გამოქვეყნებულია: 23 ოქტომბერი, 2009 - 15:05
“ღვინის კლუბი” საგურამოში “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს” ესტუმრა. ცენტრი 2007 წელს დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაცია “აგროს” ინიციატივით. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, გეიზენჰეიმის მევენახეობის ინსტიტუტის, ჰოჰეიმის სანერგეს (გერმანია), ENTAV-INRA-ს (საფრანგეთი), ხეხილის მენერგეთა კონსორციუმის (იტალია) და ჰარტმანის სანერგეს მონაწილეობით.
ორი წლის განმავლობაში ცენტრმა შეუძლებელი შეძლო - თავი მოუყარა 425-მდე ვაზის ქართულ ჯიშს, მათ შორის იმ ჯიშებსაც, რომლებიც უკვე გადაშენებულად ითვლებოდა და მათი პოვნის იმედი ყველაზე ოპტიმისტ ამპელოგრაფებსაც აღარ ჰქონდათ.
დღესდღეობით ცენტრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ვაზის გენოფონდის საკოლექციო ნარგაობა, სადაც დაცული ვაზის თითოეული ჯიში 10-20 მცენარის რაოდენობითაა წარმოდგენილი.
“ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის თქმით, კოლექციაში დაცული 125-მდე ჯიში საქართველოში საერთოდ აღარ არსებობდა - არც სხვა საკოლექციო ნაკვეთებში და არც მოსახლეობაში. ეს ჯიშები ცენტრმა მოლდოვასა და იალტაში - საბჭოთა კავშირის ყოფილი ინსტიტუტების კოლექციებში მოიძია და სამშობლოში დააბრუნა, როგორც ეროვნული საგანძური.
ვაზის ჯიშების მოძიება და საგურამოს საკოლექციო ნაკვეთში თავმოყრა გრძელდება. ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში ამპელოგრაფებმა 525-მდე ვაზის ქართული ჯიშის არსებობა დაადასტურეს, რომლებიც ბოლო დრომდე დაცული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტისა და სხვა საკოლექციო ნაკვეთებში. სამწუხაროდ, ამ ნაკვეთების უმეტესობა გაურკვეველ ვითარებაში გაიყიდა და ვენახებიც განადგურდა. ამდენად, ვაზის ჯიშები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხელახლაა მოსაძიებელი. “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს” ამ საქმეში არა მხოლოდ ამპელოგრაფების, არამედ ყველა კეთილი ნების ადამიანის თანადგომა სჭირდება.
“ღვინის კლუბის” წევრების წინასწარი მოკვლევით, რაჭის ერთ-ერთ სოფელში შემორჩენილია ამ კუთხეში ძველად გავრცელებული ვაზის ჯიში - საკმეველა, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში სრულიად დაკარგულად ითვლებოდა. “ღვინის კლუბი” აპირებს, აღმოჩენილი ჯიშის ნიმუშები მიაწოდოს “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს”, სადაც მას შეისწავლიან და მოახდენენ მის საბოლოო იდენტიფიკაციას.
“ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი”, ხარისხის კონტროლის პირობების დაცვით, ახორციელებს ჯიშურად გარანტირებული, ფიტოსანიტარულად ჯანსაღი საბაზისო და სერთიფიცირებული სარგავი მასალის წარმოებას. აქ წარმოებული სარგავი მასალა უპირატესად განკუთვნილია ვაზისა და ხეხილის ნამყენი ნერგის მწარმოებლებისათვის. მათ ცენტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ვაზისა და ხეხილის ჯიშებისა და კლონების, ჯანსაღი უვირუსო საბაზისო ნერგით, რათა - შემგომში გააშენონ საძირეთა და სანამყენეთა საკუთარი სადედეები და აწარმოონ სერტიფიცირებული ნერგები.
©ღვინისკლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი