Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"გურიის ყურძნის ჯიშები – წითელი, ვარდისფერი, შავი"

წიგნიდან: ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929

ავტორის მართლწერა შენარჩუნებულია (რედ.)

1. ჩხავერი. - ვაზი საკმაოდ ღონიერი და მოსავლიანია. მტევანი აქვს შუათანა, საკმაოდ შეკუმშული, იშვიათად გაფრთხნილი. მარცვალი წვრილი, რგვალი, მუქი ვარდის ფერი; კანი თხელი და ნაზი; ხორცი წვნიანი ტკბილი, ცოტათი მომჟავო, საერთოდ ძალიან გემრიელი. იძლევა კარგ ღვინოს მქრთალი ვარდის ფერისას, ტკბილს და სასიამოვნო არომატით. ეს ჯიში მეტად გავრცელებული იყო მთელ გურიაში საჯავოხოს გარდა, ის უფრო სჭარბობდა გურიის სამხრეთ ნაწილებს ზეგნების - სოფლებში, აჭარა-გურიის მთაგრეხილის კალთებზე: ლეხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ბაღდადი, ბახვი, ასკანა და სხვა.

2. ჯანი - ვაზი საკმაოდ ღონიერი და მოსავლიანია. მტევანი შუათანა, ტოტებიანი, გრძელი - და მეჩხერი. მარცვალი წვრილი, რგვალი, სრულიად შავი ფერის, მოელვარე, ყუნწზე მჭიდროდ მიმაგრებული. კანი თხელი, ცოტათი მკვრივი; სირბილე ხორციანი, ტკბილი და მეტად სასიამოვნო გემოსი. ყურძენი ზამთარში კარგათ ინახება, თუ ხეზე დაუკრეფელი დიდხანს დარჩა, მარცვალი არ ლპება, არამედ ჩამიჩდება. ღვინო კარგი თვისების უდგება, წითელი ფერის, მაგარი, სასიამოვნო არომატით, კარგად ინახება და მთელ გურიაში საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ეს ჯიში ძალიან გავრცელებული იყო შუა გურიაში, მაგრამ ვინაიდან ის სხვაზე მეტად იჩაგრება სოკომაგვარი ავადმყოფობით, მისი რაიონი მეტად შევიწროვდა. ის კიდევ აქ-იქ დარჩენილია ჩოხატაურის რაიონში, სოფ. ბუკის-ციხეში, იანაულში, ერკეთში და სხვა.

3. მტევან-დიდი - ვაზი ღონიერი, დიდ-მოსავლიანი. მტევანი დიდი, ფრთებივით ტოტებიანი, მეჩხერი. მარცვალი შავი, საკმაოდ რგვალი, ცოტა-თი მოგრძო; კანი თხელი; ხორცი წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ სასიამოვნო გემოსი. ეს ჯიში მთელ გურიაში ფართედ იყო გავრცელებული და ეხლაც მოიპოვება აქა იქ ამ რაიონების მეღვინეობის ყველა სოფლებში. ღვინო უდგება მაგარი, მუქ-წითელი - ფერისა, სასიამოვნო გემოსი და არომატით; ის დიდხანს ინახება და ტიკით გადატანას კარგათ იტანს; დიდი ხნის შენახვის გამო ღვინის ღირსება მატულობს.

4. ჯუმუტა - ვაზი სუსტი, საშუალო მოსავლიანი. მტევანი საშუალო სიდიდის, მკვრივი; მარცვალი რგვალი, წვრილი, სრულიად შავი; კანი სქელი და მაგარი; ხორცი წვნიანი, მომჟავო ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. ეს ყურძენი სუფრის ჯიშად ითვლება და ზამთარში კარგად ინახება. ღვინო უდგება შავი და ცოტათი თრიმლოვანი; გავრცელებული იყო ისე, როგორც მტევანდიდი.

5. სხილათობანი - ვაზი საკმაოდ ღონიერი და კარგი მოსავლიანი. მტევანი საშუალო სიდიდის, საკმაოდ მკვრივი, წვეტიანი. მარცვალი საშუალო სიდიდის, რგვალი შავი ფერისა; კანი თხელი უხვი საღებავი ნივთიერებით; ხორცის სირბილე მეტად წვნიანი და ტკბილი. ამ ჯიშს ნაცარი მეტად აფუჭებს. ღვინო იძლევა თრიმლოვანს, მუქი-წითელი ფერისას. ის იყო გავრცელებული აღმოსავლეთ გურიაში, საჯაოხოს რაიონში.

6. ალადასტური - ვაზი ღონიერი და მოსავლიანი. ტევანი საშუალო სიდიდის, მოგრძო, მეჩხერი; მარცვალი ოდნავ მოგრძო, საკმაოდ რგვალი, შავი ფერისა; კანი სქელი და მაგარი;

ხორცი საკმაოდ წვნიანი, რბილი, ნაკლები გემოსი. ამ ჯიშს აშენებდნენ საჯაოხოს რაიონში და, რადგანაც ის სოკოსმაგვარი ავადმყოფობით ნაკლებად ავადდებოდა, ვინემ სხვა დანარჩენი ჯიშები, ცოტცოტათი ის ვრცელდებოდა გურიის სხვა კუთხეებშიც. ღვინო უდგება მუქი-ჭითელი ფერის, დაბალი ხარისხის.

7. ორონა - ფურცელი და ყურძნის მარცვლები აქვს პატარა, რუხი-შავი ფერისა, ღვინო უდგება მაგარი, ვარდის ფერისა.

8. სამჩხავერა - ეს ჯიში ჩხავერს მოგავს, მაგრამ მტევანი უფრო გრძელი აქვს.

9. მტრედის-ფეხი - მოსავლიანი ვაზია, ნაცარი ნაკლებად ეტანება, მტევანი აქვს მკვრივი რგვალი მარცვლებით; დიდად გავრცელებული ჯიში იყო.

10. ჩუპეში - მცირე მოსავლიანია, მის კანშია საღებავი ნივთიერება, ამის გამო მისი ჭაჭა ღვინის საღებავად იხმარება; ის იყო გავრცელებული თითო-ოროლა ცალობით ყოველგან გურიაში.

11. აკიდო - ის იყო საჯავახოს რაიონში სოფელ ამაღლებაში.

12. ბადაგი - სოფელ მაკვანეთში და ახლო მახლო სოფლებში.

13. ბერძულა - სოფ. მიქელ-გაბრიელში.

14. ღორის -თვალა -  მეტად გავრცელებული ჯიში იყო, ყველაზე უფრო სოფელ ჯუმათში. კარგი მოსავალი იცის, მაგრამ ღვინოს მდარე ხარისხისას იძლევა.

15. კამური-შავი - საჯაოხოს რაიონში, სოფელ ამაღლებაში.

16. კიკაჩაი - გავრცელებული იყო შემდეგ სოფლებში: ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, გურიანთა, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ჩიბათი, ნიგოითი და სხვა.

17. კუმუშა - სოფ. ამაღლება, ორაგვე, ჩოჩხათი და სხვა.

18. მაკურენჩხი - სოფ. ნიგოითი, ხვარბეთი, გოგორეთი, გურიანთა, კახური და სხვა.

19. მახატური - სოფ. მაკვანეთი, ლიხაური, შემოქმედი, აკეთი და სხვა.

20. მანდიკორი - სოფ. ასკანა, სურები, ამაღლება და სხვა.

21. ოფოურა -  სოფ. ამაღლება, ფარცხმა და საჯავახო.

22. სამაჭრე - ძრიელ გავრცელებული საადრიო ყურძენი, მაჭრის დასაყენებლად; გვხვდებოდა თითქმის ყველა გურიის სოფლებში.

23. საფერავი - სოფ. ამაღლება, აკეთი, ძიმითი და სხვა.

24. ხემხო - სოფ. ასკანა, აკეთი, ნიგოითი და სხვა.

25. ხარდანი - დიდად გავრცელებული ჯიში იყო შვა და ქვემო გურიაში; ღვინო მდარე უდგება.

26. წითლიანი - სოფ. ამაღლება, აკეთი, აცანა, ნიგოითი და სხვა.

27. ჩხაბერძული - გავრცელებული იყო მთელ გურიაში საჯაოხოს გამოკლებით.

28. შავყურძენა - მეტად გავრცელებული ჯიშია, გვხვდებოდა თითქმის ყველა გურიის სოფლებში.

29. მცივანი -  სოფ. ოცხანა, მეწიეთი, ბასილეთი და მათი გარემო ადგილები.

30. საკვირჩხილა - სოფ. ნიგოითი, ლანჩხუთი, და სხვა.

31. ჭოდი - სოფელ ლანჩხუთი და მისი მიდამოები.

32. მცვინარა - სოფ. ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ლანჩხუთი და სხვა.

33. კოლოში - სოფ. ჩიბათი, ორაგვე, ჯურუყვეთი და სხვა.

34. მუხიშხა - იმავე სოფლებში, საცა კოლოში.

35. ოცხანური - სოფ. ჩოჩხათი, ხვარბეთი, გოგორეთი და სხვა.

36. კეთილური - სოფ. ჩოცხათი და მის მიდამოებში.

37. მაგანაყური - სოფ. გურიანთა, ჩოჩხათი და სხვა.

38. კორძალა - სოფ. მაკვანეთი, ლიხაური და მათ მიდამოებში.

39. სამჭაჭა - სოფ. ნიგოითი, ქვიანი და სხვა.

40. ხარის თვალა - სოფ. ქაქუთი, ჭანიეთი და სხვა.

41. ცხენის- ძუძუ - სოფ. ლიხაური, ნაცხავატევი, ჭანიეთი, ქაქუთი და სხვა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



სახეობა კოლოში არ არის გურული. ის, რომ სახეობა გურიის სოფლებში გვხდება არ ნიშნავს, რომ გურულია. მაგალითად ალადასტური სამეგრელოშიც გვხვდება, მაგრამ ის არ არის მეგრული. კოლოში მეგრული ჯიშია მისი სახელწოდებაც მიუთითებს ამაზე. კოლო მწარეს ნიშნავს. მისი არც ყურძენი ვარგა საჭმელად და არც მაჭარი დაილევა, მას ჩიტებიც არ ჭამენ. მხოლოდ ღვინო ვარგა, რომელსაც ბოლოს თაფლის გემო აქვს. ასევე ღორის თვალა და მეგრული კერთოლიც სავარაუდოდ ერთი და იგივეა. საინტერესო იქნებოდა ხარისთვალას ამპელოგრაფიული აღწერა, რადგან არსებობს ამავე დასახელების ხოჯიშ თოლი მეგრულშიც, რაც ხარისთვალას ნიშნავს ჭოდიც არ არის გურული ჯიში. ის აღწერილი აქვს რამიშვილს, ელიავას, ივ. ჯავახიშვილს, სადაც მას მეგრულ ჯიშად მოიხსენიებენ. ჯიღაურას მეურნეობაშიც ჭოდის ნერგები იყიდებოდა, როგორც მეგრული ჯიში. ასევე ხემხო არის ხემხუს დამახინებული დასახელება. ამ ჯიშზე არსებობს მეგრული სიმღერა ხემხვაია ხვავრიელი. არაფერს ვამბობ კეთილურზე და ხარდანზე(უჩახარდანი, ჩეხარდანი, ვარდისფერი ხარდანი) ვფიქრობ საჭიროა პროფესიონალმა ამპელოგრაფებმა შეადგინონ ზუსტი კატალოგი ქართული ჯიშებისა, თორემ ასე მსოფლიოში არსებულ 1500 ჯიშს გადავასწრებთ... ))


ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ერმილე ნაკაშიძის ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძნელი მისახვედრი ყოფილა :)

ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა გამოხმაურებისთვის :) 



სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული