Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორპსაძრობი – ევოლუციის ისტორია

ნინა ახლოური

     ბოლო ხანებში კორპის საცობებს დიდ კონკურენციას უწევს პლასტმასისა  და მეტალის თავსახურები. ღვინის მოყვარულები უპირატესობას მაინც პირველს  ანიჭებენ და არცთუ უსაფუძვლოდ - გარდა იმისა, რომ მათ წარმოებას ნაკლები ზიანი მოაქვს ეკოლოგიისთვის და უფრო იაფი ჯდება, ღვინის შესანახადაც უკეთეს პირობებს ქმნის. თუნდაც ის ფაქტორი, რომ კორპის მასალა სასმელს სუნს და გემოს არ უცვლის, ასეთი საცობი ღვინის მომხმარებელს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. თუმცა კორპის საცობმა დიდი პრობლემაც შეიძლება შექმნას იმ შემთხვევაში, თუ მისი საძრობი ხელთ არ აღმოგაჩნდებათ.

     ამბობენ, რომ კორპსაძრობის სამშობლო ინგლისია და ის საკმაოდ გვიან, მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. ეს არც ისე შეესაბამება სიმართლეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყაროებში ის ჯერ კიდევ 1681 წელს იყო მოხსენიებული. ამიტომ, ზუსტად იმის თქმა, როდის და ვინ გამოიგონა ეს ხელსაწყო, შეუძლებელია. კორპის საცობი ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციებისთვისაც კარგად იყო ნაცნობი, მაგრამ მის ამოსაძრობად სხვანაირი საძრობი იყო საჭირო, რადგან ბოთლის ყელის ზემოთაც იყო ამოწეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კორპსაძრობი გაქრა და მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო ხანებში გაჩნდა ინგლისში სწორედ იმ სახით, როგორითაც არსებობდა ათასწლეულზე მეტი ხნის წინ. ამის მიუხედავად, კორპსაძრობმა ევოლუცია საკმაოდ გვიან განიცადა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლო საუკუნეებში კორპის საცობის თავის მოჭრა დაიწყეს მასალის დაზოგვის მიზნით, რამაც დღის წესრიგში უფრო მოსახერხებელი საძრობების გამოგონება დააყენა.

     1795 წელს, როდესაც ინგლისში პირველი პატენტი გაიცა კორპსაძრობის წარმოებაზე (ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მაშინდელ წევრ, სემუელ ჰენშალზე), ის ჯერ კიდევ მარტივი T ფორმის იყო, ბერკეტების გარეშე და ხისა და ძვლისგან მზადდებოდა. ჰენშალმა ის ოდნავ გააუმჯობესა, გამოიგონა რა მეტალის წრე, რომელიც, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიდა საძრობის ზედმეტად ღრმად ჩასვლას საცობში, უფრო აადვილებდა მის ამოგდებს ბოთლის ყელიდან.

     იყო თუ არა ინგლისი კორპსაძრობის სამშობლო, ეს მართლაც ხანგრძლივი დავის საკითხია, თუმცა მის განვითარებასა და გათანამედროვებაში ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვით. უკვე 1802 წელს ედუარდ ტომასონმა კორპსაძრობი კიდევ უფრო გააუმჯობესა, გამოიყენა რა არქიმედეს კანონი - მას შეუქმნა ბერკეტები, რომლებზე დაწოლითაც საცობის ამოძრობა უკვე ავტომატურად ხდებოდა. ამ პერიოდში საძრობის ქვედა ნაწილი უკვე სპირალის ფორმის იყო, ანუ ისეთი, როგორიც დღესაა გავრცელებული.

     ამის შემდეგ კორპსაძრობი ფორმას ხშირად იცვლიდა, თუმცა პრინციპი დღემდე იგივე დარჩა - არის სპირალის ფორმის ბოლო, რომელიც ღრმად შედის კორპის შიგნით და ბერკეტების საშუალებით ბოთლის ყელიდან მისი ამოძრობა ხდება. ამ ტიპის საძრობს შემდეგში "პეპელა" უწოდეს. გარდა ამისა, მას ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც ფრთიან კორპსაძრობს.

     მიუხედავად იმისა, რომ ევოლუცია მაინცდამაინც საგრძნობი არ ყოფილა,  მომდევნო საუკუნის განმავლობაში ინგლისში უკვე დაახლეობით სამას ორმოცდაათი კორპსაძრობი დაპატენტდა. ეს უფრო დიზაინის მრავალფეროვნებას უნდა მივაწეროთ. თანამედროვე კორპსაძრობებში ბევრ ორიგინალურ ნიმუშებსაც ვხვდებით, დაწყებული ქალის სხეულის ფორმიდან ფრინველებისა და ყვავილების დიზაინით დამთავრებული.

     დღეს ყველაზე გავრცელებულ სახეობად ბერკეტიანთან ერთად ბრუნვადი კორპსაძრობი ითვლება, რომელიც გასული საუკუნის პირველ ხანებში გაჩნდა. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ კორპში სპირალის ბოლომდე ჩასვლის შემდეგ ზედა ნაწილის ტრიალი არ წყდება, რაც საცობს ზემოთ ამოწევს. უახლოეს მომავალში შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მძლავრი ნიმუშის გამოგონებაც, რადგან ჩვეულებრივი კორპის სინთეტიკურით ჩანაცვლებამ მისი ამოძრობა ტრადიციული ხელსაწყოებით ძალიან რთული გახადა.

     არსებობს ასევე ე.წ. სომელის კორპსაძრობი, იგივე სომელიეს დანა, რომელიც 1882 წელს ერთმა გერმანელმა გამოიგონა, შემდეგში კი დაპატენტდა გერმანიაში, ინგლისსა და ამერიკაში. ის გარეგნულად ჯიბის დანას ჰგავს და სომელიეს აძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე არ ამოაგდოს კორპის საცობი, რათა მან თავად შეძლოს ამის გაკეთება საკუთარი ხელით. ითვლება, რომ სწორედ სომელიეს დანის გამოყენება არის საუკეთესო არჩევანი კორპის საცობის ამოსაძრობად, თუმცა, როგორც ამბობენ, ცოტა უფრო რთული ხელსაწყოა სხვებთან შედარებით.

     კორპსაძრობის შეძენის დროს მთავარი, რისი გათვალისწინებაცაა საჭირო, ეს სპირალის ხარისხია. ის მაგარი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თხელი, რათა კორპის საცობი შუაზე არ გახლიჩოს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ექსპერტმა, ჰერბერტ ალენმა ამ პრობლემის გადასაჭრელად სპირალის ტეფლონით დაფარვა მოიგონა, ის დღემდე აქტუალური რჩება.

     სამაგიეროდ, ჰერბერტ ალენს იმდენად მოეწონა კორპსაძრობებთან მუშაობა, რომ მათ გასაუმჯობესებლად ბრიტანულ ფირმასთან Metrokane ხანგრძლივი და სერიოზული თანამშრომლობა დაიწყო. მის საუკეთესო გამოგონებად იქცა Rabbit Corkscrew (ბოცვერის კორპსაძრობი), რომელიც საკმაოდ რთული კონსტრუქციაა (31 დეტალისგან შედგება) და ნახევრად ავტომატურია - იმისათვის, რომ სპირალი შევიდეს კორპში და ამოაგდოს ის, ბერკეტის მხოლოდ ორი მოძრაობაა საჭირო. ხსენებული კომპანია სხვა ინოვაციურ კორპსაძრობებსაც აწარმოებს, მათ შორის სპირალიანის ნაცვლად ნემსის ფორმის საძრობსაც. ამ ნემსის საშუალებით ბოთლში ჰაერი იტუმბება და როდესაც წნევა იზრდება, საცობი თავისით ვარდება ბოთლის ყელიდან.

     საინტერესოა, რომ კორპსაძრობი დღეს კოლექციონერების დიდ ინტერესს წარმოადგენს. აუქციონებზე შეიძლება შეხვდეთ მის ადრეულ მოდელებს, რომელთა ფასი რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ანტიკვარული ღირებულება გააჩნიათ. ფასი მერყეობს იმისდა მიხედვით, რომელ წელს და რა მასალით არის ნივთი დამზადებული, როგორ  გამოიყურება და ა.შ. კრისტის აუქციონზე 1842 წელს დამზადებული კორპსაძრობი 31 ათას დოლარადაც გაიყიდა. ჯერჯერობით ეს თანხა რეკორდულად ითვლება. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ასეული დოლარი კორპსაძრობში ამ ნივთის ჭეშმარიტი დამფასებლებისთვის დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. ფრანგი ბერნარ დიუვენის კოლექციაში ორას ორმოცდაათი კორპსაძრობია, რომლებშიც უძველეს, მეჩვიდმეტე საუკუნის იშვიათ ნიმუშებსაც წააწყდებით. თუმცა ის ახლოსაც ვერ მოვა დონალდ ბულის კოლექციასთან, რომელშიც მთელი ოთხი ათასი კორპსაძრობი შედის. ბატონი ბული ელიტარული კლუბის პრეზიდენტი გახლავთ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს კლუბი კორპსაძრობების მანიაკებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან.

     ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მუზეუმებში კორპსაძრობების გამოფენა იმართება. მაგალითად, 2006 წელს ბერკლიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტმა ანთროპოლოგიის მუზეუმში გამოფენა მოაწყო, რომელიც ათას ხუთას ერთეულს მოიცავდა. ამდენივეს ინახავს სამხრეთ საფრანგეთში არსებული ტირ ბუშონის კორპსაძრობების მუზეუმიც, რომელიც ამ ნივთის დიდი მოყვარულის, ივ რუსე-რუარის დაარსებულია არც ისე შორეულ წარსულში. ყველაზე ბევრი მნახველით მაინც კორპსაძრობების ვირტუალური მუზეუმი დაიკვეხნის, რომელსაც შეგიძლიათ თქვენც ესტუმროთ ამ მისამართზე: www.corkscrewmuseum.com. მასში 36 "ოთახი" და 16 000 ფოტოა წარმოდგენილი. ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში მუზეუმის გვერდს ოცდარვა მილიონი ნახვა ჰქონდა. თუ კორპსაძრობების დათვალიერების გარდა, კარგი ღვინის დაგემოვნებაც გსურთ, იტალიაში, ბაროლოს მუზეუმს ესტუმრეთ. ის სულ ახლახანს, 2010 წლის შემოდგომაზე გახსნა პაოლო ანონიმ და ხუთასამდე ნიმუშს აერთიანებს. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ თუ ამის შემდეგ ღვინის მუზეუმისა და ლეგენდარული სასმლის დაგემოვნების პერსპექტივაც არსებობს, ვირტუალური საცავი კონკურენციას ვერ გაუძლებს. კორპსაძრობი აბა, რისთვის არის საჭირო, თუ მან ღვინის დასაგემოვნებლად საჭირო პირობები არ შექმნა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული