Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბმა“ ღვინის დაავადებების პრობლემატიკა განიხილა

„ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი ლექცია-სემინარი ღვინის დაავადებებს მიეძღვნა. ამ თემაზე მოხსენება 16 თებერვალს „კავკასიურ სახლში“ „ღვინის კლუბის“ წევრმა, კომპანია „ხარებას“ მეღვინემ, დავით ჩიჩუამ წაიკითხა.
დავით ჩიჩუას ინფორმაციით, ბოლო წლებში ქართული ღვინოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პრობლემაა არატიპიური დაძველების ტონი, რასაც ჩვენი მეღვინეები ასევე „უტას“ უწოდებენ. ღვინის ამ ავადმყოფობას ევროპაში თხუთმეტწლიანი ისტორია აქვს და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მეღვინეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გადამეტებულად გამოყენებას უკავშირდება. ქართულ მეღვინეობაში „უტა“ ბოლო ხუთი წლის გამოკვეთილი ტენდენციაა, რაც ინდუსტრიული ღვინის წარმოებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ბრმად დამკვიდრებას უკავშირდება.
„ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელი გახდა, ღვინოს ჰქონდეს გამორჩეული ხილის არომატი და მიმზიდველი ფერი. თუმცა, ეს ყველაფერი ხდება ყურძნის წვენიდან სასარგებლო ნივთიერებების გამოცლისა და ღვინის ზედმეტი რაფინირების ხარჯზე, რაც შემდგომში იწვევს ღვინის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას. ასეთი ღვინო არამდგრადია სხვადასხვა დაავადების მიმართ“, – აღნიშნა დავით ჩიჩუამ.
მისი თქმით, ენოლოგები ერთმანეთისგან განასხვავებენ ღვინის ზადსა და დაავადებას. ღვინის ზადი, ეს არის უხარისხო ყურძნის მოსავლით, ან არაპროფესიონალი მეღვინის ფაქტორით გამოწვეული ღვინის ნაკლი. ხოლო დაავადება, ღვინოში შეჭრილი მიკრობიოლოგიური ინფექციაა, რასაც თავის მხრივ, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის - მეღვინის დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი.
„ღვინის ზადისა და დაავადებების მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს. ზოგიერთი ქვეყნის ტრადიციები და კანონმდებლობა უშვებს ამა თუ იმ ზადის არსებობას ღვინოში“, - აღნიშნა დავით ჩიჩუამ და მაგალითისთვის მოიყვანა სხვადასხვანაირი დამოკიდებულება დაავადებისადმი, რომელიც ღვინოს არასასიამოვნო ე. წ. ცხოველურ სუნს აძლევს. მისი თქმით, მსგავსი ღვინოების რეალიზაცია დაშვებულია მეღვინეობის ისეთ ტრადიციულ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა საფრანგეთი. ამ დაავადების შედეგად, შესაძლოა, ღვინოს სხვადასხვანაირი სუნი დაჰკრავდეს და მოგვაგონებდეს: ძაღლისა და მელიის ბეწვის, ცხენის ოფლის, საქონლის თავლისა თუ გომურის, თაგვის, კატის შარდისა და ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ სუნებს.
დავით ჩიჩუას თქმით, მას კახეთში ბევრჯერ გაუსინჯავს ოჯახური ტრადიციებით დაყენებული ღვინოები, რომლებსაც მსგავსი სუნი ახასიათებდა, მაგრამ ამ სუნს ღვინის ავტორები ან ვერ გრძნობდნენ, ან აცხადებდნენ, რომ კახური ღვინო სწორედ ასეთი უნდა იყოს. ამ მოსაზრებას დავით ჩიჩუა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ სინამდვილეში, კახური ღვინო დახვეწილი ღვინის ეტალონია და მსგავსი არასასიამოვნო სუნი მის რეპუტაციას მხოლოდ ვნებს.
ღვინის კლუბის წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია ღვინის ყველაზე გავრცელებულმა დაავადებებმა, რომლებიც დაძმარებას და ლაყე კვერცხის სუნს იწვევს. საინტერესო იყო შუშის ფლაკონებში დაცული დაავადებული ღვინის ნიმუშები, რომელიც დავით ჩიჩუამ თვალსაჩინოებისათვის სპეციალური ყუთით წარმოადგინა.
კომპანია „ხარებას“ მეღვინემ ვრცლად ისაუბრა დაავადებების წარმოშობის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ მათი თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია ღვინის დაყენების პროცესში ჰიგიენური პირობების მკაცრი დაცვაა. ცუდად გარეცხილი ქვევრი თუ სხვა ჭურჭელი დაავადებების კერაა, რაც მოგვიანებით აუცილებლად იჩენს თავს ღვინოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენახის სწორად გაშენება და მოვლა, რათა ღვინის მასალად ხარისხიანი ყურძენი იყოს გამოყენებული. უშუალოდ ღვინის დაყენების პროცესში კი მთავარ როლს მეღვინე ასრულებს, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს პროფესიული საიდუმლოებებიც და ინფექციებთან ბრძოლის მეთოდებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეღვინის არაპროფესიონალიზმი თვითონვე იქცევა ინფექციად, რომელიც ბოლოს ღვინოს დაღუპავს.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული