– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ჩვენი მარანი დავაარსეთ 2 წლის წინათ, სოფელ გრემში. დაარსების მიზეზი მარტივია, მეც და მამაც მოქმედი მეღვინეები ვიყავით, ვმუშაობდით სხვადასხვა ქარხნებში, პარალელურად სულ გვქონდა სურვილი საკუთარი მარანი გაგვეკეთებინა, სადაც ნატურალურ ღვინოს დავაყენებდით ქვევრში და მუხის კასრებში. როგორც იქნა 2 წლის წინ მოვაბით თავი.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– გვაქვს 35 მდე საკოლექციო ჯიში, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ჯიშები: ალექსანდრეული, ოჯალეში, ჩხავერი, მუჯურეთული, და სხვა მრავალი, ასევე ფრანგული, იტალიური ჯიშებიც, ხოლო საღვინე ჯიშებს რაც შეეხება, სამნაირი რქაწითელი: ვარდისფერი, თეთრი, წითელი. კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და ორნაირი საფერავი: მრგვალმარცვალა და ბუდეშურისებრი. რეალურად ყველა ჯიში საინტერესო და პატივსაცემია, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ ჩვენს ტერუარზე შეინარჩუნებენ თუ არა გემურ თვისებებს და რა შედეგებს მოგვცემენ თავისი მიკროკლიმატის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, საექსპერიმენტოდ ჩავყარეთ აღმოსავლეთისთვის უჩვეულო ჯიშებიც.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– უკვე მეორე წელია ვაყენებთ 3 ვაზის ჯიშის ღვინოს: რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი. 2015-ში თამუნამაც (ჩემმა მეუღლემ) დააყენა განსხვავებული მეთოდით (კარბონული მაცერაციით ქვევრში) რქაწითელი. ყველა ღვინო თავისთავად საინტერესო და გამორჩეულია ერთმანეთისაგან. რაც შეეხება ჩვენსას, ვენახში არ ვიყენებთ სისტემურ წამალს და ღვინოც დგება ქვევრში, ნატურალურად, დამხმარე პრეპარატების გარეშე. ყველა პროცედურას, ყურნის დაკრეფა, დაწურვა, ჩამოსხმა, მაღაზიებში ან ექსპორტზე გაგზავნას მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– რადგან ჩვენი ღვინო ნატურალურია, პირველივე მოსავლის ღვინო 2014-ი შევიტანეთ ნატურალური ღვინის ბარებში და მაღაზიებში როგორებიცაა: ღvino underground, Stampesso, აზარფეშა, ჯივინო, ასევე დაიტერედა Hilton-ი და სხვა მრავალი მაღაზია.
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– რაც შეეხება 2015 წლის მოსავალს, დაინტერესდნენ უცხოეთიდან და ძირითადი რაოდენობა გავიდა და გადის ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლის გემოვნების დახვეწა, მაღალხარისხიანი ღვინის კონკურენცია ბაზარზე, მცირე მარნების ხელშეწყობა, "პოპულარიზაცია", ნატურალური ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის...
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ამხელა სიმდიდრე ამ სფეროში, უამრავი არაჩვეულებრი, უნიკალური ვაზის ჯიში და ვიყენებთ მხოლოდ რამდენიმე ჯიშს საღვინედ, აუცილებელია გავაცოცხლოთ მიძინებული, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები და გავზარდოთ ასორტიმენტი, გავაკეთოთ ექსპერიმენტები და ამით გავაოცოთ მსოფლიო ღვინის სამყარო, რომელშიც უკვე საპატიო ადგილი უკავია ქართულ ღვინოს.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– დამწყებ მეღვინეებს მინდა ვურჩიო, რომ მიიღონ განათლება მევენახეობა- მეღვინეობაში, რა თქმა უნდა პრაქტიკისა და გმოცდილების გარეშეც არაფერი გამოვა, იქნება ბევრი იმედგაცრუება, გულისტკენა, თუ ნატურალური მეღვინეობა სურთ, თუმცა ნუ დაყრიან ფარ-ხმალს, ვენახის, ღვინისა და საქმის მიმართ პატიოსანი მიდგომით, მონდომებით და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი