Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძვირფასი ქართული ღვინოები – კომპანიების პრესტიჟი

ალეკო ცქიტიშვილი

პრემიუმ-კლასის ღვინოების წარმოება საქართველოში შედარებით ახალი მიმართულებაა და ნაწილობრივ რუსული ემბარგოს შემდგომ პერიოდს უკავშირდება. 2006 წლიდან ქართულ ბაზარზე უკვე შესამჩნევია ფასების დივერსიფიკაცია - მასობრივი წარმოების ღვინოების გვერდით ნელ-ნელა ადგილს იკავებს საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები. მართალია, ამ ეტაპზე ქართველი მომხმარებელი მასობრივ ღვინოებს უფრო სწყალობს, მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა მაღაზიებში 100-200 ლარზე მეტი ღირებულების ქართული ღვინოებიც გამოჩნდება.

მასობრივ ღვინოებს ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე გამორჩეულ, ელიტურ ღვინოებს, რომელთა ფასი მასისთვის მიუწვდომელია. თუმცა, ცივილიზებულ ქვეყნებში მომხმარებელი კარგად არის გათვითცნობიერებული, რა ფაქტორები წარმოქმნის ამა თუ იმ ღვინის ფასს და ცდილობს, ერთხელ მაინც შეიძინოს ესა თუ ის პრემიუმ-კლასის ღვინო.

ამ სტატიაზე მუშაობისას ღვინის მაღაზია "ვინოთეკაში" შევესწარი, როგორი ყურადღებით აგემოვნებდა და არჩევდა ორი ევროპელი გოგონა ქართულ ღვინოებს. პროფესიონალიზმს გათანაბრებული მსგავსი მიდგომა ქართველ მომხმარებელს (მით უფრო - მდედრობითი სქესისას) არ ახასიათებს. ჭაშნიკი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე საბოლოოდ გოგონებმა ორი ღვინო არ შეიძინეს - "თბილღვინოს" "მუკუზანი – განსაკუთრებული მარაგი", 2008 წ. (ფასი – 51,90 ლარი) და "კონჭო და კომპანიის" "ყვარელი – სპეციალური რეზერვი", 2005 წ. (54 ლარი).

მომხმარებლის დაკვალიანება, ღვინოების დაგემოვნების შეთავაზება და არჩევაში კვალიფიციური დახმარება "ვინოთეკას" და თბილისის კიდევ ორიოდე სპეციალიზებული ღვინის მაღაზიის ჩვეული სამუშაო რიტმია. ნახევარსაათიანი ექსკურსი ღვინოების გარშემო მენეჯერს ნამდვილად უღირს, თუკი ამის შემდეგ კლიენტი ორ ბოთლ ღვინოში 100 ლარზე მეტს გადაიხდის. თუმცა, ასეთი კლიენტი თბილისში ბევრი არ არის და ვინც არის, უმეტესობა უცხოელია.

"ძვირადღირებულ ღვინოებს თავისი მომხმარებელი ჰყავს. სადესერტო ნახევრადტკბილ ღვინოებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები უფრო ყიდულობენ, მშრალ ღვინოებს კი - ევროპელები ან - ქართველები ევროპელებისთვის საჩუქრად", - ამბობს მაღაზია "ღვინის სამყაროს" დამფუძნებელი, ენოლოგი ირაკლი დეკანოზაშვილი და რამდენიმე მაღალფასიან ქართულ ღვინოს წარმოგვიდგენს: "უსახელაურის ვენახები" "უსახელაური", 2010 წ. (74 ლარი), "ბადაგონი" "კახური წარჩინებული", 2007 წ. (52 ლარი), Gold Niad  "ხვანჭკარა", 2009 წ. (60 ლარი).

"უსახელაური" - ყველაზე ძვირფასი

უნიკალური ვაზის ჯიში - უსახელაური ძირითადად ლეჩხუმის ორ-სამ სოფელშია შემორჩენილი. სულ რაღაც 5 წელია, რაც კომპანიებმა ამ ჯიშის ვაზის ყურძნისგან ნახევრადტკბილი ღვინოების ჩამოსხმა განაახლეს. დღეს "უსახელაური" ქართულ ბაზარზე ყველაზე ძვირფასი ღვინოა. მაღალი ფასი განპირობებულია ამ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის უნიკალური თვისებებით, იშვიათობითა და მაღალი ხარისხით.

"თელავის ღვინის მარანმა" "უსახელაური" პირველად სამი-ოთხი წლის წინ ჩამოასხა. ყურძენი ცაგერში შეიძინეს პაატა შარაშენიძისგან, რომელიც მაშინ ღვინოს არ აწარმოებდა. "თელავის მარნის" 2007 წლის მოსავლის "უსახელაური" 150-170 ლარად იყიდებოდა. წელს კომპანიამ 2010 წლის მოსავლის "უსახელაურიც" ჩამოასხა და მომხმარებელს ისიც 150 ლარად შესთავაზა. ეს არის ყველაზე ძვირი ქართული ღვინო დღევანდელ ბაზარზე, თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ - "არსენას მარნის" "უსახელაურს", რომელიც მხოლოდ "ვინოთეკაში" იყიდება, ასევე 150 ლარად. თუმცა, ამ ოჯახური მარნის ღვინის ტირაჟი შეზღუდულია – სულ რაღაც 100 ბოთლია გამოტანილი გასაყიდად.

"თელავის ღვინის მარნის" წლევანდელ გადაწყვეტილებას მცირე სკანდალიც მოჰყვა. გაირკვა, რომ კომპანიამ ეს ღვინო არა უსახელაურის სამშობლოში – ლეჩხუმში, არამედ კახეთში მოყვანილი უსახელაურისგან დააყენა. მართალია, "უსახელაური" ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო არ არის და მწარმოებელი კანონით არ არის შეზღუდული, რომელი რეგიონიდან აიღებს ყურძენს ამ ღვინისთვის, მაგრამ ბიზნეს-ეთიკიდან გამომდინარე, ალბათ, მომხმარებლისთვის ეტიკეტის საშუალებით მაინც უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ღვინო კახეთში მოყვანილი უსახელაურისგან დამზადდა.

"ჩვენ ეს ღვინო დროებით მოვხსენით გაყიდვიდან, ვიდრე ყველა დეტალი  არ გაირკვევა. იყვნენ ჩვენთან კომპანიის წარმომადგენლები, ბევრი ვიდავეთ ამ საკითხზე და ჩვენი პოზიცია იციან", - ამბობს "ღვინის სამყაროს" მენეჯერი ნინო ულარჯიშვილი და იქვე გვეკითხება: "თქვენ გინახავთ ლეჩხუმის ორად-ორ სოფელში - ზუბსა და ოყურეშში, როგორი ძნელად მოსავლელი ვენახებია გაშენებული მთის ფერდობებზე და რა წვალებით მოჰყავთ უსახელაური იქაურებს?! როგორ დავიჯეროთ, რომ კახეთში უსახელაურის მოყვანას უფრო მეტი შრომა სჭირდება და ფასიც ორჯერ ძვირი უნდა ღირდეს?!"

ნინო ულარჯიშვილის თქმით, მაღაზიამ ამ ღვინის გაყიდვაზე იმიტომაც თქვა უარი, რომ "თელავის ღვინის მარანმა" პროდუქტის შეფუთვა არ შეცვალა: "კახეთში მოყვანილი უსახელაურისგან დამზადებული ღვინოც ისეთივე ბოთლებში ჩამოასხეს, როგორშიც ადრე ჰქონდათ ოყურეშის უსახელაური. არც დიზაინი შეუცვლიათ, ფასიც იგივე დატოვეს და ეტიკეტზეც არანაირი მიმანიშნებელი ინფორმაცია არ დაუწერიათ. ჩვენი მომხმარებელი დაიბნეოდა და ვერ გაიგებდა ამას. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მყიდველს მოვატყუებდით, ამ ღვინოს ასეთი სახით თუ შევთავაზებდით“.  

"უსახელაურის ვენახების" მფლობელმა პაატა შარაშენიძემ კი წელს პროდუქტის შეფუთვაც შეცვალა და თავისი "უსახელაური" არათუ გააძვირა, არამედ 30%-ით გააიაფა. თუკი გასულ წელს ამ კომპანიის 2009 წლის მოსავლის ღვინო მაღაზიებში 115-120 ლარი ღირდა, 2010 წლის მოსავლის "უსახელაური"  უკვე 75 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

პაატა შარაშენიძე, "უსახელაურის ვენახების" მფლობელი:"შარშან მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლები მოსავალი მივიღეთ, რადგან რთველი დაგვიგვიანდა და წვიმებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაგვილპო. ასეთი რისკები ლეჩხუმში ბევრად მეტია, ვიდრე მევენახეობის სხვა რეგიონებში. ვენახების მოვლის ჩვენი წლიური ხარჯი 35-40 ათასი ლარია. ამას ემატება ბოთლის, ეტიკეტის, საცობის, ყუთების, ქარხნის, ჩამოსხმის, დისტრიბუციის, რეკლამის, მარკეტინგის, გადასახადებისა და სხვა ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში მოგების ფასნამატთან ერთად 57 ლარს შეადგენს. ეს არის ჩვენი "უსახელაურის" საბითუმო ფასი. 2009 წელს მოსავალი ძალიან ცოტა მივიღეთ და მხოლოდ ათასამდე ბოთლის ჩამოსხმა მოვახერხეთ. ამიტომაც ამ მოსავლის "უსახელაურს" ფასიც უფრო მაღალი ჰქონდა. სამომავლოდ მცირეოდენ გაიაფებას კიდევ დასაშვებად მივიჩნევ, მაგრამ ასე 5-7%-ის ფარგლებში. ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებული "უსახელაურის" ჩამოსხმასაც ვაპირებთ. მას უფრო ძვირად – 120 ლარად გავყიდით".

უკანასკნელი ტენდენციები

ღვინის კლუბში არაერთხელ ყოფილა მსჯელობა ქართული ღვინის ხარისხისა და ფასის შესაბამისობის პრობლემაზე. რამდენიმე დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ზოგჯერ საშუალო ხარისხის ღვინო გაუმართლებლად ძვირი ღირს, ხოლო პრემიუმ-კლასის ღვინოები უცნაურად იაფია. ეს ტენდენცია მეტყველებს, რომ ღვინის მრეწველები ჯერჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამენ პრემიუმ-კლასის ღვინოების ბაზარზე და თვითონვე აკვირდებიან, როგორ მიიღებს მომხმარებელი მაღალ ფასებს.

"ვინოთეკას" მენეჯერის, ვაკო ელისაბედაშვილის დაკვირვებით, მაღალფასიანი ქართული ღვინოები ჯერჯერობით ნაკლებად მომგებიანი უნდა იყოს კომპანიებისთვის, იმდენაც მცირე რაოდენობით იყიდება: "50 ლარის და უფრო მაღალი ფასი ღვინოები თვეში 100 ბოთლზე მეტი არ გვეყიდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე კომპანიებისთვის ძვირფასი ღვინოების ჩამოსხმა, უბრალოდ, პრესტიჟის საკითხია. ამავე დროს, მაღალფასიან სეგმენტზე ძალებსაც სინჯავენ. მომხმარებელს ძალიან მოსწონს "ჩელთის" და "ვინოტერას" პრემიუმ-კლასის "საფერავები", "თელავის ღვინის მარნის" "სატრაპეზო – საფერავი". კარგია "ოროველა - საფერავი". კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი გამორჩეული ღვინო, რომელთა ფასები 50-55 ლარის ფარგლებში მერყეობს".

ძვირფას ქართულ ღვინოებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პრემიუმ-კლასის "საფერავებს", რომლებიც ძირითადად მუხის კასრში დავარგებული ღვინოებია. შედარებით იშვიათია ქვევრში კახური წესით დაყენებული და დავარგებული "საფერავები", რომელთა ფასიც ასევე მაღალია.

"თბილღვინოს" დირექტორი, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს "ვინოთეკას" მენეჯერი ინფორმაციას, რომ პრემიუმ-კლასის ღვინოებს ბაზარზე ჯერჯერობით არ სწყალობენ: "მაღალფასიან ღვინოებზე ჯერ არ არის ისეთი მასშტაბის მოთხოვნა, რომ მათ წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. სულ რაღაც 7-8 წელია, რაც კომპანიებმა ღვინოების რეზერვის შექმნა დაიწყეს და განსაკუთრებული მარაგის ღვინოებიც ცოტაა. შესაბამისად, კარგად არ არის შესწავლილი ამა თუ იმ ღვინის განვითარების პოტენციალი. 7-8 წელი სხვა საქმეში შეიძლება ბევრია, მაგრამ მეღვინეობაში არ არის საკმარისი ღვინის ღირსებების თუ ნაკლოვანებების კარგად შესასწავლად. ასე რომ, ამ მიმართულებით დრო და გამოცდილება კიდევ გვჭირდება".

"თბილღვინოს“ ორი განსაკუთრებული მარაგის ღვინო აქვს - "საფერავი" და "მუკუზანი". 2004 წლის მოსავლის "საფერავი", ალბათ, ყველაზე ძველი "საფერავია" დღევანდელ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, კომპანია მას 25 ლარზე ძვირად არ ყიდის. "მუკუზანი" კი, განსაკუთრებული ადგილწარმოშობისა და სხვა გამორჩეული ღირსებების გამო, 50 ლარი ღირს.

"სხვა კომპანიების ძვირადღირებული ღვინოებიც გამისინჯავს და ვატყობ, ასეთი ღვინოების ხარისხზე ყველა ზრუნავს. სამწუხაროდ, ღვინის განათლება ქართველ მომხმარებლებში დაბალია - არ იცნობენ ჯიშებს, ადგილწარმოშობა ჯიშის სახელწოდებებში ერევათ და ვერ ხვდებიან, ღვინო 150 ლარი რატომ უნდა ღირდეს. ვიდრე ხალხი ამ საკითხებში კარგად არ გაერკვევა, მაღალფასიან ღვინოებს დამფასებელი ცოტა ეყოლება", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მაღალი ფასის განმსაზღვრელ ფაქტორად ქვევრიც მიიჩნევა, რადგან ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ქვევრში ღვინის დაყენება ბევრ რისკთან და მეტ შრომასთან არის დაკავშირებული. კომპანია "ხოხბის ცრემლების" მფლობელის, ჯონ ვურდემანის აზრით, ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებული ღვინოებით უნდა წარსდგეს და თანაც - საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე. ამ მოსაზრებას იზიარებს ალავერდის მონასტრის მარნის მეღვინე-კონსულტანტი, პროფესორი თეიმურაზ ღლონტი, რომლის ხელმძღვანელობით დაყენებული ღვინო "ალავერდის ტრადიციები" (კომპანია "ბადაგონი") 75 ლარად იყიდება.

ქვევრი მართლაც ღირსეულად ბრუნდება თანამედროვე მეღვინეობაში. ქვევრის ღვინოც, როგორც გამორჩეული თვისებების პროდუქტი, წარმატებით იკავებს ადგილს საშუალო და მაღალფასიან ღვინოებს შორის. ზოგადად, ბოლოდროინდელი ტენდენციები გვიჩვენებს, რომ ძვირფას ქართულ ღვინოებს მომავალი აქვს. ბაზარზე საკოლექციო ღვინოებიც კი გამოჩნდა – 40-50-წლიანი დაძველებით. თუმცა, ქართული საკოლექციო ღვინოები სხვა თემაა და მათ შესახებ "მარანის" უახლოეს ნომერში ვისაუბრებთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.