Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ა, გიდელი"

მთხრ. ერმალოზ ალექსის ძე უჯმაჯურიძე, 75 წ. (სოფ. ერკეთი)

ვენახი ჩვენში შენდებოდა ძველად და ეხლაც -  მაღალ ხეებზე, მიურგავდენ ძირში და მისით ხარობდა. ყოველ მესამე წელს სხეპდენ: გამოსჭრიდენ ზედმეტს რტოებს და გასწმენდნენ ხმელი ტოტებიდგან.

ჩვენში გავრცელებული იყო შემდეგი ჯიშის ვენახები: ოფოურა - ძალზე შავი ღვინის ყურძენის; ჭუმუტა - მაგარი შავი ღვინის ყურძენის; მტევანდიდი -  წითელი ღვინის ყურძენის, ალადასტური - ასეთივე, ჯანი ყველაზე კარგი ღირსების შავი ღვინის ყურძენის, ჩხავერი - თეთრი შუშხუნა ღვინის ყურძნის, ადესა შედარებით ახალი ვენახია, 70-75 წელია, რაც შემოტანილია ამ ვენახის ჯიში. ღვინო დაბალი ხარისხის იცის, ყურძენი გემრიელი იცის.

ვენახს მერმე მესამე წელს სხეპენ, ძირს მოუთხრიან. ხშირად ვენახს, როცა მოძველდება, გადაამაგინებენ (გადამაგინება ასე ხდება - მოძველებულ ვენახს ჩამოსწევენ ქვევით, ხის ძირშივე მოთხრიან მიწას და შიგ გააწვენენ. ორპოტიკა ჯოხით მიწაში ვენახს ჩაამაგრებენ და ზედ მიწას მიაყრიან. ეს ვენახი გამოიღებს ახალ ლერწებს და ამას გაუშვებენ ხეზე და ვენახი გაახლდება, ძველს მიაჭრიან).

ვაზის ავადმყოფობა ჩვენში გაჩნდა ამ ბოლო დროს 60-80 წლის წინედ. ამ ავადმყოფობას ეძახიან ნაცარს და ფილოქსერას.

ყურძნის კრეფა ჩვენში (აღმოსავლეთ გურიაში) იწყება ოქტომბრიდან და გასტანს ნოემბრამდე (ხანდახან დეკემბრამდეც). თვითეულს ვენახიან ხეზე გადის მკრეფალი, თან მიაქვს წელში გამოკიდებული გიდელი გრძელი თოკით; ყურძნით სავსე გიდელს უშვებს ძირს ოთხი-ხუთი საჟენის სიმაღლის ხიდგან. ძირს გიდლის გამომცლელი გასცლის გიდლიდან ყურძენს. იქავე გოდრებში და ცალიერ გიდელს ისევ ჩოუბამს გიდლის ღაღვინით ბაწარზე და მკრეფალს უძახის - "მშვიდობით ჩამოდიო". მკრეფალი აიტანს გიდელს მასთან და ხელახლა ავსებს ყურძნით და იძახის გიდლის ჩამოშვებამდე - "ა, გიდელი" და ჩამოუშვებს სავსე გიდელს ძირს. ასე გრძელდება სანამ არ მოთავდება ყურძნის კრეფა ამ ხეზე; შემდეგ მკრეფალი გადის მეორე ხეზე და ამავე წესით კრეფს. ხშირი ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი კაცი ერთს დღეს ერთს ძირის ვენახის კრეფას ვერ მოათავებდა.

მოკრეფილ ყურძენს საღამოს მარანში შეზიდავენ გოდრებით და საწნახელში ყრიდენ. როცა საწნახელი შეიმსებოდა, სწნეხდენ ფეხით ან კობულით და შემდეგ გამოიღებდნენ საწნახელიდან და ჩაასხამდნენ ჭურებში.

ჩვენში მარანი უმეტეს წილად არის მოწყობილი ღია ცის ქვეშ. აირჩევა სუფთა მომაღლო ადგილი ეზოში, საცხოვრებელი ბინის დაშორებით, რომელსაც მრგვალად შემოარგავდნენ ხშირფურცლიან ხეებს ცრდილისთვის. შუაზე ამოთხრიდნენ მიწას და შიგ ჩარგავდნენ ჭურებს სხვადასხვა ზომისას (ოც-ოცდაათ-ორმოცდაათფუთიანს და მასთან პატარა ყუბრებსაც); ხშირად ჭურებს კირავდნენ მიწაში; ეს იმიტომ რომ ღვინო არ მონაყოს გაზაფხულზე, როცა მიწა გათბება. ზოგჯერ ჭურებზე ადგამდნენ ჯარგვალს, შიგ ინახებოდა მარნის მოწყობილობა: საწნახელი, საწური (მერი) კოპეები, თიხის სხვადასხვა ჭურჭელი და სხვა.

ყურძნის საწნახელი იყო ბევრნაირი ზომისა: ზოგიერთი იმ სიმაღლის იყო, რომ ხელაწვდილი კაცი გაიმართებოდა შიგ. ამგვარ საწნახელში ყრიდნენ ყურძენს შუამდი, მერმე ზევიდამ ჩელტას დაადებენ და ყურძენს დააყრიდენ. დაწნეხის დროს ზედა ნაწილს წნეხდენ ფეხით ან კობულით, ღვინო ჩადიოდა ჩელტაში და საწნახლის თავიდან ჭურჭლებში იცლებოდა. როცა ზემო ნაწილის წნეხას მორჩებოდნენ - ჭაჭას საწურში გადმოყრიდნენ და ჩელტასაც ამოიღებდნენ, დაწნეხდენ ქვემო ნაწილსაც საწნახელში და ღვინოს გამოიღებენ და ჭურებში ჩასხამენ.

ტკბილის მაჭარი თუ გინდათ, უნდა გამოიღოთ ღვინო საწნახელიდგან ყურძნის დაწნეხისთანავე. დადუღებული ღვინო (შუმი) უნდა ადუღოთ საწნახელში 15-20 დღეს, წყალი არ უნდა ჩაურიოთ. საშუალო ღვინო - ეს არის დადუღებული საწნახელში ღვინო, როცა საწნახელში ჩაუმატებენ იმდენ წყალს, რამდენი ტკბილიც გამოიღო დაწნეხის შემდეგ.

დგვიფინა, არმუნჭი, შამანი, არ გამიგონია.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.