Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სუპერ საფერავების დრო

მალხაზ ხარბედია

საფერავიდან დაყენებული დიდი ღვინო ყოველთვის დიდი მოთმინების შედეგია. მნიშვნელობა არა აქვს, ღვინო მუხაში იქნება დავარგებული, ქვევრში დავაყენებთ მას თუ უჟანგავ ჭურჭელში. ამ ჯიშის დიდი ღვინო პირველ რიგში დროით და მოლოდინით ფასდება.

პირველი დრო ვენახის დროა. დიდ ღვინოს ვერ დაწურავ ახალ, 4 ან 5 წლის წინ გაშენებულ ვენახში დაკრეფილი საფერავიდან. ის შეიძლება ძვირფასი და საყვარელი ღვინო იყოს, პირველი სიხარული იყოს, მაგრამ ვერ იქცეს დიდ ღვინოდ.

მეორე დრო ღვინის დავარგების დროა, რადგან საფერავი ისეთი ჯიში გახლავთ, დიდი დრო რომ სჭირდება თავისი ხასიათის ბოლომდე გამოსავლენად და წარმოსაჩენად. მუხაში დავარგებული შესანიშნავი საფერავები არსებობს, მაგრამ სიმართლე ითქვას, ამ ჯიშს მუხის გარეშეც მშვენივრად შეუძლია შეინარჩუნოს სიხალასეც, ტანინების ახალგაზრდული ფორიაქიც და დავარგების ამოუწურავი პოტენციალიც.

და რაც მთავარია, მესამე დრო ჩვენი მეხსიერების დროა, ანუ დრო, რომელიც დიდი საფერავების გასინჯვებს შორის გაიწელება ხოლმე და ყოველთვის საიმედო, უწყვეტი ძაფებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რომ ერთმა დაუვიწყარმა საფერავმა მეორე არ გაგახსენოს. მეორემ მესამე და ა.შ. შეიძლება თვეები გავიდეს ისე, რომ ვერსად დალიო „სწორედ ის საფერავი“, მაგრამ საკმარისია ის გამოჩნდეს და წამში გონებაში რაღაც ინთება და შენ ხვდები, რომ ეს ის არის.

საქართველოში ცოტაა ასეთი საფერავები. ჩვენთან ბევრია ზედმეტად გაშალაშინებული, „სრულქმნილი“ და დავარცხნილი საფერავები, კიდევ უფრო მეტია პირდაპირი და დამრტყმელი საფერავები, ე.წ. “მუტრუკები”, მაგრამ ცოტაა საფერავი, რომელშიც ყოველ ყლუპზე რაღაც საიდუმლოს ამოხსნა გველოდება, რომელიც ერთჯერადად და უნაყოფოდ კიარ გვაოცებს, არამედ ამ გაოცებას ცოდნად, ნაყოფიერ გამოცდილებად და უდიდეს სიამოვნებად აქცევს.

დიდი საფერავის დაყენება კახეთის ყველა მხარეშია შესაძლებელი. ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ასეა ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ტიბაანიდან ახმეტამდე და მარცხენა ნაპირზეც, ყვარლიდან ართანამდე. გარე კახეთიც არ უნდა დავივიწყოთ, ხაშმის გარეშე აბა რანაირად იქნება? ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ყველა ამ ადგილას მოყვანილი საფერავი. ზოგი ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზეა, კარდანახის ახოებში და წარაფებში თუ წინანდლის ზვრებში, ზოგი ფიქალიან, მდინარის ჩამოტანილ, გამტარ ნიადაგებზე, როგორც ქინძმარაულებში. განსხვავებული საფერავი დგება შილდაში და ნაფარეულში, მუკუზნისა და ახაშნის საფერავს კი ახმეტის საფერავისგან გაარჩევთ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მთავარია, რომ გვახსოვდეს, დიდი საფერავი კახეთში ყველგან იმალება, სადაც ჭაობი და ყინვა არაა (აქ აზროვნების ჭაობი და გონების მოყინვაც იგულისხმება).

ახლა კონკრეტულ ღვინოებს რაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის აკვნის სახელს ვატარებთ და ბეჭზე ციფრი 8000 გვაწერია ამაყად, თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით, რეალურად ძალიან მცირეწლოვანი ღვინის კულტურა ვართ. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე ტრადიციული, ქვევრის მეღვინეობაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ აღდგა ჩვენს ქვეყანაში. საქართველომ ახლიდან აღმოაჩინა თავისი წარსული. 5-6 წლის წინ დაიჯერეს ადამიანებმა ტრადიციული მეთოდების. გაიხსენეთ რამდენმა ჩააბეტონა ქვევრები თქვენს სამეზობლოში, სანაცნობოში, სანათესაოში. და ყველა მათგანი დღეს მაინც მიიჩნევს თავს დიდი ტრადიციის, გრძელი ჯაჭვის ნაწილად, თითქოს არაფერი მომხდარა. ერთი სიტყვით, ამ 8000 წელიწადში 2 წლისებიც გვყვანან და 10 წლისებიც - ყველამ ოდესღაც დავიწყეთ, შევაბიჯეთ ამ სამყაროში, ვირწმუნეთ რაღაცის.

ამიტომაა, რომ ჩვენი დიდი ღვინოების ისტორიაზე ლაპარაკისას შორს ვერ მივდივართ. გადააბიჯებ თუ არა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროით ზღურბლს, 90-იანი წლების დასაწყისს და საბჭოთა მეღვინეობის მორევში აღმოჩნდები, სადაც ვერ იპოვი კონკრეტულ ღვინოებს, მოსავლის წლითა და ბედისწერით, კონკრეტული მევენახე-მეღვინით. ბოლო-ბოლო რაღაცა მახინჯ სტალინურ ღვინის მითებს შეეჩეხები, და ეგ იქნება ბედისწერაც და დიდი ღვინოების ისტორიაც. არადა 1921 წლამდე, განსაკუთრებით კი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე სულ სხვა სიტუაცია იყო ამ მხრივ საქართველოში. და ეს სიტუაცია მალე განადგურდა და მოისპო და მას ვერც სოლომონ ჩოლოყაშვილმა და მისმა მოწაფეებმა ვერ უშველეს.

ახლა კი დავიწყოთ ჩვენი მოკლე სია იმ რამდენიმე საფერავისა, რომლებიც წლების მანძილზე გავსინჯე და შეიძლება ითქვას, დიდი ღვინოების გუნდში ხვდებიან, ყურძნის წარმოშობით დაწყებული - ღვინოზე ზრუნვით დასრულებული.

90-იანი წლების ახალი თაობის ღვინის კომპანიებისგან განსაკუთრებული საფერავები არ მახსენდება. შეიძლება საუკეთესოები არ გამისინჯავს და არის სადღაც დაფარული რამე, ვინ იცის?! მახსოვს 1995, 1996, 1997 და 1999 წლის რამდენიმე საფერავი, სხვადასხვა კომპანიის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამაოცეს. ეს ღვინოები უფრო მაშინდელ, სიახლის მსურველ ჭიას ახარებდნენ.

90-იან წლების მეორე ნახევარში რამდენიმე მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა ქართული ღვინის ბიზნესში. GWS, თელიანი ველი, თელავის ღვინის მარანი და თბილღვინო ცდილობენ თანამედროვე ღვინოები შექმნან, ჩნდებიან ამ ღვინოების ქართველი მოყვარულებიც და სულ მალე, საუკუნეების გასაყარზე ეს და კიდევ რამდენიმე კომპანია ე.წ. პრემიალურ ღვინოებზეც იწყებენ ფიქრს. სწორედ ამ პერიოდში იწყება ორგანული (ბიო) მეღვინეობის ისტორიაც საქართველოში, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში მძლავრ მოძრაობად ჩამოყალიბდება.

აქ ჩვენი თხრობა ცოტათი გაბრიელ გარსია მარკესისას დაემსგავსა - „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი ქართული ღვინო...“, თუმცა არა უშავს, იყო ასეთი მომენტებიც, 2006 წელს. და სწორედ ამ წლიდან დაიწყო აზრზე მოსვლა და გამოფხიზლება. მანამდე მხოლოდ რამდენიმე ე.წ. პრემიალური საფერავი არსებობდა, ექსპერიმენტული, 2006 წლიდან კი გამოჩნდა 2002 და 2004 წლის საფერავები - ვინოტერა, ოროველა (2004 წლის ოროველას საფერავს ჯენსის რობინსონი აქებდა), თბილღვინო, თელავის მარნის სატრაპეზო. ამავე პერიოდში გამოჩნდა კომპანია „კახურის“ 2004 წლის რეზერვი, ვინოტერას 2004 წლის საფერავი და სხვ. ღვინოები.

შემდეგ, 2006-ში, როგორც ვთქვი, რუსეთმა ემბარგო მოგვართვა ხონჩით და ერთი მხრივ ისტერიკა დაიწყო ქართული ღვინის სფეროში, მეორე მხრივ კი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა. ვიცი, ბანალური ახსნაა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ახალი ბაზრებისკენ იძულებითმა ორიენტაციამ თუ მიზანმიმართულმა ლტოლვამ ახალი პროდუქტის შექმნისკენ უბიძგა მეღვინეებს. გაძლიერდა ნატურალური, ტრადიციული ღვინისა და ორგანული მევენახეობის მიმართულება, ხოლო კომპანიებმა, რომლებსაც გასული წლების კარგი ე.წ. „ღვინომასალები“ დაუგროვდათ, შეეცადნენ ახალი სტილის ღვინოები ჩამოესხათ. იყვნენ ისეთებიც, ვინც პრინციპულად განხვავებული მიმართულების ღვინოებზე მუშაობას შეუდგა, „დაუგროვდათ“ და „დარჩათ“–ს გარეშე. 

ბიო და ბიოდინამიკური მიმართულებიდან პირველ რიგში ნიკოლაშვილის, ჯაყელების, სოლიკო ცაიშვილის და ნიკა ბახიას საფერავები მახსენდება (2006-2008 წლები). ამავე პერიოდში რამდენიმე დიდი კომპანია თუ მცირე მარანი თავიანთი საფერავების საუკეთესო მოსავლებს აღნიშნავენ - კორპორაცია ქინძმარაული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ყვარელს ასხამს (2005, 2006, 2007), ასევე ქინძმარაულის მარანიც. ენისელის ღვინოებს კარგი საფერავი და მუკუზანი აქვს, 2007 წლის. მანამდე იქმნება კომპანიების გაერთიანება „ქართული ღვინის ოჯახი“, რომელიც დიუსელდორფში პროვაინზე წარადგენს თავის ღვინოებს. გაერთიანებაში არიან მაისურაძის  ღვინოები, ვინოტერა (გოგი დაქიშვილი, გიორგი პირადაშვილი), შუმი და სხვ. თელავის მარანი აგრძელებს სატრაპეზოების რიგს და 2007 წლის მოსავალს სარეზერვო ღვინისთვისაც ამზადებს. წელს არ აცდენს თბილღვინო, მისი საფერავი და მუკუზანი (განსაკუთრებული მარაგი) ყოველ წელს ისხმება. ასევე უნდა ვახსენოთ ბადაგონის „ტრადიციული“ საფერავები, კომპანია ვაზი +, ბესინი, ვაინმენი, მილდიანი. მნიშვნელოვანი სიახლეა „ჩელთის“ საფერავების გამოჩენა ასპარეზზე. ამ კომპანიის 2007 და 2008 წლის მოსავლის ღვინოები ბევრ მოყვარულსა თუ პროფესიონალს ახსოვს კარგად, რომელსაც მალევე 2009 წლის გუნაშაურიც მოჰყვა.

შემდეგი ეტაპია ხარებას საფერავი Premium, 2008, 2009, 2010. ამავე პერიოდს ემთხვევა „ხოხბის ცრემლების“ პირველი საფერავი და ჯაყელების ორგანული საფერავის გამოსვლა ასპარეზზე. 2007, 2008, 2009 წლებში (მანამდეც) მუხაში აძველებდნენ ჯაყელები საფერავს და მისი კვალი კარგად იგრძნობოდა ამ მძლავრ და არომატულ ღვინოში, თუმცა 2010 წელს მათ მუხის გარეშე სცადეს და მშვენიერი შედეგი მიიღეს. ჩემთვისაც 2010 წლის საფერავი ერთ–ერთ განსაკუთრებულ საფერავად რჩება დღემდე, 8 წლის შემდეგაც. შესანიშნავი იყო კახა ბერიშვილის ართანული საფერავები, 2010–2012 წლების. ასევე ცალკე უნდა გამოვყოთ ლუკასის 2011, 2012, 2013 წლის მუხაში დავარგებული საფერავები.

ბოლო ათწლეული ნამდვილი აღმასვლაა ჩვენი საყვარელი ჯიშისთვის. დარწმუნებული ვარ, 2020–2022 წლებისთვის ათეულობით მაღალი კლასის საფერავი გაითქვამს სახელს. ესენი იქნებიან 5–8 წლის დაძველების ღვინოები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩამოისხა ბოთლებში და ჯერ კიდევ შემორჩნენ ბაზარს. რაც მთავარია, ძალიან იმატა ქვევრში დაყენებული საფერავების რიცხვმა, მცირე მარნების და ნატურალისტების მიერ მოთმინებით შექმნილმა ღვინოებმა – საწნახელი, ფაფარი ველის ძალზე მძლავრი, ცოცხალი და მაღალალკოჰოლიანი საფერავები, შალაურის მარანი, თელედა, ნიკალას მარანი, საგვარეულო მარანი, იბერიელის თხელი საფერავი იოანე, კომპანია „ქართული ღვინოების“ საფერავები, მარანი მილორაულის საფერავი, ორგო, ბექა გოცაძის მარანი, ბაბანეურის მარანი, პეტრიაანთ მარნის ძლიერი ხოდაშნური საფერავები, დორემი, ოქრო ღვინოს ბუდეშურისებრი საფერავი (აქ Liquid Sun-ის ბუდეშურისებრიც უნდა ვახსენოთ და ქართული ვაზის ფონდის ბუდეშურისებრიც), სტორი, ნაოტარი, სესიაშვილი, ბუნებური, ლექსოს მარანი. მახსენდება ღვარძელაშვილის მარნის 2014 წლის რბილი და ჩამოყალიბებული საფერავი, ასევე 2015 წლის პირდაპირი და მკვეთრი ქვევრის ღვინო. ლოლაძეების მარანი, თელავის ძველი მარანი, ტოგონიძეების ღვინო, როსტომაანთ მარანი, შატო ხაშმი, ჩელთის 2015–ის ორი საფერავი (კლასიკური და ქვევრის, თუმცა ორივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს), „ხვთისიას ღვინის“ ზედიზედ ორი ბრწყინვალე საფერავი (2016, 2017, 2018), კალამის 20017 და 2018 წლის საფერავები...

ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს და დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის გამოქვეყნებიდან სულ მალე კიდევ უფრო მეტი მომავლის ღვინო გამოჩნდება. მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ დიდი საფერავი მოთმინების შედეგია. ასეთი საფერავი უკვე ჩვენს დაწვრილმანებულ, ფორიაქითა და ზერელობით სავსე დროში კიარა, დიდ დროში აგრძელებს არსებობას.

P.S. სტატია გამოქვეყნდა 2018 წელს

© SOLO

ფოტო © მუკუზანი 2014, მალხაზ ხარბედია 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.