ქეთი ადეიშვილი
ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემმა სვანმა ახლობლებმა ლამპრობაზე დამპატიჟეს, ცოტა ვიუცხოვე, მსმენოდა, რომ ამ დღესასწაულზე მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან და ჩემი ადგილი იქ ნამდვილად არ იქნებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეს შანსი მაინც არ გამეშვა ხელიდან და მიმეღო გულღია მასპინძლის გულითადი მიპატიჟება. არც მინანია. დილის 6 საათზე უკვე მტკვრის პირას აშენებული პატარა ეკლესიის ეზოში ვიყავი. ძნელია იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, სხვადასხვა ადამიანის სახელზე აელვარებული ლამპრებისგან შექმნილი სანახაობა რომ გიქმნის. ქარი ცეცხლს აძლიერებს და ჰაერში ასული ნაკვერჩხალი წვრილ-წვრილი, მანათობელი ფიფქებივით ცვივა მიწაზე. პირველი ლამპარი წმინდა გიორგის სახელზე აინთო, შემდეგ კი თითოეულმა მამაკაცმა თავისი და თავისი ოჯახის წევრების სახელზე აანთო ლამპრები. როგორც ბატონმა სოსო კვიციანმა ამიხსნა, ეს ლამპარი როგორც სანთელი ისე ინთება, ამ დროს მამაკაცები ლოცულობენ, შეავედრებენ საკუთარ თავს, იმ ვაჟკაცების სახელებს, რომელთათვისაც ანთებენ ლამპრებს, შემდეგ სამშობლოს, ოჯახს და სხვა. ვისაც ძე არ ყავს, ვაჟის შეძენას შესთხოვს ღმერთს. აღსანიშნავია, რომ სვანები რელიგიურ რიტუალს საოცარი გულმოდგინებით ასრულებენ. ლამპრობა, ისევე როგორც ბევრი სხვა დღესასწაული სვანეთში, ვალდებულებითია ყველასთვის. ერთ წელიწადს ერთი მოსახლე (საძმო) გადაიხდის ლამპრობას, მეორე წელიწადს – მეორე. ამის მიხედვით მოსახლეთა ერთი ნაწილი იხდის დღესასწაულს და მეორეს ეპატიჟება, მეორე წელს – პირიქით. მასპინძელს უხვად უნდა ჰქონდეს ხორაგი: პური, არაყი, ხორცი და ყველი.
ოჯახის უფროსმა ლოცვა წაიკითხა და კოცონის გარშემო შემოკრებილ სტუმრებს ლემზირები – სარიტუალო კვერები ჩამოურიგა. ეს კვერი ლამპრობისას ყველამ აუცილებლად უნდა ჭამოს. შემდეგ მან დანარჩენი სასმელ-საჭმელი მიიტანა სალოცავთან, კვლავ წარმოსთქვა ლოცვა და სპეციალურად მომზადებულ მაგიდაზე დადგა. რიტუალის დასრულების შემდეგ დაიწყო პურობა. რაც შეეხება სუფრას – საგანგებოდ ამ დღისთვის იკვლება საკლავი – საქონელი, ბატკანი, ვაცი. ქალები წინასწარ ხაჭაპურებსა და კუბდარს აცხობენ. თავიდან შემოიტანეს საქონლის გულღვიძლი, რომელიც ჯერ იხარშება, შემდეგ კი იწვება. ხორცეულს ყველა სვანური მარილით მიირთმევს. ნამდვილი სვანური მარილი განუმეორებელ გემოს სძენს მას. გულ-ღვიძლს ვაცის ხაშლამა მოყვა, შემდეგ კი ბატკნის მწვადები. შამფურები სტუმრებს ხელში ეჭირათ და თავად წვავდნენ მაყალზე. როგორც ამიხსნეს, ესეც ერთგვარი ტრადიციაა. ზეიმი ძალაში შევიდა და სტუმრებმა “ლილეო” წამოიწყეს. ლილეოს მრავალჟამიერი მოყვა, შემდეგ კი მომღერალთა მთელმა გუნდმა ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც ვინ იცის მერამდენედ იგალობა “წმინდაო ღმერთო” და “შენ ხარ ვენახი.” უკვე კარგად გათენებული იყო, როდესაც ბატონ სოსოს დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი, თუმცა, როგორც წესი, დღესასწაულის აღნიშვნა ხან საღამომდეც გრძელდება ხოლმე.
ლამპრობა (სვანურად ლამპრობ,- ლიმპჲარ, სუიმნიშ ლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაული იყო ძველ საქართველოში. პროფესორ ზვიად კვიციანის აზრით, მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ამ დრომდე ეს ტრადიცია მხოლოდ სვანეთს შემორჩა. ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით, “ლამპრობის” დღესასწაულზე, სადაც თითოეული მამაკაცის სახელზე თითო ლამპარი ენთებოდა, ადგენდნენ პოტენციური მეომრების რაოდენობას. ზოგი ისტორიკოსი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამის დასასაბუთებლად ერთ საგულისხმო დეტალს გამოყოფს: ანთებული ლამპარი მიჰქონდათ წინა დღით დაბადებული ვაჟის სახელზეც, რომელიც ვარანაირად ვერ იქნებოდა იმ დროისთვის პოტენციური მეომარი. არის ვერსია, რომ ადრეული პერიოდიდან მოყოლებული ლამპრებს სვანები გარდაცვლილთა სულებისთვის ანთებდნენ. მათი რწმენით, ანთებული ჩირაღდანი მათ სულებს უთბობდა და საიქიოს გზას უნათებდა.
დროთა განმავლობაში წარმართული ტრადიციები შეერწყა ქრისტიანულს და დღეს ამ ტრადიციას წმინდა გიორგის სახელსაც უკავშირებენ. ლამპრობა წელიწადში ორიჯერ აღინიშნება. ერთი მათგანი აღდგომამდე ათი კვირით ადრე იმართება, მეორე კი, რომელსაც ლამპრობა-სვიმნობას უწოდებენ, ემთხვევა მირქმას. სახელწოდება "სვიმნობა" უკავშირდება სვიმონ უფლისმოქმედის სახელს (ესეც წინაქრისტიანული და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმამ გამოიწვია.), რომლის დღეც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, 1 თებერვალია.
სვანეთში სულ სხვა ხიბლი აქვს ამ დღესასწაულს. ლამპრებს არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისგან ამზადებენ. ერთი ჩირაღდანი ოჯახის სახელზე კეთდება, დანარჩენი – ოჯახში მყოფი მამაკაცების რაოდენობით განისაზღვრება. გათენებამდე ანთებული ლამპრები მიაქვთ წმინდა გიორგის სალოცავში, სადაც ლოცულობენ, წმინდა გიორგის სადიდებლად "ჯგურაგიშს" - გალობენ. ამის შემდეგ დანთებული კოცონის გარშემო გრძელდება ზეიმი. გაისმის საგალობლები, იმართება ფერხული, ჭიდაობა და გუნდაობაც კი. ლამპრების დაწვის დროს ოჯახებიდან მოიტანენ ხონჩაზე დაწყობილ სამ-სამ ყველიან პურს. ერთი სოფლის მოხუცთაგანი (ან რამოდენიმე) ხონჩიანად შეულოცავს ამ პურებს შემდეგი სიტყვებით: "უფალო! ათმეზირ, (ოჯახის უფროსის სახელი) მიჩა ლირდე ლიზგე, მიჩა ნაყან-ნალაშ, მიჩა მეცხემ-მეჰაალი აშღად ლერსგვანთე ახსიპინ." (უფალო დალოცე, მისი ყოფა-ცხოვრება, მისი ნაქნარ-ნამოქმედარი, მისი ნახნავ-ნათესი, მისი მოზარდი, მომსწრე ახალგაზრდობა). ამგვარად იგი დალოცავს თითოეულ მოსახლეს, შემდეგ იმართება ტრაპეზი და ზედაშეს რიტუალური სმა. ადრეულ პერიოდში ეკლესიიდან ხალხი შინ ბრუნდებოდა. მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ.
ზოგგან ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო, მეორე - წმინდა გიორგის და მესამე - ცის საკეთილდღეოდ. კვირა დილას თითოეული ოჯახი აანთებდა წინასწარ გამხმარ ლამპრებს. ერთ დიდი ლამპარი მიჰქონდათ ეკლესიაში, ერთი - კალოში. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონებს ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე წვავდნენ. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს – სალოცავ კვერებს და იმართებოდა საერთო დღესასწაული. ლამპრობას ყველას შეეძლო, დაუპატიჟებლად მისვლა. სტუმარს, თუნდაც მტერი ყოფილიყო, მაინც პატივით მიიღებდნენ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი