Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულმა ცქრიალა ღვინომ გეზი შეიცვალა

ალეკო ცქიტიშვილი

ახალ წელს, როგორც წესი, ცქრიალა ღვინით ვეგებებით – "შამპანურის" ბოკალი შემართული გვაქვს და ერთმანეთს ბედნიერებას, სიხარულს, დღეგრძელობას ვუსურვებთ... ასეთ მნიშვნელოვან წამებში მხოლოდ უხარისხო ღვინოს შეუძლია სადღესასწაულო განწყობის გაფუჭება. თუმცა, უკვე შეგიძლიათ ენდოთ "ღვინის კლუბს“, რომელმაც 11 დეკემბერს რესტორან "დაინინგ რუმში" საუკეთესო ქართული ცქრიალა ღვინოები გამოავლინა.

22 ცქრიალა ღვინის ნიმუში დაფარულად, წინასწარ მინიჭებული ნომრების მიხედვით გაისინჯა. თუმცა, გათვალისწინებული იყო ცქრიალა ღვინის დამზადების ტექნოლოგიის სპეციფიკურობა და შესაბამისად, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ცქრიალა ღვინოები ოთხ კატეგორიად დაიყო: 1) კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული ღვინოები 2) უცხოური ჯიშებით საქართველოში დამზადებული და ასევე საზღვარგარეთ ქართული ბაზრისთვის ჩამოსხმული ღვინოები; 3) რეზერვუარული მეთოდით დამზადებული ღვინოები 4) ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოები.

         "ღვინის კლუბის" დეგუსტაციაში პირველად მონაწილეობდნენ უცხოელი ღვინის გურმანები. მათი შეფასებები მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპაში საუკეთესო ცქრიალა ღვინოების დიდი არჩევანია და შესაბამისად, ევროპელ მომხმარებელს უკეთესადშეუძლია, ერთმანეთს შეადაროს ქართული და უცხოური ყურძნის ჯიშებით დამზადებული ღვინოები. მართალია, ისინი წარმოდგენილ ნიმუშებს საკმაოდ მკაცრად აფასებდნენ, მაგრამ გამოვლენილ საუკეთესო ღვინოებთან დაკავშირებით საერთო აზრს დაეთანხმნენ.  

დეგუსტაციის შედეგების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ცქრიალა ღვინოების მრეწველობაში მოძველებული მეთოდებისა და მიდგომების გადაფასების პერიოდია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ორიენტაციის შეცვლის ხანა, როცა თითქმის აღარაფერია დარჩენილი საბჭოთა მემკვიდრეობისგან, მაგრამ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებაც ჯერ კიდევ ჭირს. თუმცა, რაც მთავარია, უკვე გამოჩნდა ისეთი ღვინოები, რომლებიც მომხმარებლის სასიამოვნო გაოცებას იწვევს.

ყველას გვახსოვს, როგორი კატასტროფული ვითარება შეიქმნა 90-იანი წლებში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოიშალა ცქრიალა ღვინოების ხარისხის მარეგულირებელი მექანიზმები და ბაზარი მასობრივმა ფალსიფიკაციამ წალეკა. საქართველოში იყიდებოდა დაგაზული შაქრიანი წყალი, რომელსაც ღვინოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამ ვითარებამ გამოიწვია ღვინის გურმანთა სრული აპათია ქართული ცქრიალა ღვინოებისადმი, რომელსაც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობდნენ, ვთქვათ - საახალწლოდ, ან სამშობიაროდან ახალშობილის გამოყვანისას, როცა ტრადიცია ფორმალურად მოითხოვდა ცქრიალა ღვინის ხმაურიან გახსნას.

ზოგიერთმა ღვინის კომპანიამ ჯერ კიდევ რუსეთის ემბარგომდე მოასწრო ტექნიკური გადაიარაღება და ცქრიალა ღვინისათვის შესაფერისი ჯიშის ვენახებიც გააშენა. თუმცა, ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ბაზარზე ორიენტირებულ მრეწველობაში ხარისხზე განსაკუთრებული ზრუნვა არ შეინიშნებოდა. ემბარგოს კი თან მოჰყვა ერთგვარი შოკური თერაპია, როცა კომპანიები იძულებულნი გახდნენ, ეზრუნათ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, პროდუქციის ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში გატანაზე. ფაქტობრივად, მხოლოდ ემბარგოს შემდეგ დაიწყო საქართველოში კლასიკური ბოთლური მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოება. მანამდე უპირატესობა რეზერვუარული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს ენიჭებოდა. ბოლო დროს ჩამოსხმულ ღვინოებში იგრძნობა საუკეთესო ქართული საშამპანურე ყურძნის ჯიშების – ციცქას, ჩინურისა და გორული მწვანეს გამორჩეული არომატები. ეს კი ნიშნავს, რომ მრეწველები დიდ ყურადღებას აქცევენ ნედლეულის შერჩევას და ღვინოს ქუჩიდან შეტანილი ნებისმიერი ყურძნით აღარ აკეთებენ.   

"ბოლო წლებში აღარავინ იყენებს პლასტმასის საცობებს, რაც საბჭოთა ეპოქაში ცქრიალა ღვინოების განუყრელი ატრიბუტი იყო. ბოკალში მწვანილის დატრიალება ხომ კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა", - შენიშნა "ღვინის კლუბის" პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ დეგუსტაციის დასასრულს, როდესაც აღმოჩნდა, რომ პლასტმასის საცობი არც ერთ ნიმუშს არ ეხურა.

ასევე, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ ამა თუ იმ კომპანიის მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინოების ასორტიმენტი. ეტიკეტებზე გაჩნდა ცქრიალა ღვინოების ევროპული კლასიფიკაცია – brut, dry, semi dry და სხვა. ცქრიალა ღვინოების ვარიაციებზე არა მარტო უშუალოდ ასეთი ტიპის ღვინოების მწარმოებელი კომპანიები ზრუნავენ, არამედ წყნარი ღვინოების მწარმოებელებსაც რამდენიმე სახეობის ცქრიალა ღვინო აქვთ თავიანთი მომხმარებლისთვის. მაგალითად, "მეღვინეობა ხარებას" აქვს "ბრუტიც" და "სემი დრაიც". უშუალოდ ცქრიალა ღვინოების მწარმოებელ "ბაგრატიონი 1882"-ს კი იმდენად ბევრი დასახელების ღვინო აქვს, რომ ბევრ მათგანს "ღვინის კლუბმა" გვერდი ვერ აუარა და დეგუსტაციაში ჩართო.

კლასიკური ბოთლური მეთოდით დამზადებული 6 დასახელების ცქრიალა ღვინოს შორის დეგუსტაციაზე სამი საუკეთესო გამოვლინდა:

1. "ბაგრატიონი", Finest, 2008 წ.

2. "ხარება", ნახევრადმშრალი, 2008 წ.

3. Cuvée Margot, ღვინის სამყარო,2008 წ.

უცხოური ჯიშებით დამზადებული 4 ღვინიდან მხოლოდ ერთი გამოირჩა - Prosecco, "ბადაგონი";

რეზერვუარული წესით დამზადებული ცქრიალა ღვინოების 10 ნიმუშიდან საუკეთესო სამეული "ბაგრატიონის" ღვინოებმა შეადგინა:

1. "ბაგრატიონი" ნახევრადმშრალი, 2008 წ.

2. "ბაგრატიონი" "ოქრო".

3. "ბაგრატიონი" "მუხრანი" (შუშხუნა).

საინტერესოა, რომ "ბაგრატიონი" "მუხრანი" დეგუსტაციაზე ერთადერთი შუშხუნა ღვინო იყო, იგი ცალკე კატეგორიაში ვერ მოხვდა და როგორც ხედავთ, მან ცქრიალა ღვინოებს ტოლი არ დაუდო.

ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლეა ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოები. სარეალიზაციო ქსელში ასეთი მხოლოდ ორი ნიმუში აღმოჩნდა და დეგუსტაციაზე ორივემ მოწონება დაიმსახურა. ორივე ღვინო "ბაგრატიონი 1882"-ს ეკუთვნის.

"მე შემიძლია, ფრანგული ყურძნის წითელი ჯიშებიდან თეთრი ღვინო დავაყენო. საფერავიდან კი მსგავსი ტექნოლოგიით როზე გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის წვენი ძალიან ჩქარა გამოვწურეთ და ჭაჭას მაშინვე მოვაცალეთ. რაც შეეხება წითელ ცქრიალა ღვინოს, ამ შემთხვევაში, წვენს მხოლოდ ორი საათი ჰქონდა ჭაჭასთან შეხება. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საფერავის განსაკუთრებულ ფერმენტებს თავისი მისია შეესრულებინათ", - აღნიშნა ჰილარიუს პიუტსმა, "ბაგრატიონი 1882"-ს ცქრიალა ღვინოების ტექნოლოგმა, რომელიც კომპანიამ სპეციალურად მოიწვია გერმანიიდან.

ჰილარიუს პიუტსის თქმით, დეგუსტაციის შედეგებმა აჩვენა, რომ ყურძნის ქართულ ჯიშებს დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა ამ პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ცქრიალა ღვინოების წარმოებაში.

"რაც შეეხება "ბაგრატიონი 1882"-ისღვინოების წარმატებას, ეს ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ჩვენი კომპანია მუშაობს შამპანის რეგიონის კანონის - CIVC (Comite Interprofessionell de Vin du Champagne) მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ღვინოების მაღალ ხარისხს", - აღნიშნა გერმანელმა მეღვინემ დეგუსტაციის შედეგების კომენტირებისას.

კომპანია "ხარებას" მეღვინე, "ღვინის კლუბის" წევრი, დავით ჩიჩუა ქართული ცქრიალა ღვინოების წარმოებაში გარკვეულ წინსვლას ხედავს, მაგრამ მიაჩნია, რომ სამუშაო კიდევ ბევრია: "ჩემი აზრით, ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხში უფრო მეტი ჩამორჩენა გვაქვს, ვიდრე წყნარ ღვინოებში. ამ ჩამორჩენის მიზეზი უნდა ვეძიოთ გასული საუკუნის ბოლოს არსებულ ტენდენციებში, როცა ცქრიალა ღვინოები რეზერვუარული მეთოდით მზადდებოდა, მასობრივ მოხმარებაზე იყო გათვლილი და ბაზარზე ხარისხით კიდევ უფრო მდარე, დაგაზულ ღვინოებთან უწევდა კონკურენცია. შესაბამისად, მომხმარებლის გემოვნებაც ვერ განვითარდა და ცქრიალა ღვინის შემფასებელი დღეს საქართველოში კიდევ უფრო იშვიათია, ვიდრე ევროპული ტიპის თეთრი ღვინისა და მითუმეტეს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოებისა. არათუ უბრალო მომხმარებელი, წყნარ ღვინოებზე მომუშავე მეღვინეებსაც კი გვიჭირს სწორად და სრულად შევაფასოთ ცქრიალა ღვინის ყველა ღირსება.

მეორადი დუღილი არ ნიშნავს მხოლოდ ნახშირორჟანგით ღვინის გამდიდრებას და არც ამ ნახშირორჟანგის ბმულ ფორმაში გადასვლას, რაც ჭიქაში ხანგრძლივ, მდგრად და თანაბარ ცქრიალში ვლინდება. კარგი შამპანურის კლასიკური სურათის აუცილებელი ატრიბუტია ლექზე დავარგების შედეგად წარმოქმნილი ბუკეტი. ეს ბუკეტი დაძველებულ ცქრიალა ღვინოში დომინირებს ჯიშურ (ხილისა და ყვავილების) არომატებზე და კრემის, პურის ქერქის, საკონდიტრო ნაწარმის ტონებით ხასიათდება. უფრო მეტიც, კლასიკური შამპანურებისთვის ხშირად დამახასიათებელია სიძველის, მცირე დაჟანგულობის გამოვლინებაც. ყველა ეს თვისებები მომხმარებლის მიერ ძალიან სუბიექტურად აღიქმება, ზოგს მოწონს, ზოგს - არა. ბევრად უფრო ნაკლებ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ცოცხალი, ხალასი, ხილისა და ყვავილების არომატის მქონე ღვინო. დღევანდელ დეგუსტაციაზე გვქონდა რამდენიმე ნიმუში, რომლებშიც ორივე ეს კომპონენტი ჰარმონიულად იყო შერწყმული. თუმცა, საერთო აზრით, მაინც უპირატესობა იმ ნიმუშს მივანიჭეთ, რომელშიც ცოცხალი, ახალგაზრდა ღვინის თვისებები უკეთესად იყო შენარჩუნებული".       

დეგუსტაციის შედეგები "ღვინის კლუბს" აძლევს იმედს, რომ ქართული კომპანიები გააგრძელებენ ზრუნვას ცქრიალა ღვინოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მომხმარებელს კი უკვე აქვს რამდენიმე ნიმუში, რომლებიც საახალწლოდ სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.

© ღვინის კლუბი/Weekend



მოგესალმებით, სტატიში ნახსენებია, რომ ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოებიც შეფასდა და არსად წერია შედეგები. ამჟამად ვეძებ კარგ ქართულ წითელ ცქრიალა ღვინოს. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?


მოგესალმებით, სტატიში ნახსენებია, რომ ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოებიც შეფასდა და არსად წერია შედეგები. ამჟამად ვეძებ კარგ ქართულ წითელ ცქრიალა ღვინოს. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული