გერმანიის ქალაქ მაინცში ტრადიციული ღვინის ბირჟა –VDP Weinbörse გაიმართა. წელს ღონისძიებაში VDP (Verband deutscher Prädikatweingüter)-ს წევრი 160 მეღვინეობის მეურნეობა იღებდა მონაწილეობას. VDP– ესაა მსოფლიოში უძველესი მეღვინეთა გაერთიანება, რომელმაც ასი წლის იუბილე შარშან იზეიმა. VDP საერთო ჯამში 200-მდე წევრს ითვლის. VDP თავდაპირველად ღვინის რეალური ბირჟის ნიშნით ჩამოყალიბდა, სადაც ღვინის გასაყიდი ფასი უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ღვინის სადეგუსტაციო მასშტაბურ არენად და პროფესიონალთა შეხვედრების ადგილად იქცა.
VDP-მ თავის დროზე ღვინის სამი კლასიფიკაცია განსაზღვრა, ესენია: უმაღლესი კატეგორიის Lagenwein, რომელსაც მოსდევს Ortswein და სულ ბოლოს კი მოდის კატეგორია Gutswein.
გერმანიის საუკეთესო მეღვინეებმა საკუთარი პროდუქცია, მათ შორის 2010 წლის მოსავლის ღვინოები, ექსპორტიორთა, რესტორატორთა, სომელიეთა და ჟურნალისტთა სამსჯავროზე წარადგინეს. ორი დღის განმავლობაში ღონისძიებას დაახლოებით 3 000 ვიზიტორი ჰყავდა, რომლებმაც 1210 სახეობის ღვინოს გაუსინჯეს გემო. აღსანიშნავია, რომ ღვინის 55%-ზე მეტს რისლინგები შეადგენდა.
დეგუსტაციის პარალელურად დოქტორ დანიელ დეკერსის (Dr. Daniel Deckers) წიგნის - Im Zeichen des Traubenadlers (ყურძნის არწივის ნიშნის ქვეშ) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი უკანასკნელი ასწლეულის საუკეთესო გერმანულ ღვინოებსა და მეღვინეებს, აგრეთვე ამავე პერიოდის მეღვინეობის ისტორიას ეძღვნება, მისი სახელწოდება კი VDP-ს ლოგოდან გამომდინარეობს.
დეგუსტაციის შემდეგ ტრადიციული ღვინის მეჯლისი გაიმართა, რომელსაც 1500 სტუმარი ესწრებოდა. წლევანდელი მეჯლისი სტიქიით დაზარალებული იაპონიის დახმარების დევიზით ჩატარდა და დარბაზიც, შესაბამისად, იაპონური სტილში იყო მორთული.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი