პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მზარდმა ინფლაციამ ბიზნესებსა თუ ინდივიდებზე დიდი გავლენა იქონიეს. თუმცა, ეს კრიზისი ხელახლა გადააზრებისა და ახალი იდეების წყაროდაც კი შეიძლება იქცეს. ბოლო რამდენიმე წელი ღვინის სექტორისთვის სწორედ ასეთი იყო.
გასულ წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება 4%-ით, მიღებული შემოსავალი კი 16%-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ადამიანები არამხოლოდ მეტ ღვინოს ყიდულობდნენ, არამედ უფრო მეტის გადახდაც უწევთ. ამგვარ ცვლილებებს ინდუსტრიაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
თუმცა, პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მზარდმა ინფლაციამ ღვინის ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვზე დიდი გავლენა იქონია. მეღვინეებს ბოთლის მინაზე 20%-იანი ფასის ზრდასთან ადაპტირება უწევთ. გაიზარდა ღვინის ტრანსპორტირების ფასიც. ევროპელ მეღვინეებზე ნავთობის ფასის ზრდაც დიდ გავლენას ახდენს.
კლიმატის ექსტრემალური ცვლილება ევროპის ზოგიერთი რეგიონის მეღვინისთვის განსაკუთრებული და მზარდი პრობლემაა. მწარმოებლები ამგვარი გაურკვეველი და ქაოსური მდგომარეობის წინაშე არიან. თუმცა, მათ სჯერათ, რომ ახალი გამოწვევები გააძლიერებთ, ალტერნატიულ გზებსა და ხედვებს კი მალე მიაგნებენ.
ბევრი მეღვინე ამბობს, რომ მზარდი ხარჯები და შეფერხებები მათ ორგანული მეღვინეობისკენ უბიძგებთ, რაც ნაკლებ ხარჯსაც ნიშნავს.
ნაპას ველის ერთ-ერთი მეღვინე ამბობს, რომ მან მინასთან თუ სხვა საშუალებებთან ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადააზრება დაიწყო. იგი ახლა გაცილებით ნაკლებ ტექნიკასა და ქიმიურ საშუალებებს იყენებს, გადაწყვიტა ორგანულ მეთოდს მიმართოს. მის აზრს ბევრი სხვა მეღვინეც იზიარებს.
რაც შეეხებათ იმ მეღვინეებს, ვინც მანამდეც ორგანულ მეთოდს იყენებდნენ, მათი მდგომარეობა ისედაც გაცილებით ნაკლებად იყო გართულებული. მათთვის როგორც მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემებისთვის, ისე გარემოსთან დაკავშირებულისთვის, თავის გართმევა ბევრად მარტივია. ნაპას ველის ზოგიერთ მეღვინეს გარემოსთან ადაპტირების ერთ-ერთ საშუალებად ვენახში ჯიშური მრავალფეროვნების შეტანა, ან ერთის მეორით ჩანაცვლება მიაჩნიათ.
მეორე გზა, რომელსაც მეღვინეთა სხვა ჯგუფი ირჩევს, ტექნოლოგიებში მეტი ინვესტიციის ჩადებაა. ამგვარად, მეღვინეები გარეშე ფაქტორებისგან უფრო დამოუკიდებლები იქნებიან და ცვლილებები მათზე ნაკლებ გავლენას იქონიებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი