გამოქვეყნებულია: 13 ოქტომბერი, 2010 - 23:49
ღვინის კომპანიების ნაწილი ხელისუფლების ზეწოლას უარყოფს
ალეკო ცქიტიშვილი
"მარანის" წინა ნომერში რთველის თემაზე მომზადებულ სტატიაში - "პოლიციური რთველი – მოძველებური მეთოდები" ღვინის კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევაზე ვსაუბრობდით. "ღვინის კლუბის" შემდგომი მოკვლევის ეტაპზე აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიების ნაწილი უარყოფს "კახეთის საინფორმაციო ცენტრისა" და სხვა გამოცემების მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ ხელისუფლება კომპანიებს გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებას ადმინისტრაციული ბერკეტებით აიძულებს. გთავაზობთ ინტერვიუს "შუხმანის ღვინოების" მარკეტინგის სამსახურის უფროსთან, ლევან დავითაშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ დროა, კიდევ უფრო დაიხვეწოს, ერთი მხრივ, კომპანიებისა და გლეხების, მეორე მხრივ კი სახელმწიფოსა და გლეხების ურთიერთობები.
- რთველის პერიოდში ბევრად უფრო მეტია პოლიტიკასთან შეზავებული განცხადებები, ვიდრე რაციონალური მსჯელობა მოსავლის ხარისხზე და მომავალ ღვინოზე. ყოველ წელს დიდი პრობლემაა გლეხებისგან ყურძნის ჩაბარება. თქვენი კომპანია როგორ უმკლავდება რთველს?
- ამ ეტაპზე კომპანია "შუხმანის ღვინოები" ყურძენს ძირითადად იღებს საკუთარი ვენახებიდან. ჩვენ მოსახლეობიდან ყურძენს არ ვიბარებთ, თუ არ ჩავთვლით იშვიათი კახური ჯიშის ყურძენს - ქისს, რომელსაც მისთვის საუკეთესო მიკროზონაში – სოფელ მაღრაანში ვყიდულობთ გლეხებისაგან. მათთან წინასწარ გვაქვს შეთანხმება და მთელი წლის განმავლობაში ვაკონტროლებთ მათ მიერ გაწეულ ყველანაირ სამუშაოს ვენახში.
ასეთი მიდგომით რთველის პერიოდში ჩვენ უკვე ვიღებთ სასურველი ხარისხის მოსავალს. მაღრაანის ვენახების შესაწამლად, კომპანიის სხვა ვენახების მსგავსად, გლეხები მხოლოდ სპილენძის შემცველ კონტაქტურ პრეპარატებს იყენებენ. ამგვარად მოწეული ყურძენი, ფაქტობრივად, ორგანული ღვინის ნედლეულია. ჩვენ მაღრაანის ქისს ვიყენებთ "ვინოტერას" ბრენდით წარმოებულ ამავე ჯიშის დასახელების ღვინის დასამზადებლად, რომელიც კახური ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია – გაფილტვრისა და სხვა ქარხნული დამუშავების გარეშე. მთელ ამ პროცესს წლის განმავლობაში ჩვენს მეღვინესთან ერთად თვალ-ყურს ადევნებს გერმანელი პროფესორი, რომელიც აკონტროლებს, რომ პროდუქტი იყოს ევროპული სტანდარტების შესატყვისი.
საერთოდ, ჩვენ წელიწადში 100 000 ბოთლ ღვინოს ვამზადებთ. აქედან 70 000 ბოთლი საექსპორტოა. მომავალში წარმოების გაზრდას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე გერმანელი ინვესტორის, ბურქარდ შუხმანის მიერ საქართველოში განხორციელებულია 6 მლნ ევროს ინვესტიცია.
- არსებობს მოსაზრება, რომ ღვინის კომპანიებს აღარ სჭირდებათ გლეხების ყურძენი, რადგან, ჯერ ერთი, ეს ნედლეული არ შეესაბამება მაღალ სტანდარტებს და ამავე დროს კომპანიებს საკუთარი ყურძენიც საკმარისზე ბევრი აქვთ. ამიტომ ხელისუფლებას უჭირს აიძულოს კომპანიები, ჩაიბარონ ნედლეული, რომელიც მათ არ სჭირდებათ...
- მე როგორც ვიცი, წელს კომპანიები არავის დაუვალდებულებია, გინდათ თუ არა ყურძენი ჩაიბარეთო. მსგავსი იძულების შესახებ არაფერი მსმენია. უფრო მეტიც, ჩვენი კომპანიის მაგალითზე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. წლების წინ შესაძლოა, იყო მსგავსი ჩარევა ღვინის კომპანიების საქმიანობაში. სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებდა და კომპანიებისგან მოითხოვდა, მიეღო ყურძენი გლეხებისგან. ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო მხოლოდ ორგანიზებას უკეთებს ყურძნის ჩაბარების პროცესს და ამისათვის დამატებით სუბსიდიებს გამოჰყოფს კომპანიებისათვის. ამიტომ რთველი შედარებით უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ამავე დროს, ბაზარზე არიან სხვადასხა ოპერატორები, რომლებიც ორგანიზებულად იღებენ ჭარბ ყურძენს და მოიხმარენ ღვინომასალად, სპირტის გამოსახდელად ან პირდაპირ ყურძნის სახით გასაყიდად. ადრე რთველის დროს ასეთი ორგანიზებულობა არ იყო.
- თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აიძულებდა, გლეხებისგან მიეღო იმაზე მეტი მოსავალი, ვიდრე მას სჭირდებოდა. კუდის თანამშრომლის ვიზიტი ქარხანაში ჩხუბით და დირექტორის დაკავებით დასრულდა...
- ასეთი რამ პირველად მესმის. მე უფრო საპირისპირო ინფორმაცია მაქვს სხვადასხვა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც სისტემატიურად ვეკონტაქტები. მათ ყურძნის ჩაბარებას არავინ აიძულებს. თუკი ვინმე უარს ამბობს გლეხების ყურძნის მიღებაზე, ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
საერთოდ, ჩემი აზრით, რაც ნაკლები ჩარევა იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მით უკეთესი. თუმცა, არსებობს სოციალური მომენტები, რასაც ხელისუფლება ანგარიშს უწევს. ამდენად გარკვეული ჩარევა პროცესებში შესაძლოა, მოხდეს ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიც იყო ოთხი წლის წინ რუსეთის ემბარგო, ან როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, გლეხებისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი.
- თქვენი კომპანიის მიდგომა როგორია - გჭირდებათ მევენახე გლეხების ყურძენი?
- ზოგიერთი კომპანია ფიქრობს, რომ თუ გლეხს არ ექნება მეტისმეტი მხარდაჭერა, იგი იძულებული გახდება, პირველ რიგში, იზრუნოს ხარისხზე. სხვაგვარად, დიდი კონკურენციის პირობებში, უხარისხო ყურძენს ვერ გაყიდის და ამ გზით შემდგომში ღვინოების ხარისხიც გაიზრდება. კომპანიები ხშირად აღნიშნავენ, რომ გლეხების ყურძენი, თავისი კონდიციებით, მათთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მარტო ამის აღნიშვნა არ არის საკმარისი. საჭიროა, კომპანიებმა თვითონაც იზრუნონ, რომ გლეხებს ხარისხიანი მოსავალი ჰქონდეთ. გლეხების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე – არ იციან, სად შეიძინონ ხარისხიანი პრეპარატები, სათანადოდ ვერ ერკვევიან ვენახის მოვლის ტექნოლოგიებშიც და ხარისხზე ზრუნვაც არ არის მათთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. ამიტომ კომპანიებს მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა გლეხებთან და კონსულტაციებით თუ პირდაპირი კონტროლით გადაჭრან პრობლემა. ჩვენი კომპანია სწორედ ამ გზას მიმართავს მაღრაანში ქისის შესყიდვისას.
- ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი მიდგომა, თუკი სახელმწიფო გლეხებს დაეხმარება ოჯახური მარნების გამართვაში? სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მევენახე გლეხებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება თავიანთი ღვინის გაყიდვა, ვიდრე ყურძნის ჩაბარება.
- ასეთ ინიციატივებს მხოლოდ მივესალმები. დღესინდუსტრიული კომპანიები ქმნიან ქვეყნის იმიჯს, მაგრამ გლეხების სექტორი თუ განვითარდება, ეს დარგს კიდევ უფრო წინ წასწევს. ოღონდაც, დარგი კომპლექსურად უნდა განვითარდეს და არა ცალმხრივად.
მე აქტიურად ვარ ჩართული დარგის პროცესებში და არ იქნებოდა სამართლიანი, გვეთქვა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. სულ სხვა საკითხია, თუ ვიდავებთ, რამდენად უკეთესად შეიძლებოდა გაკეთებულიყო ის, რაც კეთდება. ბოლო წლებში ძალიან გააქტიურდა "სამტრესტი“, რომელმაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობისთვის ბევრი ახალი ინიციატივა წარმოადგინა და განახორციელა. საკმარისია მარტო ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება დავასახელოთ, რითაც გაადვილდება ქართული კონტროლირებადი დასახელების ღვინოების დაცვა უცხოეთში. სოფლის მეურნეობის სამინისტროც არანაკლებ აქტიურობს. წელს ორი მნიშვნელოვანი გამოფენაა დაგეგმილი უცხოეთში.
კომპანიებისა და გლეხების, სახელმწიფოსა და გლეხების ურთიერთობები კიდევ უნდა დაიხვეწოს და უფრო ცივილიზებული სახე მიეცეს. ამ მხრივ, უნდა დაისახოს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები. ერთ-ერთი გზაა გლეხებთან კონტრაქტის გაფორმება. ამ კონტრაქტით კომპანია ყურძნის ჩაბარებაზე იქნება პასუხისმგებელი, გლეხი კი - მოსავლის ხარისხზე. კომპანიას შეუძლია, ავანსად გარკვეული თანხაც მისცეს გლეხს, რითაც იგი ვენახის მოვლისთვის საჭირო პრეპარატებს შეიძენს და სხვა სამუშაოებსაც მოახმარს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი