Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ქურდები

სტატიის სათაურმა ალბათ ცნობილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაგახსენათ, თუმცა ამჯერად ელიბოს მარანში შეპარულ და ჭურის თავზე მოქეიფე ზაქროსა და ფირუზაზე თხრობას არ ვაპირებთ, წინ უფრო "მსხვილმასშტაბიანი" ძარცვები გელით, რომელთა ავტორებიცა და შემსრულებლებიც თავიანთი საქმის დიდოსტატები არიან.

ღვინის სამყაროში ქურდობა არცთუ იშვიათი ხილია. ამასთან, ბოროტმოქმედები მხოლოდ კერძო კოლექციებითა და იშვიათი სასმელებით არ შემოიფარგლებიან. ზოგჯერ ქურდობის ობიექტი ყურძენიც ხდება, რომელსაც მძარცველები პირდაპირ ვენახიდან იპარავენ. ამაში უჩვეულო არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღვინო ჩვეულებრივი საქონელია, რომელიც მოთხოვნით სარგებლობს, ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვისაც უსასყიდლოდ სურს მისი მიღება.

დღეს ღვინის ქურდობის ყველაზე ცნობილი ისტორიების შესახებ მოგითხრობთ, თუმცა მსგავს ამბებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მოგიყვებიან.

2006 წლის აგვისტო, შვედეთი

რესტორან Ulriksdals Wärdshus-იდან ღვინის მთელი კოლექცია მოიპარეს, რომელიც ბორდოს პირველი კლასის მეურნეობათა 600 ბოთლს აერთიანებდა. ეს კოლექცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი, "გინესის რეკორდების წიგნში" იყო მოხსენიებული. მასში შედიოდა თითო ბოთლი ბორდოს ხუთი პირველი მეურნეობიდან (Chateaux Lafite, Latour, Haut-Brion, Margaux დაMouton-Rothschild), ასევე საუკეთესო სოტერნული მეურნეობის, Chateau d'Yquem-ის ყველა მოსავლის ნიმუში - 1900-დან 2000 წლის ჩათვლით. კოლექცია 550 ათას დოლარად იყო შეფასებული. ქურდებმა საუკეთესო ეგზემპლარები წაიღეს, ნაკლებად ღირებულს კი ხელი არ ახლეს. ღვინის გატანამდე სატელეფონო ხაზები გადაჭრეს და სათვალთვალო კამერები გამორთეს. საბედნიეროდ, რესტორნის მფლობელებს კოლექცია დაზღვეული ჰქონდათ და ფულადი კომპენსაცია მიიღეს, მაგრამ დაკარგულ სასმელს არაფერი ეშველა. მათი თქმით, ის გასაყიდად არ იყო განკუთვნილი, უფრო სამუზეუმო "ატრაქციონის" ფუნქცია ჰქონდა. "ღვინოთა უმეტესობა დასალევად უვარგისია" - ხაზგასმით აღნიშნავდნენ ისინი. სპეციალისტების მტკიცებით, ნაქურდალის ლეგალური გზით რეალიზება შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, კოლექციამ ხელსაყრელი დროის მოლოდინში რომელიმე "ღვინომანის" სარდაფში დაიდო ბინა (თუ ძარცვის მიზანს ღვინის დაგემოვნება არ წარმოადგენდა).

2007 წლის თებერვალი,  Atherton, კალიფორნია, სილიკონის ველი

ეს იყო შტატში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქურდობა: გვიან ღამით კერძო სახლიდან 450 ბოთლი იშვიათი ღვინო მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 100 ათას დოლარს შეადგენდა. მათ შორის იყო იმ დროისთვის 11 ათასად შეფასებული 1959 წლის მაგნუმი Château Pétrus. ქურდებმა პატრონის არყოფნით ისარგებლეს, კარზე დაყენებული კოდური საკეტი გახსნეს და ღვინის სარდაფში შეაღწიეს. მძარცველებს შესანიშნავი გემოვნება ჰქონდათ და ღვინის კარგი ცოდნითაც გამოირჩეოდნენ. მათ იშვიათი მოსავლის უნიკალური ნიმუშები წაიღეს. როგორც ჩანს, კარგად ესმოდათ, რომ ასეთ სასმელს სტაბილური შემოსავლის მოტანა შეეძლო: მოპარული ღვინის გაყიდვა ხომ ძალზე ადვილია (რასაკვირველია, ცნობილი სააუქციონო სახლების გვერდის ავლით)!

2007 წლის თებერვალი, ბორდო, საფრანგეთი

საფრანგეთის ერთ-ერთ უძველეს ღვინის სახლ  Seignouret Frères-ში 800 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო მოიპარეს. მძარცველებმა  Lafite-Rothschild, Mouton-Rothschild, Latour და ბორდოს სხვა იშვიათი ღვინოები წაიღეს. სულ - 250 ყუთი, რომელშიც 3 ათასი ბოთლი ეწყო, საერთო წონა კი 4 ტონას შეადგენდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი შენობიდან შეუმჩნევლად უნდა გაეტანათ და მანქანაზე დაეტვირთათ. ფაქტებიდან გამომდინარე, ძარცვაში ფირმის თანამშრომელიც იყო ჩართული, მაგრამ დამნაშავეები, ისევე, როგორც სასმელი, ვერ იპოვეს.

2009 წლის სექტემბერი, ლონდონი

ლონდონის სამხრეთით მდებარე Wimbledon-ის საწყობიდან 48 ათასი დოლარის ღირებულების სამხრეთაფრიკული ღვინო მოიპარეს. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ დანაშაული კარგად იყო დაგეგმილი. მძარცველებმა სატელეფონო სადენები გადაჭრეს, დაიცადეს, ვიდრე საწყობის ყველა თანამშრომელი სახლში წავიდოდა და მხოლოდ შემდეგ შევიდნენ შენობაში. ისინი კარგად ერკვეოდნენ სამხრეთაფრიკულ ღვინოებში და იცოდნენ, რასაც ეძებდნენ. ირჩევდნენ მხოლოდ პრესტიჟულ მეურნეობათა ძვირფას ღვინოებს, რომლებიც ღვინის გურმანებში მოთხოვნით სარგებლობდა. სულ 3 ათასი ბოთლი წაიღეს. მათი უმეტესობა გაიყიდა, თუმცა მფლობელებმა თავიანთი საკუთრების დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

2013 წლის მარტი, საფრანგეთი

ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ ავიზში ძვირფასი ბრენდის, Jaques Selosse-ის 4 ათასი ბოთლი შამპანური მოიპარეს. მძარცველები ღამით შეიპარნენ ღვინის ქარხანაში და უკვე შეფუთული ცქრიალა სასმელი და ღვინის ეტიკეტები წაიღეს. ფირმის მფლობელები შიშობენ, რომ დამნაშავეები ყალბი პროდუქციის გავრცელებას აპირებენ. ზარალი 300 ათასი ევროთი განისაზღვრა. გამტაცებლების ძებნა გრძელდება, მაგრამ ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც ნაკლებსავარაუდოა, რომ მათი აღმოჩენა მოხერხდეს.

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ადამიანები იპარავენ ყველაფერს, რასაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია, მათ შორის, ღვინოსაც. ღვინის ქურდობის ფაქტი (მართალია, კეთილშობილი მიზნით) საინტერესოდ აქვს აღწერილი პიტერ მეილს რომანში "კარგი წელიწადი." ამ წიგნის მიხედვით ფილმიც კი გადაიღეს (A Good Year), რომელშიც მთავარ გმირს ჰოლივუდის მსახიობი რასელ ქროუ თამაშობს.

ხელოვნების დაკარგულ ნიმუშთაგან განსხვავებით, ღვინოს არანაირი ოფიციალური რეგისტრაცია არ გააჩნია. წესით, სააუქციონო სახლებმა გულდასმით უნდა შეამოწმონ გასაყიდად გამოტანილ ღვინოთა შენახვის ისტორია და მფლობელის ვინაობა, თუმცა პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ ხდება. მართალია, ბოლო დროს ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდა, მაგრამ ეს უფრო გაყალბების ზრდითაა განპირობებული.

ყურძნის ქურდები

იშვიათ ღვინოთა დიდი პარტიების ან მაღაზიის თაროდან რამდენიმე ბოთლის ქურდობა საკმაოდ ხშირია, მაგრამ ვაზიდან ყურძნის მოპარვა ცოტა უცნაური მოვლენაა. და მაინც, ბოლო დროს მევენახეები სულ უფრო ხშირად ხდებიან ასეთ შემთხვევათა შემსწრენი. ერთი პერიოდი მსგავსი ფაქტები თითქმის ერდროულად დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში. მანამდე ყურძნის მოპარვა ამერიკასა და ევროპაში ჩიტების შემოსევას, ავსტრალიაში - კენგურუების, სამხრეთ აფრიკაში კი ბაბუინების "რეიდებს" უკავშირდებოდა. მაგრამ თუ ცხოველებს საკვების მოპოვების ინსტიქტი ამოძრავებთ, ადამიანების შემთხვევაში მხოლოდ ანგარებასთან გვაქვს საქმე.

ერთ-ერთი ლანგედოკელი ფერმერი, Roland Cavaillеასეთი "შემთხვევის" წყალობით 35 ტონა კაბერნე სოვინიონის გარეშე დარჩა. დილით ვენახის დასათვალიერებლად გასულმა თვალებს არ დაუჯერა, როდესაც პირწმინდად გაკრეფილი ვაზი დაინახა. პოლიციის განცხადებით, მძარცველებმა მთვარიანი ღამით ისარგებლეს და ყურძნის საკრეფი კომბაინის დახმარებით "რთველი" რამდენიმე საათში დაასრულეს. ამ საქმეს სულაც არ სჭირდებოდა ბევრი ხალხი. რამდენიმე კაციც საკმარისი იყო, რათა მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყარათ. მატერიალურმა ზარალმა 20 ათასი დოლარი შეადგინა.

ანალოგიური ფაქტი მოხდა გერმანიაში, ჰამბურგის რაიონში. ვენახი, რომელშიც პრემიალური ყურძენი იყო გაშენებული, მძარცველებმა რთველის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მთლიანად გაკრიფეს. მართალია, ტერიტორია შედარებით მომცრო იყო და წარმოებული ღვინოც ძირითადად სასაჩუქრედ გამიზნული, მაგრამ იქ იშვიათი ჯიშები - regent და  phoenix იზრდებოდა და მსგავსი რამ მანამდე არავის ახსოვს.

ასეთსავე შემთხვევას ჰქონდა ადგილი ოკეანის გადაღმა. ვაშინგტონის შტატში,  Grand Rêve Vineyard -ის მეურნეობიდან 1,25 ტონა მურვედრის ჯიშის ყურძენი მოიპარეს. ვენახის მფლობელის, პოლ მაკბრაიდის თქმით, ქურდობა მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე მოხდა. ბოროტმოქმედებმა თითქმის მთელი ვაზი გაკრიფეს, კვალის დასაფარად მხოლოდ პირველი რიგი დატოვეს ხელუხლებელი. ეს ამ მეურნეობაში მურვედრის პირველი მოსავალი უნდა ყოფილიყო და პატრონი მოუთმენლად ელოდა რთველს, თუმცა მძარცველებმა გეგმები ჩაუშალეს. მისი მტკიცებით, კიდევ ათი დღე იყო საჭირო, რათა ყურძენი ბოლომდე დამწიფებულიყო. ამ შემთხვევაში უკეთეს ღვინოს მიიღებდნენ.

მაკბრაიდი მზად იყო 5 ათასი დოლარი გადაეხადა ინფორმაციისთვის, რომელიც ქურდების დაჭერაში დაეხმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ნაქურდალი 4 ათას დოლარად შეფასდა. თუ ამას მომავალი ღვინის ღირებულებას დავუმატებთ, იმ გათვლით, რომ თითო ბოთლის გაყიდვას 40 დოლარად ვარაუდობდა, მაკბრაიდი 30 ათასი დოლარის გარეშე დარჩა. "ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ჯიშის პირველ მოსავალს სამი წელი ველოდით" - ამბობდნენ დაზარალებულ მეურნეობაში. მათი გრძნობები გასაგებია, თუ იმ მძიმე შრომას გავითვალისწინებთ, რაც ვაზის მოვლას თან ახლავს.

ამ ფაქტების შემდეგ ფრანგი დეტექტივები "ღვინის მაფიის ბანდებზე" ალაპარაკდნენ, რომლებიც საუკეთესო მოსავალს იპარავდნენ. სამივე შემთხვევაში ქურდები ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ და კარგად ერკვეოდნენ ყურძნის კრეფის დეტალებში. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ძვირფასი ნახატების შეკვეთილ ქურდობას, რომელიც არცთუ იშვიათი გახლდათ ანტიკვარიატის ბაზარზე.

ამ შემთხვევებმა ვენახის მფლობელები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე დააფიქრა. რა უნდა იღონონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად? თეორიულად, რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის, ყველაზე გონივრული მაღალი ღობეების აშენება, სათვალთვალო კამერების დაყენება ან სადღეღამისო დაცვის დაქირავებაა. სამივე მათგანი მისაღები და ეფექტურია, თუმცა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც საბოლოო ჯამში ღვინის ღირებულებაზე აისახება.

მოამზადა ნანა კობაიძემ  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.