დღეს გაგაცნობთ “გოცირიძის მეღვინეობას”, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ვენახების ნაწილი პირველად 2014 წელს შეიძინეს წინანდალში, შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდნენ, ამჟამად კი ბიომევენახეობაა მათი მთავარი პრიორიტეტი. მთავარი მეღვინე, ანდრო გოცირიძე, ჩვენი რესპოდენტია. ამ ინტერვიუში კი წაიკითხავთ მარნის ისტორიის, მათი განსაკუთრებული მოსავლის, მეღვინის მთავარი მოტივაციისა და სხვა საინტერესო ამბების შესახებ.
-გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა ჯიშებისგან და რომელი კატეგორიის ღვინოს აწარმოებთ?
-“გოცირიძის მეღვინეობა” საოჯახო მეურნეობაა და ის 2018 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა, ვენახების ნაწილი პირველად 2014 წელს შევიძინეთ წინანდალში. ამჟამად ვენახები ართანასა და წინანდალში გვაქვს, საერთო ჯამში 4 ჰექტრამდე, რომელსაც ერთიანი ძალებით ვუვლით და ვამუშავებთ. ჩვენი პრიორიტეტი ბიომევენახეობაა, ამიტომ ვენახს შხამ-ქიმიკატებით არ ვწმლავთ, ჰერბიციდებს არ ვიყენებთ და მცირე, მაგრამ ხარისხიან მოსავალს ვჯერდებით. წლის განმავლობაში შესაძლოა გადავამუშავოთ მაქსიმუმ 6-7 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინოც მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით მზადდება, ტრადიციული კახური წესით ქვევრში.
მევენახეობა ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა- მამაჩემმა, ვაჟა გოცირიძემ მთელი თავისი ცხოვრება ქართული ვაზის პოპულარიზაციას მიუძღვნა. იგი ერთ ერთი ორგანიზატორი იყო აფხაზური ენდემური ჯიშების აფხაზეთში დაბრუნების, რასაც მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ კოლექციებში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ავასირხვას, ხაფშირას, აჩკიკიჟის, ამლახუს, კაჭიჭის ნარგაობების მოძებნა და საქართველოში დაბრუნება მოჰყვა.
გარდა აფხაზეთისა, მამა რამდენიმე ექსპედიციაში იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ისტრიულ ტაო კლარჯეთში, რაც მიზნად ისახავდა შემორჩენილი ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოპოვებას, სანამყენე და საძირე მასალების შეგროვებას, მათ შემდგომ შესწავლასა და იდენტიფიკაციას. ექსპედიციის წევრებმა მოიძიეს 30-მდე ვაზის კულტურული და ველური სახეობა. მამას, ასევე, გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი გურიაში ჩხავერის დაბრუნებაში. ჩხავერი საუკეთესო გურული ჯიშია, რომელიც ბოლო დრომდე მხოლოდ გლეხურ მეურნეობებში თუ იყო შემორჩენილი. უნგრეთისა და სლოვენიის საზღვარზე, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნისას ერთი გადამდგარი უნგრელი ოფიცრის ოჯახში მინახავს მამაჩემის და მისი კოლეგების მიერ გაშენებული ქართული რქაწითელი. ამ ფონზე ჩვენი ამ საქმით დაინტერესება როგორღაც ბუნებრივიცაა და ახლა „გოცირიძის მეღვინეობა“ ძმებს გვეკუთვნის. ამჟამად ართანაში გვაქვს საფერავის და ვარდისფერი რქაწითელის ვენახები, ხოლო წინანდალში - რქაწითელის და კაბერნე სოვინიონის. თელიანის მიკროზონაში ორმოცდაათ წელზე მეტი ასაკის ვენახში მოყვანილი კაბერნე სოვინიონი, რომლისგანაც ღვინოს ტრადიციული კახური წესით, ქვევრში ვამზადებთ თვისებებით ბორდოს რეგიონის საუკეთესო ხარისხის ღვინოებს უტოლდება. როგორც ჩანს, იგი კარგად შეთვისა წინანდლის ეკოსისტემას.
- ყოველ მეღვინეს აქვს ის ერთი განსაკუთრებული ღვინო, რომლითაც ძალიან ამაყია. რომელი წლის მოსავალი იყო ეს თქვენთვის და რა გახადა ის გამორჩეული?
- ჩვენთვის განსაკუთრებულია მამასთან ერთად ართანაში 2017 წელს ჩაყრილ ვარდისფერი რქაწითელის ვენახი. გასულ წლებში ამ ვენახის პირველი მოსავალი ბაზარზე მოხვდა და სპეციალისტებისა და მომხმარებლის მოწონებაც დაიმსახურა. ჩვეულებრივი ვაზისგან ახალი ჯიში სპონტანურად გაჩენის შანსი მინიმალურია და ვარდისფერი რქაწითლის შემთხვევაში სწორედ ამ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვარდისფერი რქაწითელი მეტად პერსპექტიული ჯიშია: მისი კუმსი მტევნები დიდხანს ძლებს, რაც სესაძლებელს ხდის ვაზზე მათ ხანგრძლივად დატოვებას. ეს კი, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მაღალი შაქრიანობას განაპირობებს.
როგორც წესი, ვარდისფერი ღვინო წითელყურძნიანი ჯიშებისგან მზადდება ჭაჭაზე ხანმოკლე დაყოვნებით, თუმცა ვარდისფერი რქაწითელი საშუალებას იძლევა ორაგულისფერი შეფერვა ჭაჭასთან ერთად დაღვინების სრული პერიოდის პირობებში მივიღოთ. რასაკვირველია, ეს თავისებურება ღვინის არომატს და გემოვნურ თვისებებს ზრდის.
- რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მარანში მიგიღიათ? როგორ განსაზღვრა მან თქვენი ბრენდის დღევანდელი სახე?
- ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სისტემური შხამ-ქიმიკატების და ჰერბიციდების არგამოყენებაა. ბუნებრივია, ამ პირობებში მოსავალი მცირდება (მაგალითად, ბიომეღვინეობებისთვის კატასტროფული იყო 2023 წელი, როდესაც ჭრაქმა და ნაცარმა თითქმის მთელი მოსავალი შეიწირა), რადგან ყურძენი ავადმყოფობებით შედარებით მეტად ზიანდება, მაგრამ სამაგიეროდ, იზრდება ღვინის ხარისხი და მცირდება გარემოზე მიყენებული ზარალი.
- რა იყო ყველაზე დიდი, საინტერესო დაბრკოლება, რომელიც გადალახეთ, და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ?
- საქართველოში ხარისხიანი ღვინის მოხმარების კულტურა ნაბიჯ ნაბიჯ მკვიდრდება. სწორედ ამიტომ, მცირე მეღვინეობებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ბაზარზე დამკვიდრებაა. საოჯახო მარნებს ამ გამოწვევასთან გამკლავება შეზღუდული ფინანსური, ადამიანური თუ მარკეტინგული რესურსით უწევთ. საბედნიეროდ, ახლა ეს გამოწვევა გადალახულია, ჩვენი ღვინო სპეცილიზებულ მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება და შემდგომიმ ორიენტირი დასავლეთის ბაზრებზე შეღწევა-დამკვიდრებაა.
- როგორ აღწერდით თქვენს ღვინის სტილს? რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც ყველა თქვენს ბოთლში გრძნობთ?
- ჩვენი ღვინის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი მისი სრული არტიზანულობაა. ყველა პროცესი საკუთარი ძალებით ხორციელდება, ეტიკეტის დიზაინიც კი ჩვენი ოჯახის წევრის, იმჟამად ახალგაზრდა, ახლა კი გამოცდილი დიზაინერის დამზადებულია. ბუნებრივია, ამგვარი რეალობა თავისთავად გამორიცხავს ჩვენი ღვინის “მასობრიობას”: ყველა ბოთლი უნიკალურია და ღვინის მცოდნეს ყველა ბოთლში შეუძლია მცირედი განსხვავების დაჭერა, რაც მას მოსავლის ხარისხზე, ვენახების გარემოზე, წლის ამინდებზე, პროცესების მიმდინარეობაზე გარკვეულ ინფრომაციას გადასცემს, წარმოდგენას უქმნის.
- როგორ უყურებთ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და როგორია თქვენი ხედვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრისთვის?
- პირველ რიგში, ალბათ საჭიროა პროფესიული განათლებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესახებ ცოდნის დონის ამაღლება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, საბჭოთა დროს დამკვიდრებული მიდრეკილება რაოდენობაზე მუშაობისა ჯერ კიდევ შემორჩენილია, რაც ნეგატიურად აისახება ღვინის ხარისხზე. ღვინის ბაზარზე მეღვინე ხარისხზე უნდა იყო ორიენტირებული, ვინაიდან დღევანდელი მომხმარებელი თვისობრივად განსხვავდება საბჭოთა მომხმარებლისგან, ვისთვისაც რაოდენობა ფასობდა და არა - ხარისხი.
ქართული ღვინო რუსული დაბალხარისხიანი და უკიდურესად პოლიტიზირებული ბაზრიდან დასავლურ ბაზარზე იმკვიდრებს ადგილს. თუმცა ამას გარკვეული გამოწვევებიც ახლავს თან, რადგან თუკი რუსეთში ფალსიფიცირებული ან დაბალი ხარისხის ღვინოც საღდებოდა, დასავლურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, ქართველი მეღვინე იძულებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოოს და სათანადო მარკეტინგული ღონისძიებებიც განახორციელოს. ეს ერთის მხრივ დანახარჯებთან, მეორეს მხრივ კი გარკვეული პროფესიული განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოს დახმარება ამ მიმართულებით აუცილებელია.
პარადოქსია, მაგრამ ქართული ღვინის ხარისხის ზრდას კრემლიც დაეხმარა, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა პოლიტიკური მიზეზებით აკრძალა. აკრძალვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანა, რადგან დასავლურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, საჭირო გახდა, მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ცხადია, ამან ქართული ღვინის ხარისხი და ცნობადობაც გაზარდა. ახლა, როდესაც რუსული ბაზარი ისევ გაიხსნა, მნიშვნელოვანია მეღვინემ ცდუნებას გაუძლოს და მხოლოდ მაღალხარისხოვანი ღვინო აწარმოოს.
- თუ შეუზღუდავი რესურსები გექნებოდათ, რა არის პირველი, რასაც თქვენს ვენახში ან მარანში შეცვლიდით?
- ტექნოლოგიები ყოვედღიურად ვითარდება და შესაბამისი რესურსების არსებობის პირობებში ალბათ ვენახის მოვლის პროცესს უფრო ტექნოლოგიურს გავხდიდით. ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეულ საძირეზე წარმოებული ხარისხიანი ნერგით ვენახების განახლება.
- რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა მეღვინეობაზე, რომლის შეცვლაც გსურთ ღვინის მოყვარულებში?
- ვერ გეტყვით, რა არასწორი შეხედულებებია ღვინის მოყვარულებში გავრცელებული, თუმცა ზუსტად ვიცი რა არის სწორი, რაც ჯერ კიდევ მამაჩემისგან მსმენია. ღვინო ვენახში ფუჭდება. ზედმეტად ან არასწორად ჩატარებული ოპერაციები მოსავალს ვნებს და აძვირებს, არასწორად დაგეგმილი რთვლის შედეგად კი არასაკმარის ან ზედმეტად მაღალ შაქრიან მოსავალს იღებ, რაც დადუღების პროცესში სირთულეებს წარმოშობს და მეწარმე იძულებულია ან ქიმიკატები მოიშველიოს ან ზედმეტ შაქრიან ღვინოს წყალი დაასხას. სწორედ ამიტომ, მევენახეობის საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელია ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბაზარზე წარმატებისთვის დღევანდელი კონკურენციის პირობებში მარტო ხარისხიანი ღვინის დამზადება არ არის საკმარისი და აქ უკვე მარკეტინგისა და მენეჯმენტის ტაქტიკების, ასევე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ფლობაა აუცილებელი.
- როგორ იცვლება თქვენი მომხმარებლის პროფილი – როგორი ღვინო სურს დღევანდელ მყიდველს?
- საბედნიეროდ, წლიდან წლამდე მზარდია კარგი ღვინის დამფასებელი საზოგადოების რიცხვი. მოგეხსენებათ, დიდ სუფრებზე ღვინის ჭარბი რაოდენობით მიღება ღვინის მოხმარების დაბალი კულტურის მაჩვენებელია და ამას ქართულ ტრადიციასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ფალსიფიცირებულ ღვინოსთან.
ცნობილია, საბჭოთა კავშირის დროს ღვინის ხარისხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, სასმელს ხშირად შაქრით და წყლით აკეთებდნენ და შესაბამისად, ამგვარ სუფრებზე ერთი ადამიანი 4-5 ლიტრამდე ამ სითხეს მოიხმარდა. ბუნებრივია, ამ პირობებში ღვინის ხარისხზე მსჯელობა წარმოუდგენელი იყო, რამაც მაღალხარისხოვანი ღვინის მოხმარების კულტურა დასცა. არაფალსიფიცირებული ღვინის პირობებში ეს წარმოუდგენელია: გამორიცხულია ადამიანმა ალკოჰოლის შემცველობიდან, ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე ამ რაოდენობის ღვინის მიღება შეძლოს. ამიტომ ახლა საქართველოში ნელ ნელა ბრუნდება მაღალხარისხოვანი ღვინის დამზადების და მოხმარების კულტურა. ჩვენთვის და ზოგადად, მცირე მარნებისთვის ეს ძალიან მნისვნელოვანი ტენდენციაა, რადგან მხოლოდ ამ ველზე შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ მასობრივი მოხმარების ღვინოებს.
-მეღვინეობა საკმად რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ ეს საქმე განაგრძოთ?
- მეღვინეობა ჩვენთვის მარტო ბიზნესი არ არის. როგორც მოგახსენეთ, ეს ჩვენთვის ჩვენს უახლოეს წინაპართან, მამასთან ურთიერთობის, მისი ხაზის გაგრძელების ერთ ერთი საშუალებაცაა, ამიტომ, მიუხედავად არსებული უამრავი გამოწვევისა, ტურბულენტური გარემოსი თუ დაძაბული გრაფიკისა, საკმარისად დიდი პასუხისმგებლობა, რომ “გოცირიძის მეღვინეობამ” პოზიციები არ დათმოს და მომხმარებელს ყოველწლიურად შესთავაზოს ტრადიციული ხარისხი და განახლებული პროდუქტი- მაღალხარისხოვანი ქართული ღვინო.
- გაქვთ თუ არა საყვარელი ქართული ან უცხოური ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?
- ქართული ღვინოების სპექტრში ყველა ტიპის დროსტარებისთვის არსებობს შესაფერისი ტიპის ღვინო. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ასორტიმენტიც სთავაზობს მომხმარებელს შესაბამის არჩევანს. ახალს ვერაფერს ვიტყვი: რთველის, დღეობის, ნადირობის შემდგომ ტრადიციულ კახურ პურ-მარილს ქვევრის კახური რქაწითელი უხდება ტანინების მაღალი შემცველობით. უცხოურიდან მაინტერესებს და მიყვარს ხერესის ტიპის ღვინოები. როცა შესაბამის რეგიონში ვიმყოფები, სიამოვნებით ვსინჯავ ამ ტიპის ღვინის სხვადასხვა ნიმუშებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი