Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (4)

ლეგიონები ითხოვენ ღვინოს

საიდუმლოებით მოცული ალობროგიკა

გალიაში, რონის ხეობის გაყოლებაზე, მეორე სავაჭრო გზაც გადიოდა, რომელსაც ცალკე ისტორია აქვს. პირველ გიგანტურ "ემპორიუმად" (საწყობად), საიდანაც ღვინო ჩრდილოეთში გაჰქონდათ, ძლიერი და რომთან დამეგობრებული ალობროგების ტომის ქალაქი იქცა. ალობროგები გაბატონებული იყვნენ რონის აღმოსავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით ალპებამდე და ჟენევის ტბამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. მათ ტერიტორიაზე მდებარეობდა ერმიტაჟად წოდებული გრანიტული წარმოშობის მაღალი და მოზრდილი მიწის ნაკვეთი. რონა, რომელიც ამ ადგილას ფართოვდებოდა, გარს უვლიდა ნაკვეთის ძირს და მარცხნივ იმგვარად უხვევდა, რომ წარმონაქმს მდინარის წყლისაგან არეკლილი მზის სხივები ეცემოდა. ყურძნის დარგვა აქ ისეთი სარისკო არ იყო, როგორც ბორდოში - ერმიტაჟი ხმელეთზე ხმელთაშუა ზღვისპირეთის პატარა ნაგლეჯივით მოჩანდა (მარადმწვანე მუხებითა და მისი ყველა დანარჩენი ატრიბუტით). მიწის ასეთივე ნაკვეთი იყო მდინარის დასავლეთ სანაპიროზეც, ვიენთან - ახლანდელი ამპიუისა და კონდრიოს თავზე. ალობროგები საკმაოდ ჭკვიანები აღმოჩნდნენ: მათ თავიანთი ტერიტორიული საზღვრები რონის გაღმა გადაიტანეს და ეს ნაკვეთიც შიგ მოაქციეს. ამჟამად მას კოტ-როტი ეწოდება.

აქ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ვაზის ჩამოტანის საჭიროება არ იყო. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ადგილობრივ ტყეებში შესაფერისი ყურძენი უკვე არსებობდა. ვაზი მშვენივრად ეგუება იმ პირობებს, რომელშიც იზრდება. შესაძლოა, გასაოცარი ღვინის გამოჩენა, რომელმაც ალობროგიკას სახელი მიიღო, ჩვეულებრივ მუტაციას უკავშირდება, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ღვინო მზადდებოდა ვერგილიუსის მიერ ხოტბაშესხმული ვაზისგან, რომელიც იტალიურ ალპებში იზრდებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ღვინო ალობროგიკა, რომელიც ვიენში ვერგილიუსის სიკვდილიდან არა უგვიანეს 90 წლისა იყიდებოდა (პლინიუსის მონაცემებით), იქცა რომის საუკეთესო ღვინოების ძირითად კონკურენტად. მას განსაკუთრებით კუპრის (დამწვარი ფისის) მძაფრი არომატის გამო აფასებდნენ, რომელიც ძალზე იშვიათია კარგი ღვინისთვის. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ალობროგიკა თანამედროვე რონის პტი სირად გარდაიქმნა. არსებობს სხვა ვერსიაც: მონდიოზე - სავოის ალპებიდან (ძალზე არომატული წითელი ყურძენი, რომელსაც სათანადოდ ვერ აფასებენ). მონდიოზეს ერთ-ერთ სინონიმს გროს სირა წარმოადგენს; მეორეს - რეფოსკო, ყურძენი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიიდან (ეს ძაფი ალობროგიკას აგრეთვე აკავშირებს რეტის ღვინოსთან). მესამე ვერსიის თანახმად, ალობროგიკა ყურძენ პინოს ოჯახის, ესე იგი, ბურგუნდიისა და შამპანის ყველა წითელი ღვინის წინაპარია.

რომის გალიის მნიშვნელოვანი ცენტრი ლიონი იყო, რომელიც ვიენიდან 30 მილის დაშორებით (კარჭაპის გამწევი მონებისთვის სამი დღის სავალზე) მდებარეობდა. ლიონში ნაწილდებოდა ჩრდილოეთ რაიონებში გასაგზავნი ღვინოც. იგი ასევე წარმოადგენდა გალიის ყველაზე მსხვილ "საწყობს". გერმანიის საზღვართან განლაგებულ რომაელთა ჯარებს ტკბილი სამხრეთული ღვინო უყვარდათ და მშრალ ალპურს არ აღიარებდნენ. ჩრდილოეთში ჩაჰქონდათ ანდალუზიის მზით გაჯერებული ასობით ათასი ამფორა ფორტებზე მოთვალთვალე იმ მზვერავების განწყობის ასამაღლებლად, ყოველ წუთს ტევტონთა თავდასხმა რომ ემუქრებოდათ.

ედუელთა ჩივილები

გალებიდან რომის პირველი მოკავშირეები ედუელები გახდნენ, რომელთა ციხე-სიმაგრე კოტ დ’ორიდან ოდნავ დასავლეთით მდებარეობდა. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ედუელებმა დატოვეს თავიანთი ციხე-სიმაგრე და რომაელების დახმარებით დააარსეს ახალი ქალაქი ავგუსტოდუნუმი. მოგვიანებით ეს სახელი შეამოკლეს და დარჩა ავტუნუმი. რომაელების ხელში იგი გალიის ერთ-ერთ უმსხვილესად ქალაქად იქცა, მაგრამ ყურძნის მოსაყვანად იქ მეტისმეტად ციოდა. სამაგიეროდ, ქალაქის კუთვნილი მიწები საკმაოდ შორს იყო გადაჭიმული და კოტ დ’ორსაც მოიცავდა, რაც ყურძნის გაზრდისა და ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელი მთავარი სახმელეთო არტერიასთან ღვინის დამზადების მშვენიერ შესაძლებლობას იძლეოდა. მდინარის სიახლოვეს ვაზის ჩაყრა უკეთესი რომ იქნებოდა, ედუელებმა ეს მშვენივრად უწყოდნენ, მაგრამ კომერციულმა მოსაზრებებმა აქაც იმძლავრა. ისე გამოვიდა, რომ კოტ დ’ორი მდინარის მოშორებით გაშენებული ერთადერთი უძველესი დიდი ვენახია.

პირველი ზუსტი ცნობები პაგუს არებრიგნუსის შესახებ (მაშინ ასე უწოდებდნენ კოტის მეღვინეობის რეგიონს) გვხვდება 312 წელს ავგუსტოდუნუმში ჩასულ იმპერატორ კონსტანტინეს მისამართით გამოთქმულ საჩივართა სიტყვაში. იმპერიის აყვავების დღეები უკვე ჩავლილი იყო. გერმანელებისა და ალემანების მიერ ქალაქი ორჯერ გაიძარცვა - 269 და 276 წლებში. მხოლოდ სხვა, ბალტიიდან ბურგუნდიელთა უფრო კეთილშობილი ტომის გამოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი ედუელთა დედაქალაქის სრულად აღდგენა და იმპერატორის დასახვედრად მისი მომზადება. ასე გაჩნდა ბურგუნდია.

კოტის ვენახები, როგორც ორატორმა მოახსენა კონსტანტინეს, მართალია, საყოველთაო შურის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ნარგავების გასაფართოებლად აქ არ არის ისეთი ვრცელი ტერიტორიები, როგორც ბორდოში. ვენახი მოქცეულია ქვიან ბორცვებსა და ჭაობიან ვაკეს შორის, სადაც მოსავალი სიცივისგან ფუჭდება. მიწის ამ ვიწრო ზოლზე (რომელსაც მაშინვე იცნობს ნებისმიერი, ვისაც კოტთან შეხება ჰქონია) ვაზი სიბერისგან დაკნინებულია და ნიადაგის დამუშავება შეუძლებელია, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ერთმანეთში გადახლართული ფესვები. გარდა ამისა, როგორც ორატორმა თქვა, ყველა, მათ შორის მთავარი სამხედრო გზაც, ისეთი ოღროჩოღროა, რომ ნახევრად დატვირთული საზიდავიც კი გატყდება; და, რა თქმა უნდა, ერთგული ქვეშევრდომებისთვის ადვილი არ არის გადასახადების გადახდა.

რამდენად გადაბერებული იყო ვაზი ჯერ კიდევ მაშინ? რა ხნის განმავლობაში იქცა ვენახი ისეთად, როგორც მას აღწერდა (თუნდაც გადაჭარბებულად) პატივსაცემი ორატორი? გამოდის, რომ ვაზი დარგული იყო პროვინიაჟის სისტემის, და არა რომის სახელმძღვანელოების, მიხედვით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ლერწს მიწაზე გადააწვენენ, რის შემდეგაც მას დამატებითი ფესვები გამოაქვს. ყოველ წელს ახალი რქა-ფესურა ჩნდება, ხოლო კუფხალს დროებითი მსუბუქი საყრდენით აკავებენ მიწის ზემოთ. ვენახის აღწერა, როგორც ფესვების აბლაბუდა, სავსებით მიესადაგება პროვინიაჟის სისტემას - მაგრამ მაინც რამდენად ასაკოვანი იყო ვაზი?

უდავოა, რომ ყურძენი ჯერ კიდევ ბარბაროსთა შემოსევებამდე დარგეს, ესე იგი, როგორც მინიმუმ, ჩვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში. ძლევამოსილი ქალაქი ლიონი სწორედ მაშინ იწყებდა დაცემას. იყო თუ არა ამის მიზეზი კოტის ვენახები, თუ ეს უბრალო დამთხვევაა და ჩვენ არ ვიცით?! ზოგიერთი უფრო ადრინდელ თარიღზე საუბრობს, და იმ ფაქტს იშველიებს, რომ ქალაქმა ბონმა თავის აყვავებას საუკუნით ადრე მიაღწია; ის კი არა, ძველებურ გასასხლავ დანებს და ბახუსის პორტრეტებსაც კი პოულობენ. ავგუსტოდუნუმში ამფორების ჩამოტანა II საუკუნეში შეწყვიტეს, რაც კასრების გამოყენებაზე მიუთითებს. სავსებით შესაძლებელია, რომ მათში უკვე ადგილობრივ ღვინოს ასხამდნენ.

იქ, სადაც ახლა შამპანურს აკეთებენ…

ჩვენი მცდელობები, დაგვედგინა საფრანგეთის სხვა ვენახების წარმოშობის თარიღი, ასევე ამაო გამოდგა. ყოველი მათგანი მარტივი ლოგიკის მიხედვითაა განლაგებული: მსხვილი ქალაქის სიახლოვეს, თითქმის ყოველთვის მდინარის გვერდით და ყოველთვის (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) გორაკის ციცაბო ფერდობზე. რომაელებმა იცოდნენ, რომ ფერდობზე ცივი ჰაერი ეშვებოდა და წყლის მსგავსად მოსავლისათვის დამღუპველ აუზებს ქმნიდა.

გალიაში, სადაც უპირატესად ვაკე ადგილები იყო, რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი ქვიანი ბორცვი გალ-რომაელთა ერთ-ერთ პირველ ვენახებად იქცა. ამის კარგი მაგალითია სანსერის ცარცოვანი ბორცვი ლუარაზე, რომელიც თვალში ისევე გვხვდება, როგორც ერმიტაჟი რონაზე. აპოსტატად ცნობილმა იმპერატორმა იულიუსმა, რომელმაც უარყო თავისი წინამორბედის - კონსტანტინეს მიერ მიღებული ქრისტიანობა და იმპერიაში ადრინდელი ღმერთების დაბრუნება სცადა, ორი წელი დაჰყო პარიზის წინაპარ პატარა ქალაქ ლუტეციაში, სადაც იმ ყურძნისგან დაწურულ ღვინოს სვამდა, რომელიც, სავარაუდოდ, მონმარტრის ბორცვზე იზრდებოდა.

რეიმსის მთამ, როგორც ჩანს, ასევე ერთ-ერთმა პირველმა გაიჩინა საკუთარი ვენახები. ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი გარშემორტყმულია რომაელების მიერ გათხრილი ცარცის მაღაროებით, სადაც ისინი მშენებლობისთვის ქვებს მოიპოვებდნენ. მთის სამხრეთი ფერდობი, რომელიც მდინარე მარნას გადაჰყურებს, იდეალურია ყურძნისთვის. მართალია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გალ-რომაელებს თავიანთი ყურძენი იმ ადგილებში მოჰყავდათ, სადაც ახლა შამპანურს აკეთებენ, მაგრამ საეჭვოა, რომ ასეთი შესაძლებლობა მათ ხელიდან გაეშვათ.

ამ გალური ვენახების დიდი ნაწილი, ალბათ ბორდოსა და რონის გარდა, გაშენდა იმ დროს, როდესაც თეორიულად ჯერ კიდევ ძალაში რჩებოდა დომიციანეს ბრძანება პროვინციაში ყურძნის დარგვის აკრძალვის შესახებ. უცნობია, მათ რომის საგანგებო ნებართვა მიიღეს, თუ (რაც უფრო სარწმუნოა) ადგილობრივმა ხელმოკლეობამ და სურვილებმა სძლია ადამიანურ კანონმორჩილებასა და შიშს სასჯელის წინაშე. ყოველ შემთხვევაში, კანონში მოხერხებული თავის დასაძვრენი იყო: რომის მოქალაქის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი მიწა რომის კუთვნილებად ითვლებოდა, მაშასადამე, ამ მიწაზე ნებადართული იყო ვენახის გაშენება. თუმცა, 280 წელს იმპერატორ პრობუსის მიერ დომიციანეს ბრძანების გაუქმებამ ("მოქალაქენო, - თქვა მან, - გააშენეთ ვენახი და გამდიდრდით"), მევენახეობას ახალი მძლავრი იმპულსი მისცა. როგორც ჩანს, ლუარის ბევრი ვენახი VI საუკუნეში გაშენდა. ლუარაში ბოლომდე მიიყვანეს ბორდოში ბიტურიკისა და რონის ხეობაში ალობროგიკას დაწყებული საქმე - ყურძნის დასავლური და აღმოსავლური ჯიშები რეგიონში ორი მხრიდან შეიჭრა. ჩვენს დროში ლუარაში კაბერნე პინოსთან მეზობლობს, ხოლო ბურგუნდიული გამე - სოვინიონ ბლანთან ბორდოდან.

ლეგიონები ითხოვენ ღვინოს

აღმოსავლეთიდან რომაელებზე სპარსელების თავდასხმის შემდეგ ბარბაროსებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დრო დადგა. 260 წელს გერმანელები და ფრანკები რომაული ქალაქების გასაძარცვად გაემართნენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერიის მარცხი: ჩრდილოეთში ბარბაროსებმა რომაელები უბრალოდ აიძულეს გადაჯგუფებულიყვნენ. იმპერიის დედაქალაქი ჯერ კიოლნი გახდა, შემდეგ კი - ტრიერი.

შორეულ საზღვრებზე მყოფი რომაელი მხედართმთავრები არანაკლებ იყვნენ ღვინოს მოწყურებული, ვიდრე სამშობლოში დარჩენილი მათი კოლეგები. მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობის დასასრულს ღვინის ფასი უსაშველოდ იწევდა ზემოთ, ხოლო ხარისხი, პირიქით, ეცემოდა. ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა, რომ ჩრდილოეთში ხალხი რაღაც ლუდისმაგვარ უხეშ სასმელს სვამდა. როგორც ჩანს, იმპერიის ღვინო მათ თითქმის მიუწვდომლად ეჩვენებოდათ, თუ რა თქმა უნდა (რაც სავსებით შესაძლებელია), იქ არ იზრდებოდა ველური ყურძენი. მაგალითად, ზოგიერთი თანამედროვე სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რისლინგი უსურვაზისგან წარმოიშვა.

სავსებით შესაძლებელია, გერმანიის პირველი ვენახები იმავე პრინციპით ყოფილიყო გაშენებული, როგორც ბორდოსი. რა იქნებოდა, თუკი ვენახს ტრიერის შემოგარენში, ტყიან ციცაბო ფერდობზე გააშენებდნენ, სადაც ამისათვის საჭირო სამივე აუცილებელი ელემენტი - ქალაქი, მდინარე და ბორცვები არსებობდა? - რჩებოდა მხოლოდ ბორცვების სწორად შერჩევა. ციცაბო, სამხრეთისკენ მიმართული ფერდობი არა მარტო იკრებდა ამ მხარეებში ასე იშვიათ სითბოს (ძლიერი დაქანების გამო მზის სხივები ბორცვებზე ეცემოდა მართი, და არა მახვილი, კუთხით და სუსტად იშლებოდა), არამედ ვენახს ჩრდილოეთის ქარებისგანაც იფარავდა და ძლიერი წვიმებისგანაც იცავდა.

მეღვინე წმინდანები

გიბონმა რომის დაკნინება და დაცემა აღწერა, როგორც "ბარბაროსობისა და რელიგიის ტრიუმფი". იმპერატორების ხანას წმინდანთა ხანა მოჰყვა. კონსტანტინემ იმპერიაში შემოიტანა ქრისტიანობა და დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა. რომს თითქმის აღარ დარჩა ძალაუფლება. ფრანკები, ვანდალები და გოთები დაუცველი ევროპისაკენ დაიძრნენ. რომის უკანასკნელი ლეგიონები გაერთიანდნენ ფრანკებთან და ვანდალებთან, მრისხანე ატილასა და მისი ნახევარმილიონიანი (როგორც ვარაუდობდნენ) ჰუნების არმიის წინააღმდეგ, შეამოწმეს რა მისი ძალები 451 წელს შალონთან (შამპანში) მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს. ჩრდილოეთ საფრანგეთი ახლა ფრანკების ხელში იყო, სწორედ მათ მისცეს სახელი ამ ქვეყანას. იმპერიისგან აქ მხოლოდ ეკლესია დარჩა.

ეკლესია იმპერიულ ტრადიციებში შექმნილი ძველი რომის ნამდვილი პირმშო იყო და, მიუხედავად ამისა, მას მაინც არ ჰყავდა საკუთარი არმია. პირველი ეპისკოპოსები პროვინციებიდან გამოსული უმაღლესი რომაული წოდების განათლებული წარმომადგენლები იყვნენ. როდესაც რომმა ძალაუფლება დაკარგა, გადარჩენილები გამოეწყვნენ ეპისკოპოსებისა და მღვდლების შესამოსელში და არსებობა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, რომაული წესით გააგრძელეს.

ბერებთან კი საქმე სხვაგვარად იყო. ეკლესიის ამქვეყნიურ სიბრძნეს ისინი თავგანწირულ სულიერებას უპირისპირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბერობის იდეა განდეგილ წმინდა ანტონს დაებადა სინას უდაბნოში, ეგვიპტეში, ჩვ.წ. 300 წელს. მისმა მოძღვარმა, მოძღვრის ნიჭით დაჯილდოებულმა წმინდა ათანასემ კი სწორედ იმ დროს ჩამოიტანა ბერობა ტრიერში. ტრიერში სავარაუდოდ ევროპაში პირველი მონასტერი გაჩნდა, რომელიც თითქმის მაშინვე შეიქმნა მას შემდეგ, რაც იმპერიაში ქრისტიანობა მიიღეს და ევროპის ფარგლებს გარეთ მონასტრები დაარსდა. მაგრამ მღვდელმსახურთა მდგრადი იერარქიული სისტემა ეპარქიებში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე კონტინენტზე მიმობნეული ბერების დაჯგუფებები. წმინდან ეპისკოპოსებს მრავალი სასწაული მიეწერება, რომელთა შორის უდიდესი მაინც სამი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის (რომელშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა მეღვინეობა) ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლური ქვეყნებისთვის მუსრის გასავლებად, აღმოსავლეთში გროვდებოდა და ძალას იკრებდა ჯოჯოხეთური ლეგიონები.

ბევრი ეპისკოპოსი მეღვინეობით იყო დაკავებული; მაგალითად, წმინდა მარტინი, გულჩვილი ლეგიონერი უნგრეთიდან (ლეგენდის მიხედვით, მან თავისი ფორმის მოსასხამის ქვეშ შეიფარა სიცივისგან აკანკალებული ღატაკი), რომელიც 371 წელს ტურის ეპისკოპოსი გახდა. ტურინში მეღვინეობის შემოტანას და გასხვლის ტექნოლოგიის გამოგონებას სწორედ მას მიაწერენ (ამ უკანასკნელის აღმოჩენამდე იგი მას შემდეგ მივიდა, რაც ვირის მიერ ტოტების ჭამას დააკვირდა). ღვინო ტურის მომდევნო ეპისკოპოსს, წმინდა გრიგორსაც უყვარდა. წმინდა ჟერმენი პარიზის სააბატოდან, რომლის მიწები მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე იყო განლაგებული, მემატიანეს ცნობით, ბურგუნდიაში მდებარე მეღვინეობის დიდ მამულში დაიბადა. აღმოსავლეთ საფრანგეთში მოღვაწე კიდევ ერთ წმინდანს, ლანგრეს ეპისკოპოს გრიგორს კი არ აკმაყოფილებდა მისი საეპისკოპოსო მიწების ღვინო, და მან თავისი მეურნეობა დიჟონში გადაიტანა. წმინდა ერმელუნდუსმა ჩინებული ვენახი გააშენა ლუარის შესართავთან, ხოლო წმინდა დიდიემ მას კიდევ ერთი ზვარი მიამატა კაორში. ეპისკოპოსი ნიცეტიუსი ტრიერიდან, მოზელის მევენახეებთან თანამშრომლობდა, წმინდა გოარი კი - რეინელ ოსტატებთან.

საეპისკოპოსოების წინაშე მალე დადგა მონასტრების მზარდ გავლენასთან დაკავშირებული კონკურენციის პრობლემა. სწორედ ისინი ბატონობდნენ შუასაუკუნეების მეღვინეობაშიც. მაგრამ ძველი ფრანკების ყველა ქმედება უფერულდება მათი დიადი მემკვიდრის, წმინდა რომის იმპერიის პირველი მმართველის, იმპერატორ კარლოს დიდის საქმეების გვერდით. მისი სახელი (ფრანგულად Charlemagne - შარლემანი) დღემდე ამშვენებს მრავალი კეთილშობილი ღვინის ეტიკეტს.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული