Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით

გიორგი ბარისაშვილი

ქართული უნიკალური ჭურჭლის - ქვევრის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა საღვინეა და ამ ტიპის ჭურჭლის შექმნა სწორედ მეღვინეობის განვითარებამ გამოიწვია ჩვენში. უკვე არაერთხელ აღნიშნულა და ჩვენ კვლავაც გავიმეორებთ, რომ ეს პროცესი, ანუ უკვე დასრულებული სახის კულტურული მევენახეობა-მეღვინეობა შორეულ პრეისტორიულ პერიოდში, დაახლოებით 8000 წლის წინაა დაწყებული. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ამ ადგილას ქვევრების დამზადება დღემდე გრძელდება, რასაც ადასტურებს ძალზე მდიდარი არქეოლოგიური მასალაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრს, მისი უმთავრესი დანიშნულების გარდა, ხშირად სხვა გამოყენებაც ჰქონდა და ამასთან არაერთიც. რისთვის გამოიყენებოდა ქვევრები საქართველოში გარდა ღვინისა? აი ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ჩვენ მოკლედ შევეხებით წინამდებარე წერილში.

 ჭურჭელი ქვევრი ღვინის დასაყენებლად და შესანახად მართლაც, რომ უნიკალურია, მაგრამ ერაერთი ისტორიული წყარო და ასევე ზეპირი გადმოცემა იმაზეც საუბრობს, რომ ქვევრში ღვინის გარდა ინახეობა სხვადასხვა პროდუქტიც და ასერიგად მას სხვა გამოყენებაც ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ცნობა, რომელმაც ჩვენამდე გადმოცემის სახით მოაღწია გვაუწყებს იმას, რომ თიანეთში და უფრო კონკრეტულად, სოფელ ჟებოტაში მიღებული ყოფილა ადგილობრივი ხილისა და ასევე ჭაჭის არყების ქვევრებში დაძველების პრაქტიკა, რის შემდეგაც ამ სახის არყის გემო გარკვეულწილად უმჯობესდებოდა. მართალია, თიანეთი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს (დაბა თიანეთი - 1100 მ.), მაგრამ აქ ძველთაგანვე ხარობდა ვაზი და ადგილობრივი მოსახლეობა, გარდა ხილის არყისა, „ჭაჭასაც“ ხდიდა. ის, რომ ამ ადგილას ვაზი ძველთაგანვე ხარობდა, ადგილობრივი ტოპონიმიკაც ცხადყოფს. არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, მაგრამ შევეხებით ერთ ფაქტს, რომელზეც მცირეოდენი ცნობა მოვიძიეთ გურამ ბედოშვილის წიგნში - ერწო-თიანეთის ტოპონიმია (თბილისი 1980 წ.) გვ. 101.

ვაზიანა - ველტყიანი ადგილი (სოფელი თეთრახევა). „ამას ჩვენ ვიტყვით ვაზიანა ველსაც. პირმზითი ალაგია, ქვევრი ამოდის, ნაყორია“ (მთხრობელი ივანე არჩემაშვილი)...

ამრიგად, თიანეთში ქვევრი ჭაჭისა და ხილის არყის შესანახადაც გამოუყენებიათ ძველთაგანვე. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ამ უკანასკნელისა თიანეთის მხარეში მცირე ზომის ქვევრებს, ქოცოებს სხვა დანიშნულებაც ჰქონდა, რომელ საკითხსაც ჩვენ ცოტა ქვემოთ დავუბრუნდებით. გარდა თიანეთისა ქვევრებსა და ქოცოებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამოიყენებდნენ სხვადასხვა არყის შესანახად. ამრიგად ქვევრი საქართველოში საარყე ჭურჭლადაც გამოიყენებოდა. აქვე ალბათ ისიც უნდა ვთქვად, რომ, როგორც ჭაჭის, ისე ხილის არყის გამოსახდელად დასადუღებელი და ამ ნედლეულის გარკვეული დროით შესანახი ჭურჭელიც ქვევრი იყო და ამრიგად ყურძნის ჭაჭაც და ხილიც გამოხდამდე ქვევრშივე იყო შენახული.

ქვევრი ჩვენში უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა მარცვლეულის შესანახ ჭურჭლად. პურის ორმოები, ან პურის ხაროები, კლდეში ნაკვეთებიც გვხვდება, მაგრამ, როგორც ითქვა, მარცვლეულის შესანახად ძველ დროში ქვევრებიც გამოიყენებოდა.

შემდეგი პროდუქტი, რისთვისაც ქვევრებს იყენებდნენ, ესაა მწნილეული. ცხადია, საამისოდ მომცრო ქვევრებს შეარჩევდნენ და ასეც იყო. ქვევრების დასახელებების ჩამონათვალში ერთ-ერთია „დერგი“. დღევანდელი დერგები მიწისზედა ჭურჭლად, ანუ მიწაზე დასადგმელად გამოიყენება და ეს ჭურჭელი უპირატესად მწნილეულის ჭურჭლად ითვლება. თუმცა დერგის თავდაპირველი დანიშნულება უნდა ყოფილიყო სწორედ საღვინე და არა სამწნილე...

ერთ-ერთი შემდეგი პროდუქტი, რასაც ასევე ქვევრში ინახავდნენ, ესაა ყველი და ასევე ერბოც. კვლავაც სულხან-საბას ლექსიკონს მივმართავთ და აღვნიშნავთ, რომ ამ ტიპის ჭურჭლის სახელების საბასეულ ჩამონათვალში გვხვდება ტერმინი - „ხალანი“, რომელიც ლექსიკონის ავტორის განმარტებით ქვევრის ერთ-ერთ ტიპს რქმევია ძველად. დღესდღეობით ხალანის დანიშნულება შეცვლილია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მასში ამჟამად მხოლოდ ყველს ინახავენ. რადგან რძის პროდუქტებს შევეხეთ, აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ზოგიერთ ადგილას მცირე ზომის ქვევრებში მიღებული იყო ერბოს შენახვაც. განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, ერბოსაც და ყველსაც თითქმის არ გამოიყენებდნენ და გარკვეული პერიოდით იმარაგებდნენ, რომელი პროცესისთვისაც ქოცოები იდეალური აღმოჩნდა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ, მაგალითად, ფშავში ადგილობრივი ტრადიციული რძის პროდუქტის - „დამბალხაჭოს“ დასამწიფებლად მცირედი პერიოდით ისევ და ისევ ქვევრებს იყენებენ. ამავე დანიშნულებით ქოცოები თიანეთშიც გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება, რაც ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. დამბალხაჭოს ქვევრებში არა მხოლოდ დასამწიფებლად, არამედ შესანახადაც აწყობდნენ გარკვეული დროით.

ქვევრი ასევე კარგი პირობების შემქმნელი აღმოჩნდა ზოგიერთი ხილის შესანახადაც. მაგალითად, ხალხური გადმოცემა საუბრობს დასავლეთ საქართველოს მსხლის ერთ-ერთი ჯიშის - „ხეჭეჭურის“ ქვევრებში, ჭურებში შენახვის პრაქტიკაზე. შესაძლოა მსხლის ამ ჯიშის დასახელება სწორედ მის შესანახ ჭურჭელს - ჭურს უკავშირდებოდეს – ხეჭეჭურიჭური...

დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი იმერეთის ზოგიერთ ადგილას ქვევრებში ვაზის მყნობისათვის განკუთვნილ საკვირტე მასალასაც ინახავდნენ გარკვეული დროით. ზოგიერთი მენამყენე ქვევრის ამ სახით გამოყენებას დღემდე აგრძელებს. მართალია, ვაზის მყნობის მეთოდი საკმაოდ გვიან გავრცელდა ჩვენში, მაგრამ ქართველმა მევენახემ მალევე აუღო ალღო იმ გარემოებას, რომ „კვირტის“ გარკვეული დროით შესანახად ქვევრი იდეალური ჭურჭელია.

 ქვევრები შემოსევების დროს ერთგვარ სამალავ საცავებად გამოიყენებოდა და ქართულ ტაძარ-მონასტრებში მყოფი ხატები, სიწმინდეები და განძეული ასეთ ავბედით დროს სწორედ ქვევრებში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მეთოდმა არა მხოლოდ ლეკიანობისა და მეზობელი, თუ გადამთიელი მტის შემოსევების დროს, არამედ ბოლშევიკების პერიოდშიც გაამართლა...

გადმოცემისავე თანახმად, საგულდაგულოდ ამომშრალებულ ქვევრშივე უნდა მომხდარიყო კაკლის შენახვაც...

ქვევრების გამოყენება ჩვენს ციხე-სიმაგრეებში და კოშკებში წყლის ერთგვარ რეზერვუარებადაც ხდებოდა. ამიტომაც ციხეებში, თუ საბრძოლო კოშკებში ხშირად დასტურდება ქვევრების არსებობა. მეორე მხრივ, ჩვენში არსებობდა ე.წ. „კოშკმარნებიც“, ესე იგი ციხესიმაგრესა და კოშკში მოწყობილი მარნები, მაგრამ მაინც საბრძოლო ნაგებობებში გვხვდება, როგროც ღვინის დასაყენებელი, ისე წყლის მოსამარაგებელი ქვევრებიც. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო ნაგებობებში წყლის მომარაგება ხდებოდა წინდაწინ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბრძოლის დროს წყლის მომარაგება შეუძლებელი იქნებოდა. როგორც ირკვევა, ქვევრში წყალი განსაკუთრებით დიდი ხნით ინახება, რადგან იგი მასში აბსოლუტურ ბუნებრივ პირობებში იმყოფება და ამრიგად ხანგრძლივადაა დაცული გაფუჭებისაგან წელიწადის თბილ პერიოდშიც კი.

და ქვევრის კიდევ ერთი დანიშნულება...

წიგნში „მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქელოგიური მასალების მიხედვით“ ა. ბოხოჩაძე, თბილისი 1963წ. გვ. 125 ვკითხულობთ:

...გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანას მიეკუთვნება თრიალეთში და სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი მინიატურული ქვევრები. საქართველოს არქეოლოგიის სახელმძღვანელოში სამთავროში აღმოჩენილი ქვევრის მოდელების შესახებ აღნიშნულია, რომ ისინი მიეკუთვნებიან საბავშვო-სათამაშო ჭურჭლებს. აქ შედის ქოცუკები, მინიატურული ქვევრის მსგავსი ჭურჭელი - 3 ცალი, შავად გაპრიალებული და ძირჩავიწროვებული...

ცხადია მინიატურული ქვევრების გამოყენება ქართულ სუფრასთან, როგორც განსხვავებული სასმისისა არ გამოგვრჩენია, მაგრამ ამ ფაქტზე ამჯერად არ შევჩერდებით...

ახლა კი შევეხოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რასაც წარმოადგენს ქვევრსამარხი. ეს უკანასკნელი არის ჩვეულებრივი ქვევრი, რომელიც სპეციალურადაა შუაზე გაჭრილი, რათა მასში დაკრძალულიყო ადამიანი. ქვევრსამარხი შესაძლოა ქვევრის დიდი ნატეხებისგანაც შედგებოდეს. ადამიანებს ამგვარად ადრეანტიკური ხანიდან ელინისტური პერიოდის ჩათვლით კრძალავდნენ. ამ მეტად საინტერესო რიტუალის ძირეულად შესწავლის შედეგად ვარაუდობენ, რომ ქვევრსამარხში დაკრძალულია მამაკაცი, რომელსაც თავის დროზე ეკუთვნოდა ის ქვევრი, რომელშიც იგი იკრძალებოდა და ეს ვარაუდი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო...

 უნდა ითქვას, რომ ქვევრს აქვს ფრინველის კვერცხის ფორმა. ანუ ქვევრის ფორმა, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად იმეორებს კვერცხის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს ფორმას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქვევრსამარხში ადამიანი (მამაკაცი) დაკრძალულია ემბრიონის პოზით, მაშინ შეიძლება ერთი დიდად საინტერესო პარალელის გავლება. კერძოდ ის, რომ დედის წიაღში, საშვილოსნოში მყოფი ბავშვი დაბადების წინარე პერიოდში სწორედ ისეთივე პოზაშია, როგორც ქვევრსამარხში დაკრძალული ადამიანი და რაც ასევე ყურადსაღებია, ამ დროს საშვილოსნოს სწორედ კვერცხის ფორმა აქვს. გარდაცვალების შემდგომად ადამიანს აბრუნებენ ისეთ ფორმაში და პოზაში, როგორიდანაც იგი ამ ქვეყანას მოევლინა... და ამ ყველაფერს ადამიანი მიხვდა ჯერ კიდევ ადრეანტიკურ ხანაში?

ადრეანტიკური პერიოდიდან სწრაფად გადმოვინაცვლოთ მეოცე საუკუნეში და ჩვენი მოკლე წერილი იმ გონებამახვილური მიგნებით დავასრულოთ, რასაც ქართველი ადამიანი, მართალია ვერ მიხვდა ადრეანტიკურ ხანაში, მაგრამ სამაგიეროდ მიხვდა კომუნისტურ ხანაში. კერძოდ კი ის, რომ კახეთში სად არ გაიგონებს კაცი ისეთ რეალობას, როდესაც დიდი სიცხეების დროს ორი ან სამი მამაკაცი სუფრას დიდი მოცულობის ქვევრებში გაშლიდა. ესე იგი მამაკაცები ჩადიოდნენ უზარმაზარ ქვევრში, ჩაჰქონდათ მცირე ზომის ტაბლა, სასმელ-საჭმელი და არც მეტი, არც ნაკლები ქვევრში ქეიფს აჩაღებდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთ დროს სუფრეული ხშირად ქართული სიმღერითაც გვირგვინდებოდა. ქართული სამხმოვანება კი დაგვეთანხმებით, განსაკუთრებით მაშინაა სასიამოვნო მოსასმენი, როდესაც იგი ქვევრიდან „ამოსჭვივის“... ესეც ქვევრის კიდევ ერთი დანიშნულება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული