ლ.ე. ჯორჯაძე, მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. 1876.
გოგირდსა აქვს იმისთანა თვისება, რომ ღვინოს აძლევს ხოლოთ იმ შემწეობას, რომ, შიგა ლექს და ჭაჭას ამაგრებს და არ ალპობს, რომლისაგამო ლექი ვეღარ დალპება და მით ღვინო შეინახება, არც წახდება და არც დაჭანკდება. სხვა შემწეობას გოგირდი ღვინოს არას აძლევს, ამასათვის, რადგან გოგირდი ამ თვისების არის, არაოდეს იმით არ უნდა უბოლოთ ქვევრსა, მაშინ, როდესაც ყურძნის წვენსა ჩასწურამთ შიგა, ამისათვის, რომ ის გოგირდის ბოლი და იმისი სუნის ძალა, ჭაჭასა და ლექსა შეჰკრამს და არ დაადუღებს კარგათა ყურძნის წვენსა და არც შეღებამს ყვითლათა თეთრ ღვინოსა და საფერავის ჭაჭასაც არ შეაღებინებს ღვინოსა წითლადა; ეს საგანი სწორეთ გაგებული არის, როგორც გამოცდილებითა ეგრეთვე ქიმიითა, მარამა, ბევრთა გაუგებლად საქმისა, გოგირდის თვისებაზედ, აქვსთ ჩვეულებათა რომ მაჭრის დაყენების დროსა გოგირდს უბოლებენ ხოლმე ქვევრსა, რომელიც ფრიად აზნევს მაჭარსა, მეტადრე კარგს ტკბილ ყურძნის წვენსა და უმეტესად საფერავისასა, რადგან დუღილისათვისა უფრო ცოტა სიმჟავე ექმნება კარგს წვენსა.
და რაკი ღვინოს გადაიღებთ თხლიდამა, ესე იგი შემდეგ დუღილის, მაშინ, რაც უფრო ბევრსა და ხშირათ უბოლებთ გოგირდსა, ისა სჯობია, და ძალიან კარგათ ინახამს გოგირდი ღვინოსა, ამისათვის, რომ ღვინო ყოველთვისა ლექიდამ ხდება და ჭანკდება და რადგან გოგირდი ლექს შეჰკრამს და არ დაალპობს, ამისათვისა ღვინოც დიდხანს შეინახება, მარამ, ზოგიერთი ძალიან მჟავე ყურძნის წვენი, რადგან სიმჟავისაგან ძალიან ღონიერათ დაიდუღებს ხოლმე, ამგვარ წვენისათვის კი შეიძლება, რომ ქვევრსა ცოტა უბოლოთ გოგირდი მაჭრის დაყენებაში.
ზოგიერთნი, ქვევრს უბოლებენ ხოლმე საკმელსა, მაჭრის დაყენების დროსა, იმ აზრით, რომ ვითომც გარეცხილს ქვევრსა გააცალოს თუ აქვს რამე ცუდი სუნი, მარამა არ არის ცნობაში მოყვანილი, რომ სწორეთ რა სარგებლობას აძლევს საკმელი ქვევრსა ანუ ყურძნის წვენსა, ხოლოთ ვიცით, რომ ყოველ გვარი ხის ფისი (Смола) შმორის სუნსა და გემოს აძლევს, როგორათაც ღვინოსა ეგრეთვე ქვევრსა, ამისათვის, საკმელიც თუ იმ თვისებისა არის როგორიცა სხვა ხეების ფისები, მაშასადამე, არა ვგონებ, რომ სარგებლობა მისცეს ღვინოსა და უფრო წაახდენს.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი