Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით სარაჯიშვილი – რომანტიკოსი მეწარმე

„დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, – წერდა გაზეთი „ზაკავკაზიე“, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, პატრიარქალურ ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, იყო პიროვნება, რომელიც სამრეწველო წარმოების წამომწყები და მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი გახლდათ“.

სარაჯიშვილის მსგავსი ადამიანები თავადვე ქმნიან თავის თავს და წინაურდებიან მათივე ძლიერი, დამოუკიდებელი ხასიათის, ფართო თვალსაწიერისა და იმ ღვთაებრივი ნაპერწკლის წყალობით, რომელიც სინამდვილეში აყალიბებს ამ პატიოსან საზოგადო მოღვაწეს. სწორედ ასეთი ადამიანი იდგა კონიაკის წარმოების სათავეებთან რუსეთში. საქმე ისაა, რომ საქართველოში კონიაკის დამზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი ხარისხით, ვერ უწევდა კონკურენციას ცნობილ ფრანგულ კონიაკს – მათი წარმოება საქართველოშიც და რუსეთის იმპერიაშიც, მაშინ, კუსტარული იყო, ხოლო ტექნოლოგია ეფუძნებოდა არა ცოდნას, არამედ მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ კონიაკს ფრანგები. შესაძლებელია, რომ ქართული კონიაკის წარმოება კვლავაც იმ დაბალ დონეზე დარჩენილიყო, ახალგაზრდა მეწარმეს, დავით სარაჯიშვილს რომ არ გასჩენოდა სურვილი, მოეწყო საკუთარი კონიაკის წარმოება მკაცრად მეცნიერულ საფუძველზე. სარაჯიშვილი თავისი ოცნების განხორციელებისაკენ მიისწრაფვოდა ჯიუტად, როგორც რომანტიკოსი და გააზრებულად, როგორც გონიერი ბიზნესმენი.
მან ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1867 – 1878 წლებში ქიმიას სწავლობდა გერმანიაში, მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხები. 1878-1879 წლებში, უკვე მომწიფებული მეცნიერი იწყებს მეღვინეობის შესწავლას საფრანგეთში. სწორედ აქ შეძენილმა ცოდნამ მისცა მას საშუალება, დაეფუძნებინა სამრეწველო ნიადაგზე კონიაკის წარმოების საქმე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავითმა შეისწავლა და ქიმიური ანალიზი ჩაუტარა ყურძნის ტრადიციულ ჯიშებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ორგანოლეპტიკით და ქიმიური შემადგენლობით ისინი ძალიან უახლოვდებიან ფოლ ბლანშის და კოლომბარის ფრანგულ ჯიშებს, რომლებისაგანაც საფრანგეთში საკონიაკე სპირტს ამზადებენ, 1888 წელს სარაჯიშვილმა თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა.
„1888 წელს სარაჯიშვილმა თბილისში მოაწყო პირველი კონიაკის ქარხანა რუსეთში, რითაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიაში მსგავსი ქარხნების გახსნის საქმეს“, – ნათქვამია სააქციზო ანაკრეფების თბილისელი გამგის ერთ ანგარიშში. ამის შემდეგ ქარხნები ააგო ყიზლარში (1889), ერევანში (1894), კალარარში (კიშინიოვის მახლობლად, 1895), ბაქოში (1896) და სხვაგან.
სარაჯიშვილის კონიაკები პოპულარული იყო მთელს რუსეთის იმპერიაში და საზღვარგარეთაც. 1888 –1913 წლებში, მსოფლიო გამოფენებზე მათ დაიმსახურეს 14 ოქროსა და ვერცხლის მედალი. 1913 წელს, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, მის ფირმას მიენიჭა წოდება „მისი საიმპერატორო უდიდესობის კარის მიმწოდებელი“. რუსეთში, პირველად სარაჯიშვილმა შემოიღო კონიაკების კლასიფიკაცია, ფრანგული კონიაკების ანალოგიით. მის კონიაკებს ერქვა – „ОС“ – (ძალიან ძველი), „ფინშამპანი“, „რანშამპანი“. ფრანგული სახელების მიუხედავად, იყო ქართული კონიაკები – მათ ამზადებდნენ მხოლოდ საქართველოში მოწეული ყურძნით. სარაჯიშვილის ფირმის სხვა ქარხნებშიც იყენებდნენ ყურძნის მხოლოდ ადგილობრივ ჯიშებს.
როგორი შეხედულებაც არ უნდა გვქონდეს საბჭოთა კავშირის დროებაზე, თბილისის კონიაკის ქარხნისათვის ეს აყვავების პერიოდი იყო. მაგრამ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმოში, საბჭოთა დროსაც და დღესაც, მთლიანადაა შემონახული კონიაკის წარმოების ის ტექნოლოგია, რომელიც დანერგა სარაჯიშვილმა.
სახელგანთქმული ქართული კონიაკების უმრავლესობა შექმნილი იყო მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. „ვარციხე“ – 1954, „თბილისი“ – 1958, „გრემი“ – 1961 წელს და ა. შ. ბევრმა მათგანმა – „გრემმა“, „ვარციხემ“, „ენისელმა“ – სახელწოდება მიიღეს იმ სოფლების მიხედვით, რომელთა შემოგარენშიცაა მოწეული საკონიაკე ყურძენი. საბჭოურ დროს შექმნილი ყველა მარკის კონიაკს აწარმოებენ დღესაც. რევოლუციამდელი წარმოების კონიაკებიდან დღეს მხოლოდ „ОС“-ა სავაჭრო ქსელში. თბილისის კონიაკის ქარხნის ყველაზე უფრო სახელგანთქმულმა კონიაკმა „ენისელმა“, სხვადასხვა დროს საერთაშორისო გამოფენებზე მიიღო 21 მედალი, რომელთაგან 14 – ოქროა. ამ კონიაკის შექმნის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1946 წელი, მაგრამ ცნობილია, რომ 1945 წლის თებერვალში, იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე ჩამოსული დიდი სამეულის წევრები – სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, – ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც იგი დააჭაშნიკეს. სამუშაო შეხვედრებს შორის გამართულ დეგუსტაციაზე ჩერჩილმა, რომელიც შესანიშნავი მცოდნე იყო კონიაკისა, ჯერ ფრანგული კონიაკი გასინჯა და უკმაყოფილო დარჩა მისი გემოთი. „აი, ეს კი საუკეთესოა, ფრანგული“ – წამოიძახა ბრიტანეთის სახელმწიფოს მეთაურმა, როცა „ენისელი“ გასინჯა. „ფრანგული კი არა ქართულია“ – გაუსწორა მას სტალინმა. მაშინ ჩერჩილმა ივარაუდა – საქართველოში ალბათ ფრანგი სპეციალისტები მუშაობენო. ძლიერ გაუკვირდა, როცა უთხრეს, თბილისის კონიაკის ქარხანაში არც ერთი უცხოელი არ მუშაობსო. სტალინი დიდად კმაყოფილი დარჩა ამ მცირე დიპლომატიური გამარჯვებით და გასცა განკარგულება, რომ დაეჯილდოებინათ „ენისელის“ ავტორი. ასე გახდა კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილი სტალინური პრემიის ლაურეატი.
დავით სარაჯიშვილმა სახელი გაითქვა არა მარტო როგორც მსხვილმა მეცნიერმა და მეწარმემ, არამედ, როგორც ქველმოქმედმაც. გაზეთი „ზაკავკაზსკაია რეჩ“ წერდა: „მის სიცოცხლეში არ არსებობდა ხალხისთვის სასარგებლო საქმე, რომელშიც მონაწილეობა არ მიეღოს. ძნელია ყველაფრის ჩამოთვლა... მისი მატერიალური დახმარების წყალობით საქართველოში აშენდა მრავალი ეკლესია, მათ შორის, ცნობილი ქაშუეთის ტაძარი თბილისის ცენტრში“. 1994 წელს ცნობილი ბიზნესმენის ელგუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივით, რომელიც დღეს ფლობს თბილისის კონიაკის ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტს, დავით სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ნეშტი გადასვენებულ იქნა ამ ტაძრის სამლოცველოში (ეკვდერში). სარაჯიშვილს, რომელმაც შექმნა რუსეთის მრეწველობისათვის სრულიად ახალი დარგი, მშვენივრად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და მოსწავლე-ახალგაზრდობას მატერიალურ დახმარებას უწევდა. ყოველწლიურად დიდ თანხას აძლევდა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე, კერძო პირებს, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ რევოლუციამდელი ჟურნალისტების აზრს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ „დ. სარაჯიშვილი ევროპულ განათლებასთან და რუსულ გაქანებასთან ერთად, თავის თავში აერთიანებდა ძველი ქართველი კაცის ყველა სიმპატიურ თვისებას, რომელიც მზად იყო წმინდა ქართული გულკეთილობით და საზოგადოებრივი საქმისათვის თავდადებით, მთელი თავისი სიმდიდრე შეეწირა სამშობლოსა და ტანჯული კაცობრიობისთვის“. ამიტომაც აფასებენ მას ასე საქართველოშიც და რუსეთშიც.
© ანტონ ფილიპოვი (ჟურნალ "Российский Альманах Вин"-ის რედაქტორი)
თარგმნა: მეგი ქებაძემ
 
ქუთაისი, გაზეთიპოსტსკრიპტუმი405 (12 – 18 მარტი, 2007 წელი)
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული