Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო – ტრადიცია, ტურიზმი, ექსპორტი

ლევა სეფისკვერაძე

1 აპრილს, ღვინის კლუბში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოლობარგიამ 29-30 მარტს თბილისში გამართულ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ღვინის ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც იცით, თბილისში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ღვინის ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა.

კონფერენციაზე მეღვინეობის სფეროს პროფესიონალები, ღვინის დიდოსტატები, მედიისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (კანადა, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, უკრაინა, შვედეთი, სინგაპური, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ საკითხებს, სიახლეებსა და ტენდენციებს განიხილავდნენ.

კონფერენციის ინტენსიური პროგრამა მოიცავდა მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებს, სამუშაო შეხვედრებს და ასევე გაცნობით ღვინის ტურებს საქართველოს რეგიონებში ღვინის ტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის.

ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა. გასულ წლებში ღონისძიებას მასპინძლობდნენ ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, პორტუგალი, ხორვატია. კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ტურ–ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს ეხმარება თავიანთი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებაში, კომპანიებს კი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და პარტნიორების მოძიებაში.

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: “შარშან მივიღეთ მოწევევა ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის დამფუძნებელია ერთ–ერთი ინგლისური კომპანია. ეს იყო მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც თავი მოიყარეს ღვინის თემაზე მომუშავე ყველა კატეგორიის ადამიანებმა, დაწყებული მეღვინეებით და დამთავრებული ღვინის ჟურნალისტებით. ასევე ბევრი სტუმარი იყო ღვინის ტურიზმის სფეროდან. შარშან საქართველოს ღვინის სააგენტო ხორვატიაში გამართული ერთ–ერთი ღვინის საღამოს სპონსორიც იყო, სადაც გამოცხადდა, რომ აღნიშნული კონფერენცია მომავალ წელს თბილისში გაიმართებოდა“.

კონფერენციაზე დაახლოებით 100 დელეგატი იყო მიწვეული. ღონისძიების წინ გაკეთდა სპეციალური ინტერნეტ გვერდი, სადაც რეგისტრირდებოდნენ ღვინის სფეროში დასაქმებული ადამიანები. 100 დელეგატიდან დაახლოებით 20 ადამიანი იყო ჩვეულებრივი ტურისტი, რომლებმაც კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ღვინის ტურში მონაწილეობისათვის ფული გადაიხადეს.

ირაკლი ჩოლობარგია: “დაახლოებით ოთხი წელია, რაც მთელს მსოფლიოში ღვინის ტურიზმის ბუმი დაიწყო. ღვინის მწარმოებელ ნებისმიერ ქვეყანაში ცდილობენ, რომ საკუთარ ღვინის ქარხნებსა თუ პატარა მარნებში მოაწყონ ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც ტურისტებს ღვინის გარდა სხვა მნიშვნელოვან მომსახურებსაც შესთავაზებენ (გართობა, რაიმე ღვინოსთან დაკავშირებულ პროცესებში ჩაბმა, რთველში მონაწილეობა, ღვინის დაწურვა, კერძების დეგუსტაცია და სხვა...). ამ კუთხით საქართველოს უპირატესობა უცხოელი ღვინის ექსპერტების აზრით ისაა, რომ საქართველოში შემორჩენილია ტრადიციუალი მეღვინეობა, არსებობს ქვევრის კულტურა და ის, რომ ღვინის კულტურა საქართველოში მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა შერწყმული“.

მომხსენებლები აღნიშნულ კონფერენციაზე პლანეტის თითქმის ყველა ნაწილიდან იყვნენ ჩამოსულები. კონფერენციამდე მოეწყო ორდღიანი ტური, სადაც საქართველოს ღვინის სააგენტოს წარმომადგენლებმა უცხოელი სტუმრები არაერთ ღვინის კომპანიაში და მარანში წაიყვანეს, დაათვალიერებინეს ვენახები და გაასინჯეს გამორჩეული ქართული ღვინოები.

არავისთვის იქნება გასაკვირი ის, რომ სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქვევრმა და ქვევრის ღვინომ გამოიწვია. ეს პოპულარობა რა თქმა უნდა იმითაც იყო განპირობებული, რომ ცოტა ხნის წინ, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოაცხადა. ირაკლი ჩოლობარგიას თქმით, კონფერენციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრებიდან ქვევრის ღვინოზე განსაკუთრებით “შინაურულად“ სლოვენიელი მეღვინეები საუბრობდნენ და ეს არცაა გასაკვირი. როგორც იცით, სლოვენიაში რამდენიმე წლის წინ უკვე წაიღეს ქართული (იმერული) ქვევრები (ჭურები) და სლოვენიელი მეღვინეები წარმატებულად იყენებენ ქართულ ქვევრებს ღვინის დასაყენებლად.

განსხვავებულობა, რომელიც ჩვენს ღვინოსა და მეღვინეობას გააჩნია, აშკარაა და ამას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელები. განსახვავებული ნიშის პოვნა კი კონკურენტულ უპირატესობასაც ნიშნავს. ერთ–ერთმა სლოვენიელმა მომხსენებლმა ლექცია ჩაატარა და დამსწრეებს დეტალურად მოუყვა როგორ იყენებდა ქართულ ქვევრს და რა უპირატესობა ქონდა მას. თუმცა მან ისიც თქვა, რომ ცოტა ერიდებოდა კიდეც საქართველოში ქართულ ქვევრზე ლექციის ჩატარება, რადგან ქართველები (მასპინძლები) ამ ქვევრის შემქმნელები იყვნენ და ეს ჭურჭელი ქართველების მოგონილია.

“მნიშვნელოვანია სოციალური მედიის როლი ღვინის მარკეტინგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. სოციალური ქსელების მნიშვნელობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ამ სფეროს გამოუყენებლობა არ შეიძლება. ინტერნეტში შექმნილია სხვადასხვა ტიპის ჯგუფები, როგორც ღვინის მომხარებელთა, ასევე ღვინისა დისტრიბუტორთა მიერ და ეს სფერო შეიძლება ითქვას, რომ მთელი დატვირთვით მუშაობს. მაგალითად, შექმნილია ჯგუფი, სადაც სამასამდე მოქმედი ჟურნალისტი და ღვინის მწერალია გაერთიანებული და ამ ხალხის საქართველოთი დაინტერესება უდავოდ მნიშვნელოვანი საქმეა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ღვინის მწერლები თუ ჟურნალისტები და ბლოგერები, მხოლოდ ერთი გამოცემისთვის არ წერენ და ხშირად თვითოეული მათგანი რამდენიმე ჟურნალში და ინტერნეტ–გამოცემაში აქვეყნებს ღვინოზე ტექსტებს. მათი ნაწერები კი ხშირ შემთხვევაში ღვინის მოდის გამსაზღვრელია“ – ამბობს ირაკლი ჩოლობარგია.

სანტერესოაა, თუ როგორ დაყო საქართველოს ღვინის სააგენტომ ის ბაზრები, სადაც მარკეტინგული ქმედებები უნდა განხორციელებულიყო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს ნაკლები ცნობადობა აქვს და ასევე არის ტრადიციული ბაზრები (ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნები), სადაც ქართულ ღვინოს მეტ–ნაკლებად ცნობენ და აღიარებენ. ახალი ბაზრებიდან ჩოლობარგიას განსაკუთრებით პერსპექტიულად სამი ქვეყნის ბაზრები მიაჩნია ჩვენი ღვინისათვის. ეს ბაზრებია: ინგლისი (დიდი ბრიტანეთი), ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი.

ღვინის სააგენტრომ ეს სამი ქვეყნა გამოარჩია პირველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი ღვინის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია და ბრიტანეთის ბაზარზე შეტანილი ხარისხიანი ღვინის გაყიდვები გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის გაიზრდება. ამერიკაც გამორჩეულად დიდი ღვინის ბაზარია, სადაც ღვინის ხარისხს დიდი ყურადღება ექცევა და ამას გარდა ეს სახელმწიფო საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის ვაჭრობის კუთხითაც. ხოლო პოლონეთის ბაზარი, მუხედავად იმისა, რომ მაინც ახალ ბაზრად ითვლება, ქართული ღვინისადმი აშკარად დადებითადაა განწყობილი და ამას ხელს პოლონელი ხალხის ქართველებისადმი ისტორიული კეთილგანწყობაც უწყობს. ამ სამი ბაზრის გამოირჩევა რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ბაზრები საინტერესო არაა ჩვენთვის. თუმცა ჩვენი ღვინის მარკეტინგის სტრატეგია უპირატესად აღნიშნულ ქვეყნებს მოერგება.

ირაკლი ჩოლობარგია აღიარებს, რომ ღვინის სააგენტოში თავიდან შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მედიისა და განსაკუთრებით სოციალური მედიის როლს ღვინის მარკეტინგის კუთხით. თუმცა, აღნიშნულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მედიას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება და ამიტომაც შემდგომ ეტაპზე ღვინის მარკეტინგის კუთხით პრიორიტეტების გადაკეთება მოხდა. ინტერნეტის საშუალებით დღეს ძალიან ადვილია ღვინით დაინტერესუბული ჯგუფების მოძებნა და თითქმის უფასოდ შეიძლება მოხერხდეს ამ ჯგუფებთან კონტაქტი.

ირაკლი ჩოლობარგია: “სტუმარს მარტო ქარხანა არ უნდა აჩვენო. ეს მათთვის არაა სიახლე. ვინც პირველად იყო კონფერენციაზე ჩამოსული, მათთვის სიახლე იყო შეხება ქართულ კულტურასთან, ქვევრის ღვინოსთან, ჩვენს სამზარეულოსთან და ქართულ მოლხენასთან. მომავალ წელს ანალოგიური კონფერენცია დაგეგმილია შამპანში, სადაც ჩვენი მიბაძვით ძირითადი შეხვედრები ტრადიციულ პატარა მარნებში გაიმართება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტრადიციული ღვინის კულტურა მთელს მსოფლიოში შემოდის მოდაში და ჩვენ გვინდა, რომ ამ ყველაფრით საქართველომ თავისი სარგებელი ნახოს.

როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი სტუმრების მიღების კუთხით, ტუროპერატორებს უნდა ქონდეთ და ბევრს უკვე აქვთ კიდეც ღვინის ტურიზმი, როგორც პაკეტად ჩადებული პროდუქტი. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ მსოფლიო კონკურენციაში გარკვეული უპირატესობები უკვე გაგვაჩნია. თან აღარ არის საკამათო, რომ საქართველოდან დაიწყო ღვინის ტრადიციული კულტურა და ქვევრის მისტიკაც თავის როლს თამაშობს. საქართველოში უკვე არსებობენ ინფრასტრუქტურულად განვითარებული კომპანიები, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს“.

ადრე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უცხოელები ჩამოდიოდნენ (ღვინის სპეციალისტები თუ რიგითი დამსვენებლები) და როდესაც მათთვის ქართველ მასპინძლებს ღვინის გასინჯვა და მარნების ჩვენება უნდოდათ, მხოლოდ კახეთში დაჰყავდათ, რადგან საქართველოს სხვა კუთხეებში და პირველ ყოვლისა დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა მარნები და ზოგადად, ისეთი ადგილები, სადაც სტუმრებს სათანადო მომსახურებას შესთავაზებდნენ.

დღესდღეობით ამ კუთხით სიტუაცია მკვეთრად გამოსწორებულია და ამას ღვინის სააგენტოშიც ადასტურებენ. უცხოელ სტუმრებს დღეს იმერეთში, გურიაში და მთიან აჭარაშიც გამოუჩნდათ მასპინძლები, რომლებიც ღვინოსაც გაასინჯებენ და სათანადო სხვა სახის მომსახურებსაც გაუწევენ. თუმცა ეს იმედია მხოლოდ დასასაწყისია...

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.