Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხელოვნებაა ღვინო? - რეზი ცეცხლაძის ბლოგი

სავარაუდოდ თქვენს სანაცნობოში ერთხელ მაინც გაუვლიათ პარალელი ღვინოსა და ხელოვნებას შორის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ აზრს დაღვინებისა და ხელოვნების ნიმუშის შექმნის პროცესების მსგავსებაზე, თუმცა ასევე არსებობს ხალხთა ჯგუფი, რომლისთვისაც ღვინოს საერთოდ არაფერი აკავშირებს ხელოვნებასთან და ასეთები ძირითადად თავად ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, მხატვრები, მუსიკოსები, თუ მოქანდაკეები არიან. რამდენჯერმე ვისაუბრე იმ ადამიანებთან, რომელთაც კომპეტენცია არ აკლიათ, მიკითხავს ხედავენ თუ არა ისინი ღვინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ განშტოებას, თუმცა ხშირად ამაზე უარყოფითი პასუხი მიმიღია და უხეშად უთქვამთ, რომ ღვინო საკვები პროდუქცია და მას ჩვენი ორგანიზმი ინელებს.

დამეთანხმებით, რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის ცხვირი და პირი, ისეთივე მნივნელოვანი ორგანოებია, როგორიც თვალები და ყურები. ხელოვნება ფასდება ვიზუალურად და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ფერწერისა თუ მუსიკის გარშემო ღრმა ფასეულობებსა და იდეებზე, თვალი რომ არ გვქონებოდა, ვერც კარავაჯო შექმნიდა შედევრებს და ვერც ჩვენ შევაფასებდით ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას ობიექტურად. ასევე თუ ამადეუს მოცარტი დაბადებიდან იქნებოდა სმენადაქვეითებული, იგი ვერ შექმნიდა თავის ღვთიურ თუ დემონურ მუსიკას. და თქვენი აზრით მაილს დევისი დაუკრავდა საყვირზე? არამგონია!

მეღვინეს სმენაც სჭირდება იმისთვის, რომ კარგი ღვინო დააყენოს, მაგრამ თვალები, ცხვირი და პირი აუცილებელია იმისთვის, რომ სასურველი ხარისხის პროდუქტი მივიღოთ, განუვითარებელი რეცეპტორებით შეუძლებელია შექმნა საინტერესო ნიმუში. თუ მხატვრისთვის თვალია და მუსიკოსისთვის ყური, მაშინ მეღვინისთვისა და მზარეულისთვის პირი და ცხვირია, ესენი ყველანი რამდენიმე სანტიმეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან, ყველა მათგანი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინთან, სწორედ ეს იძლევა სწორი ან არასწორი შეფასების საშუალებას. მხატვარმა შეიძლება იფიქროს თვალთან ერთად, მეღვინემ ცხვირთან და პირთან ერთად. პარფიუმერი არ არის შემოქმედი? იგი იყენებს სხვადასხვა ასობით არომატს, რათა შეკრას სუნამო, მხატვარი იყენებს ფერებს, რათა გადმოსცეს გრძნობები, მუსიკოსი იყენებს აკორდებს, რათა ააწყოს კომპოზიცია, ენოლოგი კი მუშაობს ფერთან, არომატთან, ტანინთან, მჟავიანობასთან და ა.შ., რათა საბოლოოდ შექმნას ის, რაც ხალხს რეტრონაზალურ სიამოვნებას მიანიჭებს. დამიჯერეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მსგავსი სიამოვნება არანაკლებ განცდადია, ვიდრე ის, რასაც გრძნობენ ფერწერის, ქანდაკების, მოდისა თუ მუსიკის მოყვარულები, როდესაც ხედავენ, უსმენენ, ან იცვ ამენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც იღებს სიამოვნებას ღვინოში არსებული სხვადასხვა არომატების აღმოჩენით. შეიძლება ამ პროცესისგან მიღებულ სიამოვნებას არომათერაპიაც ვუწოდოთ, რადგან იგი იძლევა საშუალებას განიტვირთო სტრესისგან.

’თვალი ჭამს და თვალი სვამს’’ - ზუსტად ალბათ არავინ იცის საიდან მოდის ეს გამოთქმა, მაგრამ ჩემს თავს ნამდვილად განუცდია ეს შეგრძნება, და არ შემიძლია ამ წამიერად სასაცილო წინადადებას არ დავეთანხმო. აი დაახლოებით ისეა, ლამაზ ტანსაცმელს რომ დაინახავ, უცბათ წარმოიდგენ როგორ გამშვენებს, გმატებს თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს, მერე გადაწყვეტ მოისინჯო, შეხვალ გამოსაცვლელ ოთახში და აღმოაჩენ ნაჭრის უხარისხობას, ტანისსამოსის ტარების პროცესი დაგიდგება თვალწინ, ცოტას იფიქრებ და მიხვდები, რომ ფქვილის ტომარა გაცვია. მაინც ვფიქრობ, არის თუ არა შეცდომა ვახსენო ტერმინი რეტრონაზალური ხელოვნება, მოვიხსენიო ღვინო და კულინარია, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი თუ უბრალოდ ამ აკვიატებულ აზრებს თავი დავანებო? სიმართლე რომ ვთქვა, ამას ვეცადე, ჩემი წერის დაწყების წინ ვიფიქრე, ხომ არ გავჩერდე მეთქი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამეგრძელებინა და კი არ დამეწერა, არამედ ჩამეწერა წამიერად მოსული აზრები. ზუსტად ამ პროცესში ვკითხულობდი ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის, ჟან-პოლ სარტრის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ‘’სიტყვები’’, სადაც ბავშვობის მოგონებისას ასეთი სიტყვები გვხვდება: ‘’არ დამივიწყებია ჩემი ზიარი ბავშვობა: როდესაც პროვინციული სასტუმროს საპირფარეშოში დეზინფექციის სუნი იდგა, როდესაც ღამის მატარებელში ვხედავდი იისფერ ნათურას. მე კვლავ ვხედავ, ვყნოსავ, ვგრძნობ იმ დიდი ხნის წინათ მოსპობილი კინოდარბაზების გემოს, შუქსა და სუნს’’. თითქოს ამ წინადადებამ ჩემი მოსაზრება, ხელოვნების აღქმის განსხვავებულ ჭრილში დანახვაზე, გაამყარა. დააკვირდით, როგორ მხატვრულად და ფოტოგრაფიულად აღწერს იისფერი ნათურის მოგონებას. მან ყნოსვა, გემო, გრძნობა, მოგონება, მხედველობა, შუქი, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება ერთმანეთში შეამღვრია, ერთიან მასად აღწერა. შეიძლება არც კი განუზრახავს მათი ერთად, სპეციალურად მოხარშვა, მაგრამ გამოუვიდა და ქვეცნობიერში მოტრიალე ფიქრები ასე გადმოსცა. ხშირად შევხვედრილვართ მწერლებისგან არომატისა და სურნელების მხატვრულ აღწერას, რომლებიც ისეა აღწერილი, როგორც ცალკე მდგომი მიმდინარეობა, არარეალისტური სამყარო და ჩვენს დნმ-ში ღრმად ჩაბეჭდილი გაურკვეველი კოდი.

აქტუალურია ვირუს კოვიდ-19-ის პანდემია, ამიტომ ამ ხანგრძლივმა და რთულმა პერიოდმაც ერთ საკითხს დამაკვირვა. ჩემი ახლო მეგობარი დაინფიცირდა დელტა შტამით. სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში 100%-ით დაკარგა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, მაგრამ რა თქმა უნდა ამის გამო ჭამა არ შეუწყვიტავს. ფიზიკურ საზრდოს ღებულობდა, მაგრამ დაუქვეითდა სულიერი საზრდოს საკვები წყარო, რომელსაც ავსებს სიამოვნებისა და ბედნიერების შეგრძნება. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა, იქამდე სანამ წამიერად არ გაანალიზა, რომ მისმა რეცეპტორებმა უწინდებურად დაიწყეს ფუნქციონირება, და როგორც მან თქვა, ბურგერის ჩაკბეჩისვეთანავე ახლიდან დაიბადა, თითქოს იყო ბრმა და აეხილა თვალი, დაყრუვდა და დაუბრუნდა სმენა, გაბედნიერდა.

ღვინომ ისეთივე პერიდოები და მიმდინარეობები გამოიარა, როგორიც ხელოვნებამ. დღეს, ისევე, როგორც თანამედროვე მუსიკის ყველაზე პოპულარული ჟანრის, ტექნო მუსიკის რიტმი და თანმიმდევრული, განმეორებადი პულსაცია დაუბრუნდა თავის საწყისს, პირველყოფილურ რიტმებსა და შეგრძნებებს, სწორედ ასეთი დრო მოვიდა მეღვინეობისთვისაც და აღდგა ნატურალური ღვინის წარმოების ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებს დავიწყებულ, მაგრამ არსებულ, უკვდავ, პირველყოფილ აღქმას ღვინისა. ხელოვნებაა ყველაფერი ის, რაც გვაძლევს საშუალებას: შევქმნათ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ, შევაფასოთ, ვცადოთ, ვისიამოვნოთ, გავაზიაროთ, დავეხმაროთ, გავალამაზოთ, შევისწავლოთ და ა.შ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული