მოამზადა ელენე ცინცაძემ
ფრანგული, თეთრი ბურგუნდიული ღვინო ვიღაცისთვის ამაღელვებელია, ვიღაცისთვის მისტიური, ამოუცნობი. ხშირად ზედმიწევნით არ ესმით ხოლმე ამ საკმაოდ რთული ღვინის კონცეფცია, თუმცა ჟურნალი Decanter 2022 წლის სექტემბრის ნომერში რჩევებს გვაძლევს მისი უკეთ გასაგებად.
როგორც ავტორი წერს, უმჯობესი იქნება თუ მასზე საუბარს ბურგონის რეგიონალური ღვინით დავიწყებთ (Bourgogne régionale AP), რომელსაც ბურგუნდიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც ღვინოების წარმოებაში, ასევე ხარისხობრივადაც. უნდა ითქვას, რომ ბურგუნდიაში წარმოებული ნახევარზე მეტი ღვინო რეგიონალურ ეტიკეტს ატარებს.
ნიადაგებს რაც შეეხება, უფრო ღრმა და ნაყოფიერი ნიადაგები რეგიონის აღმოსავლეთითაა, ხოლო დასავლეთით უფრო ქვიანი და კლდოვანია, ჰუმუსის თხელი ფენით. პირველი უპირატესია მარცვლელულის მოსაყვანად, მეორე ტიპის ნიადაგი კი უფრო მეტად უხდება ვაზს. ავტორი აღნიშნავს, რომ ძირითადად, როცა ტოპ მწარმოებლები თავიანთ "ბურგონს" D974 გზის მიმდებარე სოფლებიდან აწარმოებენ (ყოფილი რომაული Via Agrippa), ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, თუმცა, როგორც წესი, ეს ეტიკეტზე აღნიშნული არაა ხოლმე. მაგალითად, Jean-Marc Roulot-ის საკმაოდ არომატული და ხარისხიანი Bourgogne Blanc (2016, 200$, Nemo Wine Cellars) სწორედ აღმოსავლეთ მერსოსა (Meursault) და ვოლნეში (Volnay) მოყვანილი ყურძნიდანაა დაწურული. ამ ტიპის ღვინოების ეტიკეტზე კი ახლახან შექმნილი ადგილწარმოშობის დასახელებაა ხოლმე, როგორც წესი Bourgogne Côte d’Or.
Caroline Lestimé კი Chassagne Domaine Jean-Noël Gagnard-ში სხვა გზას მიმართავს. ის თავის თეთრი ბურგუნდიულის ეტიკეტზე Bourgogne Hautes Côtes de Beaune-ის ადგილწარმოშობას უთითებს, სადაც ვენახები 290-484 მ. სიმაღლეზე იზრდება და ნიადაგი ქვიშაქვისგან, კირქვისა და თიხისგან შედგება. Caroline Lestimé-ს ვაზი Sous Eguisons-ში ხარობს. როგორც Bourgogne Côte d’Or-ის შემთხვევაში, ესეც რეგიონალური ბურგონის ნიმუშია გეოგრაფიული აღნიშვნით. საშუალო ხარისხის ღვინოები Pouilly-Loche-სა და Pouilly Vinzelles-ში, ხოლო CRU ხარისხის ღვინოები კი ძირითადად ჩრდილოეთ მაკონეში Vire-Clesse-დან St-Veran-მდე იწარმოება.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც თეთრ რეგიონალურ ბურგუნდიულებს აყენებენ, ესაა მაკონეს რეგიონი (Mâconnais). ბურგუნდიის ამ უკიდურეს სამხრეთ, მზიან ნაწილში საკმაოდ მსხვილი, მწიფე, ნაკლებმჟავიანი ყურძენია Côte d’Or-თან შედარებით. ყველაზე ცნობილი ღვინო მაკონეს რეგიონში, როგორც Decanter-დან ვკითხულობთ, ესაა Pouilly-Fuissé. რეგიონში სხვადასხვა სოფლებში განსხვავებული ტიპისა და ხასიათის ღვინო იწრარმოება. Milly-Lamartine და Fuissé, მაგალითად, საკმაოდ თბილი ადგილებია, ყურძენიც ძალიან მწიფეა და ბუნებრივია, ღვინოც შესაბამისი გამოდის. Mâcon-Davay-სა და Mâcon-Vergisson-ის ვენახები კი შედარებით უფრო მაღალაა, მათ პირი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ აქვთ მიმართული, რაც კიდევ უფრო ცივ კლიმატს ქმნის იქ. ცნობილია Pouilly-Fouisse-ში დაწურული Château de Beauregard, En Faux St-Véran 2018, რომელიც კასრებში 6 თვის განმავლობაში ვარგდება და გამოირჩევა ციტრუსის, ატმის, გრეიპფრუტისა და თაფლის არომატებით. განსაკუთრებით უხდება ზღვის პროდუქტებს, თევზსა და თხის ყველს.
ბურგუნდიაში 60% თეთრი ღვინო იწარმოება, 29% წითელი ხოლო 11% ცქრიალა (ვარდისფერი ან თეთრი). შარდონეს ვაზს იქაური ვენახების 51% უჭირავს, 39.5% პინო ნუარს, ხოლო 6% კი თეთრი ვაზის ჯიშს Aligote-ს, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნაკლებად ცნობილი ჯიშები ძირითადად ვენახების 3,5%-ს შეადგენს. თეთრი ბურგუნდიული ბურგუნდიის 33 Grand Cru დასახელებიდან მხოლოდ 10-ში იწარმოება, რომლებიც მთლიანობაში ბურგუნდიული ღვინოების 1%-ს შედგენს. მას ასევე ბურგუნდიის 44 სოფლიდან 34-ში აყენებენ. 662 ვენახი ბურგუნდიაში Premier Cru კატეგორიისაა, სადაც თეთრი ბურგუნდიულის სრულის წარმოების მხოლოდ 10%-ია, მას მოსდევს სოფლები (Village Level Appelation) 37%-იანი წარმოებით. 7 რეგიონალურ კონტროლირებად ზონაში კი ნახევარზე მეტს, 52%-ს აწარმოებენ, გარდა Bourgogne Passetoutgrains-ისა.
ცოტა რამ ბურგუნდიის ე.წ. სოფლების (Villages) შესახებ
იშვიათად თუ შეხვდებით თეთრ ღვინოებს ბურგუნდიის ჩრდილოეთით Côte de Nuits-ის რეგიონიდან, თუმცა საინტერესოა Fixin-ის, Marsannay-სა და Morey-St-Denis-ის თეთრები. მათი შესანიშნავი მაგალითი dujac-ისა და Bruno Clair-ის ღვინოებია. უმეტესი ნაწილი Côte De Beaune-ში იწარმოება, რომელიც სამხრეთით Corton-ის ბორცვიდან იწყება და მოიცავს სამ სოფელს Pernand-Vergelesses, Aloxe-Corton-სა და Ladoix-Serrigny-ს.
Pernand-სა და Savigny-lès-Beaune-ს მიმდებარედ ღვინოები შეიძლება იყოს განსაკუთრებით სტრუქტურირებული, ინტენსიური და მინერალურო. ვენახებია გაშენებული ქალაქ Beaune-ს ახლოს დიდ ფერდობებზე, სადაც შარდონეცა და პინოც ხარობს, თუმცა თეთრი ღვინო ქალაქის წარმოების მხოლოდ 15%-ს შეადგენს. ამ ვენახებიდან საუკეთესო ღვინოები თითქმის სრულყოფილადაა დაბალანსებული, არის სხეულიანიცაა და ხალისიანიც. ავტორს მაგალითად მოჰყავს ცნობილი კიუვე Joseph Drouhin-ის მარნიდან Beaune 1er Cru Clos des Mouches (2018, £119 GP Brands), სადაც Mouches ფუტკარზე მიანიშნებს ღვინის საუცხოობის გამო.
Beaune-ს სამხრეთით ორი სოფელია, პომარი (Pommard) და ვოლნე (Volnay), რომლებიც ექსკლუზიურად წითელ ღვინოს აწარმოებენ. Beaune-დან სამხრეთით, როცა ამ ორ სოფელსაც უკან მოიტოვებთ, D974/973-ის გავლით, თეთრი ღვინის მწარმოებელ სამ პატარა დასახლებას აღმოაჩენთ. პირველი, ესაა Meursault, რომელსაც Grand Cru ვენახები არ აქვს, თუმცა რამდენიმე Premier Cru-ს მოიცავს. აქაურ ღვინოებს ძირითადად ახასიათებენ ვაშლის, ტყის თხილისა და კარაქის საუცხოო, მდიდარი არომატებით.
სოფლის მიღმა Mont Milan-ის მთებია. გზა ხეობის გავლით ჩრდილოეთით, Monthélie-სა და Auxey-Duresses სოფლებისკენ მიუყვება, სადაც თეთრსა და წითელ, ცოცხალ, კაშკაშა და ლიმნის არომატიან ღვინოებს აწარმოებენ. St-Romain საკმაოდ მაღალ სიმაღლეზეა, ზღვის დონიდან 500 მ-ზე. ლანდშაფტი და ნიადაგი უხეშია, სოფელს გარს ეკვრის კირქვის კლდეები. ღვინოებიც, ერთ დროს, უხეში იყო, თუმცა თანდათან დაიხვეწა, ხარისხიც გაუმჯობესდა.
Puligny-Montrachet-ის ვენახები Blagny-ს სამხრეთით მდებარეობს, სადაც უფრო მეტად ციტრუსის არომატიან ღვინოებს შეხვდებით, ვიდრე მწიფე ვაშლის. ხანდახან ღვინოს ქვის, კაჟის მინერალური ელფერიც დაჰყვება. Bois de Chassagne კი პულინისა (Puligny) და st-Aubin-ის სამხრეთით, გრან მონტანის (Grand Montagne) ციცაბო ფერფობებზე მდებარეობს. Chassagne-ში წითელ ღვინოს აწარმოებდნენ ძირითადად საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თუმცა ახლა მხოლოდ 27%-ია წითელი ღვინო, დანარჩენი კი თეთრია. აქაური თეთრი ღვინოები უფრო მდიდარი და საუცხოოა, ვიდრე, მაგალითდ, Puligny-ის. გამოირჩევა ყვავილების არომატებით და განსხვავდება პულინის მინერალური ან Meursault-ს ნაღებისა და კარაქის სურნელებისგან. თუმცა, Grand Montagne-ს ფერდობზე, მაღლა, არის ისეთი ვაზებიც, რომლებისგანაც ცოცხალ, ლიმონის მჟავიანობის ღვინოებს აყენებენ.
შაბლის სამხრეთით არის სამი Grand Cru ვენახი, რომლებსაც ღვინის მოყვარულები საუკეთესო ღვინოებად მიიჩნევენ. ერთ-ერთი მათგანია Musigny. Musigny Blanc იწარმოება მხოლოდ Domaine Comte Georges de Vogüé-ს მიერ ძალიან მცირე რაოდენობით და მისი ღირებულება 1100 გირვანქა სტერლინგ შეადგენს. Musigny-ს გარდა ყველა თეთრი Grand Cru არის Côte de Beaune-ში, რაც თითქმის მთლიანად ვაზებითაა შემორტყმული. Corton ბურგუნდიაში ერთადერთი ადგილია, რომელიც დასავლეთისკენაა დაფერდებული. Raphaël Coche კი ხარისხით ძალიან გამორჩეული ღვინის მწარმოებელია, რომელიც Le Charlemagne-ს ვენახებიდან აწარმოებს ღვინოს. ყველაზე ცნობილი თეთრი ღვინო კი Montrachet-ის რეგიონიდანაა. ვენახები 8 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზეა გაშენებული Puligny-სა და Chassagne-ს შორის. ღვინოს საკმაოდ უხეში და მკვრივი ტექსტურა აქვს. გამოირჩევა მწიფე ვაშლის, ფუტკრის ცვილის, სანელებლებისა და ნაღების არომატებით. ფერდობზე, Puligny-ს მხარეს 7,59 ჰექტრის Chavalier-Montrachet-ის ადგილწარმოშობაა და იქაური ღვინოები ციტრუსოვანი ტონებით გამოირჩევა.
ფერდობის ქვემოთ კი Bâtard-Montrachet-ია (11.87ჰა) გამორჩეულად მდიდარი ღვინოებით მეზობელ სოფლებთან შედარებით საუცხოობით გამოირჩევა. ხშირად ამოიცნობთ ტროპიკული ხილის ნოტებს, ასევე კარაქისა და თხილის არომატებსაც. Puligny-ში მდებარეობს Bienvenues-Bâtard-Montrachet (3,69 ჰა), სადაც მიწის ყველაზე დიდ ნაწილს Domaine Leflaive ფლობს. ფერდობის იმავე დონეზე, თუმცა სამხრეთის მხარეს კი Chassagne-ს პატარა Grand Cru-ზე 1,57 ჰექტრის ვენახებია გაშენებული. ერთი რამ ცხადია, რეგიონული Bourgogne Blanc-დან დაწყებული Monctrachet-მდე, ბურგუნდიაში ძალიან მრავალფეროვან, ხარისხითა და არომატებით გამორჩეულ სხვადასხვა ტიპის ღვინოს აწარმოებენ და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ღვინის მოყვარული აუცილებლად აღმოაჩენს მათ შორის ერთს მაინც ისეთს, რომელიც მასზე ნამდვილად დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი