Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ისტორია

მალხაზ ხარბედია

20-27ივნისს თბილისში დაგეგმილვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესისთვის “ღვინის კლუბი” სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით ამზადებს წიგნს,რომელიც ქართულ ღვინოს მიეძღვნება. გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან.
 
უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო ღვინის აკვანია. ასეთი აღიარების ამბავი 1987 წელს დაიწყო, როდესაც ჰიუ ჯონსონი ჩამოვიდა პირველად საქართველოში. მაშინ იგი ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობდა (Vintage: History of Wine - 1989) და მიუხედავად სპეცსამსახურების დიდი წინააღმდეგობებისა საარქივო მასალების მოპოვების საქმეში, მაინც მოახერხა ღვინის სათავეებამდე მიღწევა. არქეოლოგიის მუზეუმში ნაპოვნი მასალები მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, არც ელოდა თუ ასეთ დამაჯერებელ საბუთებს მიაკვლევდა სადმე.
საუბარია კულტურული ვაზის პირველ ნაკვალევზე, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულით თარიღდება და რომელიც საქართველოში, შულავერის გორაზე და მის სიახლოვეს აღმოაჩინეს. არადა 1987 წლამდე ჯონსონმა თითქმის არაფერი იცოდა ქართულ მეღვინეობაზე, არც ლიტერატურა არსებობდა ამ თემაზე და მისი ცოდნა ორიოდე ღვინით ამოიწურებოდა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ევროპაში დეგუსტაციაზე და რომელიც ჯონსონმა გასინჯა.
მალე ჰიუ ჯონსონს მეცნიერებმაც მიბაძეს და წლების შემდეგ, უკვე ბიომოლეკულური არქეოლოგიის ყველაზე აღიარებულმა სპეციალისტმა, პატრიკ მაკგოვერნმა, თავის წიგნშიAncient Wine: The Search for the Origins of Viniculture (2004)მთელი თავი მიუძღვნა საქართველოში მოგზაურობას და ამ საკითხის კვლევას.
დღეს, უკვე ყველა თანხმდება, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევია შემორჩენილი.
 
პირველი წიპწები
 
            ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის ნაკვალევი ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორა ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI-V ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera-ს მიაკუთვნეს.
საქართველოში ასეთი მასალა წლების მანძილზე გროვდებოდა, არსებობდა შულავერის გორაზე ნაპოვნი V-IV ათასწლეულის, ხიზანაანთ გორის IV ათასწლეულის, მდ. ივრის ხეობაში, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ძეგლზე, ქვაცხელებში ნაპოვნი წიპწები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძვ. წ. XIV-XI საუკუნეების წიპწები, რომელიც ს. დიღმის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში იპოვნეს - ეს წიპწები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საღვინე და სასუფრე ჯიშების წიპწები ერთად აღმოჩნდა. თუმცა დანგრეულ გორაზე გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ ყველაფერი გადაფარა. გაირკვა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ პირველი კულტურული ვაზი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება.
           
         სამი საფეხური
 
საქართველოში კიდევ ბევრი არქაული კვალია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მევენახეობის ის ფორმებია, რომლებიც კარგადაა შემორჩენილი ჩვენს ქვეყანაში. ცნობილია, რომ მეცნიერები კაცობრიობის განვითარების სამ საფეხურს გამოყოფენ, რომელსაც სამი ტიპის მევენახეობა შეესაბამება. პირველ რიგში ესაა მაღლარი – ანუ ექსტენსიური მევენახეობა, როდესაც ვაზი ხეზეა გაშვებული და ადამიანი მინიმალურად ერევა მცენარის განვითარებაში. მეორე ტიპია ოლიხნარი, როდესაც ვაზს მაღალ სარებზე ან დაბალ ხეებზე უშვებენ, რაც პირველი ნაბიჯია მევენახეობის ყველაზე კულტურული ფორმისკენ, დაბლარისკენ. ეს უკვე ინტენსიური მევენახეობაა, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ერევა ვაზის განვითარებაში, აკონტროლებს რაოდენობას, ხარისხს, ყალიბდება სხვლისა და მწვანე ოპერაციების კულტურა. საქართველოში, ყველა ეს ფორმა არსებობს, ხელუხლებლადაა შენარჩუნებული პირველი ორი, ყველაზე არქაული ფორმებიც (განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოს ეხება) და ერთ სოფელში ადამიანს მევენახეობის (და შესაბამისად, კაცობრიობის) განვითარების სრულ გზას შეუძლია თვალი მიადევნოს.
ამის მიუხედავად, მაღლარისა და დაბლარის მოსავლებს მაინც განარჩევდნენ ხოლმე ერთმანეთისგან. მაგალითად, საქართველოს გამაქრისტიანებელის, წმ. ნინოს ცხოვრების ერთ-ერთი რედაქციიდან ირკვევა, რომ მცხეთაში, მირიან მეფის სამოთხეში (ანუ ბაღში) მაღლარი ვაზი ნაძვზე იყო გაშვებული. მაღლარს ძველად კიდევ ერთი სახელი ჰქონდა, ბაბილო და არსებობდა ასეთი ცნებაც, საბაბილო ჭური, რაც ადასტურებს, რომ მაღლარის ღვინოს ცალკე ინახავდნენ ხოლმე.
საქართველოში დაბლარ მევენახეობაზე გადასვლა ჯერ კიდევ II-I ათასწლეულებშია სავარაუდებელი, რაზეც მეტყველებს დიდი რაოდენობით სასხლავი ნამგლები, ჭურჭლეული და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა ნივთები, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეშია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა აზრით, საქართველოში კულტურული მევენახეობა ძვ. წ. III-II ათასწლეულიდან, მეღვინეობა კი ნეოლითის პერიოდში ჩამოყალიბდა.
საინტერესოა, რომ საქართველოში მეღვინეობის კვალი ისეთ ადგილებშიცაა აღმოჩენილი, სადაც შეუძლებელი იყო ვაზს ეხარა. 1966 წელს, თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის გორაზე, ზღვის დონიდან 1700-1800 მ. სიმაღლეზე ყურძნის წიპწები და ვაზის რქები აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებმა ძვ. წ. II ათასწლეულს, ანუ ე.წ. თრიალეთის კულტურას მიაკუთვნეს. ვაზის რქები ვერცხლის თხელფურცლოვანი ფირფიტებითაა დაფარული და ცხადია ასეთი პატივი მხოლოდ ვაზის, როგორც კულტის ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ამას გარდა, ეს აღმოჩენა კიდევ ერთ მოვლენაზე მეტყველებს, რაც დღემდეა საქართველოში შენარჩუნებული. საუბარია ე.წ. “სამთო მეღვინეობაზე”: საქართველოში დღესაც ააქვთ მთაში ტკბილი დასადუღებლად, ასეთ შემთხვევებს დასავლეთ საქართველოშიც შეხვდებით და აღმოსავლეთშიც, ასე იყო XVIII საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით კოჯორში,ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრზე აჰქონდათ ტკბილი.
ასე იყო ადრექრისტიანულ ხანაშიც. საერთოდ კი, ცნობილია, რომ საქართველოში მთად და ბარად დაყოფა მევენახეობის გავრცელებაზე იყო დამყარებული. ანუ სადამდეც ვაზი ხარობდა და მოსავალს იძლეოდა, ის ადგილები ბარად იწოდებოდა, სადაც არა – მტად.
 
 
უძველესი ქვევრები
 
ქვევრის პროტოტიპი ჭურჭელი ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში შეიქმნა. საქართველოში ადრებინჯაოსა და შუაბრინჯაოს ხანის არაერთი ქვევრია აღმოჩენილი, თუმცა პირველი ქვევრი, რომელზეც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვინის შესანახად გამოიყენებოდა, ადრე რკინის ხანისაა (ძვ. წ. VII ს.), ესაა ბრტყელძირიანი და ქვის სარქველიანი ქვევრი, რომლის მხრებსაც ირგვლივ სამი სწორი და ორი ტალღული ორნამენტი მიუყვება. გარდა ამისა, ქვევრს სიმბოლური ნიშანიც აქვს დატანილი მხარზე.
ძვ. წ. VI საუკუნიდან, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ქვევრი ფართოდ გამოიყენებოდა მეღვინეობაში. ამ პერიოდის ქვევრები ძალზე ბევრია აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც, თანაც, ერთიანი პრინციპის მიუხედავად, დასავლური და აღმოსავლური, კოლხური და იბერიული ქვევრები (დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს უწოდებენ) საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფორმით, ტექნიკით, ფერით და მოხატულობით. მოხატულობა განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ არ იყო მიღებული ქვევრის მიწაში დაფლვა. იგი მიწის ზედაპირზე იდგა.
მართალია, დღეს არსებული ქართული ქვევრების ფორმა არსებითად ჯერ კიდევ III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა, მაგრამ ძვ.წ. III საუკუნემდე ყველგან პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1 მეტრს არ აღემატებოდა, ჰქონდათ ბრტყელი ძირი, განიერი მუცელი და ისინი ან მიწის ზემოთ იდგა, ანდა ძირით იყვნენ მიწაში ჩადგმული.  
ძვ.წ. III საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიებზე აღმოჩენილ ქვევრებს ძირი დაუვიწროვდათ, ფორმაც შეიცვალა, ზუსტად ისე, რომ მიწის ზეწოლისთვის გაეძლო და სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდშივე დაიწყეს საქართველოში ქვევრების მიწაში ჩადგმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქვევრები მხრებამდე იყო ჩადგმული, ახ. წ.-ის IV საუკუნისთვის კი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ყელამდეც დაიწყეს ქვევრების ჩამარხვა.
 
ქართული ტრიადა
 
ანტიკური კოლონიზაციის პერიოდიდან, ანუ ძვ. წ. VI საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში მეღვინეობის აღმავლობის ხანა იყო. სწორედ ამ პერიოდიდან გვხვდება პირველი ცნობებიც ანტიკურ წერილობით ძეგლებში. ამ დროს საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ადგილობრივ თუ შემოსულ კულტებთან ერთად, დიონისეს კულტიც იკიდებს ფეხს, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად საქართველოში ვენახმა და ღვინომ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა.
ღვინისა და მაცხოვრის სისხლის იგივეობის გარდა, რაც მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი, საქართველოში კიდევ ერთ საინტერესო კომპლექსს ვხედავთ, რომელსაც ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ეს კომპლექსი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა. ეკლესია – ვენახი - სარწყავი არხი, და ეს ტრიადა ფაქტობრივად მცირე ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნიდა თეოკრატიული მმართველობით. აქედან გამომდინარე, მევენახეობა და ვენახი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მთლიანობის უზრუნველყოფაშიც იღებდა მონაწილეობას, ანუ იგი იყო სამყაროს მოწესრიგების ერთგვარი საფუძველი (სხვათა შორის, იმ წყაროებშიც, რომელიც საქართველოში ქრისტიანობამდელ ვითარებას ასახავს, სარწყავი არხის გაყვანა და ვენახის გაშენება სახელმწიფოებრიობის დაარსებას გულისხმობდა).
ამ საფუძველზე დამყარებული ქვეყანა ცხადია მუდამ იქნებოდა ღვინით უზრუნველყოფილი. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა. მაგალითად, ნეკრესის მონასტრის მარანში, რომელი 200 კვ. მ. ფართობზე იყო აგებული, ხუთი საწნახელი მუშაობდა, სადაც ერთდროულად 10 ტონა ყურძნის დაწურვა ხერხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას გელათის, ალავერდის მონასტერზე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე, სადაც რამდენიმე მარანია დღემდე შემორჩენილი, ე.წ. სალხინო და საცივო მარნები.  
რამდენიმე ცნობა წერილობითი წყაროებიდანაცა გვაქვს შუასაუკუნეების ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დეტალების შესახებ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და გიორგი მთაწმინდელის “იოანე და ექვთიმეს ცხოვრებაში” (X-XI ს.) იმ სირთულეებზეა საუბარი, რომელიც ვენახის მოვლასთანაა დაკავშირებული. XII-XIII საუკუნეების პოეტთან, იოანე შავთელთან კი ვხვდებით ცნებას “კეთილგანსხლული ვენახი”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაშინ ვენახის გასხვლის ფასი კარგად იცოდნენ და შესაბამისი წესებიც კი არსებობდა.
მონღოლთა შემოსევებმა ეს კულტურა დროებით მოარღვია, თუმცა XVI საუკუნიდან ქართულ მევენახოებაში კვლავ გამოცოცხლება იგრძნობა, ჩნდება ახალი მარნები, იწყება ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან. თეიმურაზ მეფისა და ვახტანგ VI-ის პერიოდიდან პირველი ადგილარმოშობებიც დასტურდება, გვხვდება ცნობები, სადაც აქებენ და ახასიათებენ ბოლნურ, ხორნაბუჯულ, კონდოლურ, ატენურ, გავაზურ და სხვ. ღვინოებს.
 
XIX-დან დღემდე
 
XIX საუკუნე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პირველი 4 ათწლეული ძალიან მძიმედ აისახა ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობაზე, თუმცა 30-იანი წლების ბოლოდან თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის, შემდეგ კი მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის მონდომებით, ქართული ღვინო ევროპულს დაუახლოვდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაჩნდა პირველი დასავლური ყაიდის მარნები, ჩამოვიდნენ უცხოელი მეღვინეები, გაიზარდა ქართველი მეღვინების ახალი თაობები.
ძალიან გავრცელდა ვენახების ფართობი საბჭოთა პერიოდშიც, გამოჩნდა აუარება ახალი დასახელება, ჩამოყალიბდა ადგილწარმოშობის დასახელების სისტემა, ჩამოისხა ბევრი ახალი ღვინო, ამ მხრივ გარდატეხა XX ს-ის 30-იან წლებში მოხდა, როცა სახელმწიფოს დავალებით მეცნიერთა ჯგუფმა მოიძია და აღადგინა XIX საუკუნეში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის დასახელება. ამ პერიოდში საქართველო აწარმოებდა 56 დასახელების ღვინოს, აქედან 12-ს ადგილობრივი მეთოდით. მოგვიანებით, 60-იანი წლებიდან ქვეყანის მეღვინეობა ძირითადად რაოდენობაზე იყო ორიენტირებული და ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე ძალიან შეცვალა ქართული ღვინო.
ახალი ქართული ღვინის ისტორია 1997 წლიდან იწყება, პირველი თანამედროვე ტიპის ღვინის მარნები სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდნენ საქართველოში, თანაც ამას ისიც დაემთხვა, რომ ამ წელს განსაკუთრებულად კარგი მოსავალი მოვიდა.
XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდება, დიდი მარნების გარდა, გაჩნდნენ მცირე მარნებიც, საქართველოში ჩამოყალიბდა რამდენიმე ბიო და ბიოდინამიკური მეურნეობაც. წინსვლაზე ვერც 2006 წლის რუსულმა ემბარგომ მოახდინა გავლენა. პირიქით, ქართული ღვინო უფრო ხარისხიანი გახდა, რადგან რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ქართველმა მეღვინეებმა შედარებით მკაცრ და რთულ ბაზრებზე შეღწევაც სცადეს და საკმაოდ წარმატებითაც. ისტორია გრძელდება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


great job,nice to have such a knowledge about this importante subject for georgia.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული