Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლის იშვიათი ვაზის ჯიში - მეჯვრისხევი საფერავი

გიორგი ბარისაშვილი

ვაზის ჯიში, რომელზეც ჩვენ გვინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, ამ დრომდე საქართველოში არსებულ არც ერთ ამპელოგრაფიულ ნაკვეთში არ იყო დაცული. არადა სოფელ მეჯვრისხევში ეს ჯიში უკვე დიდი ხანია არსებობს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალხარისხიან ვარდისფერ ღვინოს აყენებს. შიდა ქართლის ეს ისტორიული სოფელი ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირას. მდინარის სახელიდან გამომდინარე ამ სოფელს ძველად მეჯუდასხევი რქმევია. მართალია სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზეა, მაგრამ აქ იდეალური პირობებია მევენახეობა–მეღვინეობის დარგების გასავითარებლად. სიტუაციის შესასწავლად 2014 წელს აღნიშნულ სოფელში მცირე მოკვლევა ჩავატარეთ, რომლის დროსაც არაერთი საინტერესო ცნობა მოვიპოვეთ მეჯვრისხევის საფერავის შესახებ. გამოკითხული იქნა ამ სოფლის 20-მდე მკვიდრი, დავათვალიერეთ მათი ვენახები, გავსინჯეთ მათ მიერ დაყენებული ღვინის ნიმუშები...

როგორც ირკვევა, ამჟამად ვაზის ჯიში – მეჯვრისხევის საფერავი ერთეული ვაზების სახით 50 – 60 ადამიანს აქვს შემორჩენილი, ხოლო შედარებით მოცულობითი ნარგაობიდან, ამასთან ძირითადად ხეივნების სახით. ყურძენსა და ღვინოს აწარმოებს 15-მდე ოჯახი, რომლებიც ყოველწლიურად, თეთრი ღვინის პარალელურად 300 – 500 ლიტრამდე მეჯვრისხევის საფერავის ღვინოს აყენებენ. ჯიშს გააჩნია სინონიმი – ხომასურიანთ საფერავი. საქმე ის გახლავთ, რომ სოფელ მეჯვრისხევში ხომასურიძეების გვარის არაერთი წარმომადგენელი სახლობს, რომლებიც ამ სოფელში ოდესღაც რაჭიდან ჩამოსახლებულან. სხვათა შორის, ამ გვარის უხუცესი წარმომადგენლებისაგან მივიღეთ ერთი საინტერესო ცნობა იმის შესახებ, რომ ჯიში – მეჯვრისხევის, ანუ ხომასურიანთ საფერავი შესაძლოა ხომასურიძეების გვარის წარმომადგენლებმა ჩამოიყოლეს რაჭიდან... თუმცა ეს ვარაუდი საბოლოო დასკვნამდე ძირეულ გამოკვლევას საჭიროებს. რაც შეეხება ადგილობრივების მიერ დაყენებულ ღვინოს, რომელიც სოფლის მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, შემდეგნაირად ხასიათდება: მიუხედავად ჯიშის სახელდებისა, ღვინო ინტენსიურად არ არის შეფერილი და ის, როგორც წესი, დგება ვარდისფერი, ან ღია წითელი შეფერვისა. არის კამკამა, სუფთა და მიმზიდველი გარეგნობის. ღვინის სურნელში იგრძნობა ბროწეულისა და მოცხარის ტონები. საკმაოდ არომატული ღვინოა. გემოში მკვეთრად იგრძნობა მაღალმჟავიანობა და ამრიგად იგი თითქმის მარახოშია, თუმცა ეს მჟავიანობა ღვინოს დიდ სიხალისესა სძენს. ჩვენი ვარაუდით ჯიში მეტად საინტერესო უნდა იყოს, როგორც ცქრიალა ღვინის დასაყენებლად, ისე ტრადიციული „ჭაჭის“ გამოსახდელადაც. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მსახლეობაში ჩვენს მიერ გასინჯული 7 სხვადასხვა ნიმუში მჟვიანობის თვალსაზრისით თითქმის ერთი და იმავე კონდიციებისა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ერთ-ერთი ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ღვინის ტიტრული მჟავიანობა 8გრ/ლ -ზე მაღალია, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა კი 11%-მდეა. მოსახლეობის თქმით, მეჯვრისხევის საფერავის რთველი წარმოებს ოქტომბრის სადაწყისიდან, ხოლო ამ დროისათვის კი ყურძენი აგროვებს დაახლოებით 20%-მდე შაქრიანობას. მათსავე მონაცემებზე დაყრდნობით 40–50 წლის წინ სოფელ მეჯვრისხევში ვაზის ჯიში – მეჯვრისხევის საფერავი დაბლარი ვენახების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამჟამად კი სოფელში დაბლარი ვენახი მხოლოდ ორგან აღმოვაჩინეთ: ვახტანგ (იუზა) გოგინაშვილთან შედარებით მოზრდილ, ხოლო გია გოგიაშვილთან კი მცირე ნაკვეთზე, რომელთანაც ვენახი ვაზის გაშენების ქართული წესით, ინდივიდუალურ ჭიგოებზე იყო ფორმირებული. ხეივნების სახით კი მეჯვრისხევის საფერავი გაშენებული აქვთ: ხომასურიძე აკაკის, ხომასურიძე გოდერძის, ზურაბ კაპანაძეს, თამაზ ბუნტურს, მიხეილ მასურაშვილსა და სხვ. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია, მაგალითად მეჯვრისხეველი მჭედელი - ზურაბ კაპანაძის ღვინის ხარისხი...

ჯიშის მაღალი პოტენციალიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ მას მეტ ყურადღებას დაუთმობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მარნებიც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჩვენს მიერ სოფელ მეჯვრისხევში მოპოვებული მეჯვრისხევის საფერავის რქები გადავეცით ჯიღაურას ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთს, სადაც მოხდება მისი გამრავლება და ამპელოგრაფიულ ნაკვეთში დამაგრება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული