გიორგი ბარისაშვილი
კასპის მახლობლად, სოფელ ქვედა გომში დღემდე დგას ერთი ორიგინალური მარანი, რომელსაც ადგილობრივები „შიოს მარანსაც“ ეძახიან. საქმე ისაა, რომ იგი ერთ დროს შიო მჭედლიშვილს ეკუთვნოდა, საიდანაც მარანს ეს ხატოვანი გამონათქვამი შერჩა სახელად. მარნის ამჟამინდელი მეპატრონე მჭედლიშვილების სიძე – დიმიტრი (დიტო) შარიფაშვილია. მარანი სოფლის ეკლესიის მეზობლადაა. მჭედლიშვილების მარანი, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მარნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და ამასთან ორიგინალურია. მარანი წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ ნაგებობას, თუმცა ამჟამად იგი ორსართულიანი სახლის ქვედა სართულშია მოქცეული. მარანი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს, არა სწორი, არამედ კამაროვანი გადახურვა და მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2.5 – 3 მეტრია. მარანში დაცულია 7 ქვევრი, თუმცა მათი უმეტესობა მიწითაა დაფარული. როგორც აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მარნების აბსოლუტური უმეტესობა, ამ შემთხვევაშიც მარანში გვხვდება ბუხარი და თახჩა-ნიშები. მარანს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს ორი საკმაოდ ვიწრო სარკმელი. თითოეული სარკმლის სიმაღლე დაახლოებით 40 სმ, ხოლო სიგანე კი – 20-30 სმ-ია. ამის გამო მარანს არ გააჩნია იდეალური განათება, თუმცა ამგვარი რამ ღვინის ხარისხზე მხოლოდ დადებითად თუ იმოქმედებს. მარანი საკმაოდ გრილია, რაც განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში იგრძნობა. მარნის შესახებ მჭედლიშვილების ოჯახში ინახებოდა საქონლის ტყავზე დაწერილი ცნობები, რომელი დოკუმენტიც სავარაუდოდ საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი გასული საუკუნის მეორე ნახევარში. „შიოს მარანს“ ორიგინალური შესასვლელი აქვს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გვირაბს. გვირაბი სიგრძით 3-4 მეტრია, ხოლო სიმაღლით დაახლოებით 1,5 მ, რის გამოც მასში ადამიანი გამართულად ვერ გაივლის. „გვირაბის“ ბოლოს მარანში შესასვლელი მუხის მსხვილი ფიცრებისგან შეკრული კარია, რომლის სიმაღლეც „გვირაბის“ სიმაღლესთან შედარებით კიდევ უფრო დაბალია. მარნის კარი საკმაოდ ძველია. შესაძლოა, იგი მარნის თანადროულიც იყოს. დღემდე შემორჩენილია აღნიშნული კარის ორიგინალური გასაღები, რომელიც მარანშივეა დაცული. „შიოს მარანი“ გადმოცემით ძველი დროიდანვე საკმაოდ განთქმული და პოპულარული ყოფილა. ალბათ ამის გამო აქ სტალინსაც კი მოუწია „პურის ჭამა“. აღსანიშნავია, რომ მარანს ქვითკირის საწნახელი გარედან ჰქონდა მიშენებული. საწნახელში დაწურული ყურძნის ტკბილი თიხის მილის საშუალებით, რომელიც ქვევრებთან მარნის კედლის გავლით მიდიოდა, თვითდინებით ჩაედინებოდა ქვევრებში. როგორც ჩანს ქართული მარნის არქიტექტურის ეს დეტალი ამ სოფელში ტრადიციულია, რადგან საწნახელისა და ქვევრების ამგვარივე პრინციპით განლაგებას ჩვენ ვხვდებით ამავე სოფელში – ქოსაშვილების ისტორიულ მარანში, თუმცა ცნობებს აღნიშნული მარნის შესახებ ჩვენ გაზეთ „მარნის“ შემდგომ ნომრებში შემოგთავაზებთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი