Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო რთველი 2013

წლევანდელმა უჩვეულოდ გრილმა ზაფხულმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა. წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, სიცივე - ასეთი იყო კლიმატური პირობები იმ პერიოდში, როდესაც ყურძენი დამწიფებას იწყებს. დიდი ხანია სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ეს ეტაპი ვაზისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ღვინის ხარისხზე არსებით გავლენას ახდენს, ამიტომ გასაგებია ვენახების მფლობელთა განცდები ამინდის სიურპრიზების გამო. ევროპელებისგან განსხვავებით, ამერიკასა და ავსტრალიაში წარმატებული წელი ჰქონდათ. უხვი მოსავლიდან გამომდინარე, ექსპერტები აქაურ სასმელზე დაბალ ფასებს პროგნოზირებენ, ევროპული ღვინო კი, მათი ვარაუდით, შედარებით ძვირი ეღირება. მოდით, ვნახოთ, როგორ ჩაიარა რთველმა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში.

შამპანი

განსაკუთრებით რთული იყო 2013 წელი საფრანგეთისთვის. ივნისში ვენახების ნაწილი სეტყვამ, ქარიშხალმა და ღვარცოფმა დააზიანა. საბედნიეროდ, ცხელმა ივლისმა და აგვისტომ, შემდეგ კი ხავერდოვანმა სექტემბრმა მოსავალი განადგურებისგან იხსნა. ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაზარალებულთა შორის შამპანის მკვიდრნიც აღმოჩნდნენ.

შამპანის პროფესიონალთაშორისი კომიტეტის (CIVC) მიერ დადგენილი წესების თანახმად, წელს მევენახეებს არაუმეტეს 13,1 ტ/ჰა ყურძნის მოკრეფა შეეძლოთ, რომლის ძირითადი ნაწილი - 10 ტ/ჰა აუცილებლად შამპანურის წარმოებაზე უნდა დახარჯულიყო, თუმცა ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ რაოდენობის მოსავალი აიღო, არცთუ დიდია.

განსაკუთრებით დაზარალდა შარდონე Côte de Blancs-ში. ეს რაიონი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა, წელს კი 9 ტ/ჰა-თი შემოიფარგლა. მსგავსი ვითარებაა Avize-სა და Cramant-ში. ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე წელი შამპანელ მეღვინეთათვის წარუმატებელი იყო. ბევრი მათგანი მოსავლის რაოდენობით და ხარისხით კმაყოფილია. მეტიც - მიიჩნევენ, რომ რაოდენობის კლება დადებითად აისახა ყურძნის ხარისხზე. Louis Roederer-ის შეფ-დე-კავი (Chef des Caves - ადამიანი, რომელიც კოორდინაციას უწევს მევენახეების, ენოლოგებისა და აგრონომების მუშაობას), ჟან-ბატისტ ლაკაიონი 2013 წლის მოსავალს 1982-ისა და 1988 წლებისას ადარებს - ორივე ვინტაჟურად იყო გამოცხადებული.

და მაინც, შამპანელი მწარმოებლები არ ჩქარობენ განაცხადონ ვინტაჟური შამპანურის გამოშვების შესახებ. ბევრი მათგანი წლის დასასრულს ელოდება - სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი საბაზო ღვინოთა გასინჯვა, რაც პირველი დასკვნების საშუალებას იძლევა.

ბორდო

ბორდოს მეღვინეთა პროფესიათშორისი საბჭოს (CIVB) პრეზიდენტი, ბერნარ ფარჟი Le Figaro-სთან ინტერვიუში 2013 წლის მოსავალს მიმოიხილავს. მისი თქმით, წელს რეგიონში 20-25%-ით ნაკლები ყურძენი აიღეს, რაც პირველ რიგში, ამინდის ჭირვეულობას უკავშირდება.

სიცივემ, წვიმამ და ქარმა ვაზის ყვავილობის ეტაპი სამი კვირით გადასწია. უხვნალექიანმა ივნისმა სოკოთი დასნებოვნების საფრთხე წარმოშვა; ივლისი ძალზე ცხელი და მზიანი იყო, აგვისტოში კი ვენახები რამდენჯერმე დაისეტყვა.

ფარჟის თქმით, წელს ბორდოში სულ რაღაც 4,3-4,5 მილიონი ჰექტოლიტრი იქნება ნაწარმოები. ღვინის ხარისხის კომენტირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს - დასკვნების გამოტანა ნაადრევად მიაჩნია, განსაკუთრებით წითელი ღვინოების შემთხვევაში. რაც შეეხება თეთრებს, ვარაუდობს, რომ მათ კარგი პოტენციალი აქვს.

ბორდოელ მეღვინეთა აზრით, წარმოების შემცირება გაყიდვებზე არ უნდა აისახოს, რადგან გასული წლების მარაგი საკმაოდაა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

უამინდობის გამო ბოლო წლებში ყველაზე მეტად აპელასიონი ანტრ-დე-მერი დაზარალდა. CIVB-ის პრეზიდენტი გამოსავალს დაზღვევის განვითარებაში ხედავს. ამ ეტაპზე ვენახის დაზღვევა ძალიან ძვირია და ბევრისთვის მიუწვდომელი. ფარჟი სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობას და ყველა მევენახისთვის გაფართოებული დაზღვევის შეთავაზებას გეგმავს, რაც, მისი ვარაუდით, მომსახურებას ბევრად გააიაფებს.

ღვინის წარმოება ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. ექსპერტთა აზრით, ამ სფეროს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. ფარჟი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მთავრობამ დარგის განვითარებას ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი და ფრთხილი პოლიტიკა აწარმოოს.

"სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვა პირველ რიგში ღვინოზე აისახება" - ამბობს ის და ჟაკ შირაკის მაგალითი მოჰყავს: 1995 წელს ატომური ცდების განახლების შემდეგ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გაყიდვებმა მომენტალურად იკლო. იგივე განმეორდა 2003 წელს, როდესაც საფრანგეთის გამოსვლას ერაყში ომის წინააღმდეგ აშშ-ს ბაზარზე ფრანგულ ღვინოთა გაყიდვების შემცირება მოჰყვა.

ჩინური ბაზარი ჯერ კიდევ რჩება გემრიელ ლუკმად არა მხოლოდ ბორდოს, არამედ მთლიანად ქვეყნის ღვინის სექტორისთვის. CIVB-ის მონაცემებით ჩინეთში ევროკავშირის ქვეყნების ღვინის ექსპორტის 60%-ზე მეტი საფრანგეთზე მოდის, ფრანგულ ღვინოთა 60%-ს კი ბორდოს ღვინოები შეადგენს. 2013 წლის პირველ თვეებში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ჩინური მზის ელემენტების წინააღმდეგ გადასახადი შემოიღეს, ქვეყანაში ფრანგული ღვინის გაყიდვამ იკლო, თუმცა მეორე ნახევარში ვითარება შედარებით დარეგულირდა.

პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ მთავარი მაინც სასმელის ხარისხია. როგორი იქნება 2013 წლის ვინტაჟი, ჯერჯერობით რთული სათქმელია - ყველა ელოდება en primeur დეგუსტაციას, რომელიც მომავალი წლის აპრილში გაიმართება. ფარჟის აზრით, ცუდი ამინდისა და პრობლემური მოსავლის მიუხედავად, ბორდოში ღირებულ სასმელს ყოველთვის აღმოაჩენ. ამას ემატება მეღვინეთა პროფესიონალიზმი, რაც შესაძლებელს ხდის კლიმატის მიერ მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ბორდო ჯერ კიდევ რჩება მეღვინეობის ერთ-ერთ მსხვილ რეგიონად და ამინდის ჭირვეულობას მისი ყველა ვენახი არ დაუზარალებია.

კალიფორნია

ევროპელებისგან განსხვავებით, კალიფორნიელები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილნი არიან და შესანიშნავ ღვინოსაც ელიან. "ძალიან, ძალიან კარგი წელი იყო" - ამბობს the drinks business-თან ინტერვიუში Robert Mondavi Winery-ს მთავარი მეღვინე, ჟენევიევ ჯენსისი, რომელიც ღვინის მოყვარულებს ძალზე მძლავრ ვინტაჟს ჰპირდება. თამამი პროგნოზის შესაძლებლობას მოსავლის ხარისხი იძლევა, რომელიც დიდი რაოდენობით ტანინების, კარგი სტრუქტურისა და ფერისთვის აუცილებელ პოტენციალს ფლობს. "გასული წლის სასმელებში ელეგანტურობა ჭარბობდა, 2013 წლის მთავარი მახასიათებელი კი სიმძლავრე იქნება" - ამბობს ჯენსისი. მისი აზრით, ორივე წელიწადი წარმატებული იყო და მომხმარებელს საკუთარი გემოვნების შესაფერისი ვინტაჟის შერჩევა არ გაუჭირდება.

წარმატებულად აფასებს 2013 წლის მოსავალს Testa Vineyards-ის თანამფლობელი, მეღვინე მარია მარტინსონიც, განსაკუთრებულად კი მარცვლის ხარისხს გამოარჩევს. მისგან განსხვავებით, მევენახეთა ნაწილი მარცვლის ზომისა და მოსავლის 10-30%-იან შემცირებას უჩივის, თუმცა კალიფორნიელთა უმეტესობა ამ მაჩვენებლის მატების შესახებ იტყობინება.

წელს რთველი კალიფორნიაში ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. Yorkvill Cellars-ის მფლობელი ედვარდ ვალლო ყურძნის კრეფას 14 სექტემბერს შეუდგა. "ბოლო 21 წლის განმავლობაში ასე ნაადრევად მოსავალს მეორედ ვიღებ" - ამბობს ის და იმასაც აღნიშნავს, რომ გასულთან შედარებით წლევანდელი სეზონი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. "მოსავლიანობისა და ხარისხის იშვიათი კომბინაციაა. რაოდენობითაც კმაყოფილნი ვართ და ხარისხითაც" - ასეთია მისი შეფასება.

იტალია

2013 წელი იტალიისთვის რეკორდული მოსავლით აღინიშნა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. Assoenologi-ს (იტალიის მეღვინეობის უძველესი ასოციაცია) მონაცემთა მიხედვით, სახელმწიფო და კერძო სექტორში 60-63 მილიონი ცენტნერი ყურძენი მოკრიფეს, რაც 44-45 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს უდრის. გასულ წელთან შედარებით ეს 8%-ით მეტია.

წელს იტალიაში, ისევე, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში, რთველი ორი კვირის დაგვიანებით დაიწყო და პიკს სექტემბრის შუა რიცხვებში მიაღწია. ყურძნის კრეფას პინოთი და შარდონეთი შეუდგნენ, რომლისგანაც ცქრიალა ღვინო მზადდება. სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში ადგილობრივი წითელი ჯიშების - სანჯოვეზეს, მონტეპულჩანოსა და ნებიოლოს დრო დადგა. ნოემბერში ეს პროცესი ალიანიკოთი, კაბერნეთი და ნერელოთი დასრულდება.

სპეციალისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ყურძნის ხარისხს მისი დამწიფების ხანგრძლივობა განაპირობებს. წლევანდელი კლიმატი მარცვლისთვის ოპტიმალური აღმოჩნდა - მარცვალი ნელ-ნელა დამწიფდა, შედეგად, იტალიელმა მევენახეებმა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.