Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერაბ მირცხულავა, ალაფიანის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (8)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ღვინის დაყენება დავიწყე 1993 წლიდან. 1997 წელს კი გურჯაანის რ-ნის სოფ. ვაზისუბანში განვაახლეთ მეგობრის ძველი მარანი და აქედან მოყოლებული ვაყენებდით ქვევრის ღვინოს. ნაცნობ-მეგობრები ხშირად მირჩევდნენ საკუთარი მარნისა და მცირე საწარმოს დაარსებას. 2010 წელს კახეთსა და ქართლში მეგობრებმა შევიძინეთ პატარა ვენახები, მიმართულებად დავისახეთ ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა და ამ ფაქტორებმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ 2011 წელს დაგვეარსებინა მარანი. სწორედ ამ წლის საკუთარი მოსავალი დაბინავდა ჩვენს ქვევრებში პირველად. 2011 წელს კი შევქმენით შ.პ.ს. "ალაფიანი" ("ალაფიანი" ადგილია სოფ. ვაზისუბანში, ადგილწარმოშობის ორი განთქმული ზონის, "ვაზისუბნისა" და "მუკუზნის" კვეთაში).

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ალაფიანის ვენახში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ასევე რამდენიმე ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომლის 150-მდე ნერგი დავამატეთ 2015 წელს. სასინჯად გამეჩხერებული ვენახი შევავსეთ რამდენიმე ათეული ნერგი ხიხვით. ნამყენი ნერგები ჯიღაურადან წამოვიღეთ. 80%-მდე ახალნერგმა იხარა.

კასპის რ-ნის სოფ. ოკამში გაშენებულია თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური და მცირე რაოდენობით გორული მწვანე. სამწუხაროდ ვენახების არსებული ფართობი ახალშენების საშუალებას არ გვაძლევს, სხვა შემთხვევაში კი კახეთში აუცილებლად მოვსინჯავდით მცვივან კახურს, ვაზისუბნის თეთრს, ქისს და ხიხვს, წითლებიდან ჟღიას, წითელ ბუდეშურს, ვაზისუბნის წითელს. ქართლში კი თეთრ ბუდეშურს, მუხამწვანეს, წითლებიდან – დანახარულს. ესენი მეტად საინტერესო ჯიშებად მიმაჩნია. ამ და სხვა მრავალი უძველესი ენდემური, უნიკალური საღვინე ჯიშის მოშენებაზე ქართველმა მევენახეებმა ხელი აიღეს ბოლო ასწლეულში, რადგან ვაზის დაავადებების წინააღმდეგ მათ დაბალი მედეგობა გააჩნდათ და ასევე მოსავალსაც შედარებით ნაკლებს იძლეოდნენ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრში დაყენებულ და კლასიკურ რქაწითელს, საფერავს, კაბერნე სოვინიონს (კახეთიდან) და ქვევრის თავკვერს, შავკაპიტოს, ჩინურს და მათ სხვადასხვა ვარიაციებს (ვარდისფერი და სხვ.) ჩვენი ღვინო გამოირჩევა სწორედ ორგანული ღვინოებისთვის დამახასიათებელი ტიპურობით. მოგეხსენებათ ღვინო ვენახით იწყება, ჩვენს ვენახებში კი 2010 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ბიო სასუქი შეგვაქვს (ნაკელი, ორგანიკა). არ ვიყენებთ ჰერბიციდებს (ბალახი ითიბება და ვენახშივე რჩება), ვენახი არ ირწყვება, არ შედის ტრაქტორი (იხვნება ცხენის გუთნით), იწამლება ზურგის აპარატით. შესაწამლად ვსარგებლობთ მხოლოდ კონტაქტური ბიო პრეპარატებით. დუღილში არ გამოიყენება კულტურული საფუვრები. ღვინო არ იფილტრება. ჩვენი ღვინოების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებსა და ავკარგიანობაზე კი სჯობს მომხმარებელმა და ჭეშმარიტი, მართალი ღვინის დამფასებლებმა ისაუბრონ. ასე აჯობებს ნამდვილად!

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი პროდუქცია მალევე გამოჩნდა ბაზარზე. ერთ–ერთი პირველი პარტნიორები იყვნენ ღვინის ბარები და მაღაზიები - "ღვინო ანდერგრაუნდი", "ჯი ვინო" "ვინომანია" და რამდენიმე სხვა, რომლებთანაც ახლაც სიამოვნებით ვპარტნიორობთ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- უკვე ორი წელია ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზეც გავიდა - იაპონია, აშშ, უკრაინა, რუსეთი.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- რა სახის სირთულეები შეგვხვედრია ჩვენს საქმიანობაში? სირთულეები ძირითადად გლობალური ხასიათისაა. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს უნდა წარმოადგენდეს და ყველა სირთულის დაძლევაში მევენახეებსა და მეწარმეებს სწორედ სახელმწიფოს მართებული, მოქნილი სტრატეგია დაეხმარება. ღვინის კულტურას უძველესი ფესვები უდგას ქართულ ცნობიერებაში, თუმცა გასული საუკუნის განმავლობაში ეს გამოცდილება თითქმის დავიწყებას მიეცა. კომუნისტურ ეპოქაში მასიური მოხმარების ქართული ღვინის ხარისხი დაეცა. ცნობადობა მინიმუმამდე დავიდა, თვით ქართველებში ღვინის სწორად მოხმარების კულტურაც კი დეგრადირდა!

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- საბედნიეროდ, ბოლო 2 ათწლეულში ამ დარგებში ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, შესანიშნავ სამუშაოებს ასრულებს "ღვინის კლუბი" მეღვინე-მევენახეებში და მოყვარულებში ღვინის კულტურის ასამაღლებლად. თავს არ ზოგავენ ცალკეული მეღვინე-მევენახეები, რათა ქართულ ღვინოს დაუბრუნდეს სახელი და დიდება და მან მსოფლიო მეღვინეობის რიგებში სათანადო, ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს და შელახული ავტორიტეტი აღიდგინოს. მოკლედ, "ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონება" გვიწევს, მაგრამ ეს ძალისხმევები უკვალოდ არ ჩაივლის, ღმერთი მოწყალეა და ღირსეულს მოგვაგებს!

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახემეღვინეებს?

- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს კი ვურჩევდით შეძლებისდაგვარად გაემახვილებინოთ ყურადღება სწორედ მცირედ გავრცელებული, უძველესი ქართული ჯიშების მოშენებაზე და მათგან უნიკალური, საუკეთესო თვისებების მქონე ნატურალური ღვინოების შექმნაზე. ნუ შეუშინდებიან ექსპერიმენტებსაც, მთავარია პატიოსნად და იდეურად მიუდგნენ საქმეს. ყველაზე "უბრალოდ" დაყენებული გლეხური ღვინოც პოეზიაა, და თუ მას ხელოვნების სიმაღლემდე ავიყვანთ, შედევრი გამოვა. დამწყებებისთვის მიმართვას დავამთავრებ შარლ დე გოლის ბრწყინვალე სიტყვებით - "იარე რთული გზით, ამ გზაზე შენ კონკურენტი არ გეყოლება". 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ალაფიანის მარანი  

მისამართი: ორხევის დასახლება

ტელეფონი: +995 555272017

ელფოსტა: merabmirtskhulava@yahoo.com

ფეისბუკ გვერდი: Alapiani's Marani / ალაფიანის მარანი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული