Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურული სერგო ბარამიძე ღვინით და „მაუზერით“

ლევან სეფისკვერაძე

ღვინო უცნაური ფენომენია და ის ბევრ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს. ეს განსაკუთრებულად კარგად ჩანს პროექტ „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფის სამეგრელოსა და გურიაში განხორციელებულ ექსპედიციებში, როდესაც პროექტში ჩართვის სურვილს მართლაც რომ განსაკუთრებული ადამიანები გამოთქვამენ - ხოლმე.

წელს, თებერვალში, გურიაში გავიცანით დამწყები მევენახე-მეღვინე, სერგო ბარამიძე, რომელიც თბილისელი კაცია და სოფელ ჯუნეწერში სულ ახლახანს შეეჭიდა მეღვინეობის რთულ საქმეს. სერგო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით გურულია და სოფელი ლანჩხუთში hქონდა, ღვინის დაყენებით და ვენახის მოვლით სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა. ის ამ ინტერესმა პროექტ „ღვინის სოფლამდე“ მოიყვანა.

პროექტ „ღვინის სოფელში“ ძირითადად დამწყები მევენახე-მეღვინეები არიან ჩართული. პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ლექცია-სემინარები სამიზნე ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სერგი ბარამიძე, ენთუზიასტი მეღვინე:გურული ვარ. ბაბუაჩემმა ლანჩხუთში იყიდა სახლი და მთელი ცხოვრება ლანჩხუთში დავდიოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ლანჩხუთის სოფელი ჯუნეწერი იყო ჩემი ფუძე. ახლა როგორც იქნა მაქვს პატარა მიწა, სადაც მარანს ვაშენებ. გურული ვაზის გადამრჩენელის - ანდრო ვაშალომიძის დახმარებით, რამდენიმე ათეული ძირი საკმიელას და ჯანის ნერგები შარშან ჩავყარე. შარშან, როგორც გახსოვთ, წვიმებ იყო, ნერგების ნაწილი გაფუჭდა, თუმცა ბატონი ანდრო დამპირდა, რომ ნერგებს ისევ მომცემს და ამ საქმეს არ შევეშვები.

- როგორც ვიცი, მევენახეობა-მეღვინეობას სულ ახლახანს მოჰკიდეთ ხელი...

- ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორში ვმუშაობ და პროექტების წერა კარგად მეხერხება. სწორედ ჩემი საქმიანობიდან მოხდა ღვინოსთან გადაკვეთა და დავრჩი კიდეც ამ საქმეში. ვმუშაობდი „ემპარდის“ პროგრამის პროექტში, სადაც კონკრეტული მიმართულება იყო ღვინის კოოპერატივების  შექმნაში ხალხისთვის დახმარების გაწევა. შედეგ გავიცანი რეზო სანიკიძე, რომელიც გახდა ჩემი დამრიგებელი, მეგობარი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ღვინოს სერიოზულად შევხედე. ბატონი რეზო გერმანიაში სწავლობდა და მუშაობდა გასული საუკუნის 80-იან წლებში და იქიდან ჩამოიტანა დიდი ცოდნა მეღვინეობასთან დაკავშირებით. ახლა საგურამოში აქვს კუთვნილი ბიო ვენახი. ამ ადამიანთან ერთად მომიწია ბევრი სიარული. ტრენინგებს ატარებდა მევენახეობა-მეღვინეობაზე. დავიწყეთ იმერეთიდან და მერე გადავედით აჭარაში.

2018 წელს ჩავერთე პროექტში, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებდა. იმ პროგრამის ფარგლებში ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, როგორც ბიზნეს-მოდელების შემუშავებაში, ასევე გრანტების აღებაში. ბოლოს ამ ადამიანებს 2019 -2020 წლებში ღვინოც კი გავაყიდინეთ. პარიზში ჩემი ხელით ჩავიტანე ბენეფიციარი მარნების ღვინოები. დაახლოებით 60 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ჩავიტანე პარიზში. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მიზანია მცირე მეწარმეებს დავეხმარო, შევკრიბო კარგი ღვინოები და ერთად მოვახდინო ევროპაში ქართული მცირე მარნების ღვინის რეალიზება.

- მარნის მშენებლობა და ვენახის გაშენება როდის დაიწყეთ?

- მთავარი ისაა, რომ მივხვდი, აუცილებელია ღვინო მეც მესმოდეს კარგად, რათა მომხმარებლამდე ინფორმაცია კარგად და სწორად მივიტანო. დღეს ღვინის პოპულარიზატორი და მოყვარული მეღვინე უფრო ვარ. 2022 წელს „აწარმოე საქართელოში“ პროგრამის და ასევე გერმანიის მთავრობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში წავედი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში. იქაურმა სომელიეთა ასოციაციამ დაგვიჭირა მხარი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის დახმარებით. ლაიფციგში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინოების დასაჭაშნიკებლად 100-ზე მეტი სომელიე მოვიდა. ღვინოებს შორის იყოს, „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი მარნის, „თეიმურაზ შარაშიძის მარნის“ მტევანდიდიც. მერე, ქართლის მარან „არმაზულთან“ ერთად შევიმუშავე ბიზნეს გეგმა, რომელიც „აწარმოე საქართელოში“-ს პროგრამამ დააფინანსა და დავიწყე გურიაში სადეგუსტაციო სივრცე-საწყობის და მარნის მშენებლობა. ეს ყველაფერი არის სოფელ ჯუნეწერში, ბარამიძეების საგვარეულო ოჯახის ეზოში. მიწა ჩემმა ბიძაშვილებმა მაჩუქეს და ასე უცნაურად აღმოვჩნდი მეღვინეობაში.

- რატომ გადაწყვიტეთ მარნის ასაშენებლად ტუფის ქვის გამოყენება?

- მანამდე სახალისო ამბავს  გეტყვით. ნაკვეთი, რომლის ნაწილიც ნათესავებმა მაჩუქეს, არის მაუზერის ფორმის. ანუ, „მაუზერის“ ლულის ნაწილი ბიძაშვილებმა დამითმეს, „ბარაბანი“ კი თავად დაიტოვეს. გურულისთვის იარაღი რამდენს ნიშნავს კი იცით. როგორც ჩანს, ესეც არაა შემთხვევითი, რომ გურულის მეღვინეობაშიც კი მაუზერი ფიგურირებს. მარნის ასაშენებლად გავიარე კონსულტაციების სხვადასხვა მეღვინესთან. ჩემს მიერ უკვე ხსენებულმა თემურ შარაშიძემ მომცა ძალიან კარგი რჩევა და მითხრა, რომ მარანი ტუფის ქვისგან ამეშენებინა, რადგან ტუფი ვულკანური ქვაა, აქვს ბუნებრივი თბოიზოლაცია და არ ჭირდება შელესვა. მთავარია გვენახა საამისო კარგი ხელოსნები. გამიმართლა, რომ მართლაც კარგი ხელოსნები ვნახე და სამარნე შენობა უკვე აშენებულია. დარჩენილია მხოლოდ გადახურვა. მარანს და ღვინის საცავს ჯერ ე.წ. „სინკარებით“ ვხურავ და შემდეგ გავუკეთებ სახურავს. სამშენებლო მასალები დანგრეული შენობებიდან წამოვიღე. გადასახურად საჭირო ძველი კრამიტების ნაწილი მეზობლებს გამოვართვი, ნაწილი ქუჩაში შევაგროვე. ყველაფერი მეორადი გამოყენებისაა, რაც ჩემს გარემოსთან დამოკიდებულებაზეც მეტყველებს.

- თქვენს ახალ მარანში ღვინის დასაყენებლად რომელ ჭურჭელს გამოიყენებთ?

- ჯერჯერობით ღვინის მხოლოდ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში დაყენებას ვაპირებ, შემდეგში შეიძლება დაფიქრდე ქვევრზე, თუმცა მანამდე ჯერ ვაკვირდები ქვევრის შესაძლებლობებს. შევხედავ როგორ წავა ვენახის გაშენება და დავფიქრდები ქვევრზეც. ისე კი, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მაინც ალბათ ყველაზე „უღალატოა“და იმიტომაც არის ასეთი პოპულარული.  

როგორც გითხარით, ადრე ვიყავი და ახლაც ვარ ქართული ღვინის რეალიზატორი და პოპულიზატორი ევროპაში. მალე მექნება ჩემი ღვინო და ვფიქრობ, ადამიანი საკუთარი ღვინის გაყიდვით ყველაზე კარგად სწავლობს ღვინის მარკეტინგს“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული