Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჭარის 2011-2022 მოსავლის წლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია, ლევან სეფისკვერაძე

2013

აჭარაში ამ წელს თბილი და უთოვლო ზამთარი იყო. გაზაფხულიც ნაადრევად მოვიდა და ვაზმაც ადრე დაიწყო გამოსვლა. გაზაფხული შედარებით მშრალი იყო, ზომიერად თბილი. ივნისმა და ივლისმა გრილად ჩაიარა, ზომიერი ნალექებით, ვაზს ძლიერი ვეგეტაცია აღენიშნებოდა, ნაყოფიც და ყლორტიც კარგად ვითარდებოდა. გრილი და წვიმიანი აგვისტოს მიუხედავად ჩხავერმა აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო შეთვალვა, რაც ადრეა ამ ჯიშისთვის. ჭრაქი და ნაცარი ჩხავერს არ გასჩენია, ამ დაავადებებმა უფრო ცოლიკოურს, ციცქას და კრახუნას ავნეს, იყო მზის მიერ მტევნის დაწვის შემთხვევებიც. ოქტომბერ-ნოემბერში, ცოლიკოურის და მოგვიანებით ჩხავერის რთველისთვის ყურძენს არასაკმარისი შაქრიანობა ჰქონდა.

2014

თბილი ზამთარი იყო, უნალექო, თუმცა თებერვლის ბოლოს უეცრად აცივდა და გათოვდა, ბარში მცირე, ხოლო მთაში უხვი ნალექით. მალე დათბა და კვირტიც გამოვიდა მარტის ბოლოსკენ, რასაც ისევ თოვლი და მცირედი ყინვები მოჰყვა. სუსტი კვირტები და ფოთლები დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ აპრილში კვირტი ხელახლა გამოიღო, ყინვებმა დიდი კვალი დაამჩნიეს მოსავალს. ზოგადად გაზაფხული ცივი და წვიმიანი იყო, ივნისში ჭრაქი გაჩნდა, ივლისი კი ძალიან ცხელი და ტენიანი გამოდგა, ასევე აგვისტო – სიცხე და წვიმა ერთმანეთს ენაცვლებოდა (შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ მხრივ ზემო აჭარაში), გაჩნდა ნაცარი. მწიფობის პერიოდში ვაზს ფრინველი შეესია, რამაც კიდევ უფრო დააზარალა ვენახი. საბოლოო ჯამში ყურძენი კარგად ვერ დამწიფდა, ჩხავერს 10–15 ნოემბერს მხოლოდ 19% შაქრიანობა ჰქონდა.

2015

2014 წლის გაზაფხულის ყინვებისა და ზაფხულში ჭრაქისა და ნაცრის კვალი აჭარაში  2015 წელსაც ჩანდა. უმრავლეს ადგილებში სუსტი ნაზარდი ჰქონდა ვაზს. გაზაფხული ჭარბტენიანი და ცივი იყო, ვეგეტაცია რთულად დაიწყო. მაისიდან ამინდი გამოკეთდა – ივნისი, ივლისი და აგვისტო უჩვეულოდ მშრალი და ცხელი იყო, გვალვიანი, განსაკუთრებით აგვისტო. მართალია ვაზს კარგად ესხა, მაგრამ სასურველ კონდიციებს ვერ მიაღწია ყურძენმა (განსაკუთრებით ჩხავერმა). ბევრმა ადრე, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში დაკრიფეს ეს ჯიში, თუმცა მათ, ვინც დეეკემბრის შუა რიცხვებამდე აცალა ჩხავერს, გაცილებით საინტერესო შედეგი მიიღეს.

2016

უხვთოვლიანი ზამთარი იყო, ითოვა დეკემბერშიც, იანვარშიც და თებერვალშიც. გაზაფხულიც ცივი და უხვნალექიანი, წვიმიანი გამოდგა, ვეგეტაცია დაგვიანდა, თუმცა მაისმა შედარებით მშრალად ჩაიარა. თბილი ზაფხული იყო, ნაკლებნალექიანი, შეიძლება ითქვას, გვალვიანიც კი, სექტემბერ-ოქტომბერში კი ხშირი იყო წვიმები, რამაც სოკოვანი დაავადებების გვიან პერიოდამდე გავრცელებას შეუწყო ხელი. ზოგან ჩხავერმა ვერ მიაღწია სასურველ კონდიციებს და ვინც ნოემბერში დაკრიფა, უმრავლესობის ყურძენი დაუმწიფებელი იყო, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, ვინც დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაატარეს გვიანი რთველი.

2017

2017–ში შედარებით რბილი ზამთარი იყო აჭარაში. გაზაფხული ტრადიციულად ხანგრძლივი წვიმებით დაიწყო, თუმცა ყავივლობამ თბილ და რბილ ამინდებში ჩაიარა. ზაფხულში ხანგრძლივი უნალექო პერიოდი იყო. უხვად დასხმულ ყურძენს ყველგან გაუჭირდა დამწიფება. ბევრმა ადრე, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში დაკრიფეს ეს ჯიში, თუმცა მათ, ვინც დეეკემბრის შუა რიცხვებამდე აცალა ჩხავერს, გაცილებით საინტერესო შედეგი მიიღეს. ქედის რაიონში ცოლიკოურის რთველი დაახლ. 10 ოქტომბრისთვის დაიწყო, ჩხავერი კი ნოემბრის ბოლოს დაიკრიფა.

2018

პირველი თოვლი 29 ნოემბერს მოვიდა (2017–ში), რასაც მშრალი დეკემბერი და რბილი ზამთარი მოჰყვა. ქედას რაიონში მცირე თოვლი მოვიდა ზამთარში, ხოლო გაზაფხული გრილი და წვიმიანი დადგა. კვირტობის და ყვავილობის პერიოდს კარგი ამინდები დაემთხვა და მტევანიც ძლიერი ჩამოყალიბდა. მაისის ბოლოს ზღვისპირა ზოლში დაცხა, ზაფხულიც ცხელი იყო, თუმცა ამას უარყოფითად არ უმოქმედია მოსავალზე. ყურძენი ადრე დამწიფდა, ბევრმა ცოლიკოურთან ერთად დაკრიფა ჩხავერი, თუმცა საუკეთესო მოსავალი მათ აიღეს, ვინც ნოემბრამდე დატოვა ჩხავერი. შაქრიანობამ 23–24–საც მიაღწია (მაღლარზე შედარებით ნაკლები). დუღილმაც კარგად, თანაბრად ჩაიარა.

2019

აჭარაში 2019 წლის რთველი განსაკუთრებით მოსავლიანი იყო და ამაზე, როგორც შედარებით დიდი ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მცირე მარნის მფლობელებიც საუბრობენ.

ამინდის კუთხით ზოგადად მთელი წელი იყო დამაკმაყოფილებელი და აჭარაში ესოდენ პრობლემურ გახშირებულ წვიმებს ხელი არ შეუშლია მტევნის განვითარებისთვის. რაიმე სახის ეკოლოგიური პრობლემაც არ ყოფილა. ასევე არ შექმნილა პრობლემები გვალვის მხრივ.

ქედაშიც და ხელვაჩაურშიც ყურძნის შაქრიანობა რთველის პერიოდში (ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის შუა რიცხვები) დამაკმაყოფილებელი იყო და საშუალოდ 21-23% შეადგენდა და ღვინის დუღილსაც პრობლემა არ შექნია. ავადსახსენებელი ფაროსანას ზეგავლენა აჭარაში ამ დროისთვის უკვე მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

2020

აჭარაში ტრადიციულად წვიმიანი წელი იყო და ამან ყურძენს შაქრიანობა საგრძნობლად დაუკლო. რთველის პერიოდში ქედაში მოსულმა რვადღიანმა წვიმამ ყურძენს შაქრიანობა იმდენად დაუგდო, რომ იძულებულნი გახდნენ 17-18% შაქრიანობაზე დაეკრიფათ ყურძენი. იგივე ხდებოდა ხელვაჩაურშიც, სადაც ვენახების რაოდენობა ქედაზე ბევრად მცირეა.

2020 წელს აჭარაში ბევრი ახალი ვენახი გაშენდა. მოხშირებულმა წვიმებმა ახალშენი ვენახების მფლობელებს კარგი საქმე გაუკეთა და ახლადჩაყრილი ვაზის გახარება ქედაში და ხელვაჩაურში იდეალური იყო. ვაზის გახარების ასეთი მაჩვენებლები კახელ და ქართლელ მევენახეებს ოცნებად აქვთ ქცეული.

დაავადებებიდან განსაკუთრებით ჭრაქი აწუხებდათ, თუმცა ვენახის ტკიპაც აჭარელი მევენახეების ამ წლის პრობლემა და საფიქრალი იყო.

2021

ხელვაჩაურში გაზაფხულზე იყო მომეტებული ყინვები, რის გამოც ვაზის ყლორტები ბევრ ვენახში მოიყინა და აჭარელ მევენახეებს დასჭირდათ სპეციალური პრეპარატების გამოყენება ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად აღმოსაფხვრელად. ყინვამ პრობლემები შექმნა ქედაშიც, თუმცა ხელვაჩაურისგან განსხვავებით, ვაზს რაიმე განსაკუთრებული დახმარება არ დაჭირვებია.

თითქმის მთელი 2021 წლის გაზაფხული ზემო აჭარაში იყო სიცივეები, ივლის-აგვისტოში კი პირიქით - საშინელი სიცხეების პერიოდი დადგა. საშემოდგომოდ, როცა ყურძენი სიმწიფისკენ წავიდა, დაიწყო გაუთავებელი წვიმები.

რთული ამინდებიდან გამომდინარე, ყურძნის დამწიფებას აჭარაში, განსაკუთრებთ კი ხელვაჩაურის და ქედას მუნიციპალიტეტში, ბევრგან შეექმნა პრობლემა. იყო ადგილები, სადაც ცოლიკოურის შაქრიანობა 19-20% შეადგენდა. ეს ყველაფერი ღვინოშიც შესაბამისად გამოიხატა და ამ წლის მოსავლის აჭარული ღვინო შედარებით თხელი და დაბალალკოჰოლიანი დადგა.

2022

აჭარლები თეთრ ჯიშებს, განსაკუთრებით კი ცოლიკოურს ოქტომბრის დასაწყისში კრეფენ ხოლმე. 2022 წელს კი ქედელებს და ხელვაჩაურელებს ოქტომბრის დასასრულს ჰქონდათ რთველი. ამის მიზეზი აჭარის ცნობილი და თანმდევი პრობლემა - უხვნალექიანობაა.

საკმაოდ ცივი და თოვლიანი ზამთრის შემდეგ, ადრიან გაზაფხულზე დაწყებული წვიმები მაისის ბოლომდე არ შემწყდარა. ზაფხული ზომიერად ცხელი ჰქონდათ, რამაც ყურძენი მწიფობისკენ წაიყვანა, თუმცა დადგა შემოდგომა და დაიწყო ისევ და ისევ განუწყვეტელი წვიმები, რამაც ყურძენში შაქრიანობა მკვეთრად დააგდო.

2022 წელს მთიან აჭარაში დაკრეფილი ყურძნის (როგორც თეთრი, ასევე წითელი ჯიშების) შაქრიანობა 22% არ აღემატებოდა. რთული ამინდების გამო, აჭარელმა მევენახეებმა მიიღეს იმის ნახევარი მოსავალი, რასაც ელოდნენ.

მიუხედავად პრობლემებისა, 2022 წელს აჭარული ღვინის დადუღების პროცესი კარგად წარიმართა და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, ცოლიკოურს, ჩხავერს და საწურავს პირველადი დუღილი უკვე დასრულებული ჰქონდათ.

© ქართული ღვინის გზამკვლევი / მალხაზ ხარბედია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული