Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ერეკლე ლოლაძე, Georgian Brothers' Winery - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (19)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

-  2012 წლის შემოდგომაზე, 16 წლის ასაკში, გადავწყვიტე, თბილისში, ოჯახის ავტოფარეხში დამეწურა რამდენიმე ჯიშის ყურძენი. ეს იყო ღვინის დაყენების ჩემი პირველი დამოუკიდებელი მცდელობა. მოვიძიე ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შემხვედროდა ამ საქმიანობაში, კონსულტაციები გავიარე კვალიფიციურ მეღვინეებთან. ჩემთვის, როგორც დილეტანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო კომპეტენტური ხალხის შენიშვნები. მუდმივად ვიყავი ინფორმაციისა და სიახლეების ძიებაში. ერთ დღეს სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყვე, რომ 2013 წლის გაზაფხულზე ტარდებოდა თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი, სადაც საოჯახო მარნის მფლობელებს ეძლეოდათ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ გავხდი ფესტივალის მონაწილე და აქედან დაიწყო ჩვენი წარმატება. ფესტივალზევე გამოჩნდა რამდენიმე მაღაზია, რომელიც დაინტერესდა ჩვენი ღვინით და დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე - ღვინისთვის მიგვეცა კონკურენტუნარიანი სარეალიზაციო სახე. პირველი წლის ჩამოსხმა შეადგენდა დაახლოებით 100 ბოთლს. თუ იქამდე ოჯახის წევრები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს წამოწყებას, შემდეგი წლისთვის უკვე აქტიურად დამიდგნენ მხარში და დავიწყეთ წარმოების გაფართოება.  

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჯერჯერობით არ გაგვაჩნია საკუთარი ვენახები. თუმცა ვთანამშრომლობთ მევენახეებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით ჩაუტარდეს ვაზს შესაბამისი ოპერაციები ვეგეტაციის პერიოდში. ამ დროისთვის გვაქვს მხოლოდ ცარიელი მიწის რესურსი სოფელ კარდანახში, წარაფის მიკროზონაში, სადაც 2017-2018  წლისთვის ვგეგმავთ ვენახების გაშენებას .

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ყოველთვის ვცდილობ არ ვისაუბრო საკუთარ ღვინოზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის შეფასება. ამ ეტაპზე ღვინოს ვაწარმოებთ კახეთის რამდენიმე გამორჩეული მიკროზონის ყურძნისგან: სოფ. მუკუზნის საფერავი, ხაშმის საფერავი, კახური მწვანე (მანავის მიკროზონა) და რქაწითელი (წარაფის მიკროზონა).

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- რაოდენობის სიმცირის გამო პირველი მოსავლის ღვინო, თბილისის მხოლოდ ორ ღვინის მაღაზიაში იყიდებოდა. შემდეგ წლებში პროდუქციის რაოდენობასთან ერთად ნელ-ნელა გაიზარდა მაღაზიების რიცხვიც.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის რეალიზაცია მიჩენს ამბიციას კიდევ უფრო დავხვეწო პროდუქციის ხარისხი და სტანდარტები, უცხოური ბაზრის შესაბამისად, რის შემდეგაც უკვე დავიწყებთ ამ ბაზრის მოძიებას.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- როგორც ყველა საქმიანობაში, მეღვინეობაშიც მრავალმხრივი სირთულეები არსებობს. მიუხედავად პრაქტიკული გამოცდილებისა, ბევრჯერ დავდექი თეორიული ცოდნის საჭიროების წინაშე, ამიტომაც გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა მეღვინეობის მიმართულებით და დღეს ვარ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტი. მინდა აღვნიშნო, რომ აქ სწავლა არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სრულყოფილი განათლება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- საქართველოში ყოველწლიურად დგას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა, მევენახეების უმრავლესობა ვერ ახერხებს მოწეული მოსავლის რეალიზაციას. ჩემი აზრით, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია გაიზარდოს საოჯახო მარნის კულტურა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მევენახეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია, აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

- მე ვფიქრობ ჩემი გამოცდილება ჯერ არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მივცე ვინმეს რაიმე რჩევა, თუმცა სიყვარულით და დიდი ძალისხმევით გაკეთებული ყოველი საქმე წარმატებულია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Loladze Family Winery

მისამართი: მცხეთის რაიონი სოფ. მისაქციელი

ტელეფონი: +995 555 75 15 05; +995 555 11 52 99;

ელფოსტა: GBWine@mail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Loladze Family Winery

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული