Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გასული 2022 წელი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში

გიორგი ბარისაშვილი

ტრადიციულად თვალი გადავავლოთ გასულ, 2022 წელს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში ჩავლილ ძირითად მოვლენებს. ეს წელი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კუთხით პასიური იყო, მაინც საინტერესო აღმოჩნდა. რაც მნიშვნელოვანია გასულ წელს ისტორიულ მოვლენებთანაც გვქონდა საქმე. ჩვენი განსახილველი საგნებია: ბეჭდური გამოცემები, ფესტივალები, ფილმები, საკანონმდებლო საქმე და სხვ.

• დავიწყოთ დარგობრივი გამოცემებით, რაც ზოგიერთ ჩავლილ წელთან შედარებით ღარიბი აღმოჩნდა. თუმცა ხელთ მაინცა გვაქვს რამდენიმე საინტერესო გამოცემა. უპირველესად გვინდა, აღვნიშნოთ პერიოდული გამოცემა, ქართულ-ინგლისური ჟურნალი Homeland of Wine (ღვინის სამშობლო). გასულ წელიწადს სამი ნომერი გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი იგზავნება მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში, სადაც დარგის სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში გაეცნონ სიახლეებსა და ზოგადად მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ამ მხრივ ჟურნალი მართლაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

• შემდეგი გამოცემა ესაა ილია ჭავჭავაძის მევენახეობა-მეღვინეობა. 2022 წელს წიგნი მეორედ გამოიცა. წიგნი გამოსაცემად მოამზადა მაია ნინიძემ. მასში წარმოდგენილია დიდი ილიას ნააზრევი და პუბლიკაციები ქართულ ვაზზე და ღვინოზე.

• ბატონმა დავით მაღრაძემ გამოსცა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომი Wild grapevine in Georgia (ველური ვაზი საქართველოში).
შემდეგი და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ ახალი მიკროზონის დარეგისტრირება. ამ მხრივ შემოგვემატა კიდევ ერთი, რიგით ოცდამეცხრე მიკროზონა - ოკამი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელი ამ მხრივ კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. მეორე მხრივ ნამდვილად მოსაწესრიგებელია ზოგიერთი უკვე არსებული მიკროზონის საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ მევენახეობის ზოგიერთი განსაკუთრებული ზონა, იგივე მიკროზონა თუშური გარმონივითაა გაწელილი და უაზროდ გაფართოვებული. ამ საკითხს დროული მიხედვა ესაჭიროება. ეს გარემოება ქართული ღვინის რეპუტაციაზეც და ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა გასული წლის მიწურულს, ეს გახლავთ საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი. ამ ღონისძიებამ, რომელიც პირველ რიოგში ოჯახური მარნების მიერ დაყენებულ ცქრიალა ღვინოების პოპულარიზაციას მიეძღვნა, ნამდვილად დაამტკიცა, რომ ამ მხრივ არსებობს მზაობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული ეს ღონისძიება მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღონისძიება რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

რა თქმა უნდა „ახალი ღვინის ფესტივალის” გარეშე წელი ვერ ჩაივლიდა. ღვინის კლუბის მიერ ჩატარებული ეს დიდი ღონისძიება უკვე მთელს საქართველოშია ცნობილი და მოსახლეობაში იგი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ღვინის კლუბისვე ეგიდით ჩატარდა ასევე ტრადიციად ქცეული ღონისძიება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. ეს ღონისძიება არის მართებულად გათვლილი და იგი თავის სახელს სრულიად ამართლებს. ესაა შესანიშნავი საშუალება მათთვის, ვინც მარანი ეს ესაა დაასრულა და ღვინის ჩამოსხმაც ახალი დაწყებული აქვს. საერთოდ ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს ღვინის კლუბის მოღვაწეობა და მრავალწლიანი მუშაობა. მათი საქმიანობა დიდად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. სწორედ ამავე საქმიანობასთანაა დაკავშირებული ღვინის კლუბის მიმდინარე პროექტი „ღვინის სოფელი“. პროექტის პირველი ნაწილი უკვე დამთავრდა და იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავდა, ბოლოს სპეციალურად ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის თბილისში ღვინის გამოფენა გაიმართა (2021 წლის ზაფხულში). მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი „მცირე მარნების მეგზური“ (ვენახი, ღვინო, ტურიზმი). ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ნაწილი, რაც მოიცავს ამავე საქმიანობის განხორციელებას სამეგრელოსა და გურიაში. პროექტის ფარგლებში ამჯერადაცაა დაგეგმილი გამოფენის ჩატარება და წიგნის გამოცემა. 

საქართველოს ღვინის კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობაა საიტ vinoge.com-ის მართვაც. ამ საიტს მნიშნელოვანი მისია აკისრია, რადგან ბეჭდური მასალა ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი და გარდა ამისა, ინფორმაციის დროულად გავრცელების მხრივაც უმთავრესი ქართულენოვანი ღვინის პორტალია. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს ღვინის კლუბსა და საჯარო ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურის გაციფრულება. წიგნების ელექტრო ვერსიები vinoge.com-ზე შეგიძლიათ ნახოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ტარდება ნატურალური ღვინის ასოციაციის მიერ, ესაა ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ნატურალური მეღვინეობის მიმართულების მემარნეები. გასულ წელს ამგვარი ფესტივალი, სახელწოდებით „ამერიმერი“ ჩატარდა წყალტუბოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დედაქალაქში, იგი საკმაოდ მასშტაბურია და მნიშვნელოვანია, რომ „ამერიმერს“ რეგულარული ხასიათი აქვს.

გარდა აქ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გაიმართა, რაც საბოლოოდ დიდად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ასეთები იყო: გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი, ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ნიუ იორკში გამართული საფერავის პირველი ფესტივალი, ქართული ღვინის კვირეული, ექსპოჯორჯიას ღვინის საერთაშორისო გამოფენა და სხვ.  მართალია გასულ წელს ახალი ფილმი არა გადაუღიათ, მაგრამ სამაგიეროდ გრძელდება ტელეგადაცემა „ყველაფერი ღვინოზე“, რომელსაც ანა გოდაბრელიძე უძღვება. ტელეგადაცემა უდავოთ მნიშვნელოვანია, რადგან განიხილავს და საზოგადოებას აცნობს ახალ მარნებსა და ვენახებს. ეს კი თავის მხრივ დარგის პოპულარიზაციას ემსახურება.

ასევე სიახლეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ აღებული ინიციატივა, ჯიღაურის ბაზაზე მოაწყოს ღვინის მუზეუმი. პროცესი დაწყებულია და 2023 წელს დასრულდება.

ორი სიტყვით შევეხოთ საქართველოს კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ. მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონი საჭიროებს ჩასწორებებს. ეს პრობლება პრობლემადვე რჩება. წლები გადის, საკითხი კი არ არის გადაჭრილი. ასევე უნდა ჩასწორდეს დოკუმენტი ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, რადგან ეს დოკუმენტი უხეშ და მიუღებელ შეცდომებს შეიცავს.
აქვე გვინდა შევეხოთ ტრადიციული მარნების განვითარების საკითხს. მისასალმებელია, რომ ეს საქმე ვითარდება, რადგან ჩვენ უცხოეთის ბაზარზე თავს სწორედ ოჯახური მარნების განვითარების შემთხვევაში დავიმკვიდრებთ. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს ამ საქმის განვითარებას, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა სასურველი იქნება, რომ დამწყები მარნების საქმიანობა უფრო მეტად გაკონტროლდეს და შეძლებისდაგვარად დაიხვეწოს. ამ შემთხვევაში არანაკლები მნიშვნელობა იმ მემარნეთა გამოცდილებას ენიჭება, რომლებიც ჩართულები არიან ღვინის ტურიზმში. ხშირია
შემთხვევა, როდესაც ამ ტურიზმის მიმართულებით მემარნეებს არასაკმარისი გამოცდილება აქვთ, რაც გარკვეულ უხერხულობას უქმნის იქ მისულ ვიზიტორებს. საუბარია, როგორც დარგობრივ ცოდნაზე, ისე კულინარიულ გამოცდილებაზეც.

გასულ წელს აღნიშვნის ღირსი კიდევ ის გახლდათ, რომ ძალიან აქტიური ხასიათი მიიღო უცხოეთის ბიო და ნატურალური ღვინის გამოფენებმა, სადაც ჩვენი მემარნეებიც იღებენ მონაწილეობას. ამგვარი გამოფენები 2023-შიცაა დაგეგმილი და შესაბამისად ქართული ტრადიციული ღვინის მეწარმეები მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოფენებში, იქნება ეს იტალია, საფრანგეთი, გერმანია თუ დიდი ბრიტანეთი...

ვაზისა და ღვინის სფეროებში ქალების ჩართულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ გასული წელი გამორჩეული იყო, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდა კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“. 

სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბიომევენახეებს, რომლის ფარგლებშიც ხდება ბიოპრეპარატების, ბიოსასუქებისა და ბიოსერტიფიცირების პროცესის ნაწილობრივ დაფინანსება და ამ დარგის წახალისება. ეს გადაწყვეტილება დიდად შეუწყობს ხელს ბიოწარმოების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა რამდენიმეწლიან სამუშაოს მოიცავს.

ამგვარად ჩაიარა საქართველოში 2022 წელმა. აღვნიშნავთ, რომ ქართული ტრადიციული ღვინის ხარისხი ნამდვილად აღმავლობის გზაზეა, რაზეც განსაკუთრებით უცხოეთის გამოფენებსა და კონკურსებში მიღწეული წარმატებები მეტყველებს. ამ ყოველივეს ხელს უწყობს სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის აქტიური მუშაობა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წელი გაცილებით საინტერესო იქნება საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროებში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.