Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეიმურაზ ღლონტი: „ჩვენს ვაზის ჯიშებში და მიკროზონებში უდიდესი პოტენცია იმალება“

ლევან ბეჟანიძე
 
ცნობილ ამპელოგრაფს, ალავერდის მონასტრის მარნის მეღვინე-კონსულტანტს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, თეიმურაზ ღლონტს 75 წელი შეუსრულდა. ამავე დროს, ოჯახთან და კოლეგებთან ერთად, ბატონი თეიმურაზი საწარმოო-სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობის 50 წლისთავსაც აღნიშნავს. ამ ორ მნიშვნელოვან იუბილეს დაემთხვა კიდევ ერთი მოვლენა - „ქვევრის ფონდმა“ გამოსცა თეიმურაზ ღლონტის ახალი წიგნი: „ვაზი, ღვინო და პრობლემები“, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ბოლოდროინდელ პრობლემებზე დაწერილი სტატიები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები. 
 
დამსახურებულ მეცნიერს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და პუბლიკაციის ავტორს ღვინის კლუბი ულოცავს მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს და უსურვებს მას წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ-სამეცნიერო საქმიანობაში. „მარანმა“ მას რამდენიმე საკითხზე სამომავლო ხედვების გაცნობა სთხოვა.
 
- ბატონო თეიმურაზ, თქვენს ახალ წიგნში დეტალურად აღწერთ იმ პროცესებს, რაც 2005-2012 წლებში მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში განვითარდა. სამწუხაროდ, ის ფაქტები, რაც თქვენ გაქვთ აღწერილი, მძიმე მოსასმენია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მომავალი. დიდი ისტორიის მქონე კვლევითი ინსტიტუტი ისე შეუერთეს აგრარულ უნივერსიტეტს, რომ მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხელმიუწვდომელი გახდა სტუდენტებისთვის, ვისთვისაც თითქოსდა ეს რეფორმა იყო ჩაფიქრებული. სპეციალურად ამ ინსტიტუტისთვის აგებულ ისტორიულ შენობაში კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო „შეასახლეს“, ასევე ცდილობდნენ დამხმარე შენობების, მათ შორის - ინსტიტუტის უნიკალური მარნის შენობის გაყიდვას, რაც ხელისუფლების ცვლილების გამო ვერ მოასწრეს. განსაკუთრებით მტკივნეული კი ვაზის ქართული ჯიშების  კოლექციის განადგურება იყო. მოდით, რაც წიგნში აღწერეთ, წარსულში დავტოვოთ და ვისაუბროთ, როგორ ხედავთ ინსტიტუტის  მომავალს? სასწავლო და კვლევითი მიმართულებების ძველებურად განცალკევების მომხრე ხართ თუ შერეული მოდელი უფრო მისაღებად მიგაჩნიათ? აქვე, ალბათ, ისიც სათქმელია, რომ ინსტიტუტის მდგომარეობა 2005 წლამდეც არც თუ ისე სახარბიელო იყო. მეცნიერთა კვლევები და აღმოჩენები დიდწილად უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის, ლაბორატორიებზე სტუდენტებს ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ და ფაქტობრივად, თავიდანვე არ იყვნენ ჩართულნი დარგობრივ სამეცნიერო კვლევებში; ხოლო ვაზის ჯიშები, როგორც მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი ამბობს - „დაპატიმრებული იყო“ სამეცნიერო კოლექციებში და არ ხდებოდა მათი გავრცელება-პოპულარიზაცია ენთუზიასტების ნაკვეთებში. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ, ცალკეულ მეცნიერთა აქტივობებს, მათ შორის - თქვენსას, როდესაც მცვივანი კახურის საკუთარი ინიციატივით გავრცელებას ცდილობდით. 
 
- ვფიქრობთ, ამ ტევად კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა გაზეთის ფორმატის ფარგლებში შეუძლებელი იქნება, მაგრამ მათ მეტ-ნაკლები სისრულით მაინც უნდა შევეხოთ.
აგრარული განათლების სისტემის ნგრევის პროცესი ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. ყოფილი „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს“ (შემდგომში - აგრარული უნივერსიტეტი) ჰქონდა მდიდარი სასწავლო და სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა, სასწავლო მეურნეობა, მარანი, ვაზის უნიკალური კოლექცია და სხვა, რომლებიც შემდგომში განადგურდა და გაიყიდა. მომდევნო წლებში კი ჯერი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე მიდგა. ამის შესახებ წიგნშია უფრო დეტალურად მოთხრობილი და აქ აღარ შევჩერდებით.
დიდი წყვეტაა აგრონომიული კადრების მომზადებაში ანუ დღეს აგრონომიული კადრების მომზადება არ ხდება. არ არსებობს აგრონომიული სამსახური. ნგრევა იოლია, აღდგენა-აშენება კი - ძნელი. დრო კი არ ითმენს, რადგან ხვალ გვიან იქნება. ვფიქრობთ, რომ სასწავლო და კვლევითი მიმართულებების განცალკევებულად განვითარება ერთობ გაჭირდება დღევანდელი გადასახედიდან. საჭიროება მოითხოვს მევენახეობისა და მეღვინეობის ერთიან სასწავლო-სამეცნიერო სისტემაში მოქცევას. მეღვინე მევენახეც უნდა იყოს და პირიქით. ასეთი იყო პრინციპი სწავლებისა XIX საუკუნის ევროპის ქვეყნებში და შემდგომშიაც. ამის კარგი მაგალითია ავსტრიაში განათლებამიღებული ქართველი მოღვაწე ზაქარია ჯორჯაძე და არაერთი იმჟამინდელი ქართველი სპეციალისტი. ვფიქრობთ, ამგვარი მოდელის განხორციელების ოპტიმალურ ადგილად შეიძლება მოვიაზროთ ჯიღაურას „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის ეროვნული ცენტრი“, სადაც არსებობს ყველა წინაპირობა სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მიზანმიმართულად ორგანიზებისათვის. მიგვაჩნია, რომ ამ ცენტრს დიდი პერსპექტივა აქვს და ძალუძს, ახალი შინაარსით ააღორძინოს პულსაციადაკარგული სასწავლო-სამეცნიერო სფეროები მევენახეობის, მეღვინეობისა და მეხილეობის დარგებში.
რაც შეეხება ვაზის ჯიშების „დაპატიმრებას“ კოლექციებში, ეს უფრო ფიგურალური გამოთქმაა, ვიდრე რეალობა. ათეული წლების განმავლობაში არამართებული სახელმწიფო პოლიტიკის გამო არ იყო დაინტერესება ვაზის ქართული გენოფონდის აღდგენის თვალსაზრისით. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ თანდათანობით ქრებოდა ჩვენი ენდემური ჯიშები ჩვენსავე კოლექციებიდან. 2006 წელს მოლდავეთისა და ყირიმის კოლექციებიდან საქართველოში დაბრუნებულ იქნა ქართული ვაზის 150 ჯიში.
რაც შეეხება ენთუზიასტებს, ისინი მართლაც თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ. იმხანად იშვიათი გამონაკლისი გახლდათ ცნობილი ბიზნესმენი თამაზ კონჭოშვილი, რომელმაც სასწაულებრივად გადაარჩინა გაქრობას ვაზის ჯიში - „მცვივანი კახური“. ამან შემდეგ მოგვცა საშუალება, წლების განმავლობაში კომპლექსურად გამოგვეკვლია ამ საინტერესო ჯიშის ამპელოგრაფიული, ბიოლოგიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები. აგრეთვე, გაგვევრცელებინა ეს ჯიში კახეთისა და ქართლის ცალკეულ მიკროზონებში. 
 
- თქვენს წიგნში რამდენიმე ადგილას წერთ, რომ ქართული ღვინის მრეწველობაში დაუშვებელია არომატწარმომქნელი სელექციური საფუვრების გამოყენება. როგორც ვიცით, სელექციურ საფუვრებს და სხვა დამხმარე საშუალებებს ყველა მსხვილი კომპანია იყენებს და თუ მათ გამოყენებას ავკრძალავთ, გამოვა, რომ ყველა ამ კომპანიამ საქმიანობა უნდა შეწყვიტოს. ამავე დროს, თქვენს მიერ დასმული პრობლემებიც კარგად არის არგუმენტირებული. როგორ ფიქრობთ, აქედან რა გამოსავალი არსებობს?  
 
- საფუვრების საკითხი ერთობ პრობლემატურია ქართული მეღვინეობისათვის, რამეთუ ჩვენ საქმე გვაქვს მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ჯიშური ღვინოების ორიგინალური ქიმიურ-ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შენარჩუნების პერსპექტივასთან. ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხოური არომატწარმომქმნელი საფუვრების გამოყენებისა ქართულ მეღვინეობაში, რადგან ამ საფუვრებით სხვადასხვა ჯიშიდან დადუღებული ღვინოები ერთმანეთს უფრო ჰგვანან ტყუპისცალივით, ვიდრე საკუთარ თავს. ამდენად, ახლა ე.წ. „გლობალიზებული“ ღვინოების წარმოებას ეწყობა ხელი. ეს კი არ არის გზა მსოფლიო მეღვინეობაში ღირსეულად გამორჩეული ადგილის დამკვიდრებისა. ეს უპირატესად ეხება უჭაჭოდ დაყენებულ ე.წ. „ევროპული ტიპის“ ღვინოების წარმოებას. ტრადიციულ მეღვინეობას ეს არ ეხება. თუმცა, ზოგიერთი მსხვილი თუ წვრილი მწარმოებელი ტრადიციულ ტექნოლოგიებშიც იყენებს უცხოურ საფუვრებს, რაც ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. 
ევროპული ტიპის ღვინის ტექნოლოგიაში საფუვრის წმინდა კულტურის გამოყენება გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომ ყურძნის ტკბილი მყისიერად მოცილებულია ჭაჭას, ანუ „დედოს“ და ითხოვს საფუვრით გაძლიერებას. ქართულ მეღვინეობაში ეს პრაქტიკა ათეული წლების განმავლობაში აპრობირებული და გამოცდილი იყო, მაგრამ იმხანად იყენებდნენ არა უცხოურ არომატწარმომქმნელ საფუვრებს, არამედ თითოეული ჯიშისთვის გამოყვანილ საფუვრის წმინდა კულტურებს. ეს იყო სწორი გზა, მაგრამ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად, უფრო შრომატევადი და ერთგვარად რთული მოჩანს უცხოური მშრალი საფუვრების გამოყენებასთან შედარებით. ვაზის ქართული გენოფონდი მდიდარი და მრავალფეროვანია როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე აღმოსავლეთ საქართველოს არეალში. ამიტომ ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, შევუნარჩუნოთ ჩვენს ღვინოებს ინდივიდუალობა, საკუთარი იერსახე. ამ საპატიო საქმის აღსრულების უპირველეს წინაპირობად მიგვაჩნია ჩვენში ჯიშური მშრალი საფუვრების წარმოების ორგანიზება და დანერგვა უცხოური სელექციური საფუვრების სანაცვლოდ. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ გამოსავალი.
დამხმარე საშუალებების გამოყენება მეღვინეობაში, თავისი შინაარსით, მაინც იძულებითი ხერხია, რასაც ღვინის წარმოება ვერასოდეს გაექცევა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ჩარევა მეტ-ნაკლებად უარყოფითად აისახება ღვინის გემოსა და არომატზე.
ცნობილ მეცნიერ-ენოლოგს მ. გერასიმოვს არამართებულად მიაჩნდა საქართველოში „ევროპული ტიპის“ ღვინის წარმოების გაფართოება. იგი კახური ღვინის წარმოების განვითარების მომხრე იყო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ „ევროპული ტიპის“ ღვინოების, მეორეს მხრივ კი - შემაგრებული ღვინოების წარმოების არნახულმა ზრდამ დაუმსახურებლად ჩრდილში დააყენა ქართული ტრადიციული მეღვინეობა. დღეს ვითარება შეიცვალა. უკანასკნელ წლებში მკვეთრად იზრდება დაინტერესება ჩვენი მომხმარებლისა ტრადიციული ჯიშური ღვინოებით.
ქვევრის ღვინის წარმოების ინდუსტრიალიზაცია, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი და არც სასურველი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მაგრამ ქვევრის ღვინის წარმოების აღორძინება და განვითარება საქართველოს რეგიონების მიხედვით გადაუდებელი აუცილებლობაა.
ჩვენს ვაზის ჯიშებში, ჩვენს მიკროზონებში იმალება უდიდესი პოტენცია, რისი გახსნა-გამომზეურება ახალ ელფერს შესძენს ჩვენს ისედაც გამორჩეულ ღვინის სორტიმენტს. ვფიქრობთ, სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა. 
 
- წიგნში დადებით ტენდენციებზეც საუბრობთ, კერძოდ ხაზს უსვამთ საქართველოში 2011 წელს გამართული ქვევრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მნიშვნელობას, ასევე ბევრს წერთ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მნიშვნელობაზე. ცნობილია, რომ საქართველომ წელს UNESCO-ს მიმართა წინადადებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი თავის არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაში შეიტანოს. საინტერესოა თქვენი პროგნოზი - დააკმაყოფილებს თუ არა UNESCO ამ წინადადებას? დაკმაყოფილების შემთხვევაში, რას უნდა ველოდოთ - საქართველოში ისევ აღორძინდება ქვევრის ღვინის წარმოება? 
 
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნის პირველი ათეულის მიწურული არის ტრადიციული ქვევრის ღვინის აღორძინების დასაწყისი. იგივე უნდა ითქვას საერთოდ, ქართულ მეღვინეობაზე. ამის არა მარტოოდენ ნიშნები, არამედ შედეგებიც თვალსაჩინოა. ამას ადასტურებს 2010 და 2011 წლებში საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული ორი დიდი რეზონანსის მქონე საერთაშორისო თავყრილობა. ამის დასტურია, აგრეთვე, სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქართული ღვინოებისადმი, განსაკუთრებით კი - ქვევრის ჯიშური ღვინოებისადმი. სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს ქვევრის ღვინის, როგორც ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარება სახელმწიფოებრივ დონეზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აქტიურობით, კოლეგა-სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოვამზადეთ და იუნესკოში გაიგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია „ქვევრის ღვინის“, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარების თხოვნით. დოკუმენტაცია ამჟამად განხილვის პროცესშია. გვაქვს იმედიანი მოლოდინი, რასაც აძლიერებს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინო, როგორც ძეგლი, არის წმინდად ქართული მოვლენა ათასწლეულებში გამოვლილი მარად ცოცხალი უძველესი ტრადიცია.
იუნესკოს მიერ „ქვევრის ღვინის“, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარება უდაოდ შეუწყობს ხელს ქვევრის ღვინის წარმოების მზარდი აღორძინების პროცესს.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.