Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საწნახელი და მისი დამზადების ხალხური ტრადიცია

ანდრია ლეკიაშვილის წიგნიდან "შენ ხარ ვენახი"

ქართული მარნის მრავალრიცხოვან ჭურჭელ-იარაღიდან ერთ-ერთი უმთავრესია საწნახელი. ყურძნის ფეხით დასაწურად განკუთვნილი საწნახელი ხშირად ხის მორისაგანაა გათლილი. ქართლ-კახეთში მას ნავი ჰქვია, იმერეთსა და გურიაში _ საწნახელი, სამეგრელოში _ ოჭინახი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ხორგოს ან ხაპის სახელით იხსენიებენ. ხის საწნახელი მეტადრე დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. აქაურ მარნებში ხშირად ორი-სამი ხორგო საწნახელიც გვხვდება. ნაირი სიდიდისა და ტევადობისაა ცაცხვისა თუ წაბლის ოსტატურად გათლილი, გულამოღებული მორი, 30-40 ფუთ ყურძენს იტევს მხოლოდ პატარა ონჯარო ანუ ხელნავი, რომელიც უმთავრესად ყურძნის მოსაკავებლადაა განკუთვნილი. მარნებში ხშირია 200-300 ფუთიანი ხორგო-საწნახელი. იშვიათად აქა-იქ კიდევ ნახავთ ხუთასფუთიან ვეება საწნახელს. ალბათ სწორედ ასეთ ხის გოლიათს გულისხმობს ხალხური გამოცანა _ "შევხედე და შავი იყო, მივედი და ხრამი იყო".
ქართლ-კახეთში და იმერეთის მხარეში "გაკუთხული" საწნახელია ხმარებაში.
ამგვარი საწნახელი შიგნიდანაც და გარედანაც სწორად, ბრტყლადაა გათლილი. ერთ მთლიან მორში გათლილი საწნახელის მასიურ თავებს ანუ შუბლებს მტკაველიც ძლივს გასწვდება. ყურძნის დაწურვისას ძალა უმეტესად ამ ნაწილებს ადგება. ხანგრძლივი ხმარების შედეგად საწნახელს სწორედ თავები უსკდება. მარნებში ხშირად ნახავთ თავებჩადგმულ, "თავგამოყენებულ" საწნახელს. გადაჭრილი შუბლის ნაცვლად მის თავსა და ბოლოში მჭიდროდ ჩადგმულია მაგარი ფიცრის სამი ნაჭერი, სართაული, მეტი სიმტკიცისათვის საწნახელში განივად გაყრილი ლატანებითა და ხის სოლებით გამაგრებული.
გურია-სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და აგრეთვე ქვემო იმერეთში გავრცელებული საწნახელი გარედანაც ხის მორის მოყვანილობისაა და შიგნიდანაც მრგვლადაა "ამონავული". მრგვალი საწნახელი ჩვეულებრივ "თავგამოყენებულია", ფიცრის მთლიანი ან სამი ნაწილისაგან სედგენილი თავი აქვს ჩასმული.
მრგვალი ხორგო-საწნახელი აღნიშნულ მხარეებში ნაწილობრივ ღვინის დასადუღებელი ჭურჭლის მოვალეობასაც ასრულებს. მრგვალად გულამოღებული, საგრძნობლად "პირშეკრული" საწნახელი აქაური მეურნის სიტყვით, "გაკუთხულზე უკეთესი სადუღარია".

როგორც კი თვალს შეავლებთ მარანში გაწოლილ ხის ვეება საწნახელს, მის კოხტად გათლილ-გამოყვანილ გვერდებს, მასიურ შუბლებსა თუ თანგებითა და სოლებით საიმედოდ გამაგრებულ სამნაწილიან თავებს, დარწმუნდებით, რომ თქვენს წინაშე გამოცდილი ხუროს ნახელავია. მესაწნახელეობას, როგორც ხით ხუროობის საგანგებო დარგს, ძველთაგან მეტადრე დასავლეთ საქართველოში მისდევდნენ. "იმერელი" ხუროს მიერ გათლილ ნავს არცთუ იშვიათად ქართლ-კახურ მარანშიც კი შეხვდებით.
ხურო, "მესაწნახელე" ხეს კარგა ხნით ადრე შეიგულებს ტყეში. სასაწნახლედ შეირჩევა: ცაცხვი, თელა, წაბლი... ამათ შორის საუკეთესოდ ცაცხვია მიჩნეული. ეს ხე "სუფთაა, მსუბუქი, გამოსათლელად და ამოსაჭრელად ადვილი". გარდა ამისა, ცაცხვი "ქსოვილი ხეა, მას ქსოვილი დაჭაპნილი, ერთიმეორეში დამცობილი აქვს", მისი მორი არ გასკდება, არ გაიპობა გათლაში. სასაწნახელედ "მზვარეში", "სამზეურზე გაზრდილ ხეს ამჯობინებენ, ამასთან _ უზადოს და სწორს.
შერჩეულ, ყოველმხრივ ვარგის ხეს "ნიშანი მიეცემა", ტანზე ნაჯახით ჯვარი დაესმება. "დაჯვარული" ხე უკვე შემრჩევის კუთვნილებაა, მას ვერავინ ახლებს ხელს. ნიშანდადებული ხის მიგნებაც იოლია. ხშირ ტყეში სასაწნახელე ხესთან გზის გასაგნებად თარჯს აიღებენ: მახლობელ ხეებს წელის სიმაღლეზე ნაჯახით ჩამოთლიან.
 

 

ხეს, ჩვეულებრივ, შემოდგომაზე ან ზამთარში მოუწევს მოჭრა. თოვლიანი ზამთარი საუკეთესო დროა ხის მოსაჭრელად, ღრმა თოვლში წაქცეულ სასაწნახელეს ნაკლებად მოელის დასკდომა. თოვლში მისი ტყიდან გამოტანაც საგრძნობლად ადვილია. მოსაჭრელად ხეს ორი-სამი კაცი მიადგება ნაჯახით, ხერხით, ეჩოთი, სოლებით შეიარაღებული. ხეს მოხერხებულ ადგილს შეურჩევენ წასაქცევად და აქეთ-იქიდან ნაჯახებით დაადგებიან...
მიწაზე წაქცეული სასაწნახლო იქვე, ტყეში ნაწილობრივ გაითლება, საგრძნობლად გამსუბუქდება. მას ჯერ დამორავენ: ნაჯახით ტოტებს შემოაცლიან, სასურველ სიგრძეზე გადაზომავენ და თავსა და ბოლოში ნაჯახითვე გადაჭრიან, ანდა ხერხით დააბირდაბირებენ. მორს, მრგვალი საწნახელისათვის განკუთვნილს, მხოლოდ კანს შემოაცლიან და მაშინვე საწნახლის გულის ამოღებას შეუდგებიან. გაკუთხვილი საწნახლის გათლა კი გარედან მისი გაკუთხვით, ოთხკუთხად გათლით იწყება. ხეს ნაჯახით გულს ამოუღებენ, შემდეგ კი მოკლეტარიანი ეჩოთი ამოწმენდენ. საწნახელი შიგნიდანაც და გარედანაც "ლარში ითლება". ლარი დანაყილ ნახშირში ამოვლებული ბაწარია. მას მორზე გადაჭიმავენ, ორივე ბოლოს დაუმაგრებენ და თითს გამოჰკრავენ: მორს სწორხაზოვნად დააჩნდება ნახშირის ზოლი.
აი, გაითალა საწნახელი. ახლა უკვე შეიძლება გადააბრუნონ და ორ-სამ ხეზე მომაღლოდ დააყენონ, "გააბოგირონ". ორიოდე კვირით ასე პირქვედამხობილ საწნახელს ქარი და ყინვა გამოაშრობს, კიდევ უფრო გაამჩატებს და პატრონიც ამ დროისათვის მისი წამოღების თადარიგს შეუდგება, მეზობლებს სანადოდ შეიპირებს. ნადის მონაწილეთა რიცხვი საწნახლის სიდიდესა და გზის სიძნელეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ორმოცამდე კაცსაც კი შეიწევენ. ათი-თორმეტი "მაგარი" მამაკაცი მხრით შეუდგება საწნახელზე გარდიგარდმოდ დაკრულ კეტებს. გზაში მათ ფეხდაფეხ დანარჩენი "მომხმარენი" მიჰყვებიან. დროდადრო ერთმანეთს ენაცვლებიან საწნახლის მზიდავნი. მოდიან მოლიპულ თავდაღმართში, საცალფეხო ბილიკებზე, კლდესა და ღრეში, ხანდახან ომახიან სიმღერას "ელესიას" დასძახებენ. კეტის ქვეშ მდგომნი, მხრებზე უზარმაზარი ტვირთი რომ დასწოლიათ, "ერთმანეთს არ უმტყუნებენ, როგორც ხარები..."
იშვიათად, მეტადრე კი ზამთარში, როცა საქონელი მოყინულზე ფეხს ვერ მოიკიდებს, ხელით უხდებათ საწნახლის სახლამდე მიტანა. ჩვეულებრივ კი "მუშის" მოვალეობაა, როგორმე მძიმე ტვირთით "სახარომდე" მიაღწიონ. აქედან საწნახელს თრევით წაირებს საქონელი. საწნახლის თავთან, ინდურთან, წინდაწინ ამოჭრილ "სამარხილეებში" ამოუყრიან როკიან ხის ტოტებს, მარხილებს და წინიდან ხარებს მიუბამენ (აღმართში საწნახელს ოთხი-ხუთი უღელი საქონელი მაინც მიებმება). "მომხმარეთ" საქმე ახლაც ბევრი აქვთ. ზოგი მათგანი ხარებს ადგას თავზე, ზოგი კი "მეკეტურის" მოვალეობას ასრულებს: აქეთ-იქიდან მიჰყვებიან კეტებით ხელში, საწნახელს გადაჩეხისგან იცავენ, ძნელად სავალ ადგილებში კი მას ქვეშ კეტებს უმარჯვებენ, რომ "ხემ ზედ გადაუაროს". ასე თრევით მიიტანენ საწნახელს სოფლამდე, ანდა საურმე გზაზე გავლენ, აქ კი მას "დაბალ" ურემზე დაუდებენ...
შინ მიტანილი საწნახელი საბოლოოდ გაითლება და გაიწყობა. მას დაწურული წვენის, ტკბილის გამოსასვლელ ინდურს გამოუბურღავენ, ზოგჯერ თავებსაც "გამოუყენებენ" და მარანში შეიტანენ. საგანგებოდ ამოთლიულ ხის ნამორებზე დაბჯენილი საწნახელი რამდენიმე თაობას გაუწევს სამსახურს.

ქართლ-კახეთის ძველ მარნებში დღემდე შემორჩენილია უზარმაზარი ქვიტკირის საწნახლები, სხვადასხვა ფერის ყურძნის დასაწურად განკუთვნილი ორ-ორი განყოფილებით და ყურძნიანი გოდრების დასადგმელი ბაქნით. ამ მხარეში უკვე მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებიდან ჩნდება ქვიტკირის საწნახელი. მას უპირატესად დიდ მარნებში აშენებდნენ.
ქვის საბადოებით მდიდარ მხარეებში, მეტადრე ქართლსა და იმერეთში, ძველთაგან ქვაში ნაკვეთი საწნახელიც იყო ხმარებაში. ქვემო ქართლში, მესხეთსა და ჯავახეთში მრავლადაა შემორჩენილი მონოლითში გამოკვეთილი საწნახელი _ უტყუარი ნაშთი ოდესღაც აყვავებული მევენახეობისა. ვარძიის ქვაბთა კომპლექსში და მის მახლობელ "კლდის სოფლებში" _ ჭაჭკარსა და ფიაში ათეულობით დაითვლება კლდეში ნაკვეთი საწნახელი. ხოლო უფლისციხეში დაახლოებით ორი ათას სამასი წლის წინანდელი ამგვარივე საწნახლებია აღმოჩენილი.
იმერეთში დღესაც ცოცხლობს ქვისგან საწნახლების გამოკვეთის ძველთაძველი ტრადიცია. აქ ზოგან ახლაც ნახავთ ქვის საწნახელს, რომელიც ზოგჯერ ვაზისა და ყურძნის გამოსახულებითაა შემკული.
 

© მადიანი/vinoge.com



გამარჯობა.მაქვს საწნახელი იმერეთში რომლის სიგრძე 4,5 მ.გაყიდვა მინდა და ვეძებ დაინტერესებულ პირს.593354079 ირა.


ბაბუაჩემის გადაღებული დოკუმენტური ფილმი საწნახელზე: https://youtu.be/MetVF_IE-eg


ბაბუაჩემის გადაღებული დოკუმენტური ფილმი საწნახელზე: https://youtu.be/MetVF_IE-eg


მადლობა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული