- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- ჩემს ისტორიაში ვერ მოისმენთ ამბებს წინაპრების დანატოვარი მარნის ან ქვევრების შესახებ, რადგან ჩემი ოჯახის წევრების პროფესია სრულიად სხვა მიმართულების გახლავთ. მეღვინეობის სფეროს გამორჩეული პროექტის საშუალებით დავუახლოვდი, როდესაც ამერიკელი ღვინის ექსპერტი მიქელ ჰუდინისათვის შევადგინე ღვინის მარშუტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩემს უშუალო პასუხისმგებლობას ქართული ღვინის მარნების შერჩევა და ვიზიტების ორგანიზება წარმოადგენდა, რის საფუძველზე შეიქმნა არაჩვეულებრივი ქართული ღვინის გზამკვლევი „ Georgia: A guide to the cradle of wine”. სწორედ ამ წიგნის მარშუტის კოორდინაციის პროცესში მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი ლეგენდარულ მეღვინეებს, მომესმინა მათი ისტორიები, დამეგემოვნებინა გამორჩეული ქართული ღვინოები და ვწვეოდი საქართველოს ყველა ღვინის კუთხეს. სწორედ ამ დროს მოვიწამლე მეღვინეობით და გადავწყვიტე კიდეც ჩემი პროფესია, ისევე როგორც ცხოვრება ღვინის ინდუსტრიისათვის დამეკავშირებინა.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
- ღვინის დაყენება საოჯახო ვენახიდან დავიწყეთ, რომელიც ბაბუაჩემის მიერ არის გაშენებული და 60 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად რქაწითელის და საფერავისა ღვინოს ვაწარმოებთ. 2024 წელს პირველად დავწურეთ მწვანეც, რომლის მეტი რაოდენობით გაშენებას ვგეგმავთ. გამორჩეული რიტუალი არ ვიცი რამდენად, მაგრამ სხვლის პროცესში მხოლოდ ოჯახის წევრები ვიღებთ მონაწილეობას,ვაზის ფორმირება მოსავლის ხარისხის კუთხით უმნიშვნელოვანესია, ამიტომ აღნიშნულს მხოლოდ ოჯახის წევრები ვახორციელებთ.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ვინომეს გაცნობა ქართველმა ღვინის მოყვარულებმა დავარგებული რქაწითელით დაიწყეს. ჩვენი გამორჩეულობაც დავარგებულ ღვინოებშია, რაც საკმაოდ რთულია შესასრულებლად. 2016 წლიდან დაყენებული ღვინის დავარგება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ისევე როგორც 2017 წლის მოსავლის და ა.შ. ღვინის რეალიზება მხოლოდ მაშინ გადავწყვიტეთ, როცა დავრწმუნდით რომ ღვინომ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა სრულად შეძლო.
- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- ჩემთვის გამორჩეულია ალკოჰოლური ფერმენტაციის პროცესი, კონკრეტულად კი დუღილის ხმა - ახალი მოსავლის დაბადების ხმა. რაღაც გამორჩეული და ამაღელვებელი მომენტია, თითქოს შენც ახალი სიცოცხლით ივსები და ძალა გემატება.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ღვინის გაყიდვები წელს დავიწყეთ, მოსავლის მცირე რაოდენობებიდან გამომდინარე არც გვიფიქრია დიდი რაოდენობის ობიექტების მოძიება. პირველად ჩვენი 2016 წლის რქაწითელი ღვინის ბუტიკის სელექციას შეემატა, შემდგომ ციცქას. 2017 წლის რქაწითელი კი ღvino underground-ში შეგიძლიათ იპოვოთ. ურთიერთობის გამოცდილება ასეთია - შევარჩიეთ ჩვენი ღვინის სტილისათვის დამახასიათებელი ნიშური ობიექტები. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რასაც ბევრი მეღვინე უშვებს საკუთარი ღვინის ბევრ ობიექტზე შეტანაა, ხშირად გონიათ რომ ეს გაყიდვებს გაზრდის. თუმცა ყველას ვურჩევდი საკუთარი ღვინის ნიშის მიხედვით ეთანამშრომლათ ღვინის მაღაზიებთან თუ ჰორეკა სფეროსთან.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჯერ ჩვენი ღვინო უცხოურ ბაზარზე არ გადის, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალში ვინომეს ღვინოებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვიხილავთ.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მცირე მარნებისათვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი შეზღუდულ ფინანსებს უკავშირდება. მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება ძვირადღირებულ ტექნიკასთან ბმაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროექტებზე ფოკუსირება მცირე მარნების განვითარების მხარდაჭერის მიზნით.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- უპირობოდ ხარისხიანი, ქიმიკატების და პესტიციდების გარეშე მოვლილი ვენახი და ხარისხიანი ტექნიკა. ჩემთვის ტექნიკასა და სისუფთავეს ხარისხის 80% უკავია. ხარისხიანი ყურძნის გარეშე კი ღვინის ტექნოლოგიაში იძულებული ხარ ჩარევები განახორციელო, რაც ბუნებრივი ღვინის კონცეფციიდან საერთოდ ამოვარდნილია.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- ქართული ღვინის კულტურის განვითარებას პროფესიონალთა ერთობა სჭირდება, დაყოფილი ვერც ქვეყანა ვარგა და ვერც ერთი ინდუსტრია შეძლებს განვითარებას თუ წინსვლას.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- არსოდეს მინანია ჩემი წლების წინანდელი გადაწყვეტილება ღვინის სფეროს დავკავშირებოდი, ალბათ იმიტომ რომ ეს გულიდან წამოსული სურვილი იყო. იგივეს ვურჩევდი ყველა დამწყებ მეღვინე-მევენახეს თუ მეწარმეს რომელი სფეროდანაც არ უნდა იყოს ის - მიყვნენ საკუთარი გულის ძახილს, აირჩიონ ის გზა, რომელიც სულით უყვართ, რადგან სწორედ ასე შეძლებთ იყოთ როგორც პროფესიულად რეალიზებული ისე შინაგანად ბედნიერი.
მარნის მისამართი: კახეთი, თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი
ტელეფონი: 595 98 06 05
ელფოსტა: vinomewinery@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.instagram.com/vinomewine/profilecard/?igsh=MTNoNXNpd214am54MQ%3D%3D
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი