Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავრის რთველი გურიაში

ლევან სეფისკვერაძე

ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს, საქართველოს კუთხეებში გაჩაღებული რთველის მარათონული ციკლი გურიაში, გურული ჩხავერის რთველით მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ კახეთში დაწყებულ რთველის ესტაფეტას გურია ასრულებს. ჩხავერი გურიის ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიშია, რომელიც დღეს სამწუხაროდ ძალიან ცოტაღაა შემორჩენილი, თუმცა გურიაში ჩხავერისადმი ინტერესი წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება და ეს 2011 წელის ჩხავერის რთველმაც დაადასტურა.

კარგი მაგალითი

ამჟამად გურიის სამივე რაიონში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) ყურძნის ჯიშების თვალსაზრისით, კვლავ ჰიბრიდული ადესა ლიდერობს. ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით იკრიფება გურული ცოლიკოური და ალადასტური. ჩხავერი რაოდენობით მეოთხე ადგილზეა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, გურული გლეხები თანდათან უფრო მეტ ინტერესს ამჟღავნებენ ამ ჯიშისადმი და გლეხების მოტივაციის გაზრდას მთელი რიგი ფაქტორები უწყობს ხელს.

18 ნოემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ საყვავისტყეში ჩასვლის პირველსავე დღეს გავარკვიეთ, რომ ბუკისციხესა და მის მიმდებარე სოფლებში ჩხავერისადმი გლეხების დაინტერესება პირველ რიგში იმან გამოიწვია, რომ გლეხებს მეღვინე ზურაბ თოფურიძემ (რომელმაც გასულ წელს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ბოთლში ჩხავერი პირველმა ჩამოასხა) პირობა მისცა, რომ თუკი ისინი ხარისხიანი ჩხავერის მოყვანას შეძლებდნენ, მთელს მათ მოსავალს თავად შეიძენდა. ყურძნის გასაღების ასეთმა გარანტიებმა გლეხები დაარწმუნა, რომ ჩხავერი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულად მოსავლელი ვაზია, მისი საშუალებით ფულის შოვნა შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ წელს ერთი კილოგრამი ჩხავერის ყურძენი სამი ლარი ღირდა. დასავლეთ საქართველოში, როგორც წესი, ყურძნის ფასი აღმოსავლეთ საქართველოს ყურძნის ფასს აღემატება ხოლმე, თუმცა რაჭულ ჯიშებსა და ლეგენდარულ ლეჩხუმურ უსახელოურს თუ არ ჩავთვლით, ჩხავერი მთელს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი აღმოჩნდა და გლეხებმაც ადესას ჩხავერით ჩანაცვლება, მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც დაიწყეს.

გურია რომ თანდათან ჩხავერისაკენ ბრუნდება, ამის დასტურად თუნდაც სოფელ ერკეთში მცხოვრები ახალგაზრდა მევენახის, დათო კობიძის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ჩხავერის ფასი და ღირსებები ამ ბოლო დროის მანძილზე დათოს თანასოფლელებმაც გაიგეს, მაგრამ ამ გურული უნიკალური ჯიშის გაშენება განსაკუთრებული მონდომებითა და ტემპებით მთელს სოფელში სწორედ დათო კობიძემ მოახერხა. მან წელს (ჩხავერის ზოგადი მცირემოსავლიანობის გათვალისწინებით) საკმაოდ დიდი მოსავალი მიიღო, ერთ ტონამდე ჩხავერი დაკრიფა და მთელი მოსავალი სამი ათას ლარად გაყიდა. საინტერესო მოსასმენი იყო დათო კობიძის გაკვირვებული მეზობლების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩხავერსაც შესძლებია ”ოჯახში პაწა ფულის შეტანა” და ახლა სოფელ ერკეთში მცხოვრებმა ჩხავერისადმი შედარებითი ნიჰილისტურად განწყობილმა ადამიანებმაც კი დაიწყეს ჩხავერის ნერგების საშოვნელად ფუსფუსი.

დათო კობიძის მაგალითი იმითაც არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდა მევენახე სულ ცოტა ხანია, როც ამ საქმეს შეეჭიდა. წელს იგი მაქსიმუმ 600-700 კილოგრამის მოსავალს ელოდა, თუმცა საკუთარმა ვენახმა ერთგვარი სიურპრიზი გაუკეთა, რაც დათო კობიძისათვის მომავალში განსაკუთრებული სტიმული აუცილებლად გახდება.

ჩხავერი სუფსადან ხევისწყლამდე

თუკი ციფრებით ვიხელმძღვანელებთ, გურული ჩხავერის მოსავლის საერთო რაოდენობა ცნობილი კახური ყურძნის ჯიშების მოსავალთან  ნამდვილად ვერ მოვა. მით უმეტეს, რომ წელს ამინდებმა გურულებს ხელი ვერ შეუწყო და მთელს ჩოხატაურის რაიონში (ჩოხატაურის რაიონი გურიაში ჩხავერისათვის საუკეთესო ზონად ითვლება) სულ დაახლოებით 5-6 ტონა ჩხავერი დაიკრიფა. აქედან დაახლოებით სამი ტონა მეღვინე ზურაბ თოფურიძემ შეიძინა, ნაწილი გლეხებმა პირადი მოხმარებისათვის გამოიყენეს, უფრო მცირე ნაწილი კი ჩხავერით დაინტერესებულ სხვა მეღვინეებს ჩააბარეს. როგორც სოფელ საყვავისტყის მკვიდრი, აგრონომი მევლუდ ცინცაძე ამბობს, გურიაში ჩხავერი ჯერ მხოლოდ ახლა ხდება პოპულარული და სანამ მოვა დრო და ჩოხატაურის რაიონში რამდენიმე ათეული ტონა ჩხავერი დაიკრიფება, მანამდე ბევრი მუშაობა და ხალხის ინფორმირება იქნება საჭირო.

მევლუდ ცინცაძე: ”ჩოხატაურში დღეს ჩხავერს უფრო და უფრო მეტი გლეხი აშენებს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობაა ჩვენი რაიონის პოტენციალთან შედარებით. ჩხავერი მცირემოსავლიანი ჯიშია და ბუნებრივია, რომ იგი რაოდენობით ალბათ ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას სხვა ცნობილ ქართულ ჯიშებს. თუმცა, აუცილებლად უნდა მოვიდეს დრო, როდესაც გურიაში მაინც, ჩხავერი პირველი ჯიში გახდება როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის მხრივ. დღეს გლეხების ვენახებში ყველაზე მეტი რაოდენობით ცოლიკოური, ადესა და ალადასტურია გაშენებული. ყველა ამ ყურძენს (ადესასაც კი) გურიაში უკვე აქვს თავისი ტრადიცია და მათ წინააღმდეგ ბრძოლას არავინ ვაპირებთ. მაგრამ, გურიის მომავალი მაინც ჩხავერი უნდა იყოს და ძალიან კარგია, რომ ამას გლეხებიც თანდათან ხვდებიან. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩხავერის ფასი დღეს სამი ლარია. ჩვენი მხარე ეკონომიკურად არც ისე დალხენილია და როდესაც კაცმა იცის, რომ სამ ლარად ყურძენს გაყიდის, ამაზე მეტი რაღა სტიმული უნდა სჭირდებოდეს?!”.

ჩხავერი ჩოხატაურის რაიონში ძირითადად ხუთ სოფელშია გაშენებული. ეს სოფლებია: საყვავისტყე, ქვენუბანი, დაბლაციხე, ერკეთი და ბუკისციხე. თუმცა, ჩხავერის გაშენება ასევე დაიწყეს სოფელ საჭამიასერშიც, სადაც ადრე ვაზის ეს ჯიში ყოველთვის ხარობდა და მხოლოდ კომუნისტური ეპოქის დროს დაიკარგა. აღსანიშავია, რომ გეოგრაფიული მდებარეობით, ჩხავერის გასაშენებლად  განსაკუთრებულად ხელსაყრელი სოფლებიდან, მხოლოდ საჭანმიასერი მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში. სხვა თითქმის ყველა დანარჩენი სოფელი კი, მდინარე სუფსას ხეობის გაყოლებაზე მდებარეობს. თუმცა, ადგილობრივი გლეხობის მტკიცებით, ძველ დროში ჩხავერს გუბაზოულის ხეობის სოფლებშიც აშენებდნენ და იქაური ღვინის ხარისხიც საკმაოდ მაღალი იყო. გურიაში ყოფნისას ერთი მეტად სასიხარულო ტენდენციას გადავაწყდით. ადგილობრივი გლეხების უმეტესობა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო სამი წელია, რაც მათ მხარეში ჩხავერის ერთგვარი კულტი ჩამოყალიბდა. ჩხავერზე საუბრობენ სოფლების ბირჟებსა თუ სუფრებზე, ჩოხატაურის ბაზარში თუ სხვა ადგილებში. საუბრობენ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებმაც გურიაში მთელი ცხოვრება იცხოვრეს და მხოლოდ ბოლო პერიოდში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩხავერი განსაკუთრებულია!

“ნამდვილი გურია”

ქალაქ ჩოხატაურის მკვიდრს, 65 წლის სოსო კეკელიძეს, რომელსაც ვენახი აქამდე არასოდეს ჰქონია, გადაწყვეტილი აქვს, რომ სავენახე მიწა იყიდოს და ჩხავერი გააშერნოს. იგი ამ გადაწყვეტილებამდე მეგობრის ოჯახში გასინჯულმა ხარისხიანმა ჩხავერმა მიიყვანა.

სოსო კეკელიძე, ჩოხატაურის მკვირდი: “ჩემს ბავშვობაშიც ვიცოდი, რომ ჩხავერი – განსაკუთრებული გურული ჯიში არსებობდა, მაგრამ რასაც მასმევდნენ და მეუბნებოდნენ - ჩხავერიაო, ის ღვინო დიდად არ მომწონდა. როგორც ჩანს, ან ამ ყურძნის მოვლას არ ექცეოდა ყურადღება, ანდა რაღაც სხვა ჯიში იყო და ჩხავერი ეგონათ. შარშან, ჩემს მეგობართან გავსინჯე ნამდვილი ჩხავერი და გადავწყვიტე, რომ ჩოხატაურთან სადმე, ახლო-მახლო სოფელში მიწა ვიყიდო და ეს ჯიში მეც გავაშენო. გურიაში თურმე ასეთი მშვენიერი ჯიში გვქონია და ჩვენ კი გვეგონა, რომ აქ ადესა იყო ყველაზე კარგი. იმედია მალე შევძლებ ჩემი სურვილის ასრულებას. გავაშენებ ვენახს და პირობას გაძლევთ, რომ ამ ღვინოს ერთ-ერთ პირველებს თქვენ – ღვინის კლუბის წვერებს გაგასინჯებთ“.

იუმორთან გაშინაურებული გურიის მკვიდრნი ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ ნამდვილ გურიად გურიის მხოლოდ ის სოფლები შეიძლება ჩაითვალოს, სადაც მატარებლის ლიანდაგი არ გადის. ალბათ მიხვდით, რომ “ნამდვილ გურიაში“ სწორედ ჩოხატაურის რაიონს გულისხმობენ. ეს ყველაფერი რასაკვირველია მხოლოდ ხუმრობაა და სხვა არაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩოხატაურის გარდა, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონის სოფლებში ჩხავერს იშვიათად შეხვდებით, გამონაკლისია მხოლოდ ერთი შემთხვევა (რამდენიმე ჰექტარი სოფ. ბახვში).

სხვა ყველაფერთან ერთად, ამის მიზეზი ისიც არის, რომ საბჭოთა კოლმეურნებების არსებობს წლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონის კოლმეურნებობს სხვა ყველა გეგმასთან ერთად, ყურძნის ჩაბარების ჩოხატაურელებზე დიდი გეგმები ჰქონდათ შესასრულებელი. მცირემოსავლიანი ჩხავერის გაშენებით, გეგმის შესრულება არც ისეთი ადვილი იყო და გურიის კოლმეურნეობები ისევ ჰიბრიდულ ადესამდე მივიდნენ, რომელიც მოსავლელადაც ადვილია და მოსავლის მხრივაც ბევრად უფრო მარტივად ასრულებდა დაკისრებულ, ხშირ შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულ ყურძნის ჩაბარების გეგმებს. ამას გარდა, ფაქტია, რომ ჩხავერის უძველესი წარმომავლობა სწორედ ჩოხატაურის რაიონის ფერდობებზე უნდა ვეძიოთ, რამეთუ ეს ჯიში თავის საუკეთესო თვისებებს სწორედ ბუკისციხის, დაბლაციხის, ერკეთისა და საყვავისტყის ფერდობებზე ავლენს.

ცოტა, მაგრამ ხარისხიანი

გურულებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ჩხავერს პრობლემები სხვა ქართულ ჯიშებზე მეტი აქვს და დღეს პირველ რიგში ამ ჯიშის გადარჩენისათვის სჭირდებათ ბრძოლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მეღვინე, დათო ხაბეიშვილი ამბობს, ჩხავერის ვენახში გლეხის შრომა სწორედ მაშინ ფასდება, როდესაც კაცი თავისი მოყვანილი ყურძნისგან დაწურულ ხარისხიან ღვინოს დალევს და კიდევ ერთხელ მიხვდება, რომ თუ კარგი ღვინო გინდა, ძალიან ბევრი უნდა იშრომო.

დათო ხაბეიშვილი, მევენახე, მეღვინე: “წლევანდელი ჩხავერის მოსავალი სამწუხაროდ, ძალიან მცირე იყო. ამის მიზეზი ყველაზე მეტად მაინც ის იყო, რომ თითქმის მთელი წლის მანძილზე გამუდმებით წვიმდა და თავისი უარყოფითი გავლენა, რა თქმა უნდა, ამანაც იქონია. თუმცა, ზოგადად ყურძნის ხარისხს რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ წელს დაყენებული ღვინო განსაკუთრებული იქნება. ყურძენმა სიტკბოცა და სიმჟავეც ზომიერად დააგროვა და ამ მტევნებს რომ შეხედოთ, თავადაც მიხვდებით, თუ რა კარგ ღვინოს გვპირდებიან. წელს საშუალო საერთო შაქრიანობა დაახლოებით 22%-ზე ავიდა, რაც გურიის რეგიონისათვის ცუდი ნამდვილად არ არის. ახლა მთავარია, რომ ყინვები ადრე არ დაიჭიროს და სიცივემ ღვინოს დუღილში ხელი არ შეუშალოს. დანარჩენი კი ღვინომ თვითონ ყველაზე კარგად იცის!“.

2011 წლის გურული ჩხავერის რთველი ნამდვილად არ ჰგავდა ამ კუთხეში გასული წლების რთველებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ნოემბერში დიდი მოსავალი არ ყოფილა, გურულების უმეტესობა უკვე სულ სხვა თვალით უყურებს ჩხავერსა და ჩხავერის შესაძლებლობებს. ჩხავერის დიდ მომავალზე ჩოხატაურში უკვე აღარავინ დავობს. როგორც აგრონომი მევლუდ ცინცაძე ამბობს: ”ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩხავერს უნდა დოვუბრუნდეთ, თვარა თუ აი დრო ვერ გამევიყენეთ, ქე დავრჩებით ასთე!”.

© ღვინის კლუბი/Weekend



vetanxmebi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული