამ დროს განიხილება და ჯამდება ყველა ნიუანსი - წლის განმავლობაში რა ფაქტორებმა როგორი ზეგავლენა მოახდინა ყურძნის ხარისხსა თუ რაოდენობაზე. ხოლო როცა მარნებში მაჭრის სურნელი დადგება, მეღვინეები წინასწარ პროგნოზებსაც აკეთებენ - როგორი ღვინო ექნებათ ცოტა ხანში. 
"მარანი" დაგპირდათ, რომ რთველის მიმოხილვას კახეთის მოვლენებით არ დაასრულებდა და დასავლეთ საქართველოს მევენახეობის პრობლემებსაც გააშუქებდა. ამჯერად, წლევანდელ იმერულ რთველზე მოგაწვდით ზოგიერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც ღვინის გურმანებს შემდგომშიც გამოგადგებათ, თუკი ამ წლის მოსავლის იმერულ ღვინოებთან გექნებათ საქმე. 
"დავიწყოთ იმით, რომ აგვისტოს საშინელმა სიცხეებმა დიდი ზიანი მოუტანა იმერელ მევენახეებს. ერთთვიანი გვალვის შემდეგ ყურძნის გარკვეული მოსავალი დაიკარგა. შემოდგომაზე კი წვიმიანი სეზონი დადგა, რის გამოც ყურძენმა შაქრის შესაბამისი რაოდენობა ვერ აიღო. თუმცა, ის ვენახები, რომლებსაც ნაკლები ესხა, უფრო ადვილად გაუმკლავდა უამინდობას", - გვესაუბრება "ღვინის კლუბის" იმერეთის სექციის ხელმძღვანელი, რამაზ ნიკოლაძე. პირადად მან მშობლიურ მამულში - თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში რთველი შუა ოქტომბერში, მცირეოდენი გამოდარებიდან ორ დღეში დაიწყო, ახლობელ-ნათესავების დახმარებით იმავე დღეს დაასრულა და მოსავალიც მაშინვე დაწურა.  
აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეებისთვის გვალვა თითქმის ყოველწლიური თავის ტკივილია. წლევანდელი აგვისტოს სიცხეები კი დასავლეთ საქართველოსთვისაც უჩვეულო, ფაქტობრივად - ანომალიური აღმოჩნდა. ურწყავ ადგილებში ვენახები კინაღამ გახმა. მოსავალი ბევრგან განახევრდა, ზოგან კი მეოთხედი დაიკარგა.
            "იმერული ღვინის კომპანიის" ვენახები სვირის ცნობილ მიკროზონაში, კერძოდ - სოფელ მეორე სვირში 30 ჰექტარზეა გაშენებული. ეს ვენახები ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მოიცავს არა მხოლოდ იმერულ, არამედ სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ჯიშებს. მათგან ზოგი საადრეოა, ზოგიც საგვიანო. როგორც პრაქტიკამ ცხადყო, სხვადასხვა ჯიშის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია ჭირვეულ წელიწადთან ჭიდილის დროს.
            "იმერული ღვინის კომპანიის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მურად ჯუღელის თქმით, ჯერ კიდევ ვენახების გაშენებისას საადრეო და საგვიანო ჯიშები ისე გაანაწილეს, რომ კომპანია ამჟამად რთველს იწყებს აგვისტოში და ამთავრებს ნოემბერში.
მურად ჯუღელი:"პირველად შარდონე და პინო მწიფდება და რთველსაც მათი კრეფით ვიწყებთ. აგვისტოს სიცხეების გამო, წელს ეს საადრეო ჯიშებიც შედარებით ადრე დავკრიფეთ - 5 სექტემბრამდე. ამავე პერიოდში დავკრიფეთ კახური საფერავი, ალექსანდროული და მუჯურეთული. ცნობილია, რომ რაჭაში ალექსანდროულს და მუჯურეთულს ოქტომბერ-ნოემბერში კრეფენ, სვირში კი აგვისტოში უკვე 28% ჰქონდა შაქრიანობა და აუცილებელი იყო მათი დაკრეფა. როგორი ღვინო იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით 5 სექტემბრამდე დაკრეფილი ყურძნის ჯიშებით (შარდონე, პინო, კახური საფერავი, ალექსანდრეული, მუჯურეთული) ძალიან კმაყოფილი ვარ. სიცხეებმა მათზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა".
ამის შემდეგ იმერული ჯიშების ჯერიც დადგა. ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას სიცხეებმა თავისი დაღი დაასვა და მოსავლის 50% გაანადგურა. თუმცა, გადარჩენილი მოსავლის ხარისხით მურად ჯუღელი უკმაყოფილო არ არის: "იმერული ჯიშების ხარისხი, მართალია, კარგია, მაგრამ გვალვების გამო ვაზს სავსე მტევანი არ ჰქონდა. ამდენად, მხოლოდ რაოდენობაში ვიზარალეთ. ახლა ოცხანური საფერე და ოჯალეში გვაქვს მოსაკრეფი და ეს დღეებია, გადაუღებლივ წვიმს. ველოდებით გამოდარებას და რთველს განვაახლებთ. წელს ძალიან არეული ამინდები გვქონდა - სულ სიცხე იყო, რთველის მიწურულს კი წვიმებმა წაგვლეკა. წარმოიდგინეთ, ვისაც მხოლოდ ოცხანური საფერე ან სხვა საგვიანო ჯიშები აქვს გაშენებული, ის როგორ ნერვიულობს ამ დროს!"
საერთოდ, იმერეთში რთველის დროს წვიმები ხშირი სტუმარია. მევენახეებს გადაუღებელი წვიმების იმდენად ეშინიათ, რომ ზოგჯერ რთველს გაუმართლებლად ადრე იწყებენ, როცა ყურძენში შაქრიანობა ჯერ კიდევ ნორმაზე დაბალია. სწორედ ამიტომ იმერელი გლეხების ღვინოები ხშირად არანორმალურად მჟავეა. ნაადრევ რთველს განსაკუთრებით ის მევენახეები ესწრაფვიან, ვინც ღვინოს არ აყენებს და ყურძენი მხოლოდ გასაყიდად სჭირდება. ბაზარში შაქრიანობის საზომი აპარატით არავინ დადის, გემოს გასინჯვით კი შეიძლება შეცდე, თუ ძალიან გამოცდილი მეღვინე არა ხარ. ამიტომ, ვინც ღვინოს იმერულ ბაზრებში ნაყიდი ყურძნით აკეთებს, მას ათმაგი დაკვირვება და ანგარიში მართებს.
რამაზ ნიკოლაძის თქმით, იმერეთში მევენახე გლეხები ყურძენს ძირითადად კერძო კლიენტებზე ყიდიან. იმერული ჯიშის ყურძენი ასევე იყიდება ქუთაისისა და ზესტაფონის ბაზრებში, სადაც ციცქას და ცოლიკოურის ფასი წელს 90 თეთრი ან 1 ლარი იყო. ვისაც ყურძნის გაყიდვა სურდა, რასაკვირველია, ერთიანად ყურძენს ვერ დაკრეფდნენ, კლიენტს ელოდნენ, სამი-ოთხი დღის დარის შემდეგ კი ისევ წვიმა იწყებოდა და ამის გამო ძალიან გაწვალდნენ. ყურძნის გაყიდვა წელს ასევე გააძნელა რთველისა და ახალმთვარეობის დამთხვევამ. ახალმთვარეობისას იმერლები ყურძნის დაწურვას ერიდებიან (ამ პერიოდს "გლახა მთვარეს" ეძახიან). სხვათაშორის, "გლახა მთვარეს" ბიოდინამიკური მეღვინეობის ევროპელი მამამთავრებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
რამაზ ნიკოლაძე, "ღვინის კლუბის" იმერეთის სექციის ხელმძღვანელი: "მევენახე გლეხები იმერეთში წელს უკმაყოფილონი არიან ამინდით, ფასით - იმდენად არა. თუმცა, ზოგადად, ქართველი გლეხი, ალბათ, კმაყოფილი არაფრით არ არის. ამინდი წელს მთელ იმერეთში ერთნაირი იყო და ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირი სიტუაციაა. მე მაქვს კონკრეტული ცნობები ზესტაფონის, თერჯოლისა და ბაღდათის რაიონებიდან, სადაც ყურძენში შაქრის შემცველობა 19-21%-ის შუალედში იყო, ასევე ვნახე 24%-იანი შაქრიანობით ცოლიკოური ბაღდათის რაიონში. კრახუნას თვისებები მაღალი შაქრიანობის დროს ვლინდება. წელს კი, ალბათ, დაბალი ხარისხის კრახუნას მივიღებთ".
მსგავსი პროგნოზები, ჯერჯერობით, ალბათ, მაინც ვარაუდებზეა დაფუძნებული. მეღვინეები უფრო მეტად რისკებზე ფიქრობენ, ვიდრე წარმატებაზე. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ჭირვეულმა წელიწადმა იმერული ჯიშების მოსავლის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.
"მეღვინეობა ხარებას" მეღვინე ლადო კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ იმერული ყურძნის ჯიშები წელს დაბალხარისხიანია, რადგან მასზე იმოქმედა მთელი წლის განმავლობაში ვაზისთვის არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა (ხანგრძლივი გვალვა, შემდეგ ხანგრძლივი წვიმები და დაბალი ტემპერატურა). მიუხედავად ამისა, კუბლაშვილის თქმით, წინასწარი დეგუსტაციებიდან გამომდინარე, ღვინოები კარგი დადგა. ეს კი უკვე კომპანიის მეღვინეების დამსახურება უფროა, ვიდრე მოსავლის ხარისხის.
ლადო კუბლაშვილი, "ხარებას" მეღვინე: "კომპანიის ვენახებს ადვილად ვაკონტროლებთ - წლის განმავლობაში დროულად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ვაზისთვის აუცილებელია. თუ საჭირო გახდა, ე.წ. მწვანე რთველსაც მივმართავთ. ცხადია, ამას იმ მემამულეებს ვერ ვაიძულებთ, ვისთანაც ჩვენ კონტრაქტით ვთანამშრომლობთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვიყენებთ უფლებას, სელექციას მივმართოთ და მათი ვენახებიდან მხოლოდ ისეთ ყურძენს ვიბარებთ, რომელიც ჩვენს სტანდარტებს შეესაბამება. ყურძენს ვარჩევთ საწარმოშიც, სპეციალურ ლენტზე. ამგვარი კონტროლით საბოლოოდ წელსაც კი კარგი ხარისხის ნედლეული ჩავიბარეთ და დაბალხარისხიანმა მოსავალმა ჩვენი ღვინოების ხარისხზე გავლენა ვერ მოახდინა".
სტატია უკვე მზად გვქონდა, როდესაც იმერეთიდან უკანასკნელი ცნობები მივიღეთ ამინდის შესახებ - მართალია, წვიმამ გადაიღო, მაგრამ ბოლო დღეების უხვმა ნალექმა ოცხანური საფერეს, ალადასტურისა და ოჯალეშის შაქრიანობა შეამცირა. ასე რომ, მევენახეები ახლა საგვიანო ჯიშებში სასურველ შაქრიანობას ელოდებიან.
კახეთის რთველის მიმოხილვებიდან უკვე იცით, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის სარეზერვო ფონდიდან წელს 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. როგორც ჩვენი რესპოდენტები აღნიშნავენ, იმერეთში სუბსიდირების პროგრამა არ განცორციელებულა. ამდენად, იმერელი მევენახეები მთლიანად კერძო კომპანიებისა და ინდივიდუალური კლიენტების იმედად იყვნენ. "მეღვინეობა ხარებამ" თეთრი ჯიშის ყურძნები (კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური) მოსახლეობიდან კილოგრამი ერთ ლარად ჩაიბარა. ლადო კუბლაშვილის თქმით, მევენახეები ფასითაც კმაყოფილი დარჩნენ და კომპანიის მიერ ორგანიზებული რთველითაც.
"იმერელი გლეხი კახელისგან იმით განსხვავდება, რომ ვენახი მცირე ფართობზე აქვს და თუ საქმე გაჭირდა, ყურძენს სულ დაწურავს, ღვინოს დააყენებს. შესაბამისი ჭურჭელიც აქვს, მთავრობას არ შეაწუხებს და ამიტომ ამ უკანასკნელსაც დიდად არ ანაღვლებს იმერული რთველის პერიპეტიები", - ამბობს რამაზ ნიკოლაძე.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ნიუანსის გამოა, რომ იმერეთის რთველს არასოდეს მიძღვნია მთავრობის სახელდახელო გასვლითი სხდომები ვენახებსა თუ სპეციალურ სართვლო შტაბებში. არადა, იმერეთის მევენახეობა-მეღვინეობის წასახალისებლად გასაკეთებელი კიდევ ბევრია.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული