Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Paris 2020 - ქართული ღვინოები პარიზის ღვინის გამოფენა

უკვე მეორე დღეა პარიზში მიმდინარეობს ღვინის გამოფენა Wine Paris 2020, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას. ღვინის საერთაშორისო გამოფენა განკუთვნილია საერთაშორისო სპეციალისტებისა და მეღვინეობის სფეროს პროფესიონალთათვის. სამი დღის მანძილზე აქ წარმოდგენილი იქნება 2200 კომპანია და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ჩატარდება 100-ზე მეტი ღონისძიება: მასტერკლასები, კონფერენციები, დებატები, დეგუსტაციები.

საქართველოს სტენდზე, სადაც 8 კომპანიაა წარმოდგენილი, უკვე მეორე დღეა ხალხმრავლობაა - ღვინის სპეციალისტებისთვის, ბაიერებისთვის, სომელიეებისთვის, ღვინის ჟურნალისტებისთვის არ წყდება ქართული ღვინოების წარდგენა და დეგუსტაცია. ვიზიტორთა განსაკუთრებულ დაინტერესებას, როგორც ყოველთვის, ქვევრში ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები იწვევს. კომპანიები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ სტუმრებს.

ლევან ქურდაძე, „თბილღვინო“: ჩამოტანილი გვაქვს 4 სხვადასხვა ტიპის ქვევრის ღვინო: 3 თეთრი - რქაწითელი, მწვანე და ქისი; და ასევე საფერავი. ასევე გვაქვს ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი და მუკუზანი, ასევე საფერავი და მუკუზანი მუხის კასრებში დავარგებული და ნახევრადტკბილი ღვინოები ალაზნის ველი, ქინძმარაული და ხვანჭკარა. გამოფენის გახსნის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვევრის ღვინოები. სტუმრებს აინტერესებთ თუ რა გემური თვისებები და როგორი არომატები აქვთ ამ ღვინოებს. დამსწრეთა შორის ბევრმა პირველად გასინჯა ქვევრის ღვინოები, მათ მხოლოდ ყურმოკვრით იცოდნენ ე.წ. ორანჯ ვაინის შესახებ.

ზოე გაო, „მეღვინეობა ხარება“: ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს თეთრი, ქარვისფერი და წითელი ღვინოები. ვიზიტორთა ნაწილი უკვე იცნობს ქართულ ღვინოებს, ნაწილს კი მხოლოდ გაგონილი აქვს ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესახებ და პირველად სინჯავს ღვინოებს. როგორც წესი ქარვისფერი ღვინოების მიმართ დიდი დაინტერესებაა.

მაიკო მეტრეველი, „კორპორაცია ქართული ღვინო“: ჩვენ ძირითადი არჩევანი გავაკეთეთ მშრალ ღვინოებზე. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია წინანდალი, ქისი, ხიხვი, რქაწითელი ქვევრის, საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული ნახევრადტკბილი. სტუმართა შორის იყვნენ ისეთები, ვინც კარგად იცნობდა ქართულ ღვინოს და იმას, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თეთრმა ღვინოებმა.

ილია კახოიძე, „Le Pont Caucasien“ (კავკასიური ხიდი): ჩვენი კომპანია 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ კომპანიებთან, დღესდღეობით სულ ცხრამეტთან. გამოფენაზე წარმოდგენილი მაქვს შემდეგი კომპანიის ღვინოები: „ორგო“, „ვინივერია“, „ვინოტერა“, „შალაურის მარანი“, „თავანკარი“, „წინანდლის ვენახები“ და სულ ახალი დაფუძნებული მარანი „Life“. ძირითადი აქცენტი გაკეთებული მაქვს ქვევრში დამზადებულ ქარვისფერ ღვინოებზე. ჩემი აზრით თუ საფრანგეთში ქართული ღვინო ფეხს მოიკიდებს, გაცილებით ადვილი იქნება სხვა ქვეყნების ბაზარზე გასვლაც.

გიორგი სიხარულიძე, „თელიანი ველი: ჩვენ დიდი არჩევანს ვთავაზობთ დამწრეებს, მომხმარებელს აინტერესებს ქვევრის ღვინოები. ძალიან დაინტერესდნენ ღვინო „გლეხურით“ ანუ ქვევრში დაყენებული ქარვისფერი ღვინოები გაცილებით მეტ ყურადღებას იწვევს, ვიდრე წითელი ღვინოები. ჩვენს კომპანიაში ამჟამად რებრენდინგი მიმდინარეობს, შევქმენით პრემიუმ ხაზი და აქ ძირითადად ამ ხაზის ღვინოები წარმოვადგინეთ. „ღვინის ხალხი“ ჩვენი ახალი პროექტია, რომლითაც ვეხმარებით მცირე მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ რესურსი ჩამოასხან საკუთარი ღვინო. ჩვენ მათ ვხვდებით, ვსინჯავთ მათ ღვინოებს, ჩვენ ვასხამთ და შემდეგ ვყიდით. ყველა ბოთლი დანომრილია. ამ პროექტის წარდგენაც გადავწყვიტეთ პარიზის პუბლიკის წინაშე და დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ქეთევან ჭიღლაძე, „ქართული ღვინის ჰოლდინგი“: ქართული ღვინის ჰოლდინგი აერთიანებს როიალ ხვანჭკარას, ვაზისუბნის მამულს და ვარძიის ტერასებს. გამოფენაზე არის ძირითადად მშრალი და ქვევრის ღვინოები წარმოდგენილი. აქ პირველი დღიდან საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, დიდი მოწონება აქვთ ქვევრის ღვინოებს - ქისი, საფერავი. ასევე აინტერესებთ მუხის კასრებში დაძველებული ღვინო. დიდი დაინტერესება იყო საფრანგეთიდან, იტალიიდან, სინგაპურიდან, ამერიკიდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საქმიან ურთიერთობაში გადაიზრდება.

ნიკოლოზ არჩვაძე, „ქიმერიონი“: წარმოდგენილი გვაქვს ძირითადად ორი სახეობის ქვევრის ღვინოები - საფერავი და რქაწითელი, ასევე კლასიკური ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები, და, ასევე, ერთი სახეობა გვაქვს ნახევრადტკბილი და როზე - ნახევრადმშრალი. ძირითადად დაინტერესებული არიან წითელი მშრალი ღვინით, აინტერესებთ ქვევრის ღვინო. ხშირად მოდიან სომელიეები, რომლებმაც უკვე იციან საქართველოსა და მისი ღვინის კულტურის შესახებ.

Wine Paris 2020-ის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი სახელწოდებით „Why Georgian Wine Matters“, რომელსაც წარუძღვა ენდრიუ ჯეფორდი, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი. მასტერკლასი ორგანიზებული იყოს საქართველოს ღვინის ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ღონისძიებას ადგილზე ორგანიზება გაუწია კახა შაიშმელაშვილმა.

მასტერკლასის ფორმატი მხოლოდ 50 ადგილს მოიცავდა, თუმცა როგორც ორგანიზატორები ამბობენ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა, რის გამოც ორგანიზატორებს ერთგვარი შერჩევითი სიის გაკეთება მოუწიათ - მასტერკლასს დაესწრნენ მხოლოდ ცნობილი ღვინის ჟურნალისტები, მწერლები, ბლოგერები. დიდ ინტერესზე მეტყველებდა გრძელი რიგი შესასვლელთან - ეს იმ შემთხვევაში, თუ უკვე წინასწარ ჩაწერილი და მოწვეული სტუმრები არ მივიდოდნენ ღონისძიებაზე და რამდენიმე თავისუფალი ადგილი მაინც იქნებოდა ზოგიერთი იღბლიანისთვის.

ღონისძიება ქართული ტრადიციისამებრ დიდი დაგვიანებით დაიწყო. შესავალ ნაწილში ენდრიუ ჯეფორდმა პუბლიკას გააცნო მონაკვეთი ქართული ფილმიდან „საქართველო ღვინის სამშობლო“, რაც საბოლოო ჯამში ერთადერთი ვიზუალური მასალა აღმოჩნდა მთელი მასტერკლასის მსვლელობისას. შემდეგ ჯეფორდმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მის მიერ საქართველოს მიმოხილვა მსოფლიო მეღვინოების ქვეყნების კონტექსტში და მეღვინეობისათვის ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე, იქნებოდა ეს ენდემური ჯიშები რაოდენობა თუ ვენახების ფართობი, პუბლიკისათვის პარალელური მონაცემების მიწოდება ევროპის მეღვინეობის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მასტერკლასზე დეგუსტაციისას სულ წარმოდგენილ იყო 8 ღვინო ანუ სტენდზე წარმოდგენილმა თითო კომპანიამ წარმოადგინა თითო ღვინო. ესენი იყო:

კორპორაცია ქართული ღვინო - უმანო, ხიხვი, 2017

წინანდლის მამული - წინანდალი, 2017, 70% რქაწითელი, 30% მწვანე

თბილღვინო - ქვევრის რქაწითელი, 2017

ვაზისუბნის მამული - ქისი, ქვევრი, 2018

მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრი ღვინო, ოცხანური საფერე, 2014

ქიმერიონი - ქვევრის გორა, საფერავი, ქვევრი, 2017

ბოლერო & co. - დაისი, ალადასტური, ქვევრი, 2018

თელიანი ველი - გლეხური, საფერავი, ქვევრი, 2018

საბოლოო ჯამში, მასტერკლასმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მხოლოდ ნატურალური მეღვინეობით დაინტერესებულ ფრანგ ჟურნალისტთა შორის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯეფორდს საერთოდ არ უხსენებია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ნატურალური მეღვინეობის არსებობა საქართველოში.

ჩვენი მხრივ კი მხოლოდ ერთს დავამატებდით. ალბათ დადგა დრო, როდესაც ის ინფორმაცია, რომელსაც ქართველი ღვინის სპეციალისტები აწვდიან უცხოელ სპეციალისტებს, უნდა გაიფილტროს არაფრის მთქმელი ლეგენდებისგან. სამწუხაროა, რომ უკვე ასეთ სერიოზულ მასტერკლასებზეც კი ხმამაღლა ყვებიან ისეთ ლეგენდებს, როგორიც არის ალადასტურის წარმოშობა გურიის სოფლიდან, რომელსაც ეწოდება ალადასტ (ასეთ ტოპონიმი არ არსებობს საქართველოში), ან, ასევე ყველანაირ ისტორიულ საფუძველს მოკლებული, ათიოდე წლის წინ შექმნილი ამბავი იმის შესახებ, თითქოს არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ქართველ მეომარს ბრძოლაში თან მიჰქონდა აბჯარში ჩამაგრებული ვაზის ლერწი, რათა მისი ბრძოლის ველზე დაცემის შემთხვევაში იმ ადგილას ვაზი ამოსულიყო. არადა, ქართული მეღვინეობის ისტორიაში და თუნდაც ტოპონიმების ისტორიაში, გაცილებით მეტი ნამდვილი და ამაზე მეტად საინტერესო ამბები არსებობს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული