Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სერტიფიცირების ახალი წესის შესახებ

საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის სერტიფიცირების ახალი წესი ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბ-ნ გიორგი სამანიშვილთან. 

- ბატონო გიორგი, დღესდღეობით რა გამოწვევების წინაშე დადგა საქართველოში მეღვინეობის სფერო, რის გამოც საჭირო გახდა სერტიფიცირება? რა პრობლემებმა იჩინა თავი?

- მოდით, პოზიტიური მხარეებით დავიწყოთ. სერტიფიცირების პროცესი საქართველოში აქამდეც საკმაოდ გამართულად მუშაობდა. სისტემა იყო აწყობილი და პრინციპში, მისით უკმაყოფილო არავინ არ ჩანდა. ჩვენ ვცადეთ, სერტიფიცირება უფრო სრულყოფილი გაგვეხადა და დაგვენერგა თანამედროვე მიდგომები. ეს მიდგომა ითვალისწინებს ლოტის ნომრის შემოტანას, რაც, ერთი მხრივ, პროდუქტის  მიკვლევადობას, მეორე მხრივ კი - საკუთრივ სერტიფიცირების პროცესის გამარტივებას ემსახურება. სწორედ ამ ორი მიმართულებით გვსურდა სისტემის განვითარება.

- არის თუ არა კავშირში აღნიშნული რეგულაციების შემოღება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან?

- ამგვარი  მოთხოვნა, ჯერჯერობით, ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. სერტიფიცირების ახალი წესის დანერგვა უფრო მეტად ჩვენი ინიციატივა იყო, თუმცა, შეიძლება, ამის აუცილებლობა ოდესმე დამდგარიყო კიდეც. ევროკავშირში ლოტით იდენტიფიცირება სავალდებულო გახდა, დაახლოებით, 80-იანი წლების დასაწყისიდან. ამ პერიოდში, თუ არ ვცდები, იტალიაში მოხდა ასეთი შემთხვევა - ღვინის დაყენებისას ტექნოლოგიურ პროცესში რაღაც ნივთიერება შეერია, რომელიც ჯანმრთელობისთვის იყო საშიში. საჭირო გახდა მთელი პარტიის ამოღება გაყიდვებიდან, თუმცა ძალიან გაჭირდა ამ პარტიის მიკვლევა. დღესდღეობით, მსგავს შემთხვევებში, თუკი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, მწარმოებელი ვალდებული იქნება, ამოიღოს მხოლოდ კონკრეტული ლოტის პარტია და არა - მთელი ჩამოსხმა.

- რომ განვაზოგადოთ, საერთო ჯამში, რას წარმოადგენს ლოტის ნომერი?

- ლოტის ნომერი - ეს არის, ერთგვარი, პირადი ნომერი პროდუქტისთვის. როგორც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, რომელსაც აქვს სახელი, გვარი, საჭიროა პირადი ნომერი, რომ ერთი და იმავე მონაცემების პიროვნებების აღრევა არ მოხდეს, ასევე, საჭიროა ლოტის ნომერი გარკვეული სერიის ღვინოების იდენტიფიცირებისთვის. შესაბამისად, ცალკე სერტიფიცირება, გამოცდა ჩაუტარდება ლოტის ერთ ნიმუშს და შედეგებიც გავრცელდება მთლიან ლოტზე. ლოტის ერთგვაროვნებაზე პასუხისმგებელი იქნება  მწარმოებელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ შერჩევით გადამოწმებას, მართლაც ის ლოტი გავიდა თუ არა ბაზარზე, რომელსაც სერტიფიკაცი მიენიჭა.   

- როგორ შეამოწმებთ, რომ მეწარმემ სწორად წარმოადგინა ლოტის ნიმუში?

– თუ ლოტს აქვს პრობლემა, თეორიულად, შესაძლოა, რომ არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა სერტიფიცირებაზე წარადგინოს  სხვა ლოტის, ან მეტიც, სხვა კომპანიის ნიმუში. მაგრამ ეს აუცილებლად გამოჩნდება გადამოწმების დროს.

როგორც ვხვდები, ლოტის ნომერი უფრო მეტად მწარმოებლებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების საჭიროებებზე არის მორგებული, თუ ის მომხმარებლებელთათვისაც იქნება სარგებლის მომტანი?

– პირველ რიგში მწარმოებლებისთვის, შემდეგ - მაკონტროლებელი ორგანიზაციისთვის. თუმცა, ის მომხმარებელმაც  შეიძლება, გამოიყენოს. როცა მომხმარებელი ბაზარზე სერტიფიცირებულ ღვინოს ნახავს, ის ჩათვლის, რომ ამ ღვინოს რაღაც, მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გავლილი აქვს. გარდა ამისა, თუკი რაიმე პრობლემას წააწყდება, შეუძლია,  განცხადებით მოგვმართოს და ჩვენ შეგვეძლება ამა თუ იმ ლოტის ნომრით ჩამოსხმული პარტიის გადამოწმება. მიკვლევადობა, რაზედაც ვსაუბრობდით, მომხმარებელსაც გაუადვილებს პროდუქტის არჩევას. 21-ე საუკუნეში ლოტის ნომერს შეიძლება მარკეტინგული დატვირთვაც მიეცეს ღვინის პოპულარიზაციისას.

– რას უმარტივებს სერტიფიცირება მეწარმეებს?

– დღემდე სერტიფიცირება ითვალისწინებდა შემდეგ პროცედურას - თუკი კომპანია დიდი რაოდენობით ღვინოს ჩამოასხამდა, აქედან პირველ ჯერზე ექსპორტზე გაჰქონდა მისი ნაწილი, რამდენიმე ბოთლი წარედგინებოდა ლაბორატორიასა და საჭიროების შემთხვევაში, ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სპეციალური შემოწმებისთვის. ეს კი გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ყოველი ახალი საექსპორტო ნაკადისთვის ცალკე პროცედურა და თანხის გადახდა იყო საჭირო.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მწარმოებელს შეუძლია, სერტიფიკატის აღება მთლიან ლოტზე, მისი ექსპორტირებისას კი საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული სერტიფიკაცის, უბრალოდ, ამობეჭდვა, რომელსაც მწარმოებელი მიმღებსა და საბაჟოს წარუდგენს. ამ შემთხვევაში ის განაცხადს გააკეთებს მის მიერ გარკვეული ლოტის ფარგლებში მოთხოვნილი ბოთლების რაოდენობასთან დაკავშირებით და უფასოდ მიიღებს სერტიფიკატს.

მწარმოებლებისთვის სერტიფიცირება ძალზე მნიშვნელოვანია ონლაინ გაყიდვების წარმართვისთვის, რაც აქამდე საქართველოდან, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში, ერთი ბოთლის საცალო რეალიზაციისთვისაც კი კანონი მას სერტიფიკატის წარმოდგენას ავალდებულებდა. დღესდღეობით, ღვინის ონლაინ გაყიდვები უკვე შესაძლებელი ხდება ზედმეტი დანახარჯებისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

– არის თუ არა სავალდებულო სერტიფიცირება ნებისმიერ, თუ მხოლოდ ექსპორტის შემთხვევაში? იმ მეწარმეებს, რომლებიც არ გაივლიან სერტიფიცირებას, დაეკისრებათ თუ არა სანქციები?

– ამ ეტაპზე სერტიფიცირების საკითხი შეეხება მხოლოდ საექსპორტო ღვინოებს. ადგილობრივ ბაზარზე შედარებით ნაკლებია კონტროლის ხარისხი. ეს შეიძლება, იყოს ერთი მხრივ, კარგი, სხვა მხრივ - წამგებიანი.

ჯერჯერობით, ცვლილება შევიდა მხოლოდ სერტიფიცირების წესში. რაც შეეხება, მოთხოვნას, რომლის მიხედვით ნებისმიერი დაფასოებული პროდუქტისთვის სავალდებულო გახდება შემოწმება, ითვალისწინებს ცვლილებები კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ. იმედი გვაქვს, ეს ცვლილებები მხარდაჭერილი იქნება.

რაც შეეხება, სანქციებს, ჯერჯერობით, საკითხი ასე არ დგას. მთავრობა ყოველთვის ცდილობს, სანქციები მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ შემთხვევაში ჩვენი უპირველესი მიზანი, მაინც, ის არის, რომ სისტემა იყოს მარტივი და ლოგიკური. ხოლო თუკი კანონი აღნიშნული სახით შევა ძალაში, სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

– ახალი წესის მიხედვით, არის თუ არა რეგულირებული ღვინის  შეფუთვა, უფრო კონკრეტულად, იქნება თუ არა შეზღუდული ქართული ღვინის ეტიკეტზე საბჭოთა სიმბოლიკა (მაგ. სტალინის გამოსახულება და მისთ.)?

– ზოგადად, ეტიკეტირების წესი უკვე არსებული კანონმდებლობითაც საკმაოდ მკაცრად არის განსაზღვრული. რაც შეეხება, საბჭოთა სიმბოლიკას, ჩემი ინფორმაციით ამ ეტაპზე, სტალინის გამოსახულება ღვინის ეტიკეტზე კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, ამ მიმართულებით იურისტებთან კონსულტაციის გავლა შეიძლება. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ ვართ ბედნიერები, რომ ქართული ღვინო იყიდება მსგავსი შეფუთვით. ჩვენი მიზანია, რომ ქართული ღვინის პოსტ-საბჭოური იმიჯი ახლით ჩავანაცვლოთ.

ესაუბრა ქეთო ნინიძე

16.02.15

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.