Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მეღვინეობის კიდევ ერთი პარადოქსი

ანუ, როგორ ჩაანაცვლა თბილისმა სოფელი

ლევან სეფისკვერაძე

მიუხედავად იმისა, რომ წელს ყურძენი შარშანდელთან შედარებით ოდნავ ძვირია, თბილისელები მაინც არ არღვევენ ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას და საღვინედ ყურძნის შეძენას ეშურებიან. ბევრმა უკვე ყურძენიც დაწურა და ახლა ღვინის მოვლითაა დაკავებული. თუმცა, არიან თბილისელები, რომლებიც ახლა აპირებენ ყურძნის ყიდვას და ოჯახურ პირობებში ღვინის დაყენებას.

ღვინო სოფლად და ქალაქად

თბილისელ მოყვარულ მეღვინეებს შორის, არსებობს ერთი საინტერესო კატეგორია. ამ ადამიანებს მამაპაპური ვენახები საკუთარ სოფლებში აქვთ. თუმცა ყურძენს თბილისში ეზიდებიან და ღვინოს ქალაქში აყენებენ. ერთი შეხედვით, ეს არცთუ გონივრული საქციელია, რადგან ღვინის მოვლისა და შენახვის პირობები წესით სოფლად უფრო უნდა იყოს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ადამიანების საქციელი გამართლებულიცაა და ლოგიკურიც.

გიორგი ჯგუშია, ბანკის თანამშრომელი:“მე და ჩემს ძმას, ცოლიკოურის ძველი ვენახი ზუგდიდის რაიონში გვაქვს. ადრე, როდესაც მამაჩემი ცოცხალი იყო, ის აყენებდა ღვინოს და გვიგზავნიდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, სამი წლის მანძილზე ძველებურად სამეგრელოში ვწურავდით ყურძენს. რამდენიმე ნათესავი გვეხმარებოდა და ისინი უვლიდნენ მარანში ღვინოს. მაგრამ, ამას თუ წაიკითხავენ, ვიცი არ მიწყენს ის ხალხი და მოვლის მხრივ, ღვინოს ისე ვერ უვლიდნენ, როგორც საჭირო იყო. მაგალითად, ღვინის მოსარევად, ჩემს ბიძაშვილს გვერდით მდებარე სოფლიდან ოთხი კილომეტრი ფეხით უნდა გამოეარა, რასაცმ რასაკვირველია ყოველთვის ვერ ახერხებდა. ამიტომ, მამაჩემის დაყენებულ ღვინოსთან შედარებით, ჩვენი ღვინო ბევრად უფრო ცუდი გამოდიოდა და ამაზე ძალიან გვწყდებოდა გული. ბოლოს მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ ყურძენი თბილისში წამოგვეღო და აქ დაგვეწურა. ვიცით, ეს ხარჯიანი ამბავია, მაგრამ სხვა გამოსავალი მართლა არ გვქონდა.

-         ბევრი თბილისელის მსგავსად, დედაქალაქში კახური ყურძნის შეძენა თუ გიცდიათ?

-         ძალიან დიდ პატივს ვცემ კახურ ღვინოს, მაგრამ მე მთელი ჩემი ცხოვრება მამაჩემის დაყენებულ ღვინოზე ვარ გაზრდილი და ჩვენი ვენახის ცოლიკოურს ისე ვარ მიჩვეული, ალბათ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ღვინოებსაც კი მირჩევნია. თან, არ მინდა ბოლომდე გავწყვიტო ჩემს სოფელთან კავშირი და ასე მგონია, ჩვენი ყურძნის დაწურვით, მამაჩემს ვცემ პატივს. ვიცი, ნამდვილად გაუხარდებოდა ასე რომ ვიქცევით”

ღვინით გახსენებული წარსული

თბილისელი ე.წ. “გარაჟის მეღვინეების” დიდი ნაწილი, უკვე წლებია, რაც ღვინოს ქალაქის პირობებში აყენებს და მათგან გაჩნდა კატეგორია, რომლებიც საქმეში ბევრ გამოცდილ მეღვინეს აღარ უდებენ ტოლს. არადა, მრავალი მეღვინის მსგავსად, ღვინის დაყენება მათაც ინტერესისა და ერთგვარი გართობის მიზნით დაიწყეს. ამ სტატიაზე მუშაობის დროს, ნაძალადევში შევხვდით ახალგაზრდა კაცს, რომელსაც მეღვინეობასთან შეხება არათუ არ ჰქონია, არამედ გვიანღა გაიგო, ჩინური ქართლის ჯიში რომ იყო და საფერავი კახეთის. არადა, ქართლში პაპისეული ვენახი ჰქონდა...

ჯეირან კოზოლაშვილი, 34 წლის, ყოფილი მუსიკოსი: “თბილისში ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ღვინის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ღვინო სასმელი იყო და ლოთებს უყვარდათ. ჩვენი “სუფრული” სიმღერებიც ხომ სულ ღვინოზე და ლოთობაზეა... ეს მაშინ, როდესაც კასპის რაიონში პაპაჩემს მშვენიერი ვენახი ჰქონდა და მისი გამოგზავნილი ღვინის გემოთი მთელი ჩვენი სამეზობლო იყო მოხიბლული. ერთხელ, პაპაჩემის გარდაცვალებიდან უკვე კარგა ხანი იყო გასული და მეგობრები ჩავიყვანე სოფელში. იქ, ერთმა ძმაკაცმა დამცინა – ასეთი ვენახები გქონია, და ამის უყურადღებობით ჩანს რაც ხარო... ეს ძალიან დამრჩა გულში.

ამის შემდეგ, ყოველ წელს ჩავდივარ სოფელში, ხალხს ვქირაობ. ზოგი ახლობელი უფასოდაც მეხმარება და ვუვლი ვენახს. სულ ათი “პლანი” მაქვს, მეტი კი არა, მაგრამ მე მყოფნის. ახლა როგორც მეუბნებიან, კარგი ღვინოც გამომდის, თუმცა პრობლემა ისაა, რომ იქ ღვინის დაყენებისათვის საჭირო პირობები სოფელში არ არის და ყურძნის თბილისში წამოღება მიწევს. ძალიან მინდა, სოფელშივე რომ დავაყენო ღვინო, მაგრამ რატომღაც ასე აეწყო საქმე...

-         სოფელში, ვენახის მოვლაში ვინც გეხმარებათ, იმ ხალხს რომ სთხოვოთ ღვინის მოვლა? ასე უფრო მარტივად არ გამოვიდოდა?

-         ქალაქელი კაცი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დაყენება სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ბევრ იქაურ გლეხზე მეტი უკვე ვიცი. პირველად ყურძნის კრეფაში რომ მეხმარებოდნენ, თითქმის ყველა ჩემს მიერ დაქირავებული გლეხი, რკინის ვედრებით გამოცხადდა რთველში. არ დაიჯერებთ და პირველად ჩემგან გაიგეს, რომ ყურძნის რკინასთან შეხება არ არის სასურველი. ღვინის დაყენების დროსაც, ყურძენზე შაქრის დაყრაშიც ისე არიან “გაწაფულები”, რომ რაღა დაგიმალოთ და მათთვის ღვინის მინდობის სურვილი დავკარგე. კარგი მეღვინე რომ ვიქირავო, დიდი ხელფასიც უნდა დავუნიშნო. ჯერ საამისო შესაძლებლობა არ მაქვს. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ვენახის მოცულობასაც გავზრდი და ყურძენსაც აუცილებლად სოფელში დავწურავ.”

ღვინის ქურდები

საკუთარი სოფლიდან თბილისში ყურძნის ჩამომტანი ზოგიერთი მოყვარული მეღვინე იმასაც ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ღვინის მოპარვის შიშით გადადგეს. სოფლად, ცარიელ სახლში ღვინის დატოვება ბევრს არ სურს, რადგან მთელი წლის იმედად დაყენებული ღვინის დაკარგვის შიში აქვთ. დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, მათი შიშები არცთუ უსაფუძვლოა. როგორც ჩანს, ქართულ ფილმ “ღვინის ქურდებში” განვითარებული შესანიშნავი სიუჟეტი ზოგიერთს პირდაპირ ესმის და წიგნის ქურდობისა არ იყოს, ღვინის ქურდობაც ნაკლებად საძრახისად მიაჩნიათ.

ირაკლი ქოქორაშვილი, 40 წლის: “კახეთში, სოფელ პატარძეულში გვაქვს პატარა სახლი და ვენახი. ეს სახლი და ვენახი 15 წლის წინ, ჩემმა ოჯახმა საკმაოდ იაფად იყიდა და ამის შემდეგ, ღვინისათვის ყურძენი ბაზარში აღარასოდეს გვიყიდია. თავიდან იქვე, ჩვენს სახლში ვწურავდით და ვინახავდით ღვინოს. მაგრამ ორჯერ გაგვქურდეს. ღვინოს როდესაც გპარავენ, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ კიდევ უფრო საწყენია, როდესაც ღვინოს თავისი ჭურჭლით ეზიდებიან. სომხეთში ყოფნის დროს, უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული შესანიშნავი ერთტონიანი ავზი ვიყიდე. სომხები ჭკვიანი ხალხია და ავზი ისე მოსახერხებლად იყო გაკეთებული, რომ მეტი არ შეიძლება... ავზი ბორბლებზე იყო შემდგარი და მისი გადაადგილება (ავტომობილამდე, ან საწნახელამდე მიტანა) ძალიან ადვილი საქმე იყო.

ღვინის გარდა ეს ავზიც მოიპარეს და 11 ცალი 20 ლიტრიანი მინის ჭურჭელიც ხელს გააყოლეს. აშკარაა, რომ ქურდები სატვირთო მანქანით მოვიდნენ და რაკი იცოდნენ, სახლში არავინ იყო, მშვიდად გაზიდეს ყველაფერი. მეორედ როდესაც გაგვქურდეს, მაშინ საერთოდ აიღეს ნამუსზე ხელი და ღვინოსთან ერთად, პლასტმასის ჭურჭელში გადატანილი გამოსახდელი ჭაჭაც წაიღეს. აბა ახლა მითხარით, როგორღა უნდა დამეტოვებინა ამის შემდეგ ღვინო იქ? თბილისში ერთი ციცქნა საკუჭნაო გვაქვს და მართლა ძალიან გვიძნელდება იქ ღვინის დაყენებაც და მოვლაც. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს, თორემ ნამდვილად არ გვიხარია ყურძნის ჩამოსატანად ასე რომ ვწვალობთ. ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, მომავალი წლიდან პატარძეულში შემოდგომით და ზამთარში მე დავრჩები და ღვინოსაც მე მოვუვლიო. ვნახოთ თუ იზამს ამ კარგ საქმეს. თუმცა, წელს მაინც თბილისში მაქვს ყურძენი წამოღებული.”

“თბილისური მეღვინეობა” ერაყში

ორი წლის წინ, თბილისში გამართულ სულ პირველ “ახალი ღვინის ფესტივალზე” მოსულ სტუმართა შორის, ერთი უკრაინელი ასაკოვანი კაციც იყო. როგორც აღმოჩნდა, ანტონ ფედენკოს, 10 წელიწადი საქართველოში ჰქონდა ნაცხოვრები და ჩვენი ქვეყნის შესახებაც ბევრი რამ იცოდა. ბატონმა ანტონმა სხვა ამბებთან ერთად, თბილისში, ვაკეში ცხოვრების პერიოდში მეზობელთან ერთად, კახეთის სოფელ კარდანახიდან ყურძნის თბილისში ჩამოტანისა და დაწურვის ამბებიც გაიხსენა. როგორც ანტონ ფედენკო ამბობდა, ამჟამად ლვოვში ცხოვრობს და იქაც რამდენჯერმე სცადა მეზობლები შეეამხანაგებინა, რომ ლვოვში ყირიმიდან ყურძენი ჩაეტანათ. თუმცა, ვერავინ დაარწმუნა იმაში, რომ ქალაქის პირობებში ღვინის პროფესიონალურად დაყენების არმცოდნე ხალხს ნორმალური ღვინის მიღება შეეძლოთ.

ამ ისტორიის სრულიად საპირისპირო ამბავი კი, ერაყის სამხედრო კამპანიის დროს, ამერიკის საჯარისო შენართში ნამსახურებმა ერთ-ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა გვიამბო. ყველამ კარგად იცის, ამერიკულ ჯარში ღვინის სმაზე როგორი მძიმე სანქციებია, მაგრამ ქართველმა ჯარისკაცებმა არამხოლ ღვინის შოვნა, ღვინის დაყენებაც კი შეძლეს. ამ ყველაფრის ინიციატორი კი ერთი თბილისელი ჯარისკაცი ყოფილა, რომელსაც თბილისში, “კუსტარულ” პირობებში ღვინის დაყენება ნამდვილად არ ესწავლებოდა.

როგორც იცით, ყველა ჯარისკაცს თავისი კარდალა (პატარა ქვაბი) ერგება, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. სადილის შემდეგ, ჯარისკაცებს ხილს (უმეტესად ყურძენს) უწყობდნენ მაგიდებზე. ქართველი ჯარისკაცები ამ ყურძენს არ ჭამდნენ და ყოველდღიურად სათითაო მტევანს სპეციალურად გადამალულ კარდალებში წურავდნენ. 2007 წლის მართლმადიდებლური აღდგომის დღეს, ამერიკელმა და ფრანგმა ოფიცრებმა, ქართული ნაწილიდან, 30 ლიტრ ღვინოზე მეტი ამოიღეს. ამ ისტორიის გაგრძელება საინტერესო ალბათ ნამდვილად არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ თბილისური “გარაჟის მეღვინეობა” საქართველოს საზღვრებს გასცდა და ერაყამდეც კი ჩააღწია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული