Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეორე ღვინო – Second Vin – Second Wine

ცნობილია, რომ ბორდოს თითქმის ყველა საუკეთესო მეურნეობა ამზადებს "მეორე" ღვინოს, ზოგიერთი კი - "მესამესაც." რით არის განპირობებული ეს ფაქტი და რატომ იწვევს ღვინის მოყვარულთა ინტერესს?

ვინ ვინ არის

ჯენსის რობინსონი მიუთითებს, რომ "მეორე ღვინოების" ფენომენი ბორდოში პირველად XVIII საუკუნეში გაჩნდა. სხვადასხვა მიზეზის გამო იმ დროს მოსავალი არც სტაბილურობით გამოირჩეოდა, არც ხარისხით. ყურძენს არჩევდნენ და საუკეთესო ნაწილს ძირითადი ღვინის (grand vin)წარმოებაზე უშვებდნენ, მორჩენილ ნედლეულს – მეორეზე (second vin). სწორედ ეს პრინციპი დაედო საფუძვლად"მეორე ღვინოების" კონცეფციას, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე დავიწყებას მიეცა და მხოლოდ XX საუკუნეში აღდგა, თუმცა სტაბილურ განვითარებას 1980-იან წლებამდე ვერ მიაღწია. ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილმა კონკურენციამ აიძულა მეღვინეები,grand vin-ისთვის კიდევ უფრო გულდასმით გადაერჩიათ ყურძენი. ამაზე მოსავლის 30-50% მიდიოდა, დარჩენილ ნედლეულს კი second vin-ზე იყენებდნენ. საბოლოო ჯამში "მეორე" ღვინო ძირითადზე გაცილებით მეტი რაოდენობით ისხმებოდა და დროთა განმავლობაში საკუთარ მომხმარებელსაც იძენდა.

რით განსხვავდება ძირითადი ღვინო მეორესგან? პირველი - სრულად ასახავს ტერუარის თავისებურებებს და კონკრეტული წლის ხასიათსაც უკეთ გადმოსცემს. მეორე ღვინო, ჩვეულებრივ, ნაკლებად კონცენტრირებულია, მაგრამ მოცემული ვენახის სტილს ზუსტად შეესაბამება. ძირითადისგან განსხვავებით,Aმისი დალევა შედარებით ახალგაზრდა ასაკშია შესაძლებელი.

ისეთ წლებში, როდესაც კლიმატური პირობები განსაკუთრებით ცუდია, ზოგიერთი მეურნეობა ძირითად ღვინოს საერთოდ არ აწარმოებს და მთელ მოსავალს მეორე ღვინისკენ მიმართავს. თუ გარისკეს და grand vinმაინც დააყენეს, მეორე ღვინო უხარისხო გამოდის, რადგან დარჩენილი ყურძენი  კომპლექსურობით არ გამოირჩევა. მოსავლიან წელიწადში კი second vinფასისა და ხარისხის შესანიშნავ შეხამებას გვთავაზობს. ამ შემთხვევაში ის სასიამოვნო გემოს მქონე კარგად დაბალანსებული სასმელია და ადრეული მოხმარებისთვისაც ვარგისია.

"მეორე ღვინისთვის" არც რაიმე ტიპის რეგლამენტი არსებობს და არც კლასიფიკაცია – მეურნეობები თავად წყვეტენ, როგორი ნედლეული გამოიყენონ მის დასამზადებლად. როგორც წესი, ეტიკეტზე სიტყვა "შატო" არ არის მითითებული, ამის მიუხედავად, მათ ყოველთვის ჰყავს მყიდველი – ეს ის ხალხია, ვინც თავს ძირითადი ღვინის შეძენის უფლებას ვერ აძლევს, თუმცა სურს, კონკრეტული შატოს სასმელზე გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას. მეორე ღვინოთა ფასი grand vin-ის 30-60%-ს შეადგენს ან უფრო ნაკლებია. ისინი გაყიდვაში "უფროს ძმებზე" ადრე გამოდის.

"მეორე ღვინოების" კონცეფციას თავიდანვე გამოუჩნდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ნაწილს ის წარმატებულ მარკეტინგულ სვლად მიაჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მეღვინეს უფრო მეტი სასმელის გაყიდვის შესაძლებლობას აძლევდა. მეორენი კი ამტკიცებდნენ, რომ second vin-ის იდეა ძირითადის ხარისხს აუმჯობესებდა, მომხმარებელს კი საშუალებას აძლევდა ცნობილ მწარმოებელთა ღვინო მისაღებ ფასად შეეძინა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარე მართალია.

ყველაზე ცნობილები

ყველაზე სახელგანთქმული მეორე ღვინოებია: Les Forts de Latour – შატო Latour-იდან და Pavillon Rouge - შატო Мargaux-დან.

თავის დროზე მეორე ღვინო იყო დღეისათვის ცნობილი ბრენდი - Mouton Cadet. მისი ისტორია ასეთია,შატო მუტონ-როტშილდის მფლობელს, ბარონ ფილიპ როტშილდს მაინცდამაინც არ მოეწონა 1930 წლის ვინტაჟი და მთლიანად მეორე ღვინოებს მიაკუთვნა. 1932 წელს ეს ღვინო Mouton Cadet-ის ბოთლებში ჩამოასხეს, რადგანაც ბარონს არ სურდა მათი გამოშვება შატო Mouton Rothschild-ის ბრენდით. ყველასთვის მოულოდნელად, Mouton Cadetბორდოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სასმელად იქცა. 1994 წელს მეორე ღვინოს სახელი გადაარქვეს და Le Petit Mouton de Mouton-Rothschild უწოდეს. ის ახალგაზრდა ძირებისგან იწარმოებოდა და შეზღუდული პარტიებით ასხამდნენ.

ბორდოს ერთ-ერთმა ცნობილმა მეურნეობამ Leoville Las Cases-მა არცთუ შორეულ წარსულში გამოუშვა "მეორე ღვინო" სახელწოდებით - Le Petit Lion du Marquis de Las Cases. 2007 წელს ჩამოსხმული სასმელის თითო ბოთლი 16,2 ევრო ღირდა. მისი ჯიშური შემადგენლობა 85% მერლოსა და 15% კაბერნე სოვინიონის ნაზავს წარმოადგენდა, წარმოების მოცულობა კი წელიწადში 2000 ყუთი იყო (24 ათასი ბოთლი). ამავე მეურნეობის 2000 წლის მოსავლის მეორე ღვინომ ჟურნალ Wine Spectator-ის 2003 წლის რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა, მათივე grand vinკი მეხუთე ადგილზე გავიდა. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი შატოს პირველი და მეორე ღვინოები "100 საუკეთესოს" შორის ერთდროულად აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბორდოს მეღვინეობათა მხოლოდ მცირე ნაწილი არ უშვებს მეორე ღვინოს. ერთ-ერთი მათგანი Chateau Saint-Pierre-ია. "მეორე ღვინოს იმიტომ არ ვაწარმოებთ, რომ პატარა ვენახი გვაქვს და კიდევ იმიტომ, რომ Saint-Pierre-ს განვითარება ხანგრძლივი პროცესია - ამბობს კომპანიის მფლობელი ჟან-ლუი ტრიოდი. – ჩვენ მთლიანად ბრენდსა და ძირითად ღვინოზე ვართ ორიენტირებული, მორჩენილ მოსავალს კი ვყიდით".

კიდევ ერთი მეღვინეობა, რომელიც მეორე ღვინოს არ აწარმოებს, შატო პეტრუსია. მთავარი მიზეზი აქაც მიწის სიმცირეა, რომელზეც ამ მეურნეობის ვენახია გაშენებული. ვენახის ფართობი სულ რაღაც 11,5 ჰექტარია, საიდანაც ყოველწლიურად 25-35 ათას ბოთლს ასხამენ. გარდა ამისა, შატოს მფლობელები მიიჩნევენ, რომ მეორე ღვინოს მომხმარებლის ყურადღება გადააქვს, ამიტომ მკაცრად მისდევენ არჩეულ ტაქტიკას. თუ წელიწადი განსაკუთრებულად ცუდია (მაგალითად, 1991), უზარმაზარი ფინანსური ზარალის მიუხედავად, მთელი ვინტაჟი დეკლასიფიცირდება - პეტრუსს სუსტი ღვინო არ უნდა ჰქონდეს.

მეორე ღვინოები ფასითაც მისაღებია. ასე მაგალითად, 2003 წლის ვინტაჟის ელიტური Chateau Lafite-Rothschild-ის თითო ბოთლი  2100 ევრო ღირს, იმავე მოსავლის მეორე ღვინო Carruades de Lafite-Rothschild  - 575 ევრო. 2003 წლისEელიტური Chateau Latour - 1500 ევრო ღირდა, იმავე წლის მეორე ღვინო  Les Forts de Latour - 250.G

აშკარაა, რომ მეორე ღვინოებით ვაჭრობა მეღვინეებისთვისაც მომგებიანია, იმდენად, რამდენადაც მათი კლიენტების რიცხვს აფართოებს. როგორც ჩანს, შატოებმა ამიტომაც გაზარდეს ასეთ ღვინოთა წილი თავიანთ წარმოებაში. როგორც Chateau Beychevelle-ს მმართველი დირექტორი, ფილიპ ბლანკი ამბობს, 1982 წელს მეორე ღვინოებზე მოსავლის 4% მიდიოდა, დღესდღეობით კი ეს ციფრი 40-45%-ს აღწევს.

შეცვლილი ფილოსოფია                                           

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან მეორე ღვინოთა წარმოების ფილოსოფია ბორდოს არაერთ მეურნეობაში არსებითად შეიცვალა. პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება თავად ტერუარის მიმართ, იმდენად, რამდენადაც ბოლო ათწლეულებში მეღვინეებმა ათასგვარი აგროტექნიკური ხერხების წყალობით ვაზის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ისწავლეს. მეორეც, ახალგაზრდა ნარგავები, რომელთა უმეტესობა 80-90-იანი წლებში დაირგო და რომელთაგანაც მეორე ღვინოთა ძირითად ნაწილს აწარმოებენ, ამ ეტაპზე ახალგაზრდად აღარ ითვლება. მესამე: ვინიფიკაციის თვალსაზრისით დღეს მეორე ღვინოებს არანაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე შატოთა ძირითად შედევრებს. მათი წარმოების პროცესს საუკეთესო ენოლოგები აკვირდებიან, ვინიფიკაციაში განსხვავება კი მხოლოდ დაძველების ვადებსა და ახალი კასრების გამოყენების პროცენტულ რაოდენობაშია. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო დროს ბორდოს არაერთი შატო თავის მეორე ღვინოს ცალკე მდგომ ტერუარულ პროდუქტად წარმოადგენს, რომელიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე მათი "უფროსი ძმები". თუ საწყის ეტაპზე მსგავსი ღვინოებით თავის მოწონება მხოლოდ ბორდოს დიდი ხუთეულის შატოებს შეეძლო, დღეს ექსპერტები მეორე ღვინოთა მზარდ ხარისხს ბორდოს არაერთ შატოში აფიქსირებენ.

მიზეზი, რის გამოც მათთვის ყურდღების მიქცევა ღირს, რამდენიმეა:

პირველ რიგში, სახეზეა ამ ღვინოთა მზარდი ხარისხი. ღვინის გურუ, რობერტ პარკერი მათ 87-92 ქულით აფასებს, რაც პრინციპში, გასაკვირი არ არის. ღვინის წარმოების პროცესის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება და მაღალი რეპუტაცია ამის საფუძველს იძლევა.

მეორე, მათი დავარგების ასაკი, მეურნეობის ძირითად ღვინოებთან შედარებით, გაცილებით ოპტიმალურია. ხშირად მეორე ღვინო მოხმარებისთვის უკვე 2-3 წლის შემდეგ ვარგისია, მაშინ, როდესაც პირველი ღვინო საბოლოო სახეს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იღებს.

მესამე, მეორე ღვინოებს ნაკლებად მკვრივი და ტანინიანი სტრუქტურა აქვს, რაც უდავოდ ეწერება ბორდოს ღვინოთა გაახალგაზრდავების ახალ კონცეფციაში.

მეოთხე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია ამ ღვინოთა ოპტიმალური შეფარდება ფასსა და ხარისხს შორის. მათი ღირებულება ორჯერ ან სამჯერ ჩამოუვარდება შატოთა ძირითადი ღვინის ფასს.

გარდა ამისა, "უფროსი ძმების" მსგავსად, მეორე ღვინოები ძვირფასი საბირჟო საქონელია. მათში, ისევე, როგორც ძირითად სასმელში, ინვესტიციების ჩადება ერთობ მომგებიანია, იმდენად, რამდენადაც მათი ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.