Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია - ახალი სამყაროს გამოწვევა

ახალი სამყაროს გამოწვევა

     დღეს, როდესაც ახალი სამყაროს ვენახების ზოგიერთი ღვინო ხარისხით ყველაზე ნატიფ ფრანგულებს უთანაბრდება, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მათი პოტენციალი არასოდეს იწვევდა ეჭვს. თუმცა, წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა და მრავალი წლის კვლევა დასჭირდა იმის აღიარებას, რომ კალიფორნიულ ღვინოებს ნამდვილად შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გამოწვევა და მათთვის თანაბარი კონკურენციის გაწევა.

 

პატარა ამერიკული ბიზნესი

 

1937 წლის დასაწყისში, Beaulieu-ს მამულის მფლობელის, ჟორჟ დე ლატურის (Latour) პირადი თხოვნით, ნაპას ხეობაში ჩავიდა ახალგაზრდა რუსი ემიგრანტი ანდრე ჩელიშევი (Tchelistcheff), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბურგუნდიის ვენახებში. იმ დროისათვის ლატურის კომპანიას ჰქონდა ზიარებისთვის გამოსაყენებელი ღვინის წარმოების ლიზენცია, რისი წყალობითაც ფხიანმა ემიგრანტმა "მშრალი კანონის" წლებში თავისი პატარა ამერიკული ბიზნესის შენარჩუნება შეძლო. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში ნაპაში აწარმოებდნენ ღვინოებს, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ჯილდოებს ევროპაში. თუმცა, სან-ფრანცისკოსა და მეზობელ ქალაქებში მცხოვრები ღვინის მცოდნე ერთი მუჭა ხალხის გარდა, ამერიკას საკუთარი ღვინოების დალევის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ნიუ-იორკში, რომელიც მაშინაც იყო, და დღემდე რჩება მოდის კანონმდებლად, სუფრაზე "სამამულო" ღვინის მიწოდება, სულ ცოტა, ექსცენტრიულად მიიჩნეოდა. ასე რომ, ამერიკაში მაშინ ხარისხიანი კალიფორნიული ღვინის წარმოებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობდა არც საჭირო მოწყობილობა, და არც ბაზარი, სადაც მისი გაყიდვა შეიძლებოდა.

საფრანგეთიდან ჩამოსული ჩელიშევი შოკირებული იყო იმ მეთოდიკის არასრულყოფილებით, რომელსაც კალიფორნიაში იყენებდნენ. ახალმოკრეფილ ყურძენს მანამდე აყრიდნენ ვედროებით გოგირდს, სანამ მარცვლები, ფაქტობრივად, მთლიანად გათეთრდებოდა; ლაბორატორია თითქმის სიმბოლურად არსებობდა; როდესაც როფი ფერმენტაციისთვის საშიშ ზღვრამდე ცხელდებოდა, მის გარშემო ყინულის დიდ ბლოკებს აწყობდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მეთოდს მაშინ ბორდოშიც იყენებდნენ. უფრო უცნაური და გაცილებით ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის საიდუმლოებისა და საეჭვოობის ატმოსფერო, რომელიც ყოველ ოპერაციას თან ახლდა. მეზობლისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აკეთებდით ღვინოს, წარმოუდგენელი იყო.

 

მაშ რა მოვიყვანოთ?

 

მაგრამ ყველაზე მეტად ჩელიშევი იმით იყო განცვიფრებული, რომ სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ერთ ვენახში იზრდებოდა. Beaulieu-ში კი, სხვათა შორის, ამზადებდნენ 28 განსხვავებული ჯიშის ღვინოს. ახალგაზრდა რუსი საფრანგეთმა ჩამოაყალიბა, სადაც მხოლოდ აპელასიონებზე საუბრობდნენ. რისლინგისა და პორტვეინისთვის ყურძნის გაზრდა ერთსა და იმავე ნაკვეთზე და ამასთან რაიმე შედეგის მოლოდინი თითქმის მორალური საფუძვლის დარღვევად მიიჩნეოდა. "ევროპაში, - იხსენებს იგი, - ჩვენ ვიცოდით ენოლოგიის შესახებ, მაგრამ აქ ის აბსოლუტურად უცნობი სიტყვა იყო".

მაგრამ მთავარი განსხვავება საფრანგეთსა და მისი ჯობნის მსურველი ახალი სამყაროს ვენახებს შორის იყო კლიმატი. ფრანგული და გერმანული ღვინოების ყველა დანარჩენ ღვინოზე უპირატესობა ეფუძნებოდა ყურძნის ჯიშების შესაბამისობას საშუალო წლიურ ტემპერატურასთან. ამერიკაში ეს იდეები ნაწილობრივ, ჩამოყალიბდა, მაგალითად, ჯაჯ სტენლის (Stanley) მიერ, რომელიც ხოტბას ასხამდა სან-ფრანცისკოს ყურესთან ახლომდებარე კარენოსის ვენახების ზღვის ჰაერს, აგრეთვე ყველა იმ მეღვინის მიერ, რომლებსაც დასავარგებელი ღვინისთვის გრილი ტემპერატურის შესაქმნელად ბორცვების ფერდობებზე გაჰყავდათ გვირაბები. უფრო სუფთა, გრილ პირობებში უკეთესი ღვინო დგებოდა. მაგრამ ამ გარემოებების მთელი მნიშვნელოვნობის შეფასება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როდესაც კალიფორნიის უნივერსიტეტი შეუდგა ქვეყნის კლიმატის ზედმიწევნით შესწავლას და იპოვა ყინულის ბლოკების გარეშე ფერმენტაციის ტემპერატურის კონტროლის ხელმისაწვდომი საშუალებები.

ყურძნის იმ ჯიშების შერჩევა, რომლებიც კარგად ეგუებოდა მოცემულ კლიმატს, იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის ვიტიკულტურისა და ენოლოგიის დეპარტამენტის პირველი დიდი წამოწყება, რომელიც 1930-იან წლებში ბერკლიდან საკრამენტოს შემოგარენში, სანაპიროდან ოდნავ მოშორებით მდებარე პატარა ქალაქ დევისში გადავიდა. ჯერ კიდევ 1880-იან წლებში პროფესორმა ჰილგარდმა (Hilgard) აღნიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება სანაპირო ქედს, სადაც ოკეანის მნიშვნელოვანი გავლენა შეინიშნება, და ცენტრალურ ხეობას შორის, სადაც იგი უმნიშვნელოა ან საერთოდ არ იგრძნობა. 1936 წელს კი, "მშრალი კანონის" გაუქმებისთანავე დოქტორ ალბერტ უინკლერმა (Winkler) დაადგინა, რომ 50ºF-ის დროს ვაზი აქტიურია და იზრდება. აქტიური ზრდის საათების ტემპერატურის შეჯამებით მან შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში ვენახების პროდუქტიულობის შედარება. 1944 წლისთვის უინკლერმა და მისმა კოლეგამ მეინარდ ამერაინმა (Amerine) ჩაინიშნეს თერმომეტრის ჩვენება იმ ადგილებში, სადაც იზრდებოდა ყურძენი, ან შესაძლებელი იყო მისი გაზრდა: ეს მონაცემები სწრაფად იქცა მევენახეების ბიბლიად. მაგალითად, მედოკში "გრადუს-დღეების" რიცხვი, ან 50ºF-ზე ზემოთ გრადუსების საერთო ოდენობა ზრდის სეზონში, 2500-ს შეადგენს; ნაპას ხეობაში იგი მერყეობს 2340-დან 2610-მდე. ამიტომ, ხეობაში მშვენივრად უნდა იზრდებოდეს და იზრდება კიდეც კაბერნეს ჯიში.

თანდათანობით მევენახეებმა დაიწყეს დევისიდან მიღებული რჩევების გათვალისწინება, და რაც უფრო მეტად იხსნებოდა მათ წინაშე სპეციალიზაციის უპირატესობები, მით უფრო იცვლებოდა სიტუაცია. მაგრამ მარკის შესაქმნელად განაწილების სისტემა კვლავინდებურად მოითხოვდა ღვინოების "სრული სპექტრის" არსებობას, და მოვაჭრისთვის თქვენი საკუთარი, განსხვავებული ფილოსოფიის ასახსნელად მომენტი არც ისე შესაფერისი იყო. ასე რომ, უინკლერისა და ამერაინის შრომების შედეგები უკვე 60 წელია წარმოადგენს მასალას სახელმძღვანელოებისთვის.

 

და კვლავ ტემპერატურა

 

ენოლოგისთვის "სითბოს შეჯამების" პრინციპი იოლი ცხოვრების რეცეპტია, მაგრამ მეღვინე საქმეს სხვაგვარად უყურებს. პრინციპში, მისთვის სულერთია მთელი ეს "გრადუს-დღეები", რომელზეც ღვინის დამზადება ნაკლებად არის დამოკიდებული. ხოლო რაც შეეხება ტემპერატურასთან, კერძოდ ფერმენტაციის ავზის ტემპერატურასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტს, მისი გათვალისწინება ყოველ წამს უხდება. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ზუსტად იყო ცნობილი, რომ დაბალი ტემპერატურის დროს ფერმენტაციის ინტენსივობაც გაცილებით ნაკლებია. და ამ დაბალი ტემპერატურის მისაღწევად საჭირო ხდებოდა ყურძნისთვის ვედროებით დაეყარათ გოგირდი, რის გამოც ღვინო კარგავდა თავის გემოსა და არომატს და სწრაფად გადაიქცეოდა ძმრად.

მაგრამ კალიფორნიელი მეღვინეები უწინდებურად ამყარებდნენ იმედს კლიმატზე. ყოველ შემთხვევაში, სანაპირო ხეობებში და ღვინის ქვის ქარხნებში ან სარდაფებში ატმოსფერო საკმაოდ გრილი იყო, რათა ღვინოს საფრთხე არ შექმნოდა. სანამ როფების მოცულობა გაიზრდებოდა, ეს ასეც იყო. ამაზე სახელმძღვანელოებშიც ნათლად ეწერა: აუცილებელია ცივი დაწესებულება ან გამაგრილებელი კონტური, ან კიდევ ორივე ერთად.

თუმცა, 1938 წელს ანდრე ჩელიშევი ისევ იყენებდა ყინულის ბლოკებს. როგორც წლების შემდეგ ამბობდა ინტერვიუში: "გაგრილება - ავზში დაყენებული კონტურის მეშვეობით, იყო უდიდესი საიდუმლო, და გასაგრილებელი ავზები, Frigedaire-ს კომპრესით, რომლებიც მაშინ უკიდურესად თანამედროვე საწარმოო მოწყობილობად მიიჩნეოდა, განთავსებული იყო დაწესებულების თავზე, სადაც მათი დანახვა არავის არ შეეძლო".

ფერმენტაციის დროს ტემპერატურისა და წნევის კონტროლის გამოყენება აქტიურად დაიწყეს მხოლოდ 20 წლის შემდეგ, როდესაც უჟანგავი ფოლადი და ელექტრობა ფუფუნების საგნებს აღარ წარმოადგენდა. მანამდე, 1950-იან წლებში, მეღვინეთა უმრავლესობისთვის ისინი ძველებურად ოცნებადვე რჩებოდა. და მაინც, იმ წლების მთავარი მიღწევა მდგომარეობდა ფუძემდებლური გაკვეთილების გათავისებაში: ყურძნის ჯიშების კლიმატის შესაბამისად არჩევაში; ფერმენტაციის ტემპერატურის კონტროლში; და, იმისათვის, რომ ღვინოს ნამდვილად დიდებული გემო ჰქონოდა, მისი დაყენება ფრანგულ მუხაში.

იმ წესების გამოყენება, რომლებსაც ქვეყანაში მეღვინეობის უძველეს ტრადიციებთან ერთად მიმართავდნენ, იქაც შეიძლებოდა, სადაც საჭირო იყო ნულიდან დაწყება. ახლა, როდესაც ფუძემდებელური პრინციპები მაინც იყო ცნობილი, იმედით სავსე მეღვინეებს თავიანთი შანსები შეეძლოთ მეცნიერულ ცოდნაზე დაემყარებინათ. გამოცანად რჩებოდა ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტი: ფრანგების რწმენით, ის, რასაც მათი ღვინოების განსაკუთრებული ხარისხი ეფუძნება, არის ტერუარის გავლენა. 1980 წელსაც კი, ჟურნალ California Agriculture-ს მეასე საიუბილეო გამოშვებაში, რომელიც მევენახეობასა და ენოლოგიას ეძღვნებოდა, მიწაზე, როგორც ასეთზე, ნიადაგზე, რომელშიც ვაზს ფესვები აქვს გადგმული, ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი.

 

აქ იქნება ქალაქი-ბაღი

 

1940-იანების ბოლოს - 1950-იანების დასაწყისში კალიფორნიაში გაჩნდა რამდენიმე პერსპექტიული ღვინის ქარხანა: Mayacamas-ი ნაპასა და სონომას შორის მთებში, Buena Vista (რომელმაც Haraszthy-ს ძველ სარდაფებში მუშაობა დაიწყო 1943 წელს), Martin Ray, რომელიც მდებარეობს Paul Masson-თან ახლოს სანტა-კლარის ოლქში, ყურეს სამხრეთით, და Stony Hill-ი სენტ-ჰელენაში ნაპას ხეობაში (ეს უკანასკნელი მინიატურული ძვირფასეულობა უნდა გამხდარიყო, რაღაც იდუმალი თეთრი პრემიერ კრიუს მსგავსი). ამასთან, ხეობაში კიდევ სამი-ოთხი ძველი ქარხანა რჩებოდა, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთება იყო საჭირო.

მაგალითად, წარმოშობით იტალიელი ლუი მარტინი (Martini) იყენებდა წითელი ხისგან დამზადებულ უზარმაზარ ავზებს, აგრეთვე ძველ დიდ ოვალურ კასრებს. Inglenook-ში კი მუშაობდა გერმანელი მეღვინე, რომელსაც სავსებით აკმაყოფილებდა გერმანულ სტილში, ძველი, ბალტიისპირეთის მუხისგან დამზადებული კასრები, რომლებიც ჯერ კიდევ ფირმის ეროვნებით შვედმა დამაარსებელმა შეიძინა. ანდრე ჩელიშევმა, რომელიც იმჟამად ღვინის ქარხნების ერთ-ერთ, წარმოშობით ფრანგ მფლობელთან მუშაობდა, პირველმა დაიწყო კაბერნეს დაძველება მუხის პატარა კასრებში. თუმცა, სხვადასხვაგვარი მიდგომის მიუხედავად, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა: ნაპaს ხეობაში მოწეული ყურძნისგან მაღალხარისხიანი ღვინის დამზადება.

Beaulieu-ს, Inglenook-ის, Krug-ისა და Martini-ს ვენახების იმ ათწლეულის კაბერნე სოვინიონმა მოაღწია 1980-იანებამდე და განსაცვიფრებელ ღვინოდ იქცა. ზოგიერთი მათგანი მეტ ტანინს შეიცავდა, ზოგი - ნაკლებს, ზოგიერთის დალევა უკეთესი იყო ახალგაზრდობაში, ხოლო სხვების, უფრო მაგრების - ბოთლებში არანაკლებ ათი წლის დაძველების შემდეგ ჯობდა. მაგრამ ესენი ადგილობრივი სტილის ღვინოები იყო. მათი არევა ფრანგულში ძნელი იყო: სინატიფით ვერც ერთი მათგანი ვერ გაუტოლდებოდა Château Lafite ან Château Latour-ს. თუმცა, ეს სიტყვები კრიტიკად არ უნდა მივიღოთ!

რაც შეეხება "მშრალი კანონის" გაუქმებასა და აღდგენას შორის პერიოდში შექმნილ თეთრ ღვინოებს, მათგან ყველაზე გამორჩეულები დამზადებული იყო რისლინგისგან. ცივი ფერმენტაციის გამოყენების გარეშე დამზადებული მაგარი და მშრალი რისლინგი ინარჩუნებდა დაბალანსებულ მჟავიანობას და შესანიშნავი დასალევი იყო დაძველების შემდეგ. მაგრამ, მას კვლავ არავინ არ მიიჩნევდა გერმანულ ღვინოდ.

 

რა მნიშვნელოვანია იღბლიანი ქორწინება

 

1948 წელს აშშ-ის ელჩმა იტალიაში, ჯეიმს დ. ცელერბახმა (Zellerbach) ცოლთან, ჰანასთან ერთად, ქალაქ სონომას ჩრდილოეთით მდებარე განმარტოებულ მაღალმთიან ხეობაში დააარსა ღვინის ქარხანა Hanzell-ი. ევროპაში მუშაობისას ბატონ ცელერბახს არაფერი ანიჭებდა ისეთ სიამოვნებას, როგორსაც ერთი ბოთლი ძველი კეთილი ბურგუნდიული ღვინო, რომელსაც, უნდა ითქვას, რომ არც ისე ცოტას სვამდა. ამიტომ, მისთვის არ არსებობდა კითხვა, თუ რითი დაკავდებოდა გადადგომის შემდეგ: რაღა თქმა უნდა, კალიფორნიაში ღვინოების დამზადებით, რომლებიც თითქმის არაფრით არ იქნებოდა ბურგუნდიულებისგან განსხვავებული.

ფერდობზე, რომელიც, ნიადაგის გარდა, სხვა ყველაფრით კოტ დ’ორს გაგახსენებდათ, მან 17 აკრი პინო ნუარი და შარდონე გააშენა (მაშინ ეს ჯიში კალიფორნიისთვის იშვიათობა იყო), ააშენა კოტეჯისხელა როფი და სარდაფი, როგორც Château de Clos de Vougeot-ში; იპოვა ახალგაზრდა მეღვინე, ბრედფორდ უები (Webb), რომელსაც მასავით უყვარდა ბურგუნდიული, და თავისი ლაბორატორიისთვის ძვირფასი მოწყობილობა შეისყიდა; დააყენა ხელსაწყოები ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისთვის, რათა აღედგინა ბურგუნდიული სარდაფის პირობები, და ჩამოიტანა ნიუი-სენტ-ჟორჟელი მეკასრის მიერ დამზადებული ახალი მუხის კასრები... მაგრამ მალე იმედი გაუცრუვდა: 1950-იანი წლების მოსავლის ღვინოები არ შეესაბამებოდა მის წარმოდგენებს დიდებული ბურგუნდიულის შესახებ, და ისე მოკვდა, ვერც კი გაიგო, რომ სწორედ ეს ღვინოები შევიდა კალიფორნიული მეღვინეობის ისტორიაში.

მისი ცოლი, მისის ცელერბახი, რომელსაც ღვინის ქარხნის ნახევარი ეკუთვნოდა, სულაც არ გახლდათ სრულყოფილების მანიით შეპყრობილი ადამიანი. ამიტომაც, მან ეს ღვინოები სუფთა სინდისით გაყიდა აუქციონზე. საბედნიეროდ, მყიდველი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი და ამბიციური ახალგაზრდა კაცი ნაპას ხეობიდან, ჯოზეფ ჰაიცი (Heitz), და მაშინ, 1960 წელს, სწორედ მას გაუღიმა ფორტუნამ. Hanzell-ის, მაგრამ განსაკუთრებით Hanzell Chardonnay-ის ღვინოები, ფლობდა ზეთოვან, კვამლიან არომატსა და გემოს, რომლითაც იმ დროისთვის მხოლოდ Mersault-ი, Montrachet-ი და Corton-Charlemagne თუ დაიკვეხნიდნენ.

ისე არაფერს შეეძლო კალიფორნიელი მეღვინეების განწყობის მხარდაჭერა, როგორც ამ მოულოდნელად ჰარმონიულ ღვინოებს. როგორც იქნა, ისინი დაეუფლნენ ბურგუნდიულ გემოს. ფრანგული მუხის არომატი შარდონეში ეს არის რაღაც ხელშესახები, უბრალო და იოლად გასაგები რამ. უბრალოდ საჭიროა ისწავლო მისი გარჩევა - და აი, როგორც ჩანს, მას უკვე შეუძლია ნებისმიერ ღვინოს შესძინოს ხარისხის განსაკუთრებული ელფერი. ჰაიცი მისის ცელერბახთან შეძენილი შარდონესა და პინო ნუარის, და თავისი განთქმული Martha’s Vineyard Cabernet-ის წყალობით ფრანგული მუხის მოციქულად იქცა. მან გაბედა ღვინისთვის 6 დოლარი დაედო, მაშინ როცა ბაზარზე ერთი ბოთლი კაბერნე სოვინიონის ფასი 2.5-3 დოლარი იყო. 1961 წელს ჰაიცმა ნაპას ხეობაში საკუთარი ღვინის ქარხანა გახსნა. და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, კალიფორნიულმა მეღვინეობამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კუსტარულ სარეწად აღიქმებოდა, დიდი და შემოსავლიანი ბიზნესის კონტურები შეიძენა.

 

     ღვინის ციებ-ცხელება

 

რაც უფრო მეტად ვითარდებოდა ნაპას ძველი ღვინის ქარხნები, როგორი გაჩანაგებულიც უნდა ყოფილიყო ისინი, კარგი ღვინის პატარა რუები თანდათანობით საკმაოდ ფართო ნაკადულებად იქცეოდა. და აი, უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა პროფესიონალებმა ხეობაში მიწის შესყიდვა და ყურძნის გაშენება დაიწყეს. ინიციატივა ჩრდილოეთ კალიფორნიიდან და სან-ფრანცისკოდან წამოვიდა, სადაც მარჯვე მოქალაქეები, როგორც ლეონ ადამსი იხსენებს (Adams), "მშრალი კანონის" წლებშიც კი, ყურძნის ნამდვილი საღვინე ჯიშების, კაბერნესა და ზინფანდელის გამოყენებით, პირდაპირ აბაზანაში ახერხებდნენ საკმაოდ რიგიანი ღვინის დამზადებას.

1960-იანი წლების პირველი ნახევარი თანამედროვე მეღვინეობის ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა. უცებ ყველას გაუნათდა გონება და მიხვდა, რომ ღვინო არც ძველმოდური გურმანების ექსტრავაგანტური ახირება ყოფილა და არც დათრობის იაფი საშუალება; ეს არის სიამოვნებისა და მომხიბვლელობის მომნიჭებელი მიწის სისხლი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დადგა ეპოქა, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ტერმინი "ქარხანა-ბუტიკი", - და ღვინო-ბუტიკურმა ციებ-ცხელებამ ათეულობით, შემდეგ კი ასეულობით ადამიანი მოიცვა. 1970 წლისთვის კალიფორნიაში 220 ღვინის ქარხანა არსებობდა, ხოლო 1980 წლისთვის - 500-ზე მეტი. სწორედ მაშინ, 1962 წელს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმა დააარსა თანამეგობრობა Associated Vintners-ი, მასთან ერთად კი ჩრდილო-დასავლეთის მეღვინეობის მრეწველობა. 1967 წელს იგი იქცა კომერციულ საწარმოდ და ანდრე ჩელიშევის მოწონება დაიმსახურა, რომელიც მაშინ Beaulieu-დან გაემგზავრა და მრჩევლად მუშაობდა უამრავ იმედისმომცემ ღვინის ქარხანასთან. იმავე წელს პირველი მოსავალი აიღეს Château St. Michelle-ში, რომელიც შემდგომში ჩრდილო-დასავლეთის ყველაზე მსხვილ ღვინის ქარხნად გადაიქცა.

მთელს კალიფორნიაში ეძებდნენ გრილ ხეობებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა არა მხოლოდ მოდური ჯიშების, კაბერნესა და შარდონეს, არამედ უფრო ჭირვეული პინო ნუარის გაშენებაც. ვიღაცის გამჭრიახმა მზერამ შენიშნა, რომ აშშ-ში ამისათვის ვერ იპოვიდით უფრო ხელსაყრელ ადგილს, ვიდრე ორეგონში ვილამეტი იყო. 1965 წელს დევიდ ლეტმა (Lett) ეირიში, საკუთარ ვენახში დაიწყო ვაზის დარგვა, ხოლო 1970 წელს, პირველი მოსავლის აღების შემდეგ, ორეგონი ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი რეგიონების სიაში შეიტანა. იგი სულ ცოტათი ჩამორჩებოდა ვაშინგტონს.

ნაპას აღორძინება ამერიკელებმა საბოლოოდ მაშინ ირწმუნეს, როდესაც 1966 წელს დაფუძნდა საწარმო, რომელიც ამ რეგიონის ფლაგმანი გახდა - ეს იყო რობერტ მონდავის (Mondavi) ღვინის ქარხანა. სიმბოლურია, რომ მონდავი ესპანელი კონკისტადორების სულისკვეთების შესაბამისად მოიქცა და ღვინის ქარხნის ფასადი ფართო თიხატკეპნილი თაღის სახით გააფორმა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აქ მთელი თავისი ბრწყინვალებით იყო წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიები: ღია ცის ქვეშ აღმართული უჟანგავი ფოლადის ცილინდრები, რომლებშიც ტემპერატურაზე კონტროლი ბოლო გრადუსამდე გამაგრილებელი სითხის შემცველი "ხალათის" დახმარებით ხორციელდებოდა. მისი ფილოსოფია მანიაში გადაზრდილ ექსპერიმენტირებაში მდგომარეობდა. "ყველაფრის სწავლა შეიძლება", - ამბობდა ის და ექსპერიმენტებსა და კამათში გადაშვებულს კალიფორნიაც თან მიჰყავდა.

 

და ამ დროს ავსტრალიაში

 

ამ დროს კი ავსტრალიის ღვინის მრეწველობა საკუთარ პულსს უგდებდა ყურს. თავდაპირველად ენთუზიაზმით ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი იყო შეპყრობილი. მათ ტვირთად აიღეს ხსომებოდათ "კასრების ნომრები", რომლებითაც ცნობილი იყო არსებული კომპანიების საუკეთესო ღვინოების უმრავლესობა. ეს უფრო ცნობილ გერმანულ ტრადიციას ჰგავდა: ღვინის პატარა კასრების ნომრების ცოდნა მოწმობდა, რომ ეს კაცი რაღაც საიდუმლო "ღვინის საზოგადოებას" მიეკუთვნებოდა.

ისევე როგორც ამერიკაში, ავსტრალიელ მეღვინეებს არა მხოლოდ ყურძნის გასაშენებელი ადგილების გადასინჯვა მოუხდათ, არამედ იმის გაცნობიერებაც, რომ ჯიშების ტრადიციულად ვიწრო სპექტრი ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ის, რაც ხელეწიფება ავსტრალიას. ამისათვის აუცილებელი იყო იარის ხეობისა და ვიქტორიას სამხრეთით მდებარე ჯილონგის ვენახების აღორძინება, სამხრეთ ავსტრალიის სამხრეთში გაუტეხავი მიწების განაშენიანება და მეღვინეობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ შეუსწავლელი, პერტის სამხრეთით მდებარე გრილი ზღვის კლიმატის მქონე ტერიტორიის გამოკვლევა. ამგვარად, მოძრაობის მიმართულება განსაზღვრული იყო: ყველანი სამხრეთისკენ! და კიდევ - ზემოთ ფერდობის ავლით. ბაროსის ხეობის ზემოთ მდებარე პიუსის ხეობის გრილი კლიმატი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყო რისლინგის დასამწიფებლად, და ღამის სიგრილის ძიებაში თბილი ჩრდილოური ვიქტორიის მეღვინეები ზღვის დონიდან 2500 ფუტის სიმაღლეზე და უფრო ზემოთაც ავიდნენ. ყველაზე გრილი და იმედის მომცემი ადგილი რისლინგის, შარდონესა და პინო ნუარის კარგი მოსავლის მოსაყვანად, ტასმანია იყო. მაგრამ 1968 წელს ხობარტში ვენახების გაშენება საოცრად თამამი ნაბიჯი იყო.

მსხვილი ავსტრალიელი მწარმოებლები ოდნავ განსხვავებული გზით წავიდნენ. ისინი იმ დროისთვის საარაკო ფულს დებდნენ უახლესი ტექნიკური საშუალებების შეძენაში და 1960-იანი წლების შუა ხანებისთვის უკვე იყვნენ წნევისა და გაგრილების ხელშემწყობი მექანიზმის მქონე ავზების ბედნიერი მფლობელები, რომელთა წყალობითაც ავსტრალიური თეთრი ღვინო "ხელახლა შეიქმნა". წინანდელი, უსიცოცხლო "წითელი მშრალი" ღვინოების ნაცვლად, რომლებიც პორტვეინსა და ხერესთან და, რა თქმა უნდა, ლუდთან ერთად ყველაზე პოპულარულ სასმელებად მიიჩნეოდა ავსტრალიაში, მათ მოულოდნელად შესთავაზეს "მოზელური", რისლინგით ან ტრამინერით არომატიზებული, გამოკვეთილად ტკბილი თეთრი ღვინო. ეს შესაძლებელი გახდა ახალი გერმანული ტექნოლოგიის წყალობით, რაც გაწმენდის ძალზე თხელი ფილტრების გამოყენებას გულისხმობდა. ადრე ძალზე სარისკო იყო ბოთლში ჩამოსასხმელ ღვინოში შაქრის დატოვება, რომელსაც არ განუცდია ფერმენტაცია. თუმცა, Seitz-ის ფილტრები მთლიანად შლიდა საფუარის კვალსაც, რომელსაც უსიამოვნო გემოს დატოვება შეეძლო. ავსტრალიას ისღა დარჩენოდა, პრაქტიკაში დაენერგა მუყაოს ყუთში მოთავსებული ონკანის მქონე 3 ლიტრიანი პლასტიკური ტომრები, და დამშვიდობებოდა ძველმოდურ ბოთლებსა და კორპსაძრობებს. 1970-იანების შუა ხანებისთვის ავსტრალიელთა უმრავლესობისთვის სიტყვა "ღვინო" ნიშნავდა წყურვილის მოსაკლავ, ხილის გემოს მქონე თეთრ სასმელს, რომელიც ლუდის ალტერნატივას წარმოადგენდა.

 

ავსტრალიელი გზის გამკვალავი

 

ავსტრალიასაც ჰყავდა თავისი ჩელიშევი: თვითნაბადი გენიოსი, რომელმაც მთელი ქვეყნისთვის დაადგინა სტანდარტები და ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო დიდებული წითელი ღვინოების წარმოებაზე საფრანგეთის მონოპოლიის შესახებ წარმოდგენას. ამ გენიოსის სახელია მაქს შუბერტი (Schubert). იგი მეღვინედ მუშაობდა ადელაიდის გარეუბანში მდებარე Penfold-ის მამულში. 1950 წლისთვის შუბერტი პირველად ეწვია საფრანგეთს და ბორდოში იგი წარადგინა კრისტიან კრუზმა (Cruse), რომელიც არისტოკრატიული შარტრონული ოჯახის წევრი იყო. შინ დაბრუნებული შეუდგა ექსპერიმენტების ჩატარებას ყურძნის საუკეთესო ჯიშებზე, რომელთა მოპოვებაც მან შეძლო ავსტრალიაში. ეს იყო დოქტორ პენფოლდის კუთვნილ Grange Cottage-ს მამულში მოწეული შირაზი, აგრეთვე ყურძენი მორფეტის ხეობიდან, რომელიც რამდენიმე მილით სამხრეთით მდებარეობს (ზოგჯერ ცოტაოდენ კაბერნესაც უმატებდნენ). ისევე როგორც ჩელიშჩევი, იგი თავის ღვინოს ამერიკული მუხის ახალ ხელკასრებში აძველებდა. აცნობიერებდა რა თავის მიერ შექმნილი ღვინის რევოლუციურობას, რომელიც უფრო ხილისებური იყო და უფრო ძლიერ სტრუქტურასაც ფლობდა, ვიდრე ყველა სხვა ღვინო, რომელიც ოდესმე უნახავს ავსტრალიას, მან დაარწმუნა პენფოლდი, არ გაეყიდა იგი მანამდე, სანამ კასრში ოთხი წლის ასაკს არ მიაღწევდა. მაგრამ ის ბევრად უსწრებდა დროს, და 1957 წელს კრიტიკოსებმა უარყვეს მისი ღვინო. თუმცა, Grange Hermitage, როგორც შუბერტმა უწოდა თავის ახალ ღვინოს, ბოთლებში მხოლოდ გარკვეული ხნით დაყოვნება სჭირდებოდა. ავსტრალიამ მხოლოდ 1960 წელს შეიტყო, რომ მაქს შუბერტმა შექმნა პირველი დიდებული ავსტრალიური წითელი ღვინო.

 

რევოლუცია, ან ბაზარი

                არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ ამჟღავნებდნენ ღვინის მიმართ ინტერესს ამერიკელები, რომელთაგან ბევრი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში იბრძოდა. ერი მეტად "გარეთ მიბრუნებული" გახდა, მეტ ინტერესს იჩენდა თავისი კვებისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა ქვეყნების გემოვნების მიმართ. თუკი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამერიკელების ინტერესს ღვინის მიმართ რამე აკავებდა, ეს, ეჭვგარეშეა, გაუბედაობაა. და ეს გაუბედაობა მათში გამოიწვია აბსურდულმა ცნებებმა, რომლებსაც ქადაგებდნენ ეტიკეტის შესახებ სნობისტურ სტატიათა ავტორები: რომ არსებობს მხოლოდ "წესიერი" ღვინო, წესიერი ჭიქები, წესიერი ტემპერატურა, რომელიც უნდა ჰქონდეს ღვინოს მაგიდასთან მიტანისას, მთავარი კი დახვეწილად ჩამოყალიბებული საიდუმლო ფრაზის ცოდნაა, რომელსაც საჭირო მომენტში ეტყვი სომელიეს.

     თუმცა, გემოვნებების რევოლუციის უკან იდგა ბაზარი.

     მოცემულ შემთხვევაში 1960-იან წლებში სწორედ ბორდოს დიდხანს ნანატრმა აღორძინებამ მოახდინა ღვინის რევოლუციის პროვოცირება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახალ სამყაროშიც. 1959 წლის არნახულად ცხელი ზაფხული და "საუკუნის მოსავლად" წოდებული ამ წლის ღვინო, პრესაში ფართო განხილვის საგნად იქცა. ეს ფრაზა აიტაცეს და მას იმეორებდნენ მთელს მსოფლიოში. ასე თანდათანობით იკიდებდა ფეხს ახალი გასტრონომიული ნარჩევი.

     1964 წელი გარკვეულწილად "ეპოქალური" გახდა აშშ-ის ღვინის ინდუსტრიისთვის. იმ დროისათვის ამერიკაში უმსხვილესმა დაწესებულებამ Gallo, რომელიც მანამდე არომატიზებულ და დატკბილულ "პოპ" ღვინოებს (მაგალითად, Thunderbird-ი) აწარმოებდა, დაიწყო "ნატურალური ყურძნის ღვინოების" გამოშვება, რადგანაც მარკეტინგული გამოკვლევები ცხადყოფდა, რომ ახლა მოსახლეობის უმრავლესობას იაფ მშრალ ღვინოებზეც უნდა ჰქონოდა მოთხოვნილება. Gallo-ს ქარხნებში Chablis Blanc-ისა და Hearty Burgundy-ს მარკებით დაიწყეს სასმელების წარმოება. მას შემდეგ ძმებმა გალოებმა, ქმნიდნენ რა თავის იმპერიას, ნელ-ნელა, ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ აღწევდნენ მასობრივი გემოვნების შეცვლას "პოპ" ღვინოებიდან ნატურალურ ღვინოებამდე, და შემდეგ - ჯიშურ ღვინოებამდე და მუხაში დაძველებულ შარდონემდე.

     გემოვნების რევოლუციის ილუსტრირება ამერიკულად, ყველაზე კარგად ციფრებს შეუძლია. 1965 წელს მთელი კალიფორნია ითვლიდა ყურძნის ღვინის (განსხვავებით სუფრისა და ჩამიჩის მარცვლისა) ჯიშებით დაკავებულ 110 000 აკრს, თუმცა უმეტეს ნაწილს შეადგენდა დაბალი ხარისხის ჯიშები, და მხოლოდ მცირე რაოდენობა იზრდებოდა საუკეთესო გრილ რეგიონებში. მოგვიანებით, ათი წლის შემდეგ, ეს ფართობი სამჯერ გაიზარდა, ამასთან, კაბერნე სოვინიონისთვის აქედან გამოყოფილი იყო 24 000 აკრი, ხოლო შარდონესთვის მხოლოდ 10 000 აკრი. კიდევ ათი წლის შემდეგ ეს ციფრი ოდნავღა გაიზარდა, მაგრამ მოხდა მნიშვნელოვანი გადაწევა უფრო გრილი სანაპირო ზონებისკენ. თუკი კაბერნესთვის გამოყოფილი ფართობი დაახლოებით ისეთივე ზომის რჩებოდა, შარდონეს ამ დროს უკვე 30 000 აკრზე მეტი ეკავა. გრილ კლიმატში გაზრდილი, ფრანგული მუხის არომატის მქონე შარდონე ქვეყანაში ყველაზე საყვარელ ღვინოდ იქცა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1980 წელს, პირველად ამერიკის ისტორიაში, ქვეყნის მოსახლეობამ ლიქიორზე გაცილებით მეტი ღვინო დალია.

 

     ღვინოების ბრძოლა

 

    

არაფერს არ შეეძლო ახალი ათასწლეულის მოახლოებისთვის ისეთი დრამატული ელფერის მინიჭება, როგორც ეს 1976 წელს მოახერხა ინგლისელი ღვინით მოვაჭრე სტივენ სპურიეს (Spurrier) მიერ პარიზში ორგანიზებულმა დეგუსტაციამ. ეს იყო ღვინოების ნამდვილი ბრძოლა!

                ბორდოდან და ბურგუნდიიდან მან მიიწვია ყველაზე ცნობილი მეღვინეები, რესტორნების მფლობელები პარიზიდან, და აპელასიონების ეროვნული ინსტიტუტის უფროსი ინსპექტორიც კი, რომელთაც ბოთლებით, ეტიკეტების გარეშე შესთავაზა მთელი რიგი ფრანგული და კალიფორნიული ღვინოებისა. კალიფორნიული კაბერნე გამოფენილი იყო Médoc crus classés-თან ერთ კატეგორიაში, ხოლო კალიფორნიული შარდონე - თეთრ ბურგუნდიულ Grands Crus-სა და  Premiers Crus-თან.

     ორივე ჯგუფში საუკეთესოდ მიჩნეული იყო კალიფორნიული: ნაპას ხეობის 1973 წლის კაბერნე Stag’s Leap-ი, რომელმაც შეავიწროვა 1970 წლის Château Mouton-Rothschild-ი, და ასევე ნაპას ხეობის 1973 წლის შარდონე Château Montelena, რომელმაც ნოკაუტში ჩააგდო Meursault Charmes-ი. სხვა კალიფორნიული ღვინოები ხარისხით თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ფრანგულებს.

     შედეგებს პრესაში ბევრი საწინააღმდეგო აზრი მოჰყვა: ამბობდნენ, რომ ბორდოსა და ბურგუნდიის საუკეთესო ღვინოებს სიმწიფის ასაკამდე მეტი დრო სჭირდება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, კალიფორნიული ყურძნის უჩვეულო სიმწიფე ფრანგულ ღვინოებზე გაზრდილ დეგუსტატორებს უჩვეულოდ წარმატებული მოსავლის შეგრძნებას უქმნისო. მაგრამ ეს ყველაფერი დეტალებია, რომლებსაც არ შეუძლიათ მორალის დაჩრდილვა. მიუხედავად იმისა, ღვინის ჭეშმარიტი ხარისხი და ღირებულება იყო თუ არა სწორედ ისეთი, როგორიც ისინი იმ დღეს დაინახეს მსაჯებმა, მთავარი მაინც დადასტურდა: ფრანგული მეთოდების გამოყენებიდან ათ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, კალიფორნიულმა ღვინოებმა შეძლეს ხარისხით გათანაბრებოდნენ ორიგინალებს, რომლებითაც ასე იყვნენ აღფრთოვანებული მათი შემქმნელები. 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული