Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჩვენში ძირეული იყო ყოველთვის ვენახი”

ქვემო რაჭა მთხრ. პართენ ჭელიძე, 55 წ. (სოფ. ბაჯი, 20.VIII, 1935 წ.)

ვაზის მყნობა პირველად მე შემოვიღე ჩვენს რაიონში. 1892-95 წლებში სოფ. პატარა ონის ორკლასიან სკოლაში მივიღე ცოტა სამეურნეო განათლება. წავედი ამის შემდეგ საქარაში (ზესტაფონის ახლოს, ეხლა საბჭოთა მეურნეობაა) და იქიდან მოვიტანე მწარე ლერწი და დავიწყე მწარე ლერწზე სხვადასხვა ჯიშების დამყნობა.

ლერწს ასე ვამყნით: ექვსი-შვიდი ვერშოკის სიგრძეზე გადავჭრით მწარე ლერწს, თავს მოვთლით ირიბულად და შვაზე ამ ირიბზე გავუკეთებთ დასამყნელ ენას, ვაზსაც ასე გადავთლით და გავუკეთებთ ენას ისე, რომ ენები ერთიმეორეს გადაკეტავენ. შევახოვთ მაგრათ კანაფით ან "მაჩალკით". დასამყნელი ვაზი ერთი ან ნახევარი ვერშოკის სიგრძის უნდა იყოს. აუცილებლათ კვირტის მახლობლათ უნდა გავაკეთოთ ირიბი. ნამყენს გადაბრუნებულ მიწაში ჩავასობთ ისე, რომ დამყნილი ზევით დარჩეს მიწიდან. შემდეგ ფშვნილ (ფხვიერ) მიწას დავაყრით თავზე ნამყენს და სულ დავმალავთ, რომ მზემ არ გაახმოს. სამი ვერშოკის სიმაღლეზე ექნება მიწა დაყრილი. ამოიხეთქავს და მეორე თვეზე სიბნელიდან ამოვა ყლორტი. მარტში რომ ჩავყრით ნამყენს, მაისში ამოსულია, იზდება და შემოდგომაზე მოვთხრით ისევ, ორმოებში შევინახავთ, სოველიც უნდა იყოს ორმო. მიწიდან რომ ამოიყრის, კვირაში ერთხელ უნდა ვუაქიმოთ (შაბიამანის და კირის ხსნარს მივასხამთ), ისე, რომ თორმეტჯერ ხვდება შემოდგომამდე ნამყენს აქიმობა.

გაზაფხულამდე შენახული გვაქვს მოთხრილი ნაყენი სოველ ორმოებში. დახურულ ადგილზე, სარდაფში გვაქვს ორმოები გამზადებული. გაზაფხულზე რიგში დავრგავთ შვიდი ჩარექის დაცილებით. ხარდანს მიუსობთ და ვუაქიმებთ ზაფხულზე ოთხჯელ, გავთოხნით სამჯელ. მესამე წელს ნაყენი იბამს (ნაყოფს ისხამს).

მაღლარი (ხეებზე შეშვებული ვაზი) ჩვენში ნაკლებად იყო.

ტალავერი (ვაზის ხეივანი ჭურების თავზე) იცოდენ და ახლაც იციან, მაგრამ ეს - ხილათ; ჩვენში ძირეული იყო ყოველთვის ვენახი (დაბალი ვაზი).

ძველათ იცოდა ვაზმა ავანტყოფობა - ნაცარი: ტევნებს ნაცრისფრად ხაო გადაედებოდა, ბიმბილი დასკდებოდა შვაშვაზე და ტევანი ისე ხმებოდა. უწინ ნაცარს ვერ წამლობდნენ, თავისთავად მოისპო.

შაბიაბანით წამლობა შემოიღეს 1886 წლიდან. ტბეთელმა (სოფელია ქვემო რაჭაში) ნესტორ ჭოხონელიძემ მოიტანა ქუთაისიდან ვერმორცის (ვერმორელის. რედ.) მანქანა. ცოცხითაც იცოდნენ წამლის მისხურება ვაზზე. წამლობა ახალი საქმეა. წინათ არც სწამლობდნენ ვენახს და არც უხვევდენ (ხარდანზე მარტო ერთხელ მიაკრავდნენ).

ჩვენში შვა მარტიდან იწყება ვენახის მუშაობა. თუ კაი ამინდები იქნა, თებერვალშიდაც დავიწყებთ ტყეში ხარდნის მოჭრას და მახვას. ვენახში ჩამოვიტანთ და იქ ვმახვავთ. მარტში ავაშენებთ (მოვხარდნავთ) გასხლულ ვენახს. ვსხლავთ შემოდგომაზე. გაზაფხულზედაც ვიცით გასხვლა. ზომიერია სამ რქაზე გაისხლას ვენახი. ბევრი რქა ვაზს ავნებს. გასხვლის და აშენების შემდეგ მარტშივე ან აპრილის დასაწყისში ვენახს გავთოხნით ღრმად. გაზრდილ ვაზს "'მაჩალკით" ვუხვევთ (ხარდანზე მივაკრავთ); მეორეთი გავთოხნით მაისში და ვუაქიმებთ. მეორეთ შვა ივნისის თვეში ვუაქიმებთ. იციან კიდევ მესამეთ აქიმობა ივლისში.

ვაზს გზადაგზა უნდა გამოლორდვა (ზედმეტი ნაყარი ტოტების გამოცლა).

თუ ბალახი წამოერია, კიდე გასთოხნიან ივანობის თვეში. ეხლა მაინც ყველა სამჯერ სთოხნის ვენახს, იმიტომ, რომ სიმინდის გამოთესვა იციან ვენახში. არც მაინც და მაინც უხთება სიმინდი ვენახს, რასაც არ ავნებს.

ამ სამოცდაათ წლის წინათ გაჩდა ვაზის ავანტყოფობა - ფილოქსერა. ფილოქსერა თვალით დასანახია - ყვითელი ფერის, ტირიფის ტილს გავს; ძირს უთხრის ვაზს და ერთიანად ახმობს.

თითქმის გაანადგურა ძირეული ვენახები (დაუმყნელად დარგული). ფილოქსერის გავრცელებას თვითონ ვენახის საშველიათ მოსულმა მეურნეებმა შუწყვეს ხელი. ერთ ვენახში ნახმარი ბარი მეორე ვენახში გადაჰქონდათ და სადაც კი გაიარეს თითქმის ყველა ვენახებს მოედო ფილოქსერა.

მწარე ლერწმა ვენახი გამოაბრუნა. საჭირო იყო ძველი ვენახის მოსპობა და ამ ჯიშების დამყნა.

მიწის გადაბრუნება რომ დავიწყე, მეზობლები მეუბნებოდნენ - "ამას რას შვები, კარგი მიწას ღუპავ, ქვევით ყრი და გლახა მიწა ამოგაქვსო". მალე ყველამ დაინახა, რომ მიწის გადაბრუნება კარგი იყო.

მიწას ასე ვაბრუნებთ: ერთ ბარისპირს, რომ ამოვიღებთ, მობარულს ამოვწმენდავთ "ლაფატკით" და წინ გადავყრით. ამ ამოწმენდილს ხელახლა ამოვბარავთ და პირველ ნაბარავს დავყრით. მიწა ფხვიერდება დაიშოშნება (მშრალი და წვრილი ხდება). 

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული