Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2022 წლის პრობლემური რთველი რაჭა-ლეჩხუმში

ლევან სეფისკვერაძე

კახეთის, ქართლისა და იმერეთის მსგავსად რთველი რაჭა-ლეჩხუმშიც დასრულდა. ლეგენდარული „ხვანჭკარის“, „ტვიშის“და ოყურეშის უსახელოურის შემქმნელ ამ ორ ულამაზეს კუთხეში როგორც ყოველთვის, წელსაც არ ყოფილა ერთნაირად კარგი ხარისხის მოსავალი. შესაბამისად, მევენახე-მეღვინეებიც 2022 წლის რთველს განსხვავებულად აფასებენ.

სანამ გასული წლის რთველის შესახებ მეღვინეებს ვკითხავდით, მანამდე ჩავხედეთ მთელი წლის მანძილზე რაჭა-ლეჩხუმის (ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების) ამინდის გრაფიკს და წლის მანძილზე წვიმისა და გვალვის ამბებიც გამოვიკითხეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, რაჭა-ლეჩხუმში იდენტური სიტუაცია არც ამინდის მხრივ იყო.

2022 წლის ადრიან გაზაფხულზე ლაჯანას ხეობის სოფლებში გაზაფხულის ყინვებმა ბევრს გაუფუჭა ჯერ მხოლოდ პირველკვირტგამოტანილი ვენახი. შემდეგ მთელი გაზაფხული იყო წვიმიანი ამინდები, რამაც ახეირა მენერგეები, რომლებიც ვაზის ნერგის გაშენება-გაყიდვაზე არიან ორიენტირებული. თუმცა, გახშირებულმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა მევენახეების დიდ ნაწილს.

რაჭა-ლეჩხუმში ზაფხული იყო გვალვიანი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე მცხოვრები მევენახეები სწუხან, რომ გვალვის გამო მათ ვენახებში გახშირდა ვაზის ხმობის შემთხვევები. პრობლემები იყო ვენახის სოკოვანი დაავადებების კუთხითაც. მევენახეები წელს განსაკუთრებით ჭრაქს ებრძოდნენ. როგორც ყველა წელს, 2022 წელსაც ვენახებს უტევდა: ვენახის ჭია, ტკიპა, სიდამპლე, ჭრაქი, ნაცარი და სხვა. შემოდგომით, როდესაც რთველი უნდა დაწყებულიყო, ერთმანეთს წვიმიანი დღეები წაეწყო. ამის მიუხედავად, გვიან შემოდგომაზე მაინც მოხერხდა რთველის ჩატარება.

რაჭა-ლეჩხუმში ვენახები ძირითადად მდინარეების: რიონის, ცხენისწყლისა და ლაჯანას ხეობაშია გაშენებული. ვენახების დიდი ნაწილი რიონის ორივე ნაპირზეა განფენილი როგორც ლეჩხუმში, ასევე რაჭაში. მევენახეები, რომლებისაც ვენახები რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლებში აქვთ, 2022 წელს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მოსავლის რაოდენობაც სათანადო მიიღეს და არც ყურძნის ხარისხს უჩივიან. რასაც ვერ ვიტყვით რიონის მარჯვენა ნაპირის სოფლებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ რეგიონის კლიმატურ ეკლექტურობას და გამორჩეულობას.

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე აკაკის სირაძეს ვენახი და ახალაშენებული მარანი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელ ბუგეულში აქვს. აკაკი კმაყოფილია 2022 წლით.

აკაკი სირაძე, მარანი „ქვე შენი ჭირიმე“: „2022 წლის მოსავალი წინა წელთან შედარებით საკმაოდ ხარისხიანი იყო და ეს იმედია სათანადოდ აისახება ახალ ღვინოებში. ფერმენტაციის პროცესიც კარგად წარიმართა. წავაწყდით მცირე პრობლემას, ეს იყო ღვინის ბოლომდე ვერ დადუღება და შაქრის დაშლა, რასაც ვუკავშირებ ვენახში გოგირდის შემცველი პრეპარატების ზედოზირებას. რთველმა ძალიან კარგად ჩაიარა. 5 დღეში მოსავლის 90 პროცენტი დაბინავდა. ასეთი ტემპი განაპირობა სუბსიდიამ 3/4 ზე, საიდანაც კერძო კომპანია იხდიდა 3 ლარს, სახელმწიფო კი ფერმერს უნაზღაურებდა 4 ლარს. ამან გამოიწვია რეგიონიდან მოსავლის მთლიანი რაოდენობის ათვისება.
შემიძლია ვთქვა, რომ რაჭაში რთველი შედგა, მოსავალი 100% დაბინავდა, ახლა კი ჯერი მემარნეებზეა. ჩემი აზრით, რეგიონის ჩაკეტვა რაჭისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა, რაც შემოიტანდა დამატებით ფინანსებს. ვიმედოვნებ, ეს გეგმა მომავალ წელს განხორციელდება
“.

აკაკი სირაძის ოპტიმიზმს სამწუხაროდ ვერ იზიარებენ სხვა რაჭველი მევენახე-მეღვინეები. ილო მენაბდის მარანი და ვენახი სოფელი ძირაგეულში მდებარეობს. ეს სოფელი მდინარე რიონის საპირისპირო,  ანუ მარჯვენა ნაპირზეა და ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუფუჭდათ. ილომ მევენახეობა-მეღვინეობა არც ისე დიდი ხანია რაც დაიწყო, თუმცა ამ საქმის თანმდევ პრობლემებთან გამკლავება თავიდანვე მოუწია.


ილო მენაბდე, მევენახე-მეღვინე
: „ჩემთვის ნამდვილად არ იყო კარგი წელი. 2022 წლის რთველმა ალბათ ყველაზე ზუსტად გამოხატა როგორი საშინელი წელიც იყო. გვალვის, წვიმების, ვაზის დაავადებების გამო მოსავლის 3/4 დავკარგე. რაჭველი მევენახეების  უმეტესობაც ამ დღეშია. ჩემს გარშემო ყველას მინიმუმ გაუნახევრდა მოსავალი. წარმოიდგინეთ, 2000 ძირი ვაზიდან სულ რაღაც 700 კილოგრამი ყურძენი დავკრიფე და გამოდის, რომ ფაქტობრივად არ მქონია რთველი. წელს 5 წელი შეუსრულდა ჩემს ახალშენ ვენახს და დიდი მოლოდინით ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მოლოდინი მოლოდინადვე დარჩა“.

ტატიაზე მუშაობისას სამი მევენახე-მეღვინე გამოვკითხეთ, რომლებიც ლეჩხუმში, რიონის ხეობაში ცხოვრობენ. ისინი განვლილ წელს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ. რაჭის მსგავსად, ლეჩხუმის რიონის ხეობაშიც გარკვეული პრობლემები შექმნა გაზაფხულის წვიმებმა და ზაფხულის ზედმეტად მცხუნვარე მზემ, თუმცა მოსავალი მაინც საშუალოზე მეტი მიიღეს და არც ყურძნის ხარისხის უჩივიან. ლეჩხუმლების წელს ძირითადი პრობლემები ყურძნის გაყიდვის, უფრო ზუსტად ყურძნის დიდი საწარმოებისთვის ჩაბარების კუთხით შეექმნათ.

თამაზ ასათიანი, მევენახე-მეღვინე, სოფელი ტვიშ: „ჩვენთან გაყიდვების მხრივ იყო პატარ-პატარა უთანხმოებები, მაგრამ საბოლოოდ რთველი მაინც ნორმალურად დასრულდა. გლეხები და ყურძნის შემსყიდველები ფასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. შაბიამნის გაძვირების გამო, რომელიც (კარგი ხარისხის) გახდა 20 ლარი, მოსახლეობამ მოითხოვა კილოგრამ ყურძენზე ერთი ლარის დამატება, რაც არ დაკმაყოფილდა და ამან გამოიწვია მევენახეების უკმაყოფილება. საბოლოო ფასად 6 ლარი დადგინდა, რაც კომპანიებმა გადაიხადეს. გაუსაღებელი ყურძენი სახელმწიფო საწარმო „აკურამ“ ფაქტობრივად მუქთად წაიღო. პირადად მე მთელი მოსავალი დავწურე და იმედი მაქვს კარგი ღვინო მექნება“.


ტვიშელი მეღვინე, მირანდა ჩხეტიანი წლევანდელი ყურძნის ხარისხით უკმაყოფილოა. თუმცა, მირანდა ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, მათ სოფელში და ზოგადად ლეჩხუმში რთველი მაინც შედგა
.  

მირანდა ჩხეტიანი, „მირანდას ღვინო“:რთველმა ასეთუისე წარმატებით ჩაიარა. ჩვენ ცხადია დავწურეთ ყურძენი, ვისაც გაყიდვა უნდოდა - გაყიდა. ზოგი კერძო კომპანიებმა და ზოგიც სახელმწიფო კომპანია „აკურამ“ იყიდა. ტვიშის ცოლიკოურში 6 ლარი გადაიხადეს კერძო კომპანიებმა და 5 ლარი სახელმწიფომ. ეს ჩვენი ხეობის სამ სოფელში (ტვიში, ალპანა, ორხვი). სხვაგან ფასი 3 ლარი და სამლარნახევარი იყო. ზუსტად იგივე ფასი იყო შარშანაც. სხვა წლებთან შედარებით ყურძნის ხარისხი ერთიანობაში შედარებით დაბალი იყო. თავიდან კარგი შაქარი ჰქონდა, ბოლოს წვიმები დაიწყო, შაქრიანობამაც დაწია და ყურძენს ცოტა სიდამპლეც შემოერია“.
რაჭა-ლეჩხუმის რთველზე საუბარი შეუძლებელია ცნობილი უსახელოურისა და ოყურეში-ზუბის (მდინარე ცხენისწყლის ხეობა), ანუ ქართული ამ ყველაზე ძვირფასი ვაზის ჯიშის მიკროზონის ხსენების გარეშე. ერთ-ერთი პოიპულარული „უსახელოურის“ ავტორმა, მევენახე-მეღვინე დავით ჩაკვეტაძემ რთველი სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.  

დავით ჩაკვეტაძე, მევენახე-მეღვინე: „მშრალი ღვინის დასაყენებლად უკვე დავკრიფე ცოტა უსახელოური. სადესერტო ღვინისთვის რთველი ნოემბრის შუა რიცხვებში დავნიშნე. ასევე მაქვს ცოლიკოური, რომელიც 10 ნოემბერს დავკრიფე. ღვინოზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემი ღვინის რაობა ყველაზე ნათლად დეკემბერში ჩანს ხოლმე. ისე კი, 2022 წელი ჩვენთვის, ზუბელებისთვის ძალიან ცუდი წელიწადი იყო. ივლისი-აგვისტოში გვალვამ შეგვჭამა, სექტემბრის ნახევარი და მთელი ოქტომბერი წვიმა იყო. ერთი სიტყვით, ჩვენც და ვენახიც ძალიან გავწვალდით“.

რთველმა კარგად ჩაიარა. საუკეთესო მოსავალი მივიღე და ამ წელსაც დადებითად შევაფასებდი“ - ასე მარტივად, თუმცა ნათლად აღგვიწერს გასული წლის რთველს კიდევ ერთი ლეჩხუმელი მევენახე-მეღვინე, ისიდორე უჩაძე, რომელსაც ვენახი და მარანი სოფელ უცხერში (რიონის ხეობა) აქვს. ბატონი უჩა ზოგადად ოპტიმისტი ადამიანია და იმედია, სხვა რაჭა-ლეჩხუმელი მეღვინეებიც მომავლის რწმენას და იმედს არასოდეს დაკარგავენ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული