Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ხალხმა უნდა ისწავლოს მცირე მარნისა და ინდუსტრიული მეღვინობის ერთმანეთისგან განსხვავება” - ინტერვიუ თამაზ ჭუმბაშვილთან

“ხედი ვაინი” 2022 წლიდან ღვინოს აწარმოებს, წელს უკვე 11 სახეობის ღვინო აქვთ და “მცირე მარნების ფესტივალზე” სწორედ მათ გაცნობას აპირებენ ჩვენი სტუმრებისთვის. ინტერვიუში თამაზ ჭუმბაშვილი მცირე მარნების როლის შესახებ გვესაუბრება, გვიამბობს მის მარანში ღვინის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ და საინტერესო მოგონებებსაც გვიზიარებს. 

- თამაზ, გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, როგორ დაიწყო ღვინის წარმოების პროცესი და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

გამარჯობის თქმის გარეშე ისტორიის გადმოცემა თავიდანვე უინტერესო იქნება, ამიტომ მივესალმები კორესპოდენტს და გვერდის მკითხველს, თქვენგან ინტერესის გამოხატვა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი მცირე მარნისთვის, დიდ სტიმულს გვაძლევს კარგათ წარმოგიდგინოთ ჩვენი თავი და რაც მთავარია ინტერესის სფერო, მისი აღმატებულება - ღვთიური სასმელი ღვინო. 

მარანი და ღვინო ყოველთვის იარსებებს წლების-საუკუნეების განმავლობაში, რასაც ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორია, თავდადება და რაც მთავარია ღვინისადმი სიყვარული. 8000 წლიანმა ტრადიციამ აქცია ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ და სწორედ ეს იყო ის მოტივაცია, რამაც გადამაწყვეტინა შემექმნა 90 კაციან გვარში პირველი მეღვინის პრეცედენტი, ოჯახში ყოველთვის ვაყენებდით ღვინოს ჩვენთვის, სტუმრებისთვის და საახლობლოს საპატივსაცემოდ. ჩვენი ღვინო ყოველთვის დიდ მოწონებას-სიყვარულს იმსახურებდა და სიამოვნებით მიირთმეოდა ნებისმიერ სუფრასთან, ამიტომ ოჯახის წევრების გვერდში დგომით და ჩემი მონდომებით შევქმენით მეღვინეობა რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. მე ვარ თამაზ ჭუმბაშვილი „ხედი ვაინი“ - ს დამფუძნებელი და მეღვინე. 

ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში და აქვე გვაქვს ვენახები საიდანაც კარგად და ზღაპრულად ჩანს კავკასიონის მთები, სწორედ ეს მთები გახდა ჩვენი მეღვინეობის სახელის ინსპირაცია. 

ოფიციალურად მეღვინეობა დარეგისტრირდა 2022 წლის შემოდგომაზე „ხედი ვაინი“-ს სახელით და მივიღეთ რამდენიმე ჯიშის ყურძენი. უკვე 2024 წელს გვაქვს 11 სახეობის ღვინო და ვგეგმავთ უფრო მეტად გავაფართოვოთ სახეობები, რათა დავაკმაყოფილოთ ყველა მომხმარებლის მოთხოვნა (ჩვენ ყველა კმაყოფილი უნდა დავტოვოთ).

-რას ნიშნავს თქვენთვის „მცირე მარნების ფესტივალში” მონაწილეობის მიღება და როგორ ხედავთ ამ ფესტივალს მცირე მარნების აღიარების კუთხით?

- მცირე მარნების ფესტივალში მონაწილეობის მიღება რა თქმა უნდა ემსახურება ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში ჩვენი არსებობის შესახებ, მაგრამ ამავდროულად ერთგვარი შეჯიბრია თითქმის თანაბარ პირობებში მყოფ მარნებს და მათ ნაწარმს შორის, ღვინოს აფასებენ როგორც მეღვინეები და მათი დამფუძნებლები ისე პოტენციური მომხმარებლები. 

- გაგვიზიარეთ თქვენი მეღვინეობის ფილოსოფია, რა ხდის თქვენს ღვინოებს გამორჩეულს სხვა მარნებისგან?  

- მთავარი ფილოსოფია ისევ და ისევ სიყვარულშია, გამოცდილებაში და პასუხისმგებლობაში. მთავარია მეღვინემ აკონტროლოს ყველანაირი პროცესი ყურძნის მოყვანიდან მის დაწურვამდე და დადუღებამდე. მთავარია სისუფთავე და ყველა წვრილმანზე დაკვირვება.

- როგორ ახერხებთ ტრადიციების და ინოვაციების ბალანსს ღვინის წარმოებაში, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?   

- „ხედი ვაინი“ აწარმოებს მხოლოდ ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოებს იქნება ეს ევროპული იგივე იმერული სტილით თუ კახური მეთოდით. ფერმენტაციას დურდო ყოველთვის ქვევრში გადის, შემდეგ გადადის სითხე უჟანგავ რეზერვუარებში დასაწმენდად და ისევ ბრუნდება ქვევრებში დაწმენდილი სითხე, ეს ეხება იმ შემთხვევას თუ წვენს და დურდოს პირველადი დუღილის შემდეგ ერთმანეთისგან ვანცალკავებთ, სხვა შემთხვევაში ილუქება წვენი დურდოსთან ერთად ქვევრში 6 თვით.

- რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი ასპექტი მცირე მარნის მართვაში და როგორ უწყობს ხელს ამ გამოცდილებას მსგავსი ფესტივალები?          

- მცირე მარნის წარმომადგენელს უშუალო კონტაქტი აქვს პოტენციურ თუ უკვე შეძენილ მომხმარებელთან და პირადად ისმენს მათ შთაბეჭდილებებს, იზიარებს მათ აზრს, რაც თავისთავად სამომავლოდ ღვინოზე აისახება. მცირე მარნის მართვისას, როგორც უკვე ვთქვი, ყველა პროცესი შენ თვალწინ, შენი მეთვალყურეობის და ჩართულობის ქვეშ ვითარდება.

- რომელი ღვინოების წარმოჩენაა ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამ ფესტივალზე და რა ისტორიას გვიამბობს ის თქვენი მეღვინეობის შესახებ? 

- „ხედი ვაინი“ აწარმოებს 11 სახეობის ღვინოს აქედან 3 სხვადასხვა სახეობის საფერავი მაგალითად ესენია : ტრადიციული საფერავი დურდოსთან ერთად, ევროპული სტილით დაყენებული საფერავი და საფერავი როზე. ასევე საკმაოდ იშვიათი ჯიში გვაქვს ვარდისფერი რქაწითელი ერთერთი ძველი ქართული ვაზის ღვინო, რომელიც ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა როგორც მტევნის სტრუქტურიდან გამომდინარე ისე მიღებული შედეგით. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ მცირე მარნებს ქართული მეღვინეობის მომავლის ფორმირებაში და როგორ ხედავთ ამ პროცესს გლობალურ დონეზე?      

- სუბიექტური აზრიდან გამომდინარე ნამდვილი ტრადიციული ღვინო უნდა გასინჯო საოჯახო ან მცირე მარანში. მოგეხსენებათ მსოფლიოს ღვინო ვაჩუქეთ ჩვენ საოჯახო და მცირე მარნებმა, რა გამოვა, თუ ტრადიციები არ შევინარჩუნეთ და იდენტობა დავკარგეთ?! ინდუსტრია რადიკალურად განსხვავდება ტრადიციებისგან, იაფიან ფონს ქმნის ბაზარზე მათი მსხვილი წარმოება საოჯახო მარნებისგან განსხვავებით. ჩვენ, მცირე მარნებს, მეტი რესურსი გვჭირდება და  გაცილებით ძვირი გვიჯდება 1 ბოთლის წარმოება ეს დაზუსტებული ფაქტია. ამიტომ ხალხმა უნდა ისწავლოს მცირესა და ინდუსტრიას შორის განსხვავება და ფასებიც რა თქმა უნდა თავისით დარეგულირდება, მცირე ტირაჟს ყოველთვის მაღალი ღირებულება აქვს!

- რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება ვენახთან მუშაობის ან ღვინის დაწურვის დროს?   

- პირადად ჩემთვის ვენახთან და ყურძენთან ურთიერთობა მედიტაციაა, შეიძლება გადაიღალო, ღამეების თენება მოგიწიოს, ბავშვივით მოუარო მოეფერო, მაგრამ საბოლოოდ შენი შექმნილი პროდუქტი გამხნევებს და ძალას გაძლევს უფრო მეტის კეთებისთვის.

- ბოლო დროს რა ტენდენციები შეამჩნიეთ მომხმარებელთა მოთხოვნის კუთხით, რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს აცნობთ ფესტივალზე?

-     ყოველთვის როცა ნებისმიერ ფესტივალზე გავდივარ გულისყურით და დიდი ყურადღებით ვუსმენ ყველანაირ აზრს საკუთარ ნაწარმზე, საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი შენს ხელში გამოზრდილ და დავარგებულ პროდუქტზე. ხალხის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია უნდა მოისმინო და გაანალიზო. გამოხატეთ თქვენი აზრი და შთაბეჭდილებები მიუხედავად იმისა გესმით თუ არა რაიმე კონკრეტული სფერო, ისაუბრეთ იმაზე თუ რა იგრძენით, რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ, იყავით თამამები, ჩვენ თქვენ გისმენთ!

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?   

- თავდაპირველად კითხვის შინაარსის მიუხედავად მინდა ვახსენო სახელმწიფოს ჩართულობა მცირე მარნების დახმარების კუთხით, თუ ღვინის სამშობლო გვქვია და გვაძლევთ უფლებას, რომ ღვინო აქციზის გარეშე  ვაწარმოოთ, მოგვეცით ასევე უფრო მეტი შესაძლებლობა გრანტების სახით რათა უკეთესად ვაკეთოთ საკუთარი ნებით არჩეული ნამდვილი ქართული ღირსეული ტრადიციული საქმე და ეს კითხვაც აღარასდროს იარსებებს. 

- რა რჩევას მისცემდით ღვინის ფესტივალის სტუმრებს, რომლებიც თქვენს დახლებთან ღვინის გასასინჯად მოვლენ?         

- მითხარით, როგორ ხასიათზე ხართ და შესაბამის ღვინოს შემოგთავაზებთ, მობრძანდით ნუ გერიდებათ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.