Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერე - ღვინის ბარი ქუთაისში

ერთი წლის წინ,  2 მაისს, ქუთაისის გვირილობის დღესასწაულზე, "საფერეს" კარი პირველმა სტუმრებმა შეაღეს.

ღვინის კლუბიც ცოტა ხნის წინ ესტუმრა საფერეს და გადავწყვიტეთ ღვინის ბარების ჩვენს გზამკვლევში, იმერეთის ამ ახალი ღვინის კერის შესახებ გიამბოთ.

ბარი ქუთაისის შუაგულში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს და კოხტად მოწყობილი ექსტერიერით ერთი თვალის შევლებითაც იპყრობს გამვლელის ყურადღებას. ბარში სტუმარს საგანგებოდ შერჩეული საოჯახო მარნების ნატურალური ქვევრის ღვინოები ხვდება.

ქუთაისში ასეთი ტიპის ბარის არსებობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მომხმარებლის ღვინის სმის კულტურის, ქართული ქვევრის ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლებისთვის.

მართალია უცხოელი ტურისტები ჭარბობენ, მაგრამ ქუთაისის ბინადრებიც უკვე ხშირი სტუმრები არიან. ვინც ერთხელ ეწვევა საფერეს, მისი ერთგული მომხმარებელი ხდება. სხვანაირად არც იქნება, ამ პატარა კოხტა ბარში, ერთ ადგილას შეგიძლია გასინჯო მარტო იმერული კი არა, ქართლ-კახეთის, რაჭის, სამეგრელოს და სხვა კუთხის საუკეთესო საოჯახო მარნების ღვინოები. მერე ღვინოსთან შეხამებული დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს გემრიელი კერძები მიირთვა და იმერული სიმღერების ჰანგებითაც ისიამოვნო.

საფერეს დამფუძნებლები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ანი მახარაძე და დავით მშვენიერაძე არიან. მათ ქუთაისში ღვინის ბარის გახსნა ღვინის და ვაზის სიყვარულმა გადააწყვეტინა. 

ღვინის კლუბთან საუბარში ანიმ გვიამბო: "ჩემი მეუღლის ოჯახი, სოფელ ცხენთაროდანაა, რომელიც იმერეთის მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა. ხშირად გვქონდა ხოლმე ოჯახური საღამოები, როდესაც ღვინოებს ვაჭაშნიკებდით, ვსაუბრობდით მათ ღირსებაზე, ნაკლზე, მომავალზე, თუ როგორ შეეფერებოდა სხვადასხვა კუთხის ღვინო ადგილობრივ კერძებს. სწორედ ამ საუბრებში გაგვიჩნდა იდეა, რომ ის, რასაც საკუთარი თავისთვის ვაკეთებდით, სხვებისთვისაც შეიძლებოდა ხელმისაწვდომი გაგვეხადა".

ოცხანური საფერეს სიყვარულით ღვინის ბარის სახელად „საფერე“ შეარჩიეს.

"ჩვენ არ ვყიდით ქარხნის ღვინოს. ჩვენთან მთავარი ადგილი პატარა და საოჯახო მარნის ღვინოებს უკავიათ, რომელთაც მონდომებით ვურჩევთ შესაბამის ქართულ კერძებს, ცოტა სახეშეცვლილს, მაგრამ ქართული გემოთი. ნეშოში შემწვარი კალმახი და ცივი ციცქა, ან ახალ ტყემალში ჩაწყობილი ბჟიტი და კრახუნა არა მგონია ბევრგან შეგხვდეთ" - გვითხრა ბარის დიასახლისმა.

ბარში წარმატებით იყიდება ჭოტიაშვილის, გაიოზ სოფრომაძის, ამირან ვეფხვაძის, კოოპერატივი საზანოს, ბაია აბულაძის და სხვა საოჯახო მარნების ღვინოები.

ანიმ აღნიშნა, რომ  ბაიას და გვანცას (მისი დაა, ისიც მეღვინე) ფაქტორები პირადად მისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია და ამაყობს, რომ იმერეთში ღვინო მარტო კაცების საქმე არ არის და ქალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მის ხელახლა დაბადებაში.

ანი: „საფერე ჯერ კიდევ ახალი ბარია. ერთი წლისაც არ ვართ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პრობლემა გამოწვევაა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ამიტომაც გამოწვევებზე ვისაუბროთ და არა პრობლემებზე. როგორც ჩვენი ოჯახის ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, აუცილებელია გავაქროთ ღვინის საზომი - „ნატურია და თავს არ მტკენს“. არ არსებობს არანატურალური ღვინო, ის ღვინო არაა. თავის ტკივილს კი ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებაც იწვევს და არა მხოლოდ ღვინის ხარისხი. აი ეს არის ერთი გამოწვევა, რომლიც ჯერ კიდევ გადასალახია. ქართველებმა ღვინის ახლებურად (ან კარგად დავიწყებულ ძველებურად) სმა უნდა ვისწავლოთ. ღვინოში გემო და ბახუსი ერთმანეთს შევუთავსოთ და გადამწყვეტი მისი მოხმარებისას გემო იყოს და არა რაოდენობა.

მეორე გამოწვევა კერძისა და ღვინის შეხამებაა. არიან ადგილობრივი სტუმრები, რომელთა დარწმუნება გვიჭირს ხოლმე, რომ ქვევრის, სხეულიანი ქარვისფერი ღვინო ჩაციებული არ დალიონ, ან წითელ მშრალი ღვინო თევზს არ მიაყოლონ. სხვათაშორის, მსგავს უცნაურობას ვაწყდებით რუს ტურისტებში. ასეთი შეხამება კერძსაც და ღვინოსაც უფუჭებს გემოს".

ბარის დიასახლისის დაკვირვებით, უცხოელი მომხმარებელი ცოტა სხვა თვალით უყურებს ყველაფერს. ევროპელი სტუმრების დამოკიდებულება როგორც ღვინისადმი, ისე ბარის თანამშრომლებისადმი, განსაკუთრებულია. ტურისტი იოლად ხვდება და აფასებს თითოეულ დეტალს - ხელნაკეთ ჭურჭელს, სანათებს და აღფრთოვანებას ვერ მალავს. ხშირად აღნიშნავენ, რომ აქ შემოსვლისთანავე იგრძნობა განსაკუთრებული ატმოსფერო. ის, რაც უცხოელს მოსწონს, ხშირად უინტერესოა ადგილობრივისათვის. "თუმცა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მომხმარებელიც იზრდება. ისიც იწყებს ღვინოში არა შფოთის, არამედ სიყვარულის ძიებას" - აღნიშნა ანიმ.

"საფერე" ღვინოსთან მისაყოლებლად სტუმრებს ქართული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ზომიერი მენიუ აქვთ, რამდენიმე გამორჩეული კერძით და სეზონური პროდუქტებით, იმერული კერძები ახლებური ინტერპრეტაციით: კვაწარახიაინი ლობიო კიტრთან,  ბოლოკთან და პრასთან ერთად, რომელსაც სტუმრებს აპეტაიზერად სთავაზობენ; სოფელ ხანის ქვევრის ყველი იმერულ მჭადთან ერთად; მეგრული კუპატი ყვითელი ღომითა და ღოღნაშოს საწებლით. აქ შეხვდებით „გაქართულებულ“ ევროპულ დესერტსაც, მაგალითად, პანა კოტა კაკლის მურაბით.

ბარის ინტერიერი და დიზაინი მთლიანად დამფუძნებლების მიერ არის შექმნილი. ყველა დეტალი საკუთარი ხელით გააკეთეს. ჭურჭელიც ხელნაკეთია. უნდოდათ ყველაფერი განსხვავებული ყოფილიყო და მათ მიაღწიეს ამ მიზანს.

მისამართი: ქ. ქუთაისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18/2

ტელეფონი: +995 577 56 05 65

ფეისბუკი: Sapere/საფერე

სამუშაო საათები: 11:00 - 23:59

 

ამავე თემაზე ასევე იხილეთ: 

g.Vino

ქარვის ბარი

ღvino underground

8000 მოსავალი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.