Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზი, როგორც ცივილიზაციის საზრდო და თანამგზავრი

AUDIO

ჯიმშერ რეხვიაშვილი

საქართველოს ტერიტორიაზე კულტურულ მეღვინეობა-მევენახეობას ჩვ.წ. აღ-მდე VI- V ათასწლეულში მისდევდნენ. ეროვნულ მუზეუმში ინახება მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო მდებარეობს, კულტურულ ვაზს ჯიშობრივი ასორტიმენტით ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში იცნობდნენ. როგორ იქცა ვაზი კულტურულ მცენარედ, არის თუ არა საქართველო ღვინის აკვანი და რა როლი ითამაშა მევენახეობა-მეღვინეობამ საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის ფორმირებაში?
„შენ ხარ ვენახი“ - ასე ჰქვა თითქმის 1000 წლის წინ შექმნილსა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელს. შემთხვევით არაა, რომ გალობის ავტორი, საქართველოს მეფე დემეტრე პირველი, ღვთისმშობელს ადარებს ვენახს - „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებულიო“... ვაზი და საქართველო - მეცნიერთა თქმით, ესაა კავშირი, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. საქმე ისაა, რომ თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულის ვაზის წიპწები. უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურული ვაზის წიპწები კიდევ რამდენიმე ადგილას ნახეს. როგორც ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პალეობოტანიკოსი ნანა რუსიშვილი ამბობს, მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, წიპწების უმეტესობა ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera-ს ეკუთვნის.
„მიკროსკოპის საშუალებით ვსწავლობთ მის ფორმას, როგორია ხალაზას მდებარეობა და ფუძე, რომელსაც ნისკარტი ჰქვია. ამ ნიშნებით შეგვიძლია დავადგინოთ ვაზი კულტურულია თუ ველური. ჩვენი მონაპოვარი დაახლოებით 3 ათასი წლით უსწრებს მთელ ცივილიზაციას. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება საქართველოს ვუწოდოთ ღვინის სამშობლო.“
ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პალეობოტანიკოსი ნანა რუსიშვილი.
ნანა რუსიშვილის თქმით, საუბარია მხოლოდ კულტურული ვაზიდან მიღებულ ღვინოზე. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ადამიანი მოიხმარდა ველური ვაზის ღვინოსაც. ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ღვინის მსგავსი სასმელის დაყენება-დამზადება ცხოველებსაც ხელეწიფებათ. ღვინის კლუბის წევრის, რეჟისორ ლევან კიტიას თქმით, ცნობილია, რომ სპილოები ჩაჭყლეტენ წვნიან ხილს ორმოში და ელოდებიან მის დადუღებას.
ღვინოს რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითის ხანაშიც, ანუ დაახლოებით 8 ათასი წლის წინაც, მოიხმარდნენ, ესეც არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს. ნანა რუსიშვილის თქმით, ასევე მეცნიერულად დასტურდება, რომ ღვინო ადგილზეა დაყენებული. ხრამის დიდგორაზე, ნეოლითური ხანის ძეგლზე აღმოჩენილი ქვევრის შიგთავსი ბიომოლეკულური არქეოლოგიის აღიარებულმა სპეციალისტმა პატრიკ მაკგოვერნმა შეისწავლა.
„აღმოჩნდა ღვინო, უფრო სწორად, ღვინის მჟავა! შეიძლება ვინმე შეგვეკამათოს და იკითხოს, ხომ არ იყო ეს ღვინო შემოტანილი, მაგრამ საქმე ისაა, რომ იმავე ქვევრში ასევე ნაპოვნია ვაზის ყვავილის მტვრის მარცვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო გაკეთებულია ადგილზე“, განაცხადა ნანა რუსიშვილმა.
ქვევრების გარდა, არქეოლოგებს საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა არაერთი ჭურჭელი აქვთ ნაპოვნი, თუმცა ბონდო კალანდაძე, ცნობილი მეღვინე და ავტორი მონოგრაფიისა „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე“, ამტკიცებს, რომ ღვინისთვის ჭურჭელს თიხის მოზელა-გამოწვამდეც ამზადებდნენ და ამისათვის გოგრას იყენებდნენ.
მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები.
მეცნიერები ველური ვაზის გავრცელების არეალად მიიჩნევენ მთელ ევრაზიას. შესაბამისად, ველურიდან კულტურულ ვაზზე გადასვლა შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ ადგილას ამ არეალში, მათ შორის, საქართველოშიც. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი წიპწების გარდა, საქართველოს უპირატესობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ საქართველოს ტყეებში ველური ვაზი ახლაც იზრდება. ამასთან, საქართველოში შემორჩენილია ეგრეთ წოდებული ორსახლიანი კულტურული ვაზებიც, როგორიცაა ასურეთული შავი და თავკვერი. საქმე ისაა, რომ გაკულტურების პარალელურად ორსახლიანი ვაზი, რომლის მდედრობითი და მამრობითი ყვავილები სხვადასხვა მცენარეებზე იყო, თანდათანობით ერთსახლიან ვაზად, ანუ ერთდროულად მდედრობითი და მამრობითი ყვავილების მატარებელ მცენარედ იქცა, ვაზის ქართული ჯიშები კი - თავკვერი და ასურეთული შავი - ამ პროცესის ერთგვარი შუალედური რგოლია. ენელოგ გიორგი სამნიაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ვაზის ჯიშების სიმრავლითაც გამოირჩევა:
„ჩამონათვალში გვაქვს 527 ჯიში, რომელთა სახელი ვიცით, თუმცა რეალურად ამდენია თუ არა, ეს დასამტკიცებელია. საკოლექციო ნაკვეთში გვაქვს 350 ჯიშზე მეტი.“
გიორგი სამანაშვილის თქმით, ვაზის ჯიშების ამგვარი მრავალფეროვნება ბუნებრივია, რადგანაც საქართველოში წარმოდგენილია თითქმის ყველა კლიმატი და, შესაბამისად, ვაზიც გაშენებული იყო ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობას კლიმატური პირობები იძლეოდა. ეთნოლოგ ლევან ფრუიძის თქმით, შემთხვევით არაა, რომ ვახუშტი ბაგრატიონმა საქართველოს აღწერისას ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ვახუშტის მიხედვით, ბარად ითვლება არეალი, სადაც ვაზი მოხმარებისთვის ვარგის ნაყოფს იძლევა, მთად კი არეალი, სადაც ვაზის ნაყოფისგან ღვინის დამზადება შეუძლებელია.
ცალკე საუბრის თემაა ის, რომ მთაშიც და ბარშიც ვაზი და ღვინო განსაკუთრებულ როლს თამაშობდა როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ასევე მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შექმნაში. ღვინის კლუბის პრეზიდენტი, ლიტერატორი მალხაზ ხარბედია დარწმუნებულია, რომ არქეოლოგების მიერ მოძიებული უხვი მასალა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ვაზსა და ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიურ რიტუალებში. მათი როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ. ფოლკლორისტს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს გია ბაღაშვილს ნიმუშად მოაქვს თვთმყოფადი, სამხმიანი ქართული მუსიკალური ლიტურგიკის მარგალიტი „შენ ხარ ვენახი“, რომელშიც ღვთისმშობლის ვენახთან შედარება არც ფილოსოფიური და არც ესთეტიკური თვალსაზრისით შემთხვევითი არაა:
„ვენახის განცდა და გააზრება როგორც სიცოცხლის ხისა, როგორც სიცოცხლის მარადიული სიმბოლო, დაუკავშირდა ეპითეტის სახით მარიამ ღვთისმშობელს და ამის საფუძველი არის შემდეგი: ფიგურალურად რომ ვთქვათ, ვაზი არის მშობელი ღვინისა. ღვინო კი არის ის საკრალური სითხე, რომელიც მაცხოვრის სისხლადაა გაცხადებული, ხოლო ღვთისმშობელი არის მაცხოვრის მშობელი და მაცხოვარი თავადაა მარადიული სიცოცხლის მომტანი კაცობრიობისათვის. ეს ყველაფერი ქმნის იმ მისტიკურ საფუძველს, რომელიც „შენ ხარ ვენახის“სახით საგალობელში იქნა განივთებული“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ბაღაშვილმა.

© radiotavisupleba.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.