თეიმურაზ ღლონტი
გაზეთ “მარანის” ელექტრონულ ფოსტაზე ბოლო დროს საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოდის, სადაც მკითხველები თუ დარგის სპეციალისტები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ ხოლმე ამათუიმ საკითხზე. ბოლო დროს რამდენიმე ასეთი წერილი დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში, მათ შორის გიორგი ბარისაშვილის სტატია, სადაც იგი გასულ, 2011 წლის შედეგებს აჯამებდა. ასეთივე გამოხმაურებაა ბატონ თეიმურაზ ღლონტის ეს სტატიაც, რომელსაც დღეს გთავაზობთ. “მარანი” მზად არის მომავალშიც დაუთმოს ადგილი ამ ტიპის პუბლიკაციებს. შეგახსენებთ, რომ “გამოხმაურების” რუბრიკით დაბეჭდილი სტატიები შესაძლოა არ ასახავდნენ გაზეთ “მარანის” რედაქციის პოზიციას.
“მარანის” მთ. რედაქტორი.
როცა ქართული სუფრის ფენომენზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ტრადიციული და დღევანდელი სუფრა იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი დეგრადირებული ფორმით და შინაარსით კარდინალურად განსხვავდება ტრადიციული ქართული სუფრის რიტუალისაგან. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ამგვარი გადახრები ტრადიციულისაგან, ყოველთვის როდი გვხვდება ჩვენს ყოფიერებაში. ამგვარმა მდგომარეობამ ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს მისცა საბაბი ქართული ტრადიციული სუფრის წესების განქიქებისა და დაკნინებისა. ამგვარი ნიჰილისტური მიდგომა გამომჟღავნდა ჯერ კიდევ 2000 წლის 8 აგვისტოს ჩატარებული დისკუსიის დროს. რასაც წინ უძღოდა 90-იანი წლების მიწურულს გაზეთ "არილში” ბატონ ლ. ბრეგაძის მიერ გამოქვეყნებული წერილები. შემდგომში დისკუსიის მასალები დაიბეჭდა წიგნ-ბროშურაში: "ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება”, რომელიც გამოსცა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტმა”, ამ ღონისძიებების ინიციატორი ბატონი გია ნოდია იყო.
ამ გამოცემის ძირითადი მიზანდასახულობა ის გახლდათ, რომ დაერწმუნებინა მკითხველი: ქართული სუფრა არ არის უძველესი ტრადიციული ფენომენი და სადღეგრძელო ქართულ სუფრაზე საქართველოში რუსების დამკვიდრების შემდეგ გაჩნდა, ანუ ქართველებმა სადღეგრძელო XIX საუკუნემდე არ ვიცოდით. ამგვარი მიდგომა, ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებს თამადის ფუნქცია-მოვალეობებსა და როლს ქართულ სუფრაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულს ჩვენ გამოვეხმაურეთ გაზეთ "ახალ ერაში” (2001 წ., 13-16 თებერვალი) გამოქვეყნებული წერილით: "როცა ეროვნულ ტრადიციებს ნიჰილიზმის თვალით ვუმზერთ”, რომელიც შემდგომ შევიდა 2002 წელს გამოცემულ წიგნში: "ხმა მღაღადებლისა”.
ლიტერატურული და ბიბლიური წყაროების მოშველიებით, ვფიქრობთ, შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი გავეცით ქართული სუფრის ტრადიციების განმაქიქებლებს, ამდენად აღარ მიგვაჩნდა საჭიროდ, კვლავ მივბრუნებოდით ამ თემას, რომ არა სულ ახლახანს ტელეკომპანია - "რუსთავი-2”-ის ეთერით გაჟღერებული კიდევ ერთი მცდელობა კვლავ დაეკნინებინათ ქართული სუფრის ტრადიციები. ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაშიც ქართულ სადღეგრძელოზე გაკეთდა. ალბათ, ამჯერად, თავს შევიკავებდით გამოხმაურებისაგან, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. უკანასკნელი თერთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრების ასპარეზზე არაერთი თაობა გამოვიდა. მათი ძირითადი თუ არა, რაღაც ნაწილი ხომ უყურებს და უსმენს ტელეკომპანია - "რუსთავი-2”-ის გადაცემებს, ჰოდა, ეს ეთერი გახლავთ სწორედ ეროვნული ტრადიციებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება, მით უფრო, თუ ამას საზოგადოების "ავტორიტეტული” წარმომადგენლები ქადაგებენ.
საიდან გაიგებს ცხოვრების ასპარეზზე ახალფეხშემოდგმული ახალგაზრდა კაცი ჭეშმარიტი ტრადიციების შესახებ, როცა დღევანდელი სუფრის რიტუალი, (ჭირისა და ლხინის დეგრადირებულია, თალხი თუ სალხინო სუფრა დღეს თითქმის აღარ განსხვავდება ერთმანეთისაგან. დაკნინდა სუფრის ზნეობრივ-ეთიკური მხარე და ადგილი კუჭის ფსიქოლოგიამ, გართობისა და უგვანო ჭამა-სმის ასპარეზად გადაიქცა. და აი, სწორედ აქ არის საჭირო შეძახილი. ქართული სუფრის ტრადიცია სიცრუეა, მოგონილია და სადღეგრძელოც კი არ ვიცოდითო ქართველებმა.
ჩვენ ბოდიშს ვუხდით მკითხველს იმისათვის, რომ დაგვჭირდა ზოგიერთი ლიტერატურული წყაროს მითითება და ერთგვარად გამეორება ერთხელ უკვე ნათქვამისა.
მაშ, ასე, იცოდნენ თუ არა საქართველოში სადღეგრძელო?
იმის დასასაბუთებლად, რომ სადღეგრძელო არ არის ქართული სუფრების უძველესი ტრადიცია და ის სულ რაღაც ორ საუკუნეს თუ ითვლის, "რუსთავი-2”-მა მოაწყო გადაცემა, რომლის წამყვან-ჟურნალისტს კვესელაძეს რესპონდენტები სამ კატეგორიად ჰყავდა წარმოდგენილი: მეცნიერები, სუფრის ექსპერტები და სუფრის წევრები. ალბათ სუფრის მთავარი ექსპერტის კატეგორიაში ბატონი გ. ნოდია მოიაზრება, მაგრამ ის ხომ პოლიტოლოგის ტიტულით არის წარმოდგენილი? არსებობს კი "სუფრის ექსპერტის” ტიტული და ნეტავ რა ნიშნით ენიჭებათ ადამიანებს "სუფრის ექსპერტი”-ს წოდება?
სავსებით მართებულად მიგვაჩნია მეცნიერების, ისტორიკოსების ქალბატონ ხათუნა იოსელიანის და ბატონ გიორგი გოცირიძის შეფასებები ქართული ტრადიციული სუფრისა და სადღეგრძელოების შესახებ, რაც შეეხება გადაცემის მონაწილე ისტორიკოსს იგორ კვესელავას, იგი არსებითად არაფერს ამბობს სუფრის, თამადის და სადღეგრძელოს უძველეს ტრადიციებზე.
პოლიტოლოგ გ. ნოდიას მიაჩნია, რომ სადღეგრძელო და ზოგადად ქართული სუფრის ტრადიცია არ არის უძველესი მოვლენა, ის მე-XIX საუკუნეში იღებს სათავეს, ხოლო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს - პროფესორ ავთანდილ არაბულის დასკვნით სიტყვა სადღეგრძელო საქართველოში მე-XVIII საუკუნემდე არ მოიაზრება, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში სიტყვა "სადღეგრძელო” არ არის აღნიშნული. თუკი სიტყვა "სადღეგრძელო” ამ ფორმით სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არ ფიქსირდება ეს არ ნიშნავ იმას, რომ მე-XVIII საუკუნემდე დღეგრძელობის ტრადიცია საქართველოში არ არსებობდა. მაგრამ ამასთანავე ბატონი არაბული იმოწმებს აკ. წერეთლის სიტყვებს, რომ ძველად საქართველოში რამდენიმე სადღეგრძელო (ოთხი და არა სამი, როგორც ამას თავად ბატონი ა. არაბული აღნიშნავს) ისმებოდა. ბატონი ა. არაბული ასევე აღიარებს იმას, რომ გრ. ორბელიანს პოემაში - "სადღეგრძელო” მოცემული აქვს რამდენიმე სადღეგრძელო. მაგრამ რა არის კამათის საგანი არსებითად, ის, რომ ტერმინი - "სადღეგრძელო” XIX საუკუნემდე არ არსებობდა, თუ ქართველებს სუფრაზე დღეგრძელობის ტრადიცია არ ჰქონდათ და ის მხოლოდ XIX საუკუნეში გამოჩნდა? მოსალოდნელი იყო ის, რომ საკითხის უფრო ნათელჩენისათვის ბატონი ა. არაბული შედარებით ადრინდელ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით ეცდებოდა თავისი მოსაზრებების გაცნობას ტელემაყურებლისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.
აკაკი წერეთელი გვიდასტურებს იმას, რომ ქართველ მეფეებს ჰქონდათ ჩვეულება მშვიდობიანობის ჟამს საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად დიდი ლხინი გადაეხადათ, სადაც ქართველები "ილხენდნენ და გაჰკიოდნენ ერთხმად მრავალჟამიერსა”. განა ეს ქართველთა ტრადიციად ქცეულ ჩვეულებაზე არ მეტყველებს?
პოეტი ასევე გვიდასტურებს იმას, თუ რაოდენ ზნეობრივ-ეთიკური იყო ქართველთა ლხინი: ქართველებმა "მთვრალობა და სადღეგრძელო სათითოო არ იცოდნენ, ჩვენი ლხინი რომ ენახათ სირცხვილითაც დაიწოდნენ.”
რატომ უნდა დამწვარიყვნენ სირცხვილისაგან ჩვენი წინაპრები "სათითოო სადღეგრძელოს” მოსმენისას? თავმდაბლური ბუნება ქართველი კაცისა არ მოიაზრებდა ღვაწლისა და დამსახურების განდიდებასა და გაფეტიშებას, კეთილი და საქვეყნო, საერო საქმენი თავმოდრეკილობითა და სიმდაბლით სრულდებოდა, ამდენად წარსულში მიუღებელი უნდა ყოფილიყო სუფრასთან ერთმანეთის ქება-დიდება, "თუმცა მათში მეტი იყო, საქები და სასახელო.”
აი ეს კი XIX საუკუნეში რუსული მმართველობის წლებიდან წარმოჩენილი მავნე, არატრადიციული ჩვეულებაა, მაამებლური ლიქნის დამღით აღბეჭდილი, რაც ზნეობრივ-ეთიკური დეგრადირების უპირატესი გამოხატულება იყო. ეს არ იყო ქართველთა ადრინდელი ჩვეულება, ამდენად აკაკისავე თქმით ქართველთა წინაპრებს "ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდნენ.“
განა დიდი აკაკის თანამედროვე არ იყო გრიგოლ ორბელიანი?!გავიხსენოთ მისი "სადღეგრძელო”, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი ერევნის სიახლოვეს. რა სადღეგრძელოებს სვამდნენ ქართველები? ესაა: დაღუპული მეომრების, წინაპრების, ხელმწიფის, მამულის, მეგობრობის, სიყვარულის და მომავალი გამარჯვების სადღეგრძელო. სულ შვიდი სადღეგრძელო. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს პოემის დასაწყისში მოტანილი სიტყვები: "ძმანო, მორიგის სავსე ფიალით, ჩვენცა მოუსხდეთ ცეცხლსა ანთებულს ...” ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ლხინისას "მორიგი ფიალის” წინ სხვა სადღეგრძელოებიც წარმოუთქვამთ მეომრებს?
სუფრობა, ნადიმი, ლხინი ქართველთათვის მნიშვნელოვანი ყოფით-ზნეობრივი რიტუალი იყო როგორც წარმართულ, ისე ქრისტიანულ ეპოქებში. არა ერთი ლიტერატურული წყაროს მოშველიება შეიძლება იმის დასტურად, თუ როგორ ილხენდნენ და ნადიმობდნენ ქართველები ძველად.
"ქართლის ცხოვრება” (ტ. IV, გვ. ...):
"ტაბლასა ზედა სჭამდიან და ნადიმობდნენ ... სმიდიან ღვინოსა ...” გვ 24.
"ლხინთა ლხინობა და ჭირთა ჭირობა ...” გვ 24
"ნადიმობდნენ მეფეთა თანა და ურთიერთანა....” გვ 24
"უმეტესი დიდი იყო დღესასწაული არმაზისა და შემდგომად თაყვანისცემისა ჰყვიან ნადიმნი და განცხრომანი დიდითა ჭამითა და ღვინის სმითა.....” გვ. 25
მე-XI-XII საუკუნეების მიჯნა - "ამირან დარეჯანიანი”:
"...გარდახდა პურობა......დედოფალმა მოახსენა: თქუენ ყრმანი ხართ და ღმერთმა ათას წელ ცოცხლენ მეფობა თქვენი...” გვ. 88
"... პური ვჭამეთ და ღვინო ვსვით, მერმე აავსო ჭიქა ერთმან, ზე ადგა და ეგრე თქვა: ადიდენ ღმერთმან სეფედავლე იგი დარისპანისძე....” გვ 105
".... და ღვინოს სმიდეს მრავალგან და ყველანი სეფედავლეს მზესა ფიცევდეს და ლოცვიდეს...” გვ. 105
"კვლა აასვო ჭიქა და მე მომცა და ეგრე მითხრა: "დალოცე შენცა სეფედავლე დარისპანისძე და მაშინ შესვიო ....” გვ. 206
მე-XII საუკუნე - "ვეფხისტყაოსანი”:
"შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა, სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა-ყველაი, ფეროზისა და ლალისა, არვისი ბრძანა მეფემან, არცა გაშვება მთვრალისა.” 476
"კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა, კვლა გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა” 482
"სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს ვითარცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.”
დედოფალი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ქორწილზე ასე მიმართავს მექორწილეთ: "ულოცეთა დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით.”
ლხინი, პურობა, ნადიმის რიტუალი ქართველი კაცის ყოფიერ-ცნობიერი სამყაროს განუყოფელი და განმაპირობებელი რამ იყო დღენიადაგ. ამას ცხადად გვიდასტურებს შოთა რუსთაველი ტარიელის სიტყვებით "შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან.” "ნადიმის შექმნა” მოიაზრებს ყოველივეს რაც კი ნადიმს ქმნის და აყალიბებს, როგორც მრავალასპექტიან შემოქმედებით პროცესს.
სტრიქონის პირველი ნაწილი სწორედ მისი შემოქმედებითი ბუნების გამომხატველია, მას ძალუძს შექმნას ნადიმი თავად შოთა რუსთაველი ხომ "ქმნას” განიხილავს როგორც შემოქმედებით პროცესს: "რომელმან შექმნა სამყარო”. ამდენად, ნადიმის შექმნაც შემოქმედებითი ქმნადობის შედეგია. სტრიქონის მეორე ნაწილი კი: "ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან” პირდაპირ მიგვანიშნებს იმას, რომ დღიდან გაჩენისა ქართველი კაცისათვის ლხინი, გახარება მისი ბუნების, მისი ხასიათის განუყოფელი, თანამდევი თვისებაა.
ბიბლიასა და ძველ ქართულ ხელნაწერებში მრავლადაა სიტყვა-ცნებები: "დღეგრძელი”, "დღეგრძელყოფა”, "დღეგრძელობა”, "დღეგრძელება”, "დღემრავალი”, "დღემრავლობა”, "მრავალდღეობა”. (ი. აბულაძე, ძვ. ქართული ენის ლექსიკონი 1973 წ. გვ. 144): "რაითა იდღეგრძელოთ ქვეყანასა ზედა”, "რაითა დღეგრძელ იყვნენ ქვეყანასა მას ზედა”, "ამის მიერ დღეგრძელობდეთ ქვეყანასა ზედა”, ამათ სიტყუათა გამო დღეგრძელ იყვნენ ქვეყანასა მას ზედა.”
მეტად საინტერესო ცნობებს ქართული სუფრისა და სადღეგრძელოს შესახებ გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი თავის წიგნში: "ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), თბ.1975 წ.
ჟან შარდენის აღწერით, საქორწინო ნადიმზე დამსწრე უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებულები იყვნენ ქართული სუფრით: "კერძები საოცარი წესრიგითა და უხმაუროდ შემოჰქონდათ. ყველა უხმოდ ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მაგიდაზე მსხდომი სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობდა, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ას ორმოცდაათი კაცი. ამ საუცხოო წესრიგის შემდეგ, ყურადღებას ყველაზე მეტად ჭურჭლეულობის სიმრავლე იქცევდა”.
"....ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე სადღეგრძელო ყველას არ შემოივლიდა....” გვ. 347
".... ახალი სადღეგრძელო რვა უფრო მოზრდილი სასმისით ისმებოდა...” გვ. 347
"...გამომშვიდობებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო...” გვ.349
"...სმის დაწყებისთანავე საკრავებიც აჟღერდნენ და სიმღერაც დაიწყო...” გვ. 348
ქართულ ენაში სიტყვა - "თამადის” და "თანამეინახის” არაერთი სინონიმი გვხვდება - წინამძღვარი, სუფრის თავი, პურის მტე, სუფრის უფალი, სუფრის გამრიგე. რაც შეეხება თავად ტერმინ - "თამადას” პირველად ის მოხსენიებულია დავით ჩუბინაშვილის მიერ 1887 წელს სანტ-პეტერბურგში გამოცემულ ქართულ-რუსულ ლექსიკონში. დ. ჩუბინაშვილი თამადობას განმარტავს, როგორც "თუმანჯობას”, "თუმაჩიანობას”, უფროსობას ან თავობას, მაგალითად ღვინის სმაში. ჩვენ არ შევჩერდებით იმაზე, თუ რა შესაძლო გზით შეიძლებოდა "თუმაჯობა” "თამადობად” ქცეულიყო, მაგრამ ხაზს გავუსვამთ ერთ გარემოებას - "თამადობა” ქართულ წიაღში წარმოშობილი სიტყვაა და იგი უთარგმნელად არის შესული მეზობელი ხალხების ენებში.
დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებულია ქართველებისა და ბასკების ნათესაობის საკითხი. როგორია ბასკურ ენასა და ყოფაში თამადობისა და სადღეგრძელოთა ხასიათი? ბასკურად თამადას "მაიბურუ” ეწოდება (მაი-მაგიდა, ბურუ-თავი). მაშასადამე, სუფრის თავი. გავიხსენოთ ქართულში თავის შებურვა, მობურვა. ბასკური სუფრა იწყება მშვიდობის სადღეგრძელოთი, ისევე როგორც გურიაში, ხოლო სუფრის გასრულების წინ, ბოლოს წინა სადღეგრძელო ღვინისაა. საინტერესოა, ეს სადღეგრძელოები გურიასა და ბასკეთში ერთდროულად კავკასიაში რუსების შემოსვლის შემდეგ წარმოიშვა?
მეტად მნიშვნელოვანია ისო ზირაქის სიბრძნის ის ნაწილი, რომელიც ნადიმის წინამძღვრის ფუნქცია-მოვალეობებს ეხება. თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ და გავაცნობიერებთ ისო ზირაქისეულ სიბრძნეს, დავრწმუნდებით, რომ მისი პრინციპებით წარმართული სუფრა სხვა არა არის რა, თუ არა ლხინი ტრადიციული ქართული გაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია უპირველესი წიგნი იყო და არის მსოფლიოს არაერთი ერისათვის, არცერთ მათგანს (განსაკუთრებით კი მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევართ) სარიტუალო-ყოფით სამყაროში არ ჩამოუყალიბებია ისე სრულყოფილად და ამაღლებულად ზირაქისეული პრინციპები სუფრის გაძღოლისა, როგორც ეს ქართულ სამყაროში მოხდა. რაც შეეხება თამადობის დახვეწილ ინსტიტუტს, მისი ჩამოყალიბება სწორედ ქართველურ სამყაროში უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ვაზისათვის ქართული მიწა ადგილის დედაა, ამასთანავე, არ უნდა გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ზირაქისეული სიბრძნის მატერიალური საფუძველი ქართველური ყოფითი სამყაროდან მომდინარეობდეს.
ქართველურმა ყოფითმა კულტურამ შეძლო დღევანდლამდე შემოენახა სუფრის ორგანიზაციული სტრუქტურის ბიბლიური იერსახე, ყოველივე ეს მეტყველებს ქართული ცნობიერების უძველესი, ბიბლიური საწყისიდან მომდინარეობასა და მის წარუვალობაზე.
განა ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეიძლება კიდევ ვამტკიცოთ, რომ საქართველოში სუფრის წარმართვის, თამადობის და სადღეგრძელოების ტრადიცია არ არსებობს, რომ ამ ტრადიციებს ისტორიული ფესვები არ გააჩნია.
უკეთუ ბატონ გ. ნოდიას ჩვენი ადრინდელი გამოხმაურება 2000 წელს გამართულ დისკუსიაზე არ წაუკითხავს ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი, მას, როგორც "ყოვლისმცოდნესა და ერუდიტს” უნდა სცოდნოდა ჩვენი გამოხმაურების შესახებ. თუ არა, იმ წყაროების შესახებ მაინც, რასაც ზემოთ აღვნიშნავდით. შესაძლოა, მას ეს ყოველივე არ სცოდნოდა, ამ შემთხვევაში კი მისი კომპეტენცია ეჭვის ქვეშ დგება.
გაუგებარია თავის მოსაზრებების ჩამოყალიბებისას ბატონი ა. არაბული რატომ არ დაეყრდნო ძველ ქართულ წყაროებს.
ვის წისქვილზე ასხამს წყალს ტელეკომპანია - "რუსთავი-2”-ის გადაცემა, კერძოდ კი, ბატონ გ. ნოდიას რადიკალური განცხადებები? უეჭველია იმათ წისქვილზე, ვისაც სურს ფერფლი დააყაროს, დააკნინოს და გააყალბოს ქართველების ათასწლეულთა მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციები მატერიალური და სულიერ-ზნეობრივი კულტურისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული ვაზის ჯიშები, ქართული სუფრა თამადითა და სადღეგრძელოებით არ არის მხოლოდ ქართული კულტურის ხელთუქმნელი განძი, ეს ყოველი მსოფლიო კულტურის ერთი კოლორიტული და განუმეორებელი ნაწილიცაა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი