ქართველმა ნატურალისტმა მეღვინეებმა - რამაზ ნიკოლაძემ, ჯონ ვურდემანმა, ჯონ ოქრომ, მარიამ იოსებიძემ და ნიკი ანთაძემ კატალონიაში, ელ პინელ დე ბრაის მუნიციპალიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ნატურალისტური ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების წანამძღვარი იყო „ნატურალური ღვინო დანამატებისა და ფილტრაციის გარეშე“. ორდღიანი დეგუსტაციის პირველი დღე საჯარო იყო, მეორე კი - დახურული, მხოლოდ ადგილობრივი პროფესიონალებისათვის.
H2O VEGETAL 2015 წელს მეოთხედ ჩატარდა. დეგუსტაციის ორგანიზატორები არიან ესპანელი მეღვინეები ჟოან რამონ ესკოდა (Joan Ramon Escoda) და ლაურეანო სერეს მონტაგუ (Laureano Serres Montagut). ქართული მარნები წელს დეგუსტაციაზე პირველად იყო წარმოდგენილი.
2015 წელს ქართველი ნატურალისტი / ბიოდინამიკოსი მწარმოებლების - ნიკი ანთაძის, ჯონ ოქროს, რამაზ ნიკოლაძის, ჯონ ვურდემანისა და სოლიკო ცაიშვილის ღვინოები ესპანეთში პირველად შევიდა ექსპორტზე. როგორც ნიკოლაძეების მარანის მფლობელი, ორგანიზაცია Slow Food-ის წარმომადგენელი საქართველოში, რამაზ ნიკოლაძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, H2O VEGETAL 2015-ზე მონაწილეობა მათი ესპანელი იმპორტიორის ინიციატივა იყო და ეს მართლაც საუკეთესო საშუალება იყო ადგილობრივი ღვინის ბარების, რესტორნებისა და ბუტიკების წარმომადგენელთათვის, გაცნობოდნენ ქართულ, ქვევრის, ნატურალისტურ ღვინოებს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
თქვენი კომენტარი